საქართველოს სამოქალაქო ომი
საქართველოს სამოქალაქო ომი | |||
---|---|---|---|
![]() | |||
თარიღი | 21 დეკემბერი, 1991 – 6 ნოემბერი, 1993 | ||
მდებარეობა | საქართველო | ||
შედეგი | კანონიერი ხელისუფლების დამხობა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
![]() |
საქართველოს სამოქალაქო ომი — შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოში 1991-1993 წლებში, მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიის მომხრეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ომი დასრულდა სამხედრო გადატრიალებით, კანონიერი ხელისუფლების დამხობით და საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქართველოდან განდევნით. ომმა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა ქვეყანას და დედაქალაქ თბილისს.
წინაპირობებირედაქტირება
დაპირისპირება ზვიად გამსახურდიასა და სხვა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის დაიწყო ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს, 1990 წლის გაზაფხულზე. 1990 წლის 13 მარტს თბილისში გაიხსნა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა გაერთიანებული კონფერენცია. კონფერენციამ აირჩია მაკოორდინირებელი ორგანო - ეროვნული ფორუმი, რომელშიც შევიდნენ: საქართველოს ჰელსკინკის კავშირი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი. ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები ერთიანად გამოდიოდნენ 1990 წლის 25 მარტს დანიშნული უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინააღმდეგ. ბოიკოტის ძირითადი მიზეზი იყო ის რომ კომუნისტური პარტიის გარდა არჩევნებში სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ.
კომუნისტური პარტია, ოპოზიციასთან გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, დათანხმდა არჩევნების ოქტომბრამდე გადატანაზე. ხელისუფლება იძულებული შეიქმნა დათმობებზე წასულიყო და შეეტანა ცვილებები საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში. კონსტიტუციის 49-ე მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ეძლეოდათ უფლება გაერთიანებულიყვნენ „პოლიტიკურ პარტიებად, საზოგადოებრივ ორგანიზაციებად“, მონაწილეობა მიეღოთ „მასობრივ მოძრაობებში“. ამავე დროს, „საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გარანტირებული“ ექნებოდათ „პირობები თავიანთი საწესდებო ამოცანების წარმატებით შესრულებისათვის“. 1990 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ახალი საარჩევნო კანონი.
ეროვნული მოძრაობის პარტიებს შორის თავი იჩინა განხეთქილებამ ტაქტიკის თაობაზე. ეროვნული ფორუმის ახალგაზრდა წევრები გია ჭანტურიას ხელმძღვანელობით გამოდიოდნენ 28 ოქტომბრისთვის დანიშნული არჩევნების ბოიკოტის ინიციატივით და ითხოვდნენ ალტერნატიული ეროვნული ყრილობის ჩატარებას, რომელიც მოიწვევდა ეროვნულ კონგრესს და ჩამოაყალიბებდა პარალელურ მთავრობას დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ზომიერ ნაწილი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ემხრობოდა, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების მაგალითის გათვალისწინებით მოუწოდებდა დამოუკიდებლობაზე მშვიდობიანი გადასვლისაკენ ოფიციალურ არჩევნებში გამარჯვებით და „გარდამავალი პერიოდით“ უკვე არსებული ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენებით.
აპრილში მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის გარე პერიმეტრზე მომხდარი სროლა ზვიად გამსახურდიას და ე.წ. შეურიგებლების (გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი) შეიარაღებულ მხარდამჭერებს შორის ქუჩებში გადავიდა. 7 მაისს ეროვნული ფორუმი დატოვა რამდენიმე პოლიტიკურმა გაერთიანებამ: საქარველოს ჰელსინკის კავშირმა, წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ, სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოებამ, მონარქისტულ-კონსერვატიულმა კავშირმა. ამ ორგანიზაციებმა შექმნეს პოლიტიკური ბლოკი - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.
„შეურიგებლებმა“ მაისში ჩაატარეს „ეროვნული ყრილობა“ და 30 სექტემბერს გამართეს ალტერნატიული არჩევნები, თუმცა მათი ტაქტიკა წარმატებული არ აღმოჩნდა. „მრგვალმა მაგიდამ - თავისუფალმა საქართველომ“ მიიღო მონაწილეობა 1990 წლის შემოდგომაზე დანიშნულ ოფიციალურ არჩევნებში, რომელშიც ბლოკმა გაიმარჯვა და მოიპოვა უმრავლესობა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩიეს.
1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები, საქართველოს ეროვნული გვარდია. ეროვნული გვარდია არსებობის საწყის ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა. გვარდიის სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა თენგიზ კიტოვანი.
1991 წლის თებერვალში ხელისუფლებამ დაიწყო უკანონოდ შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება, რასაც ზოგ შემთხვევაში თან ახლდა შეიარაღებული დაპირისპირება. ოპერაციების დაწყების წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებდა იარაღს და დატოვებდა უკანონოდ შეიარაღებული ფორმირების რიგებს, მის მიმართ არ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე. 16 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში ცეცხლი დაუშინეს პრეფექტურის შენობას და დაჭრეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე. მილიციამ ამ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა „მხედრიონის“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რამდენიმე წევრი. 20 თებერვალს „მხედრიონის“ კახეთის სადროშოს წევრებმა გელა გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით სროლა აუტეხეს ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ საქართველოს შს სამინისტროს და საგარეჯოს შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, რაზეც მათ სროლითვე უპასუხეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ როგორც მილიციის, ასევე „მხედრიონის“ წევრები. სხვაგან იარაღის ჩამორთმევის ოპერაციები შეიარაღებული შეტაკებების გარეშე განხორციელდა. მილიციამ „მხედრიონის“ წევრებს ჩამოართვა ავტომატები, კარაბინები, სხვადასხვა სისტემის რევოლვერები, პისტოლეტები, გადაჭრილი თოფები და სხვა იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, ასევე „მხედრიონის“ წევრების მიერ გატაცებული რამდენიმე მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა და ჯავშანტრანსპორტიორები. ოპერაციების მსვლელობის დროს დააკავეს ჯაბა იოსელიანი და „მხედრიონის“ სხვა ლიდერები.
1991 წლის 28 თებერვალს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე 17 მარტისთვის დაგეგმილი საკავშირო რეფერენდუმი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ უნდა ჩატარებულიყო. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ საკავშირო რეფერენდუმის სანაცვლოდ 31 მარტს დანიშნა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე. რეფერენდუმზე დასმული იყო კითხვა: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“, რომელზეც მონაწილეთა 97 %-მა დადებითი პასუხი გასცა. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ხოლო 14 აპრილს ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია. 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო კანონი პრეზიდენტის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა ფრანგულ საპრეზიდენტო სისტემას და პრეზიდენტს ფართო ძალაუფლებას ანიჭებდა. უზენაესი საბჭოს თანხმობით (გაურკვეველია, დაშვებული იყო პარლამენტის ვეტო თუ არა) მას შეეძლო დაენიშნა და გაეთავისუფლებინა პრემიერ-მინისტრი, მისი კაბინეტი, სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები და წამყვანი დიპლომატები. პრეზიდენტს უფლება ჰქონდა ყოფილიყო კაბინეტის სხომების თავმჯდომარე (ანუ განესაზღვრა დღის წესრიგი) და გაეუქმებინა მისი გადაწყვეტილებები. საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევა პარლამენტის ორ მესამედს შეეძლო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება ჰქონდა დაეთხოვა პარლამენტი და მოეწყო რეფერენდუმი. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი აკონტროლებდა ეროვნულ გვარდიას და სამხედრო პირთა დანიშვნას. მას, პარლამენტის დაუყოვნებელი თანხმობის გარეშე, შეეძლო გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა და ამ პერიოდში გამოეცა დეკრეტები. პრეზიდენტის არჩევა დასაშვები იყო შეუზღუდავი ვადით, ხოლო მისი იმპიჩმენტისთვის პარლამენტს დეპუტატების ხმათა სამი მეოთხედი სჭირდებოდა.
ახლადარჩეულ პრეზიდენტს ოპოზიციაში ჩაუდგა „ეროვნული კონგრესი“. კონგრესმა მოახერხა თავის მხარეს გადმოებირა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილო იყო ახალი ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით.
პოლიტიკური კრიზისირედაქტირება
თბილისში კრიზისის სიმპტომებმა თავი ჯერ კიდევ 1991 წლის აგვისტოში იჩინეს. 1991 წლის 18 აგვისტოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ხოშტარიამ დატოვეს თანამდებობები პრეზიდენტთან უთანხმოების გამო და ოპოზიციას შეუერთდნენ. საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში მოეწყო პუტჩი, რომლის დროსაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო სამხედრო ხუნტამ, საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტმა. მასში შედიოდნენ წითელი არმიის გენერლები, სუკ-ის და ცენტრალური კომიტეტის წევრები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის შეჩერება განიზრახეს. იმავე დღეს თბილისში ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ ვ. შურავლიოვი და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი. მათ გამსახურდიას ეროვნული გვარდიის დაშლა მოთხოვეს საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის #1 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა „ხელისუფლებისა და მმართველობის სტრუქტურების, გასამხედროებული ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლას, რომელთა ქმედებაც ეწინააღმდეგება სსრ კავშირის კონსტიტუციას და კანონებს“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით დაიმუქრნენ. არსებობის საწყის ეტაპზე ეროვნული გვარდია არ იყო სათანადოდ მომზადებული და შეიარაღებული, ამიტომაც სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მას ცხადია გაუჭირდებოდა კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს არც საერთაშორისო მხარდაჭერა გააჩნდა, რადგან მის დამოუკიდებლობას არცერთი ქვეყანა არ აღიარებდა. აღნიშნულ ვითარებაში ზვიად გამსახურდიამ გადაწყვიტა კომპრომისზე წასულიყო პუტჩისტებთან, თუმცა მას გვარდია არ დაუშლია: მოლაპარაკებებიდან რამდენინე საათში გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ეროვნული გვარდია გახდა სპეციალური დანიშნულების მილიციის რაზმის (ომონის) ქვედანაყოფი, გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და მისი ფუნქციები შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დაეკისრა.
ამ გადაწყვეტილებამ გვარდიის რიგებში განხეთქილება გამოიწვია. ეროვნული გვარდია ითვლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოდ, ამიტომაც პრეზიდენტის მიერ მისი სტატუსის დაქვეითება შეფასდა როგორც დამოუკიდებლობაზე უარის თქმა. გვარდიის სარდალმა თენგიზ კიტოვანმა გამსახურდია პუტჩისტებთან გარიგებაში და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. გვარდიის 15 000-იანი ნაწილი, რომელსაც იგი მეთაურობდა, 24 აგვისტოს რკონის ხეობაში დაბანაკდა და პრეზიდენტს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. საპასუხოდ გამსახურდიამ სუკ-ის ადგილობრივი განყოფილება გადააკეთა ეროვნული უშიშროების დეპარტამენტად, მოგვიანებით სექტემბერში კი - სამინისტროდ. სექტემბერში მან შექმნა ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელშიც შედიოდნენ ძალოვანი ორგანოები და მასთან დაახლოებული მრჩევლები.[1] ეს ასახავდა გამსახურდიას სურვილს მოსკოვისგან დამოუკიდებელი სამხედრო ინფრასტრუქტურა შეექმნა, თუმცა ვერცერთმა ნაბიჯმა ვერ გაუქარწყლა ეჭვები კიტოვანს და მის მომხრეებს. პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივებას ხელი შეუწყო 26 აგვისტოს უზენაესი საბჭოს მიერ საქართველოს კომუნისტური პარტიის აკრძალვამ და მისი 64 წარმომადგენლისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებამ.
თბილისში ფაქტობრივად პერმანენტული პოლიტიკურ კრიზისი დაიწყო 2 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზებით რუსთაველის ძეგლთან გამართული მიტინგის დროს დემონსტრანტებსა და მილიციას შორის შეტაკების შედეგად, რომლის დროსაც ტყვიით დაიჭრა სამი ადამიანი. ამან გააძლიერა ოპოზიცია და გააღრმავა ხალხის იმედგაცრუება. „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ“ დაიწყო შიმშილობა „იმელის“ შენობასთან, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის გამზირზე. 11 სექტემბერს 27 პოლიტიკური პარტია, რომლებიც მანამდე ერთმანეთს ექიშპებოდნენ, გაერთიანდა გამსახურდიას გადაგომის მოთხოვნით. იმართებოდა საინფორმაციო მიტინგები საქტელერადიოს შენობასთან, ედპ-ის შტაბ-ბინასთან ჟურნალისტების, შემოქმედებითი ინტელიგენციისა და სხვათა მონაწილეობით. სექტემბერში გამსახურდიამ შექმნა ეროვნული თავდაცვის საბჭო და განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭა მას. 1991 წლის შემოდგომაზე ის რეალურად მართავდა თბილისის ცენტრალურ უბნებს და რამდენიმე რაიონს ერთგული პრეფექტების მეშვეობით. მის წინააღმდეგ გაერთიანდა ქართული პოლიტიკური ოპოზიცია. გამსახურდიას ბლოკ „მრგვალ მაგიდას“ გამოეყო ჯგუფი „ქარტია - 91“. უზენაეს საბჭოში ოპოზიცია ითხოვდა საპრეზიდენტო სისტემის საპარლამენტოთი ჩანაცვლებას. პოლიტიკური დაძაბულობა თბილისში ძლიერდებოდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ყველა რაუნდი ჩაიშალა. 16 სექტემბერს დააკავეს ედპ-ის ლიდერი გიორგი ჭანტურია მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე ბარიკადების აღმართვისთვის, რაც ედპ-ს წევრების თქმით ჭანტურიას არ გაუკეთებია. ის გადმოსვეს თვითმფრინავიდან, რომელიც მოსკოვში უნდა გაფრენილიყო. 17 სექტემბერს დააკავეს გოგა ხაინდრავა მასობრივი არეულობისკენ მოწოდებისთვის მასობრივ მედიაში (სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლით, რომელიც გამსახურდიას ინიციატივით დაემატა კოდექსს). მისი ცოლის თქმით, ხაინდრავა სავარაუდოდ დააკავეს 2 სექტემბრის მოვლენების გადაღებისთვის. ამას მოჰყვა სხვა დაპატიმრებები. 21 სექტემბერს მოხდა კიდევ ერთი სისხლიანი შეტაკება ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს შორის.
სამხედრო გადატრიალებარედაქტირება
პრეზიდენტის და ხელისუფლების თხოვნით მთავრობის სახლთან რეგიონებიდან თავი მოიყარა ათიათასობით ადამიანმა, 22 სექტემბერს ღამის 3 საათისათვის ისინი გაემართნენ რუსთაველის პროსპექტზე ოპოზიციის ბარიკადების ასაღებად. ბარიკადების დაშლის დროს შეჯახების შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული პირი. რუსთაველის პროსპექტი ბარიკადებისგან გაიწმინდა.
23 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა ეროვნული გვარდიის ის ნაწილი, რომელიც თენგიზ კიტოვანს ექვემდებარეობდა. გვარდიის ბატალიონის მეთაურის, გიორგი ჯორჯიაშვილის თქმით, მათი მიზანი იყო ოპოზიციის დაცვა და მათთვის საშუალების მიცემა თავისუფლად გამოეთქვათ აზრი. პრეზიდენტმა მოუწოდა შეიარაღებულ ოპოზიციას იარაღის დაყრისკენ და დაპირდა ხელშეუხებლობას. ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელმა ნაწილებმა წამოაყენეს მოთხოვნები: პრეზიდენტის გადადგომა, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმების შეწყვეტა, ინტელიგენციის წარმომადგენლებზე დაპატიმრების სანქციების გაუქმება, რაიონის მოსახლოების დაბრუნება შინ.
24 სექტემბერს ეროვნული უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით თბილისში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. შეჩერდა უზენაესი საბჭოს მუშაობა. ქალაქის სამხედრო კომენდანტად პოლკოვნიკი ჯემალ ქუთათელაძე დაინიშნა, გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. გამსახურდიამ განაცხადა, რომ თბილისში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც სჩადიოდნენ მრავალ უკანონობას და ხელისუფლების დამხობას ისახავდნენ მიზნად. პრეზიდენტის თქმით, თუ მათთან კავშირში მყოფი პარლამენტის დეპუტატები არ გაემიჯნებოდნენ მათ, ის დაითხოვდა პარლამენტს და შემოიღებდა საპრეზიდენტო მმართველობას.
ოპოზიცია აკონტროლებდა თბილისის ელიტარულ უბნებს, ვერესა და ვაკეს. მისი შტაბ-ბინები იყო „იმელის“ შენობაში, ფილარმონიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსსა და ჭადრაკის სასახლეში. თბილისის ზღვის მიდამოებში განლაგდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი კიტოვანის მეთაურობით. სამთავრობო ძალები აკონტროლებდნენ რუსთაველის გამზირს და მთავრობის სასახლეს. გაჩაღდა ბრძოლები ტელესტუდიებზე კონტროლის მოსაპოვებლად. შეტაკებები ორ მხარეს შორის პერიოდულად ხდებოდა თბილისში ოქტომბრისა და ნოემბრის პერიოდში. 4 ოქტომბერს, სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის შეტაკებების დროს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცენტრალურმა მთავრობამ მოახერხა დროებითი გამარჯვების მოპოვება, რის შემდეგაც კიტოვანი და მას დაქვემდებარებული ეროვნული გვარდიის ნაწილები განდევნილ იქნენ თბილისის გარეთ, სადაც ისინი იმყოფოდნენ დეკემბრამდე. 8 ოქტომბერს უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიის სხდომაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელშიც 4 ოქტომბრის მოვლენებს მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვალიფიკაცია. სხდომაზე გამოსვლისას გამსახურდიამ საქართველოს მმართველობის სისტემაზე მსჯელობისას განაცხადა, რომ ქართველი ერი ფრანგი ერის მსგავსად მისი ეროვნული ხასიათისა და ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე საჭიროებდა ძლიერ საპრეზიდენტო ხელისუფლებას, რათა მომხდარიყო ერის კონსოლიდაცია პრეზიდენტის გარშემო და იწინასწარმეტყველა, რომ მისი გადაგომის შემთხვევაში მოხდებოდა საქართველოს სახელმწიფოს სრული დეზინტეგრაცია, მის ადგილზე პარალელური მთავრობების და რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ტოტალური ანარქია, თბილისი გადავიდოდა შეიარაღებული ბანდების ხელში, დაიწყებოდა მოსახლეობის მასობრივი ძარცვა-რბევა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა საქართველოს არსებობა. მან ასევე განაცხადა, რომ თუ საპარლამენტო ოპოზიცია არ ამოუდგებოდა მხარში წესრიგის დასამყარებლად, იძულებული გახდებოდა დაეთხოვა პარლამენტი და თვითონაც გადამდგარიყო.[2] 5 ნოემბერს უზენაესმა საბჭომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დროებით შეაჩერა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მოქმედება. წინასწარი პატიმრობის ვადა ბრალის წარუდგენლად სამიდან ცხრა თვემდე გაიზარდა. გია ჭანტურიას სასამართლო არაერთხელ გადაიდო, სხვა მიზეზებთან ერთად „არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის“ გამო.
5 დეკემბერს რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის მიერ ე. წ. ბელოვეჟის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად დაიშალა საბჭოთა კავშირი. 1991 წლის ბოლოს საქართველო იყო ერთადერთი ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა, რომელსაც არ ჰქონდა მიღებული დე-იურე აღიარება. ეს კიდევ უფრო ძაბავდა სიტუაციას. 19 დეკემბერს გაიმართა ოპოზიციის მიტინგი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო ხელისუფლების მომხრეებისა - მთავრობის სასახლესთან. ოპოზიცია მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ხელისუფლება მთავრობის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწიოდებდა თავის მომხრე ძალებს და ოპოზიციისგან მორჩილებას და განიარაღებას მოითხოვდა. ოპოზიციის მომხრეები მთავრობის სასახლისკენ გაემართნენ. ეროვნული თანხმობის ორმხრივი ლოზუნგების მიუხედავად, შეთანხმება მაინც არ მოხდა.
დაძაბულობამ დედაქალაქში კულმინაციას 21 დეკემბერს მიაღწია. იმავე დღეს ალმა‑ათაში 15 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის (ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და საქართველოს გარდა) ლიდერებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ შეთანხმების ოქმს. გარკვეული ცნობებით, ზვიად გამსახურდიას მიეცა დრო 22 დეკემბრის 7 საათამდე რათა დაკონტაქტებოდა ბორის ელცინს და თანხმობა განეცხადებინა საქართველოს წევრობაზე დსთ-ში, თუმცა გამსახურდიამ უარი თქვა. პრეზიდენტის ბევრი მომხრე, რომელიც შემდგომ დღეებში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვიდან ინსცენირებულ პროცესებად თვლის, მიიჩნევს, რომ სწორედ ეს იყო კონფლიქტის მთავარი წყარო. ეს ვერსია ზვიად გამსახურდიამაც დაადასტურა. 22 დეკემბერს თბილისში შემოვიდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი თენგიზ კიტოვანის მეთაურობით და გაერთიანდა „მხედრიონთან“ გამსახურდიას წინააღმდეგ. მოხდა სისხლიანი შეტაკება სამთავრობო ძალებთან. თბილისის ცენტრი საომარი მოქმედების ასპარეზად გადაიქცა. 27 დეკემბერს ციხიდან გაიქცნენ ჯაბა იოსელიანი და გიორგი ჭანტურია და აჯანყებულებს შეუერთდნენ. განადგურდა დედაქალაქის ცენტრის ნაწილი, დაიწვა ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები შენობები თბილისის კლასიკური გიმნაზია, სასტუმრო „თბილისი“, „ინტურისტი“ (მხატვრის სახლი) საცხოვრებელი სახლები. სერიოზულად დაზიანდა მთავრობის სასახლე, კავშირგაბმულობის სახლი.
ოპოზიციამ შეძლო პრეზიდენტის მომხრეთა ბლოკირება მთავრობის სასახლის ქვედა სართულში. მთავრობის ცდა ჩაეხშო ამბოხება მარცხით დამთავრდა. ძალაუფლება ხელში აიღო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ, რომელსაც თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და თენგიზ სიგუა ჩაუდგნენ სათავეში. 2 იანვარს სამხედრო საბჭომ ტელევიზიით გაავრცელა განცხადება, რომ დათხოვნილი იყო უზენაესი საბჭო, პრეზიდენტი, თბილისში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. 1992 წლის 6 იანვარს, ღამით იზოლაციაში მოქცეული ზვიად გამსახურდია სამი ჯავშნოსანი ავტომობილით, ორი ავტობუსითა და რამდენიმე ავტომობილით თბილისიდან გავიდა. ზვიად გამსახურდია ჯერ გადავიდა სომხეთში, რის შემდეგაც მან ჩეჩნეთს შეაფარა თავი. ომში დაიღუპა 107, დაიჭრა 527 ადამიანი. სამხედრო საბჭომ შექმნა დროებითი მთავრობა, რომლის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა დაინიშნა.
სამოქალაქო ომირედაქტირება
1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვარში თბილისში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობამ ერთბაშად დაძაბა პოლიტიკური ვითარება მთელ საქართველოში და ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა. პუტჩის შემდეგ არ წყდებოდა მრავალათასიანი შეკრებები და საპროტესტო აქციები. კონფრონტაციის ეპიცენტრმა დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოს (ძირითადად სამეგრელოს) რაიონებში გადაინაცვლა. გამსახურდიას მომხრე ძალები იბრძოდნენ დასავლეთ საქართველოს ქალაქებზე კონტროლის მოსაპოვებლად და აფერხებდნენ თბილისის მომარაგებას. ქარხნები, აეროპორტები და რკინიგზები დაიხურა გაფიცვების გამო. დედაქალაქში მათ დაიკავეს თბილისის ცენტრალური სადგური და მართავდნენ მიტინგებსა და დემონსტრაციებს. სერიოზულად გამწვავდა ვითარება აფხაზეთში, სადაც დევნილ პრეზიდენტს მხარი დაუჭირა რეგიონის ქართული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა.
დევნილი პრეზიდენტის მომხრე ძალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც 1992 წლის 16 იანვარს ზვიად გამსახურდიამ მოულოდნელად დატოვა გროზნო და ზუგდიდში ჩამოვიდა, თუმცა მისი ეს ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა და მან მალევე დატოვა საქართველო, რის შემდეგაც სამხედრო საბჭოს შეიარაღებულმა ფორმირებებმა ფაქტობრივად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს დასავლეთ საქართველოს ის რაიონები, რომლებსაც მანამდე დევნილი ხელისუფლების ერთგული გვარდიის ნაწილები აკონტროლებდნენ.
1992 წლის 21 იანვარს მარტვილში გაიმართა ჯაბა იოსელიანისა და ზუგდიდის სამხედრო რწმუნებულის გია ყარყარაშვილის შეხვედრა უზენაესი საბჭოს დეპუტატთან ვალტერ შურღაიასთან და ზუგდიდის ყოფილ პრეფექტთან ა. ქობალიასთან. საუბრისას ჯაბა იოსელიანმა მხარეებს წაუყენა ულტიმატუმი, რომ 21 იანვრის ბოლომდე ზუგდიდში განლაგებულმა სამხედრო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაყარონ იარაღი და უზრუნველყონ ზუგდიდის უმსხვერპლოდ გათავისუფლება.[3]
2 თებერვალს იარაღის გამოყენებით დაარბიეს მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობა თბილისში. საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, მოკლული იქნა 23 და დაჭრილი 183 მშვიდობიანი დემონსტრანტი.
პუტჩისტებმა ძალაუფლების ხელში ასაღებად მოიწვიეს ედუარდ შევარდნაძე, რომელიც თბილისში მოსკოვიდან მარტში ჩამოვიდა. მის ჩამოსვლასთან ერთად სამხედრო საბჭომ ხელისუფლება გადააბარა სახელმწიფო საბჭოს, რომელშიც შედიოდნენ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე გახდა.
1992 წლის 9 მარტს ქალაქ ზუგდიდში ეროვნული გვარდიის ადგილობრივი ბატალიონი გადავიდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტის მხარეს, რომელის გამსახურდიას მომხრეებმა ჩამოაყალიბეს. აჯანყებულები თავს დაესხნენ სამტავრობო ჯარის და მილიციის პოსტებს, მოკლეს 6 ჯარისკაცი.
1992 წლის 24 ივნისს, განთიადისას, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის სოჭში გამგზავრებამდე დაგომისის შეთნახმების დასადებად, ზვიად გამსახურდიას 200-მა შეიარაღებულმა მომხრემ ვალტერ შურღაიას მეთაურობით დაიკავა საქართველოს ტელერადიო დეპარტამენტის შენობა და მოუწოდა მოსახლეობას საყოველთაო გამოსვლისაკენ საქართველოს დროებითი მთავრობის წინააღმდეგ. ისინი დამარცხდნენ ეროვნული გვარდიის ძალებთან ბრძოლაში, რომლის დროს დაიღუპა სამი ამბოხებული. 24 ივნისს თბილისში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ვლადისლავ არძინბას განკარგულებაში მყოფმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შინაგანი ჯარის პოლკმა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტი ძალით დაატოვებინა გივი ლომინაძეს, ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ ფიგურას ქართულ ნომენკლატურაში, რომელიც უარს ამბობდა დამორჩილებოდა გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. ქართული მხარე ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ თვლიდა. ლომინაძის მაგივრად კაბინეტში შეიყვანეს აფხაზი ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც მის მაგივრად დაინიშნა პოსტზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზური დეპუტაციის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქართველი კოლეგების ბოიკოტის ფონზე.[4] ვლადისლავ არძინბას მიერ გადადგულმა ნაგიჯმა უკიდურესად გაამწვავა ვითარება აფხაზეთში, განსაკუთრებით სოხუმში.
13 ივნისს იყო ჯაბა იოსელიანზე თავდასხმის და მოკვლის მცდელობა. სამეგრელოში „მხედრიონი“ სასტიკად ებრძოდა გამსახურდიას მომხრეებს, ძარცვავდა და ხოცავდა მშვიდობიან მოსახლეობას. გამსახურდიას მომხრეები აწარმოებდნენ პარტიზანულ ბრძოლებს, რასაც თან ახლდა მთავრობის წევრების გატაცება და თავდასხმები რკინიგზაზე. მთავრობა ვერ უმკლავდებოდა დევნილი პრეზიდენტის მომხრე შეიარაღებული ჯგუფების ამ მოქმედებებს. 9 ივლისს თავს დაესხნენ საქართველოს დროებითი მთავრობის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე კავსაძის მანქანას და დაატყვევეს ის. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შელახა საქართველოს ახალი ხელისუფლების ავტორიტეტი. 2 აგვისტოს სახელმწიფო საბჭომ გამოაქვეყნა „შერიგების მანფესტი“ და ამნისტიით გაათავისუფლა 1992 წლის იანვრიდან ივნისამდე დაპატიმრებული ყველა ოპოზიციონერი, თუმცა ამან ვერ ჩააცხრო კონფლიქტი. სამეგრელოში გამსახურდიას მომხრეებს დაპატიმრებული და მძევლად აიყვანილი ჰყავდათ სახელმწიფო საბჭოს 12 წევრი, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე, მისი მოადგილე ზიბერტ ხაზალია და შევარდნაძის მრჩეველი უშიშროების საკითხებში დავით სალარიძე. 12 აგვისტოს შევარდნაძემ სამხედრო ნაწილები გააგზავნა თენგიზ კიტოვანის მეთაურობით სამეგრელოში მძევლების გასათავისუფლებლად და რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად.
სამეგრელოს რაიონებში შექმნილ ვითარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აფხაზეთში განვითარებული პროცესებისთვის. აფხაზეთში ამ დროისთვის ხელისუფლების კრიზისმა აპოგეას მიაღწია. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „დემოკრატიული აფხაზეთი“ (რომელიც ძირითადად ქართველი დეპუტატებისგან შედგებოდა) განაგრძობდა უმაღლესი საბჭოს სესიის სხომების ბოიკოტირებას. 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კვორუმის არარსებობის პირობებში მიიღო დადგენილება აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. აფხაზი დეპუტატები ამ გადაწყვეტილების ახსნისას ეყრდნობოდნენ 1989-1990 წლებში საქართველოს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული სამართლებრივი დოკუმენტებით 1921 წლის 25 თებერვლიდან საქართველოში შექმნილი ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურის უკანონოდ ცნობასა და ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტების ბათილად გამოცხადებას, ასევე 1992 წლის თებერვალში დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებას აღედგინა 1921 წლის კონსტიტუცია, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული აფხაზეთის ასსრ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ აქტებით საქართველოს სსრ-მ, რომელთანაც სამართლებრივ კავშირში იყო აფხაზეთის ასსრ, არსებობდა შეწყვიტა და წარმოიქმნა ახალი სახელმწიფო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელთანაც აფხაზეთის ასსრ-ს არანაირ ურთიერთობა არ ჰქონდა. თუმცა სამხედრო საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი იყო არა სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, არამედ დეკლარაცია, და მასში მითითებული იყო, რომ 1921 წლის კონსტიტუცია უნდა ამოქმედებულიყო „საქართველოს რესპუბლიკის დღეს არსებული საზღვრებისა და ეროვნული სახელმწიფოებრივი მოწყობის (აფხაზეთის და აჭარის დღევანდელი სტატუსის) შეუცვლელად“. ამავე დროს მათ აღადგინეს აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია. ამ აქტით აფხაზეთი ცხადდებოდა სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც ახორციელებდა სახელმწიფო ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე სხვა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად და რომელიც მიისწრაფოდა საქართველოსთან „მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის“ დამყარებას. აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა დამყარებული მხოლოდ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე. 25 ივლისს სახელმწიფო საბჭომ სპეციალური დადგენილებით ეს გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა. 28-30 ივლისს შეიკრიბა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „დემოკრატიული აფხაზეთის“ კონტრსესია, რომელმაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თვითდათხოვნა გამოაცხადა. ამ დროისთვის ვითარება აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული იყო, გადაიწურა მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევის ყველანაირი იმედი.
თენგიზ კიტოვანის მეთაურობით საქართველოს სამხედრო ნაწილების სამეგრელოში შესვლიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძევლები იყვნენ აღმსავლეთ აფხაზეთის მეგრელებით დასახლებულ რაიონებში. 14 აგვისტოს დილით შედგა სატელეფონო საუბარი ვალდისლავ არძინბასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის გადაადგილების თაობაზე. თბილისისა და სოხუმის შეთანხმებით აფხაზებს არ უნდა შეეშალათ ხელი ქართული სამხედრო ნაწილების სამძებრო ქმედებებისთვის, თუმცა რა ითქვა ზუსტად სატელეფონო საუბრისას სადავოა. 13-14 აგვისტოს მდინარე ენგურის სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს, სავარაუდოდ გამსახურდიას მხარდამჭერმა პარტიზანებმა (ვინ ააფეთქა ხიდი დღემდე სადავოა), რითაც ჩაიჭრა საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთი პირდაპირი რკინიგზის ხაზი. საფრთხე დაემუქრა საავტომობილო ხიდსაც.
14 აგვისტოს ქართული ჯარი აფხაზეთში შევიდა. მაშინ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარის პირველი კოლონა მიუახლობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურხეისთან განლაგებულ „აფხაზური გვარდიის“ ბლოკ-პოსტს, ადგილი ჰქონდა სროლას. მეორე შეტაკება უკვე გულრიფშის რაიონში, აგუძერასთან მოხდა. ამის შემდეგ ქართული სამხედრო ნაწილები პირდაპირ სოხუმისკენ დაიძრნენ. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა კიტოვანს მიღებული ბრძანება სოხუმში შესვლის შესახებ, თუ იგი მოქმედებდა დამოუკიდებლად, ცენტრთან შეუთანხმებლად, თუმცა შევარდნაძემ მხარი დაუჭირა მის ქმედებებს. ვალადისლავ არძინბამ ეს შეაფასა „აფხაზური სახელმწიფოებრიობის ხელყოფად“ და აფხაზურ მოსახლებას „ქართველი ოკუპანტებისა და აგრესორების წინააღმდეგ სამამულო ომისაკენ“ მოუწოდა. დაიწყო აფხაზეთის ომი.
შექმნილ ვითარებაში აუცილებელი იყო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან ძალაუფლება იყო არალეგიტიმური ორგანოს ხელში. 1992 წლის ოქტომბერში არჩეული პარლამენტი აღმოჩნდა ყველაზე მრავალპარტიული საქართველოს ისტორიაში. ედუარდ შევარდნაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. მას სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა.
გამსახურდიას დაბრუნება და სიკვდილირედაქტირება
1993 წლის აგვისტოს ბოლოს ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მნიშვნელოვნად განიმტკიცეს პოზიციები. 28 აგვისტოს, დილაადრიან, გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის ნაწილებმა აიღეს ხობი, სენაკი და აბაშა. 31 აგვისტოს ზუგდიდში შეიკრიბა გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მოქმედი უზენაესი საბჭოს 62 დეპუტატი. მათ განიხილეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ბრძოლის მექნიზმები. 15 სექტემბერს გამსახურდიას მომხრე ძალები კვლავ შეტევაზე გადავიდნენ და შევიდნენ გურიაში. 24 სექტემბერს საქართველოში ჩეჩნეთიდან დაბრუნდა ზვიად გამსახურდია (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში) და აღადგინა დევნილი მთავრობა. მისი მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები მოეწყო სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და გალში. გამსახურდიას მომხრე ფორმირებების ხელში გადავიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი და სატრანსპორტო კვანძი. 20 ოქტომბერისთვის ბრძოლები სამთავრობო ჯარებსა და ზვიად გამსახურდიას მომხრე ძალებს შორის უკვე ქუთაისთან მიმდინარეობდა.
აჯანყებულების მიერ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტი ფოთის დაკავებამ რუსეთის, სომხეთისა (რომელიც სრულად საქართველოს პორტებზე იყო დამოკიდებული) და აზერბაიჯანის ინტერესები ჩააგდო საფრთხეში. ამ სიტუაციაში სამივე ქვეყანამ შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა მხარი, რომელიც თავის მხრივ დათანხმდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანებას. სომხეთის და აზერბაიჯანის მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკური იყო, ხოლო რუსეთმა დაახლოებით 2000 ჯარისკაცი გამოგზავნა საქართველოში, რომელებმაც სამთავრობო ჯარები ლოგისტიკით და იარაღით მოამარაგეს.
აჯანყების ჩახშობა სწრაფად მოხერხდა. 6 ნოემბერს სამთავრობო ჯარებმა აიღეს ზუგდიდი, გამსახურდიას მომხრე ძალების მთავარი საყრდენი პუნქტი, სადაც განლაგებული იყო დევნილი მთავრობის შტაბ-ბინა. 31 დეკემბერს დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვალს გროზნოში დაასაფლავეს.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 517, ISBN 99928-20-32-2.
- ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 69-101, 133, ISBN 978-9941-0-5972-8.
- „რა ხდებოდა თბილისში“ / სილაგაძე ა., თბილისი: „სიურპრიზი“, 1992.
სქოლიორედაქტირება
- ↑ SSSRUSU, 1991, N9, გვ. 12
- ↑ საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები : ტომი II, (რედაქტორი მზია ხოსიტაშვილი), პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, ირიდა, თბ., 2013, გვ. 319-329
- ↑ „საქართველოს რესპუბლიკა“, №10, 22 იანვარი, 1992
- ↑ პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 350