ირინა სარიშვილი
ირინა სარიშვილი-ჭანტურია (დ. 24 დეკემბერი, 1962, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი.
ირინა სარიშვილი-ჭანტურია | |
---|---|
დაბ. სახელი | ირინა სარიშვილი |
დაბადების თარიღი | 24 დეკემბერი, 1962 |
დაბადების ადგილი | თბილისი საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 1993-2003 |
საქმიანობა | პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი |
მეუღლე/ები | გიორგი ჭანტურია |
შვილ(ებ)ი | 3 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივისტისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურიას მეუღლე, რომელიც 1994 წელს მოკლეს. ჭანტურიას გარდაცვალების შემდეგ სარიშვილი თავად გახდა პარტიის ლიდერი. ამ პერიოდში ის ასევე პარლამენტის წევრი იყო.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. 1993 წელს წელს მას რამდენიმე თვე საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტი ეჭირა. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. 1995 წელს ის ხელახლა აირჩიეს პარლამენტში, თუმცა მისმა პარტიამ ვერ შეძლო 7%-იანი ბარიერის გადალახვა 1999 წელს. სარიშვილი თავად იყო ბარიერის 5-დან 7%-მდე აწევის ინიციატორი.
2003 წლის არჩევნებში სარიშვილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მოკავშირე გახდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ თანაპარტიელებმა მას პარტიის თავმჯდომარეობა ჩამოართვეს.
სარიშვილი მას შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე იშვიათად ჩნდება. თუმცა 2006 წლიდან ის ისევ ცდილობს პოლიტიკაში დაბრუნებას ახალი "იმედის პარტიით", რომელიც სხვა მცირე ჯგუფებთან გაერთიანდა ყოფილი უშიშროების ხელმძღვანელის იგორ გიორგაძის სამართლიანობის პარტიის წინამძღოლობით. გიორგაძეზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული 1995 წელს ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის განხორციელების მცდელობის გამო. სარიშვილი ასევე გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი გახდა.
2006 წლის სექტემბერში ამ დაჯგუფების მრავალი აქტივისტი და ლიდერი დააპატიმრეს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. მოგვიანებით სარიშვილის განცხადებით ის განუდგა გიორგაძეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი უკვე აღარ წარმოადგენდა „აქტიურ პოლიტიკურ ფიგურას“.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სარიშვილი ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო. ის ასევე ერთადერთი იყო, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანებას არ უჭერდა მხარს და საქართველოს ნეიტრალიტეტის დაცვისკენ მოუწოდებდა. ის პასიურ საარჩევნო კამპანიას ატარებდა და მოუწოდებდა ამომრჩევლებს ნებისმიერ კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი გარდა სააკაშვილისა და პატარკაციშვილისა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სარიშვილმა 3242 ხმა (0,16%) მიიღო.