სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

იგორ პანტელეიმონის ძე გიორგაძე (დ. 23 ივნისი, 1950, ზაისანი, ყაზახეთის სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (1993-1995); უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი (1994). 1995 წლიდან ბრალდებულია ტერორიზმში. 1995–2016 წლებში იძებნებოდა ინტერპოლის მიერ.

იგორ გიორგაძე
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ოქტომბერი, 1993 – 2 სექტემბერი, 1995
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიირაკლი ბათიაშვილი
მემკვიდრეშოთა კვირაია

დაბადებული23 ივნისი, 1950 (1950-06-23) (74 წლის)
ზაისანი (აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი)ყაზახეთის სსრ-ის დროშა ყაზახეთის სსრ, სსრკ-ისა და ჩინეთის საზღვარზე, მესაზღვრის ოჯახში.
პოლიტიკური პარტიასამართლიანობა (Справедливость)
შვილებიქალ-ვაჟი
განათლებასსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა
წოდებაგენერალ-ლეიტენანტი
პროფესიაიურისტ-სამართალმცოდნე
რელიგიამართლმადიდებელი ქრისტიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

იგორ გიორგაძე დაიბადა 1950 წლის 23 ივნისს ქალაქ ზაისანში (აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის საზღვარი) მესაზღვრე-ოფიცრის ოჯახში. მამა — პანტელეიმონ გიორგაძე 1994 წლის სექტემბრიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი. იგორ გიორგაძემ 1967 წელს წარმატებით დაამთავრა საშუალო სკოლა. მიღებული აქვს ასევე მუსიკალური განათლება ვიოლინოს კლასში. 1968 წლის 29 ივლისიდან 1973 წლის 29 იანვრამდე სწავლობდა მოსკოვში, საბჭოთა კავშირის სუკ-ის უმაღლეს სკოლაში კონტრდაზვერვის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს იურისტ-სამართალმცოდნის კვალიფიკაცია უცხოური ენების ცოდნით.

1973 წლიდან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) თანამშრომელია. 1977 და 1988 წლებში გაიარა სუკ-ის სპეციალური კურსები. 1980-1981 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა უშიშროების სპეციალური დანიშნულების რაზმ „კასკადის“ საბრძოლო ოპერაციებში ყანდაარში, ავღანეთში. 1973 წლის 6 აპრილიდან 25 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სუკ-ის ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად, 1973 წლის 25 ივნისიდან 1975 წლის 18 აგვისტომდე — სუკ-ის პირველი განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად, 1975 წლის 18 აგვისტოდან 1977 წლის 19 დეკემბრამდე — სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად, 1977 წლის 19 დეკემბრიდან 1979 წლის 19 ივნისამდე — სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად, 1979 წლის 19 ივნისიდან 1980 წლის 23 აპრილამდე — სუკის მე-2 განყოფილების პირველი ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ, 1980 წლის 23 აპრილიდან 1982 წლის 6 სექტემბრამდე — სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-3 ქვეგანყოფილების უფროსად, 1982 წლის 6 სექტემბრიდან 1984 წლის 29 მარტამდე — სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსად, 1984 წლის 29 მარტიდან 1985 წლის 19 ნოემბრამდე — სუკ-ის მე-2 განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1985 წლის 19 ნოემბრიდან 1986 წლის 14 ოქტომბრამდე — სუკ-ის ახალციხის რაიონული განყოფილების უფროსად, 1986 წლის 14 ოქტომბრიდან 26 ნოემბრამდე — სუკ-ის ქ. ფოთის საქალაქო განყოფილების უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად, 1986 წლის 26 ნოემბრიდან 1990 წლის 6 მარტამდე — სუკ-ის ქ. ფოთის საქალაქო განყოფილების უფროსად, 1990 წლის 6 მარტიდან 1992 წლის 31 იანვრამდე — სუკ-ის მეორე განყოფილების უფროსად, 1992 წლის 31 იანვრიდან 1 ივნისამდე — საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსად, 1992 წლის 1 ივნისიდან 28 დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ, კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსად, 1992 წლის 28 დეკემბრიდან 1993 წლის 14 ივნისამდე — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ — მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსად, 1993 წლის 14 ივნისიდან 11 ოქტომბრამდე — საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1993 წლის 11 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი, 1993 წლის 13 ოქტომბრიდან 1994 წლის 2 აპრილამდე — საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრი, 1994 წლის 2 აპრილიდან 1995 წლის 2 სექტემბრამდე — საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე. 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტ ე. შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, 2 სექტემბერს ი. გიორგაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან. 1995 წლის 1 ოქტომბერს მის დაპატიმრებაზე სანქცია გაიცა. მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

1995 წელს საქართველო დატოვა. იძებნება 1995 წლის 20 ოქტომბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია „სამართლიანობა“ და ორგანიზაცია „ანტისოროსი“. 2003 წლის 13 დეკემბერს მას უფლება არ მიეცა, კენჭი ეყარა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც საქართველოს რესპუბლიკის საპრეზიდენტო კანდიდატს. 2006 წლის 6 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა პარტია „სამართლიანობისა“ და ორგანიზაცია „ანტისოროსის“ აქტივისტები და გაასამართლა მისი 13 ლიდერი. 2016 წელს ინტერპოლმა გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა გიორგაძისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი, თუმცა ინტერპოლის გადაწყვეტილება საქართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.[1]

სრულყოფილად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, იცის თურქული და ფრანგული ენები, ლაპარაკობს სერბიულ-ხორვატიულ და აზერბაიჯანულ ენებზე.[2][3][4] ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.

სამხედრო წოდებები

რედაქტირება
  • ლეიტენანტი (29.01.1973),
  • უფროსი ლეიტენანტი (17.12.1976),
  • კაპიტანი (21.01.1980),
  • მაიორი (15.08.1982),
  • პოდპოლკოვნიკი (02.09.1986),
  • პოლკოვნიკი (18.10.1991),
  • გენერალ-მაიორი (29.11.1993),
  • გენერალ-ლეიტენანტი (18.12.1994).

დაჯილდოებულია 15 სამთავრობო ჯილდოთი, მათ შორის მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ (27.10.1981).

ლუგარის ლაბორატორია

რედაქტირება

2018 წელს იგორ გიორგაძემ ჩაატარა პრესკონფერენცია, რომლის დროსაც განაცხადა, რომ თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ტარდებოდა ექსპერიმენტები აშშ-ში დამზადებული არალიცენზირებული წამლით - სოვალდით - რამაც 2015 წლის დეკემბერში 30 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.[5] აღნიშნულ ინფორმაცია დაყრდნობით რუსულმ ოფიციალურმა უწყებებმა და მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტები ტარდებოდა და იქმნებოდა ბიოლოგიური იარაღი.[5] ექსპერტების, დიპლომატებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, გიორგაძის პრესკონფერენცია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი იყო, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დასავლეთისა და საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებდა. მოგვიანებით, BBC-სთან ინტერვიუში იგორ გიორგაძემ აღიარა, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს.[6]

ლიტერატურა

რედაქტირება