ირაკლი ბათიაშვილი (პოლიტიკოსი)
ამ სტატიას სჭირდება სქოლიოები (წყაროები). |
ირაკლი ბათიაშვილი (დ. 8 ივლისი, 1961, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.
ირაკლი ბათიაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 ივლისი, 1961 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაირაკლი ბათიაშვილი დაიბადა 1961 წლის 8 ივლისს თბილისში[1]. დაამთავრა თბილისის #1 საშუალო სკოლა. 1978-1983 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1986 წლიდან ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და 1989 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებმა სასტიკად ჩაქოლეს. მოგვიანებით ის რუსთაველის გამზირზე ცხედრებს შორის იპოვეს. ირაკლი ბათიაშვილი იყო საბჭოთა საოკუპაციო ჯარში გაწვევის ბოიკოტის ორგანიზატორი.
ირაკლი ბათიაშვილი 1992 წლის 2 მაისიდან 1993 წლის 11 ოქტომბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი: მისი ხელმძღვანელობით დაიშალა „სუკი“ და საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ სპეციალურ სამსახურს. მისი ხელმძღვანელობით და ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დახმარებით ჩამოყალიბდა საუკეთესო სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგა”. მან საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავჯდომარის თანამდებობა პირადი და საჯარო განცხადებით დატოვა, ვინაიდან წინააღმდეგი იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების. 1994-1995 წლებში იყო კონფლიქტების ანალიზისა და პროგნოზირების კვლევითი ცენტრის უფროსი, 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი).
1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, 2002-2003 წლებში — პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 2002 წელს დაამთავრა საერთაშორისო და უსაფრთხოების სპეციალური ინსტიტუტის უმაღლესი განათლების ჯორჯ მარშალის ევროპული ცენტრი. 2003 წელს გაიარა შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტში. 2004-2006 წლებში იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
2004 წელს მიენიჭა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2006 წლის ივლისში კოდორის ხეობასთან დაკავშირებული კრიზისის დროს ირაკლი ბათიაშვილი აპროტესტებდა ხეობაში ჯარის შეყვანას და საქართველოს ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა. 2007 წლის 23 მაისს ირაკლი ბათიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,315 მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ქართული საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები მას პოლიტიკურ პატიმრად სცნობდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ირაკლი ბათიაშვილის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება და დააკისრა სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გადახდა დაზარალებულისათვის. 2007 წელს, ციხეში ყოფნის პერიოდში, არჩეულ იქნა „ქართული აკადემიის„ საპატიო წევრად. 2008 წლის 11 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის #14 განკარგულების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილი გათავისუფლებულ იქნა. 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2010 წლიდან სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრი იყო.
2019-2024 წლებში ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.
ნაშრომები
რედაქტირება- „მანკიერი წრე“ (1994)
- „ფილოსოფიური ეპისტოლე #7-ე საპყრობილედან“ (2007)
- „დანაღმული ველი“ (2009)
- „სამყაროთა შეჯახება და საქართველოს ბედი“ (2011)
- „ენიგმა“ (2013)
- „პერსონალური სიცოცხლე და ედმუნდ ჰუსერლის მოძღვრება დროის შინაგანი ცნობიერების შესახებ“ (2014),
- „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა“ (2016),
- „შელინგის გამოცხადების ფილოსოფია“ (2019),
- „ბატონ-ყმობის დიალექტიკის ექსისტენციალური ასპექტები ჰეგელის „გონის ფენომენოლოგიაში““ (2021)
- „დასავლური პოლიტიკური ფილოსოფია“ (2022)
- „დამოუკიდებლობის დიდი დეკლარაცია და თომას ჰობსის „ლევიათანი“ (2022) და სხვა
ლიტერატურა
რედაქტირება- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები„, თბილისი, 2013. — გვ. 125, ISBN 978-9941-0-5532-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირაკლი ბათიაშვილი (პოლიტიკოსი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირაკლი ბათიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑
- ირაკლი ბათიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)