ავღანეთი

ქვეყანა სამხრეთ აზიაში

ავღანეთი (პუშტუ افغانستان, დარი სპარს. افغانستان, Afġānestān) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. არის ერთ–ერთი უღარიბესი ქვეყანა მსოფლიოში. 1978 წლიდან ქვეყანაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი.

ავღანეთის ისლამური საამირო
د افغانستان اسلامي امارت
امارت اسلامی افغانستان
ავღანეთი
ავღანეთის
დროშა
ავღანეთის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ქაბული
34°31′ ჩ. გ. 69°08′ ა. გ. / 34.517° ჩ. გ. 69.133° ა. გ. / 34.517; 69.133
ოფიციალური ენა პუშტუ, დარი
მთავრობა უნიტარული დეობანდური დროებითი მთავრობა ავტოკრატიული მმართველობით
 -  მეთაური ჰაიბატულა ახუნძადა
 -  პრემიერ-მინისტრი ჰასან ახუნდი (მ/შ)
ფართობი
 -  სულ 652 864 კმ2 (მე-40)
 -  წყალი (%) 0
მოსახლეობა
 -  2020 შეფასებით 32 890 171 (43-ე)
 -  სიმჭიდროვე 48,08 კაცი/კმ2 (169-ე)
მშპ (მუპ) 2018 შეფასებით
 -  სულ $72.911 მილიარდი (96-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $2024 (169-ე)
აგი (1993) 0.511 
ვალუტა ავღანი (AFN)
დროის სარტყელი UTC +04:30
ქვეყნის კოდი AFG
Internet TLD .af
სატელეფონო კოდი 93

ესაზღვრება დასავლეთით ირანს, სამხრეთით და აღმოსავლეთით — პაკისტანს, ჩრდილოეთით — უზბეკეთს და ტაჯიკეთს, ძალიან მცირე ზოლზე აღმოსავლეთით ავღანეთი ესაზღვრება ჩინეთს და სამხრეთით ინდოეთს. ავღანეთი მდებარეობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაშესაყარზე და წარმოადგენს ვაჭრობისა და მიგრაციის უძველეს ცენტრს. მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა სამხრეთ და ცენტრალურ აზიას შორის, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთს შორის, საშუალებას აძლევს მას მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებში.

სახელწოდება რედაქტირება

  • ოფიციალური: ავღანეთის ისლამური საამირო.
  • ეროვნული: افغانستان (Afghanistan), Emārat-e Eslāmi-ye Afghānestān; Də Afġānistān Islāmī Imārat.
  • ეტიმოლოგია: იგი შესაძლოა წარმოდგებოდეს სანსკრიტული Upa-Ghana-Stan-ისაგან, რაც ითარგმნება როგორც „გაერთიანებული ტომების ქვეყანა“.

გეოგრაფია რედაქტირება

რელიეფი რედაქტირება

ავღანეთი მდებარეობს ცენტრალური აზიის სამხრეთში, ირანის ზეგნის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, ძველი „აბრეშუმის გზაზე“. ტერიტორიის დიდ ნაწილს შეადგენს მთები და მათ შორის მდებარე ხეობები. ქვეყნის ჩრდილოეთში განლაგებულია ბაქტრიის ვაკე, რომელიც წარმოადგენს ქვიშიან–თიხიან უდანბოს. იგი ყარაყორუმის უდაბნოს გაგარძელებაა. აღმოსავლეთსა და სამხრეთში ქვეყანა შემოსაზღვრულია პაროპამიზის – რომელიც მოიცავს ორ ქედს: საფედქოჰს (თეთრი მთები) და სიახკოხს (შავი მთები), აგრეთვე, ჰინდიყუშის მთიანი სისტემებით. სამხრეთით განლაგებულია შუა ავღანეთის მთები და ღაზნი–ყანდაარის მთიანეთი. დასავლეთში ირანის საზღვართან მდებარეობს ნაომიდის პლატო (დარდის უდაბნო) და სისტანის აუზი. უკიდურესი სამხრეთი უკავია ჰაუდი–ზირას აუზს, თიხისშემცველ უდაბნოს დაშთი–მარგოს (სიკვდილის უდაბნო) და გარმსერისა და რეგისტანის ქვიშის უდაბნოებს. ჰინდიყუშის დასავლეთით მდებარეობს ხაზარაჯათის მთიანეთი, სიმაღლით 3000–4000 მ. პაკისტანის საზღვართან მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი – ნოშაკის მთა, სიმაღლით 7492 მ.

ავღანეთი გარშემორტყმულია ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიისა და ინდოეთის სუბკონტინეტის ქვეყნებით (ირანი, პაკისტანი, ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი). მისი ფართობი შეადგენს: 647 500 კვ.კმ-ს.

კლიმატი რედაქტირება

ავღანეთის კლიმატი არის სუბტროპიკული და კონტინენტური, ცივი ზამთრით და ცხელი, მშრალი ზაფხულით. ტემპერატურა და ნალექების საშუალო რაოდენობა მერყეობს ზამთარში +8-დან −20 °C-მდე და ქვემოთ, ზაფხულში +32-დან 0 °C-მდე. უდაბნოში ნალექების რაოდენობა წელიწადში 40-50 მმ-ია, ხოლო მთიანეთში — 200—250 მმ. ჰინდიყუშის კლდის წვერებზე 400-600 მმ. ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც ინდოეთის ოკეანის მუსონები აღწევს 800 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარში და გაზაფხულზე. 3000-5000 მ. სიმაღლეზე თოვლის საფარის ხანგრძლივობა 6-8 თვეა, ხოლო უფრო ზემოთ მყინვარებია.

გეოგრაფიული აგებულება რედაქტირება

ავღანეთის ტერიტორია ძირითიდად მდებარეობს ალპურ-ჰიმალაურ სარტყელში, ბაქტრიის ვაკის გარდა, რომელიც წარმოადგენს თურანის დაბლობის სამხრეთ განშტოებას.

მდინარეები და ტბები რედაქტირება

ავღანეთის მდინარეთა ნაწილი ჩაედინება მდინარე ინდში. მათ შორის ყველაზე მსხვილია ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვართან გამავალი მდინარე ამუდარია. მდინარე ჰერირუდი გამოიყენება სარწყავად. მდინარე ჰელმანდი შენაკადებით — ფარაჰრუდი, ჰაშრუდი და ჰარუტრუდი ჩაედინება სისტანის აუზში, სადაც ქმნიან ჰამუნის მტკნარი ტბების ჯგუფს. მდინარეები იკვებებიან ძირითადად მთის მყინვარების ნადნობი წყლით. ვაკის მდინარეები გაზაფხულზე განიცდიან წყალდიდობას, ზაფხულში კი შრებიან. მთის მდინარეებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი ჰიდროპოტენციალი. ბევრ პროვინციაში წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მიწისქვეშა წყლები.

სასარგებლო წიაღისეული რედაქტირება

ავღანეთი მდიდარია მინერალებით, მაგრამ მათი დამუშავება განსაზღვრულ ხასიათს ატარებს მინერალების ცალკეულ მთიან რეგიონებში მდებარეობის გამო. არსებობს ქვანახშირის და ძვირფასი ლითონების საბადოები. აგრეთვე, ბერილიუმის საბადოები, გოგირდის, საკვები მარილის, მარმარილოს, ლაზურიტის, ბარიტის და სხვა საბადოები. არსებობს ადგილობრივი ნავთობი, ბუნებრივი აირი, თაბაშირი. შესწავლილია სპილენძის, რკინის, მანგანუმის საბადოები. აინაკის სპილენძის საბადო ქაბულის სიახლოვეს ითვლება ევრაზიაში უდიდეს საბადოდ (მისი რეზერვები შეიცავს 2.3 % შემცველობის 240 მილიონი ტონა მადანს (2006 მონაცემებით), ქაბულის სიახლოვეს მდებარეობს, აგრეთვე, ჰაჯიგეკის რკინის მადანი (428 მილიონი ტონა მადნის 62-68 %–ანი შემცველობის რეზერვი), რომელიც ითვლება სამხრეთ აზიის რეგიონში ყველაზე დიდ რკინის საბადოდ.

ისტორია რედაქტირება

 
ბამიანის ბუდები. ამჟამად, დანგრეულია თალიბების მიერ. გამოქვაბული
 
მრავალი საუკუნის მანძილზე ავღანეთი იყო სპარსეთის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილი, რამაც განაპირობა მისი კულტურის ირანის გავლენის ქვეშ მოქცევა
 
ბერძნულ–ბაქრიული სამეფო თავისი აყვავების პერიოდში
 
ავღანეთი არაბთა სახალიფოს პერიოდში 750 წ.
 
დურანის იმპერია თავისი ზენიტის პერიოდში

ავღანეთი უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაა. პირველი ადამიანების კვალი ავღანეთის მიწაზე არანაკლებ 5000 წლისაა. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია ამ რეგიონის სოფლური თემები.

ფიქრობენ, რომ ზოროასტრიზმი ჩამოყალიბდა ავღანეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ძვ. წ. 1800-800 წლებს შორის პერიოდში. ზარათუშტრა ცხოვრობდა და გარდაიცვალა ბალხაში. ზოროასტრიზმის აყვავების პერიოდში ამ რეგონში საუბრობდნენ ძველაღმოსავლურ ირანულ ენებზე, მაგ: ავესტურ ენაზე. ძვ. წ. VI საუკუნის შუა ხანებში აქემენიდებმა მოახერხეს ავღანეთის დაპყრობა და სპარსეთის იმპერიასთან მიერთება.

აქემენიდების იმპერია ძვ. წ. 330 წლის შემდეგ მოექცა ალექსანდრე მაკედონელის დარტყმების ქვეშ და მალე ავღანეთის ტერიტორია გადავიდა მაკედონელის იმპერიის ხელში, ხოლო მისი განადგურების შემდეგ ავღანეთი მოექცა სირიის სელევკიდების სამეფოს შემადგენლობაში. ამავე პერიოდში რეგიონში დომინირება დაიწყო ბუდისტურმა რელიგიამ.

ამის შემდეგ, რეგიონი გახდა ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს ნაწილი. ინდო-ბერძნები განადგურებული და განდევნილ იქნენ ავღანეთიდან სკვითების მიერ ძვ. წ. II საუკუნის ბოლოს. ინდო-ბერძნულმა სამეფომ იარსება ძვ. წ. 125 წლამდე.

ახ. წ. I საუკუნეში პართიის იმპერიამ დაიპყრო ავღანეთი. II საუკუნის შუა ხანებისათვის ქუშანის სამეფო თანამედროვე ავღანეთის ცენტრში გახდა ბუდისტური კულტურის დიდი მფარველი. ქუშანები განადგურდნენ III საუკუნეში სასანიდების მიერ. თუმცა ზოგიერთი მმართველი უწოდებდა რა საკუთარ თავს ქუშანს (სინამდვილეში იყო სასანიდი) აგრძელებდა ამ რეგიონის (ყოველ შემთხვევაში რეგიონის ნაწილის) მმართველობას. საბოლოოდ, კუშანები გაანადგურეს ჰუნებმა, რომელთა ადგილი მოგვიანებით დაიკავეს ეფთალიტებმა, რომლებმაც თავისი სახელმწიფო შექმნეს ამ რეგიონში V საუკუნის შუახანებში. ეფთალიტები გაანადგურა სასანიდების მეფე ხოსრო I-მა თურქთა სახანოს დახმარებით 557 წელს. მხოლოდ ეფთალიტებისა და კუშანების შთამომავლებმა მოახერხეს შეექმნათ მცირე სახელმწიფო ქაბულისტანი თანამედროვე ქაბულის სიახლოვეს, რომელიც მოგვიანებით დაიპყრეს საფარიდების მუსლიმმა მმართველებმა, ხოლო შემდეგ შევიდა სამანიდების და ღაზნევიდების სახელმწიფოში.

ისლამური და მონღოლური პერიოდი რედაქტირება

VII საუკუნეში ავღანეთის ტერიტორიების დასავლეთი ნაწილი დაიპყრეს არაბებმა, რომლებმაც თან მოიტანეს თავიანთი კულტურა და რელიგია ისლამი. მხოლოდ ახალმა რელიგიამ ავღანეთში საბოლოოდ ფეხი მოიკიდა X საუკუნეში, როცა რეგიონი საბოლოოდ შევიდა სამანიდების სახელმწიფოში.

X საუკუნეში ქვეყანაში შუა აზიიდან მოვიდნენ თურქები. ავღანეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ღაზნევიდების სახელმწიფო დედაქალაქით ღაზნში. ღაზნევიდების სახელმწიფომ მოგვიანებით შეიერთა, აგრეთვე, ირანის, შუა აზიის და ინდოეთის ტერიტორიები. დაიწყო მეცნიერებისა და კულტურის აყვავება.

XII საუკუნეში გაძლიერდა ადგილობრივი ავღანური ღურიდების დინასტია, რომელმაც თავისი გავლენის ქვეშ გააერთიანა ავღანეთი და მეზობელი ტერიტორიები. XIII საუკუნის დასაწყისში ღურიდების სახელმწიფო დაიპყრო ხორეზმმა.

XIII საუკუნეში რეგიონში შეიჭრნენ მონღოლები, ჩინგიზ-ყაენის მეთაურობით. ავღანეთი შევიდა მონღოლთა იმპერიის შემადგენლობაში. მის ტერიტორიებზე არსებობდა მონღოლთა ვასალი კურტების დინასტიის სახელმწიფო. ავღანეთი მდებარეობდა ორი მონღოლური ულუსის — ჰულაგუიანებისა და ჩაღათას ულუსის საზღვარზე.

XIV საუკუნის მეორე ნახევარში ავღანეთი შევიდა თემურ-ლენგის იმპერიაში, რომლის სიკვდილის შემდეგ მას უკვე თემურიდები მართავდნენ. თემურიდებიდან ყველაზე ცნობილი მმართველი აღმოჩნდა დიდ მოგოლთა იმპერიის დამაარსებელი ბაბური.

XVI—XVII საუკუნეებში ავღანეთის ტერიტორიისათვის ბრძოლას ეწეოდნენ ერთი მხრივ სეფიანთა ირანი, მეორე მხრივ ინდოეთის დიდ მოგოლთა იმპერია.

ხოტაკის დინასტია რედაქტირება

XVIII საუკუნეში ავღანეთი შედიოდა სპარსეთის იმპერიაში, რომელსაც სეფევიდები მართავდნენ. სპარსეთის დასუსტების შემდეგ, რამდენიმე აჯანყების შედეგად, ავღანებმა მოახერხეს დამოუკიდებელი ყანდაარისა და ჰერათის სამთავროების შექმნა. ყანდაარის სამთავროს მართავდა მირ-ვეისის მიერ დაარსებული პუშტუნური ხოტაკის დინასტია. 1722 წელს ავღანური ჯარები შეიჭრნენ ირანში და მისი დედაქალაქი ისფაჰანიც კი აიღეს. მოგვიანებით მათ განიცადეს მარცხი ნადირ-შაჰისგან. ნადირ-შაჰმა თავისი ხელისუფლება გაავრცელა ავღანეთზე, თუმცა ხელისუფლება იყო სუსტი. ამიტომ მისი სიკვდილის შემდეგ 1747 წელს, სეფევიდები დამარცხდნენ და სპარსეთის იმპერია შინაომებში ჩაეფლო.

დურანის სახელმწიფო რედაქტირება

დურანის იმპერია დაარსდა 1747 წელს ყანდაარში მთავარსარდალ აჰმად-შაჰ დურანის მიერ. ის გახდა პირველი გაერთიანებული ავღანური სახელმწიფო. თუმცა აჰმად შაჰის მემკვიდრეებმა ვერ შეინარჩუნეს ქვეყნის ერთიანობა. დურანის სახელმწიფო მისი გარდაცვალების შემდეგ დაიშალა რიგ დამოუკიდებელ სათავადოებად — პეშავარის, ქაბულის, ყანდაარისა და ჰერათის.

ავღანეთი XIX-XX საუკუნეებში რედაქტირება

თავისი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, ევრაზიის ცენტრში, ავღანეთი გახდა ორი დიდი სახელმწიფოს — რუსეთისა და ინგლისის იმპერიების საბრძოლო არენა. ბრძოლამ მიიღო სახელწოდება „დიდი თამაშები“. ბრიტანეთ-ავღანეთის პირველი ომი მიმდინარეობდა ათ წელს 1838-48 წლებში და ის ბრიტანეთის დამარცხებით დასრულდა. მეორე ომი 1878-81 წლებში მიმდინარეობდა და ბრიტანეთმა კვლავ ვერ მოახერხა ავღანეთის დაპყრობა. ავღანეთმა შეინარჩუნა საშინაო დამოუკიდებლობა, მაგრამ იძულებული გახდა ეღიარებინა ბრიტანეთის კონტროლი საგარეო პოლიტიკაზე. საბოლოოდ, ბრიტანეთი იძულებული გახდა მესამე ომის (1919) შემდეგ ეცნო ავღანეთის დამოუკიდებლობა 1919 წლის 9 აგვისტოს. ამავე წლიდან ავღანეთის დამოუკიდებლობა ცნო რუსეთის ფედერაციამ და დაამყარა მასთან დიპლომატიური კავშირი. ავღანეთის მეფე ამანულა ხანი გახდა. 1929-1973 წლებში სახელმწიფო ატარებდა ავღანეთის სამეფოს სახელწოდებას.

1963 წელს ავღანეთში კონსტიტუციური მონარქია დამყარდა, ხოლო 1973 წელს დაემხო. 1973 წლის 17 დეკემბერს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და მონარქიული წყობილება შეიცვალა რესპუბლიკური წყობილებით. ისტორიის ეს პერიოდი ხასიათდება უკიდურესად არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციით. პრეზიდენტი მუჰამედ დაუდი უშედეგოდ ცდილობდა რეფორმების გზით ქვეყნის მოდერნიზებას.

1978 წელს ქვეყანაში დაიწყო რევოლუცია. პრეზიდენტი მუჰამედ დაუდი საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოახრჩვეს. ხელისუფლებაში მოვიდა ავღანეთის სახალხო-დემოკრატიული კომუნისტური პარტია. 1978 წელს სსრკ-თან გაფორმდა ხელშეკრულება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ. ქვეყანაში დაიწყო რეფორმები, რამაც გამოიწვია კონსერვატორული ისლამური ოპოზიციის წინააღმდეგობა. სამხედრო დაპირისპირების გაძლიერებას მოჰყვა საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაცია 1979-1989 წლებში. უკანასკნელ წლებში ქვეყანა სამოქალაქო ომის ასპარეზად იქცა. ხელისუფლება პერიოდულად სხვადასხვა დაჯგუფებების ხელშია.

ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა და სამოქალაქო ომი რედაქტირება

1978 წლის საურის (აპრილის) რევოლუციის შედეგად ავღანეთი გამოცხადდა დემოკრატიულ რესპუბლიკად. სახელმწიფოს მეთაური გახდა ნურ მუჰამედ თარაქი, ხოლო რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე — ჰაფიზულა ამინი. მთავრობამ დაიწყო რადიკალური რეფორმების გატარება. კერძოდ, სეკულარიზაცია, რამაც ტრადიციულ ავღანურ საზოგადოებაში გამოიწვია მასობრივი სახალხო პროტესტი. ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი. მალე მმართველი სახალხო–დემოკრატიული კომუნისტური პარტია ორ ნაწილად გაიყო (ჰალკი და პარჩამი), რომლებმაც დაიწყეს ბრძოლა ხელისუფლებისათვის. ნურ მუჰამედ თარაქი მოკლეს, ხოლო სახელმწიფოს მეთაური გახდა ჰაფიზულა ამინი. საბჭოთა კავშირში ამინს არასაიმედო პარტნიორად თვლიდნენ, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ დროს გადასულიყო დასავლეთის მხარეს. ამიტომ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოეშორებინა ამინი და მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეყვანით „დახმარებოდა“ ავღანეთის კომუნისტურ პარტიას – გამკლავებოდა ამბოხებულებს. შედეგად, სსრკ ჩაერია ავღანეთის სამოქალაქო ომში. აშშ-ს ოფიციალური პოზიცია ამ ომის მიმართ ასეთი იყო: საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში და მოახდინა მისი ოკუპირება. ამინის მკვლელობის შემდეგ საბჭოთა სპეცნაწილების მიერ პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების შემდეგ, რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა ბაბრაქ ქარმალმა.

საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ თავდადებით იბრძოდნენ ავღანელი მოჯაჰიდები, რომლებსაც ფინანსური და შეიარაღების თვალსაზრისით, დახმარებას უწევდნენ აშშ, ჩინეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. ავღანეთში გამოჩნდა სარაკეტო გადამტანი კომპლექსები – „სტინგერები“, რამაც დიდი დახმარება გაუწია ადგილობრივ მოჯაჰედებს. განუწყვეტელმა წინააღმდეგობამ საბჭოთა კავშირი აიძულა გამოეყვანა თავისი ჯარები ავღანეთიდან.

1986 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბაბრაქ ქარმალი გადადგა თანამდებობიდან. ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის რევოლუციური საბჭოს ახალი ლიდერი გახდა მუჰამედ ნაჯიბულა. იგი გახდა ქვეყნის ახალი პრეზიდენტიც. 1989 წელს საბჭოთა ჯარები გაიყვანეს ავღანეთიდან. ამის შემდეგ ნაჯიბულა კიდევ სამი წელი რჩება ხელისუფლებაში.

თალიბანის რეჟიმი რედაქტირება

1989 წელს საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ სამოქალაქო ომი არ დასრულებულა, პირიქით, ახალი ძალით იფეთქა. 1998 წლიდან ქაბულს და ქვეყნის უდიდეს ნაწილს თალიბები აკონტროლებდნენ. ქვეყნის ჩრდილოეთში საველე ჯგუფების მეთაურებმა დააარსეს ე. წ. „ჩრდილოეთის ალიანსი“. 1992 წლის აპრილში ამბოხებულები შევიდნენ ქალაქ ქაბულში და ავღანეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. აჰმად შაჰ მასუდსა და გულბედინ ჰექმათიარს შორის ატეხილი ხელისუფლებისათის ბრძოლის დროს დედაქალაქი ქაბული გადაიწვა და დაინგრა. ავღანეთის კულტურულ ძეგლთა დიდი ნაწილი განადგურდა.

ამ დროიდან ქვეყნის სამხრეთში ძალებს იკრებდა მოძრაობა თალიბანი, რომლის დიდი ნაწილი იყვნენ ეროვნებით პუშტუნები და თავი გამოაცხადეს პუშტუნი ხალხის ინტერესების დამცველებად. მათი მიზანი იყო ავღანეთში რადიკალური ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

1996 წლისათვის მათ კონტროლს დაექვემდებარა ქვეყნის დიდი ნაწილი. ქაბულის აღების შემდეგ, სექტემბერში, მუჰამედ ნაჯიბულა იქნა დახვრეტილი, ხოლო ჩრდილოეთის ალიანსი განდევნილ იქნა ქვეყნის ცალკეულ ჩრდილოეთის პროვინციებში. თალიბების მმართველობა ხასიათდებოდა სხვა რელიგიების მიმართ შეუწყნარებლობით (მაგ: მიუხედავად მსოფლიო საზოგადოების მძლავრი პროტესტის, მათ შორის, თვით მუსლიმური ქვეყნების, თალიბებმა გაანადგურეს არქიტექტურის ძეგლები — ბამიანის ბუდები, რომლებიც წარმართულ კერპებად გამოაცხადეს) და სისასტიკით — (მაგ: ხელს აჭრიდნენ ქურდებს, ქალებს და გოგონებს ეკრძალებოდათ სწავლა, ასევე, ქუჩაში მამაკაცის თანხლების გარეშე ყოფნა და ა. შ).

1980-იანი წლების ბოლოს ავღანეთში გაიზარდა ნარკოტიკების წარმოება. 1999 წელს თალიბების მმართველობის დროს ოპიუმის რეკორდული მოსავალი — 4600 ტონა მიიღეს. 2000 წელს ძლიერი გვალვის გამო, მხოლოდ 3275 ტონა ოპიუმის ყაყაჩო შეაგროვეს. იმავე წელს მსოფლიო საზოგადოების ზეწოლის შედეგად, თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეამცირეს ოპიუმის მოყვანა და შედეგად 2001 წელს ავღანეთში მოვიდა რეკორდულად მცირე რაოდენობის ოპიუმი, სულ 185 ტონა და ისიც, ოპიუმის დიდი ნაწილი იყო შეგროვილი ჩრდილოეთის ალიანსის კონტროლირებად ბადახშანის ტერიტორიაზე.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, როდესაც ტერორისტებმა ააფეთქეს აშშ-ის „ტყუპი შენობები“, თალიბანურ ავღანეთს თავი შეაფარა საერთაშორისო ტერორისტმა უსამა ბინ ლადენმა. ეს გახდა აშშს ავღანეთში შეჭრის მიზეზი. ხოლო ზოგიერთი რუსი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ავღანეთში შეჭრის რეალური მიზეზი აშშ-ს 11 სექტემბრის მოვლენებამდე ჰქონდა ხელთ, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ თალიბებმა უარი განაცხადეს ტრანსავღანური ნავთობსადენის (თაპი. თურქმენეთი - ავღანეთი - პაკისტანი - ინდოეთი) გაყვანაზე.

2001 წლიდან დღემდე რედაქტირება

2001 წელს ოპერაცია „შეუზღუდავი თავისუფლების“ ფარგლებში ავღანეთის ე. წ. „ჩრდილოეთის ალიანსის“ ოპოზიციურმა ძალებმა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერით დაამხეს თალიბანის რეჟიმი. მაგრამ თალიბანი საბოლოოდ არ განადგურებულა. მათი ძირითადი ძალები ვაზირისტანის მთებში დაბანაკდნენ. სხვები გადავიდნენ პარტიზანულ ბრძოლაზე ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე.

თალიბების განადგურების შემდეგ წარმოიქმნა თანამედროვე ავღანეთის რესპუბლიკა. 2001 წლის დეკემბერში ბონის კონფერენციაზე ავღანეთის პოლიტიკური მოღვაწე ჰამიდ ქარზაის დაევალა ავღანეთის გარდამავალი ადმინისტრაციის ფორმირება. 2001 წლის ბოლოს შეიქმნა ჰამიდ ქარზაის დროებითი მთავრობა. 2002 წელს ლოია ჯირგამ (უმაღლესი საბჭო, რომელშიც შედის ავღანეთის ყველა ხალხის, ტომის და დაჯგუფების ლიდერი), იგი აირჩია ქვეყნის დროებით პრეზიდენტად. 2004 წელს მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ჰამიდ ქარზაიმ. იგი აირჩიეს, აგრეთვე 2009 წელსაც მეორედ ქვეყნის პრეზიდენტად.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ამჯერად, უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალებთან ერთად (ISAF). ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ადგილობრივ საველე მეთაურთა წინააღმდეგობების დაძლევა.

დემოგრაფია რედაქტირება

ეკონომიკა რედაქტირება

ხანგრძლივმა ომებმა მთლიანად მოშალა ეკონომიკა, რომლის საფუძველი ტრადიციულად სოფლის მეურნეობა იყო. ამჟამად ქვეყანა საგარეო ფინანსური დახმარებებით არსებობს.

მემკვიდრეობა რედაქტირება

 
ჯამის მინარეთი

მნიშვნელოვანი ძეგლებია: ბამიანის ბუდები (I - VIII სს.), სასახლე ბუსტაში (XI ს.), ჯამის მინარეთი (XII ს.), გაუხარშადის მავზოლეუმი ჰერათში (XV ს.). ომებმა გაანადგურა ქაბულისა და ყანდაარის ბევრი ისტორიული მონუმენტი.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება