საქართველოს მოქალაქეთა კავშირი

საქართველოს პოლიტიკური პარტია

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ) — მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულების პარტია საქართველოში. არსებობდა 1993-2003 წლებში და წარმოადგენდა ყველაზე გავლენიან პარტიას, პარტიის დამფუძნებელი იყო საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ)
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
ლიდერი ედუარდ შევარდნაძე
ზურაბ ჟვანია
ისტორია
დაფუძნდა ნოემბერი, 1993
დაიშალა ნოემბერი, 2003
პოზიციები
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო აკრედიტაცია სოციალისტური ინტერნაციონალი
ფერები         
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

1993 წელს მოქალაქეთა კავშირი ჩამოყალიბდა პარტიების: „თბილისის მოქალაქეები“, „ერთობა და კეთილდღეობა“ და „მწვანეების“ გაერთიანებით. საქართველოს მოქმედმა მეთაურმა შევარდნაძემ შემოიკრიბა კომუნისტური პარტიის და სახელმწიფო აპარატის ელიტა და დასავლურად განწყობილი ახალგაზრდები და მათი გაერთიანებით შემნა პარტია.[1]

პარტიას 32 000-მდე წევრი ჰყავდა, მათ შორის 9 600 ქალი. პარტიის თავმჯდომარე 1993-1995 წლებში იყო ედუარდ შევარდნაძე. 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციამ აკრძალა პრეზიდენტის მიერ პარტიული თანამდებობის დაკავება. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი კვლავ ასოცირდებოდა შევარდნაძესთან. მის შემდეგ პარტიაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო ზურაბ ჟვანია - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

1995 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო ხმათა 21,3%, ხოლო 1999 წლის ოქტომბრის არჩევნებში - 41,8%. მიუხედავად პარლამენტში მოპოვებული მნიშვნელოვანი უმრავლესობისა, პარტიამ დაშლა დაიწყო 2001 წლიდან. თავდაპირველად მას გამოეყო ახალგაზრდა მეწარმეთა ჯგუფი დავით გამყრელიძისა და ლევან გაჩეჩილაძის მეთაურობით, რომელთაც შექმნეს პარტია ახალი მემარჯვენეები. ამის შემდეგ მოქალაქეთა კავშირიდან გავიდა რადიკალურ რეფორმატორთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, მათ შექმნეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 2002 წელსპარტია დატოვა რეფორმატორთა კიდევ ერთმა ჯგუფმა ზურაბ ჟვანიას მეთაურობით. ეს უკანასკნელნი სასამართლო წესით მოითხოვდნენ, რომ სახელწოდება „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ მათ გამოეყენებინათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. მაშინ ჟვანიამ დააარსა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“, რომელიც 2004 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შეუერთდა ნაციონალურ მოძრაობას.

მნიშვნელოვნად დასუსუტებულმა საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა ცუდი შედეგები აჩვენა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2002 წელს. საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში მან უმნიშვნელო წარმომადგენლობები მოიპოვა, ხოლო თბილისში მიიღო ხმათა 3% და ვერ გადალახა 5%-იანი ზღვარი. 2003 წლის ნოემბრის არჩვენებისთვის პარტია ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან, სოციალისტურ პარტიასთან და სხვა პარტიებთან ერთად გაწევრიანდა ბლოკში „ახალი საქართველოსთვის“, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით ხმათა 21,% მიიღო. არჩევნების ასეთმა შედეგმა საყოველთა მღელვარება გამოიწვია, რაც ვარდების რევოლუციით დასრულდა. შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დაიშალა.

პოლიტიკური პლატფორმა

რედაქტირება

პარტიის ლოზუნგი იყო „ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული პარლამენტი ძლიერი საქართველოსთვის“. მისი მიზნები იყო დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს აშენება, მოქალაქეთა უფლებების დაცვა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

პარტიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში სტაბილურობისა და წესრიგის დამყარებაში, ჩართო საქართველო TRACECA-სა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საერთაშორისო პროექტებში. მოქალეთა კავშირი სარგებლობდა დამკვირვებლის სტატუსით სოციალისტურ ინტერნაციონალში, ჰქონდა კავშირები გერმანიის და დანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან, ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიასთან, აზერბაიჯანის „ახალ აზერბაიჯანთან“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს პოლიტიკური პარტიები: ცნობარი 1999 /[მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]]; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. ISBN 99928-52-41-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 110-111, ISBN 978-9941-0-5972-8.