ახალი მემარჯვნეები — მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია საქართველოში. დააფუძნეს 2001 წელს საქართველოს მოქალაქეთა კავშირისგან გამოყოფილმა წევრებმა. პოლიტიკური პარტია გაუქმდა 2019 წლის 22 დეკემბერს და შეუერთდა პოლიტიკურ პარტია „ლელოს“.[1]

ახალი მემარჯვენეები
ახალი მემარჯვენეები
სტატუსი გაუქმებული
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე
ისტორია
დაფუძნდა 2001
საერთაშორისო კავშირები
საერთაშორისო აკრედიტაცია IDU-ს ასოცირებული წევრი
შეერწყა ლელო საქართველოსთვის
შერწყმის თარიღი 2019 წლის 22 დეკემბერს
შტაბ-ბინა 0114, ჟ. კალანდაძის (ყოფილი ბევრეთის) ქ. №3
თბილისი, საქართველო
ახალი მემარჯვენეები

2000 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში შეიქმნა „ახალი ფრაქცია“, რომლის თავმჯდომარედაც დავით გამყრელიძე აირჩიეს. „ახალ ფრაქციაში“ ამ პერიოდში ათი წევრი იყო: დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, ფიქრია ჩიხრაძე, გია ყარყარაშვილი, ირაკლი იაშვილი, დავით საგანელიძე, დავით კოღუაშვილი, დოდო შელია, გიორგი კვირიკაშვილი, ვალერი კვარაცხელია. 2001 წლის 15 ივნისს „ახალი ფრაქციის“, ასევე პარტიების „ახალი მოძრაობისა“ და „ახალი კონსერვატორების“ ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“, რომლის თავმჯდომარედაც ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეს, თანათავმჯდომარედ - დავით გამყრელიძე.

2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდნენ, ხოლო თბილისის მასშტაბით — მესამეზე.[2] 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტიის ყრილობამ თავმჯდომარედ დავით გამყრელიძე აირჩია. არჩევნებში პარტიამ 7%-იანი ბარიერი გადალახა. პარტია არ ჩაერთო სხვა ოპოზიციური ძალების მიერ წარმოებულ აქციებში, მეტიც, ის მივიდა 2003 წლის 22 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე. ამით ახალმა მემარჯვენეებმა ხელი შეუწყვეს კვორუმის შედგენაც, რაც ხალხის პარლამენტის შენობაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ვარდების რევოლუციაში მონაწილეობის არმიღების გამო პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა. ის წევრთა დაახლოებით 15%-მა დატოვა. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახლები გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში მემარჯვენე ორიენტაციის კიდევ ერთ პარტიასთან „მრეწველებთან“. შედეგად კი გადალახეს 7%-იანი ბარიერი ხმათა 7,6%-ით და შექმნეს ოპოზიციური ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიცია“.

2006 წელს პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ასევე, პარტია არ შეუერთდა ერთიან ეროვნულ საბჭოს 2007 წლის ნოემბრის აქციებში. ამის შემდეგ კი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა — პარტიის თავმჯდომარე, დავით გამყრელიძე. გამყრელიძემ მიღო დაახლოებით 80 000 ხმა (4,02%). 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკ „გაერთიანებული ოპოზიციის“ შემადგენლობაში. პარტიის წევრებმა, რომლებმაც მოიპოვეს სადეპუტატო მანდატები, პოლიტიკური მოტივით უარი თქვეს უფლებამოსილებაზე.

2009 წლიდან პარტია გახდა „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი. ალიანსში ასევე შედიოდნენ, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა და ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. მათი მიზანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო, რის გამოც ითხოვდნენ რეფერენდუმის დანიშვნას. ალიანსი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საპროტესტო აქციებისა 9 აპრილიდან 26 მაისამდე. ალიანსი მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც გავიდა თბილისის მასშტაბით მეორე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილზე.

2010 წლის ივლისში ალიანსი დაიშალა, რის შემდეგაც პარტია დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას. 2011 წელს პარტიის დაარსებიდან 10 წლის შემდეგ ახალმა მემარჯვენეებმა ახალი სტრატეგია შეიმუშავეს.[3] ისინი მარტო მონაწილეობდნენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ არჩევნებში პარტიამ ხმათა 1%-იც ვერ დააგროვა, ამის გამო პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.[4] 2013 წლის იანვარში პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე ახალ თავმჯდომარედ ფიქრია ჩიხრაძე აირჩიეს.[5] 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტია „თავისუფალ საქართველოსთან“ ერთად გამოდიოდა ბლოკში „არასაპარლამენტო ოპოზიცია“. ბლოკმა მიიღო ხმათა საშუალოდ 2,24%. 2015 წლის ოქტომბერში ჩიხრაძე გადადგა, დაინიშნა რა პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩევლად.[6] პარტიის თვამჯდომარედ არჩეულ იქნა მამუკა კაციტაძე.

პოლიტიკური პლატფორმა

რედაქტირება

პარტიის ლოზუნგია: „ჩვენ გვწამს ღმერთი და ვმოქმედებთ აღიარებული მორალური პრინციპებით“.

პარტიის პრინციპებია:

  • პიროვნების თავისუფლება
  • შეზღუდული მთავრობა
  • კანონის უზენაესობა
  • საკუთრების უფლება
  • თავისუფალი მეწარმეობა
  • თანაბარი შესაძლებლობები
  • თვითდახმარება
  • ტრადიციული ღირებულებები და ქართული ოჯახი

პარტიის მთავარი მიზანი ეკონომიკის სფეროს ლიბერალიზაცია და კერძო ინიციატივების წახალისებაა. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების, სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაციის აუცილებლობის აღიარების გარდა, პარტიის იდეოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია ტრადიციული კულტურული ღირებულებებისა და ცხოვრების წესის დაცვა და შენარჩუნება.

ორგანიზაციული სტრუქტურა

რედაქტირება

პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მიზნებს და საქმიანობის ფორმებს წესდება განსაზღვრავს. ის პარტიის დამფუძნებელ კრებაზე 2001 წელს მიიღეს. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა, რომელიც იკრიბება არჩევნების წინ, მაგრამ არა ნაკლებ ოთხ წელიწადში ერთხელ.

ყრილობებს შორის პერიოდში პარტიას 7 წევრიანი გამგეობა (მთავარი კომიტეტი) მართავს. მასში შედიან ყრილობის მიერ 4 წლის ვადით არჩეული წევრები, რეგიონული დაახალგაზრდული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. გამგეობა თვეში ერთხელ იკრიბება და ამტკიცებს ბიუჯეტს, ისმენს ანგარიშებს, ამტკიცებს პარტიულ საარჩევნო სიებს და მაჟორიტარ კანდიდატებს, იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ბლოკში გაერთიანებასთან, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებასა და ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით.

პარტიის შიდა უმაღლესი თანამდებობა თავმჯდომარეა, ხოლო ორგანიზაციულ სამუშაოებს აღმასრულებელი მდივანი ხელმძღვანელობს. პარტიის მთავარი ტერიტორიული ერთეულებია რეგიონული, რაიონული და პირველადი ორგანიზაციები. პარტიაში არსებობს საკონსულატიო ორგანოები: ლიდერთა საბჭო და პოლიტიკური საბჭო, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაცია.

2005 წლის აპრილიდან ახალმა მემარჯვენეებმა საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების (IDU) ასოცირებული წევრის სტატუსი მიიღო. პარტია თანამშრომლობს გერმანიის (ქრისტიან-დემოკრატები), საბერძნეთის (ნეა დემოკრატია), პოლონეთის (სამოქალაქო პლატფორმა) და უკრაინის (ნაშა უკრაინა) პოლიტიკურ გაერთიანებებთან.

თავმჯდომარეები

რედაქტირება

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება
წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2008 საპრეზიდენტო 4,02% დავით გამყრელიძე გავიდა მეხუთე ადგილზე
2012 საპარლამენტო 0,43% ვერ გადალახა ბარიერი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი, „საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი“ — CIPDD, თბილისი, 2006, ISBN 90-5972-113-6

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება