ეს სტატია პოლიტიკურ პარტიას ეხება. საავტომობილო გზების შესახებ იხილეთ საქართველოს საავტომობილო გზები.

საქართველოს გზაპოლიტიკური პარტია საქართველოში 2006-2019 წლებში. ჩამოაყალიბა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს გზა
საქართველოს გზა
ხელმძღვანელობა
ლიდერი სალომე ზურაბიშვილი (საპატიო)
თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე
გენერალური მდივანი ნინო ცქიტიშვილი
ისტორია
დაფუძნდა 11 მარტი, 2006
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
შეერწყა სამართლიანობისთვის
ფერები               
შტაბ-ბინა ვასილ ბარნოვის ქ. #60, თბილისი
ტელ: (+995 32) 291 45 46
twg.ge
ბანერი

პარტია დაფუძნდა 2006 წლის 11 მარტს. პარტიის ბირთვი იყო მთავრობიდან სკანდალურად წამოსული სალომე ზურაბიშვილის მიერ 2005 წელს დაფუძნებული „სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა“. დამფუძნებელ ყრილობაზე, 12 მაისს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს გია თორთლაძე, რომელმაც მალე დატოვა პარტია.

პარტია შეიქმნა, როგორც მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ოპოზიცია. თავდაპირველად, ის არ თანამშრომლობდა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.[1] ის ერთადერთი პარტია იყო ოპოზიციურ პარტიათა შორის, რომელმაც მოიწონა ხელისუფლების მიერ 2006 წლის 28 ივლისს კოდორის ხეობაში განხორციელებული ოპერაცია.

2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს გზამ უარი განაცხადა რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ბლოკში გაერთიანებაზე და დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა.

არჩევნებში წარუმატებლობის (ხმათა 2,7%) შემდეგ საქართველოს გზამ დიწყო თანამშრომლობა სხვა პარტიებთან და 2007 წელს იყო ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს თანადამფუძნებელი. იმავე წლის ნოემბერში იყო საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს გზა მხარს უჭერდა ლევან გაჩეჩილაძეს, ხოლო პარტიის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გაჩეჩილაძის გამარჯვების შემთხვევაში, განიხილებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს გზა მონაწილეობდა ერთიანი ოპოზიციასთან ერთად.

საქართველოს გზა იყო ერთ-ერთი ინიციატორი 2009 წლის აპრილსა და მაისში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების ჩატარებისა.[2]

2010 წლიდან პარტია გახდა „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი. ალიანსში ასევე შედიოდნენ, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები და ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. ალიანსი მონაწილეობდა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც გავიდა თბილისის მასშტაბით მეორე, ხოლო ქვეყნის მასშტაბის მესამე ადგილზე.

2010 წლის ნოემბერში პარტიის ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა დატოვა პოლიტიკა. მის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარე გახდა კახა სეთურიძე.[3] 2012 წლის 27 დეკემბერს პარტიის რიგგარეშე ყრილობამ თავმჯდომარედ აირჩია თეიმურაზ მურვანიძე. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში პარტიამ მიიღო 1,21%.

პოლიტიკური პლატფორმა

რედაქტირება

წესდების მიხედვით პარტიის მიზნებია: ერთიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და იდეალების, ეთნიკური, კონფესიური, კულტურული, და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნება.

საქართველოს გზა ადანაშაულებს ნაციონალურ მოძრაობას ვარდების რევოლუციის მიზნების მიუღწევლობაში. პარტიის პრიორიტეტებია საშინაო პოლიტიკაში არის მეტი დემოკრატია, რომელიც ადამიანის უფლებებზე, სამართლებრივ სახელმწიფოსა და ხელისუფლების დაყოფაზეა დაფუძნებული; პარლამენტი უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მასმედიის თავისუფლების ზრდა; ბიზნესის ხელშეწყობა და საკუთრების უფლების დაცვა. საგარეო პოლიტიკაში საქართველოს გზის პრიორიტეტებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივების შეთავაზება; ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები და აგრესიული ტონის შერბილება.

პარტიას გააჩნია სამი ძირითადი დოკუმენტი: „თბილისისთავი“, „საქართველოს გზა 2006“ და „საქართველოს გზა 2008“.

ორგანიზაციული სტრუქტურა

რედაქტირება

პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურას განსაზღვრავს წესდება, რომელიც 2006 წელს დამფუძნებელმა ყრილობამ მიიღო.

პარტიის უმაღლესი ხლმძღვანელო ორგანოა პარტიის ყრილობა, რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ. ყრილობა ირჩევს პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, გამგეობასა და ლიდერს. ყრილობებს შორის პარტიის ხელმძღვანელი ორგნოა პოლიტიკური საბჭო. მისი სხდომები იმართება მინიმუმ 2 თვეში ერთხელ. პარტიის აღმასრულებლი ორგანოა გამგეობა. პარტიის მთელ საქმიანობასა და პოლიტიკურ საბჭოს ხელმძღვანელობს ლიდერი, ის ასევე წარმართავს პარტიის კურსს.

პარტიასთან არსებობს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო დარბაზი. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

  1. „საქართველოს გზა“ არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებასთან არ ასოცირდება; გაზეთი „ხვალინდელი დღე“, № 76[მკვდარი ბმული]
  2. 8 ოპოზიციური პარტია აქციებისკენ მოუწოდებს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-26. ციტირების თარიღი: 2009-08-07.
  3. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე სალომე ზურაბიშვილი კახა სეთურიძემ შეცვალა[მკვდარი ბმული]