საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2012) — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2012 წლის 1 ოქტომბერს. ეს იყო პირველი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელშიც მმართველი პარტია დამარცხდა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საპარლამენტო არჩევნების შედეგების რუკა. ლურჯი ქართული ოცნება წითელი ნაციონალური მოძრაობა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
წინასაარჩევნო გარემო
2010 წელს განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა გაზარდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა, რამდენადაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილებაში შევა. სწორედ ამიტომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ჯერ კიდევ 2011 წლის ზამთარში დაიწყო, როცა შეიქმნა 8 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება ე.წ. „ოპოზიციური რვიანი“, რომელიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.[1] 2011 წლის ზაფხულში „რვიანი დაიშალა, ხოლო საარჩევნო კოდექსზე შეთანხმებას მიაღწიეს პარტიებმა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და ჩვენ თვითონ.[2] კოდექსის მიხედვით პარლამენტში 150 დეპუტატი აირჩევა, რომელთაგან 73 მაჟორიტარული, 77 კი პროპორციული წესით იქნება არჩეული. განიხილებოდა ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას.[3] წინადადება გააკრიტიკეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.[4] ასევე ამოქმედდა სამოქალაქო კამპანია „მე ვთქვი 150“, შედეგად შენარჩუნდა არსებული მოდელი. წინასაარჩევნოდ შეიქმნა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისია. კომისიამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851-ით განისაზღვრა, რაც ყველაზე მაღალი მაჩეენებელია 1990 წლის არჩევნების შემდეგ.[5]
2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკური მიზნები და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი განაცხადა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მანამდე ცხოვრების არასაჯარო სტილით იყო ცნობილი. 11 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.[6] ივანიშვილმა ჩამოყალიბა პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო და შექმნა კოალიცია „ქართული ოცნება" რომელშიც გაერთიანდა 6 პარტია.[7] კოალიცია იქცა მმართველი ძალის, ნაციონალური მოძრაობის ძირითად კონკურენტად. წინასაარჩევნო პერიოდში ხელახლა დაიწყო მაუწყებლობა ტელეკომპანია მეცხრე არხმა, რომლის ფუნქციონირებაც ივანიშვილის სახელთან იყო დაკავშირებული. 2012 წლის ზაფხულში ხელისუფლებამ დააყადაღა კომპანია, რომელიც „მეცხრე არხის“ მაუწყებლობის გაფართოებას სატელიტური თეფშების საშუალებით გეგმავდა.[8] წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით დააჯარიმა ივანიშვილის კოალიციის 100 მომხრე და თავად ივანიშვილი მრავალმილიონიანი ჯარიმებით. სექტემბერში გახშირდა პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დაკავებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევები, რასაც ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურ დევნად აფასებდნენ. ადგილობრივმა სადამკვირვბლო ორგანიზაციების შეფასებით წინასაარჩევნო გარემო მკვეთრად უთანასწორო იყო[9]. წინასაარჩევნო გარემოს აგრეთვე აფასაებდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა როგორც პოლარიზებული, ხოლო ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის ქმედებებს უწოდა „კონფრონტაციული და უხეში“. მისიამ შეშფოთება გამოხატა სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის შესახებაც.[10] წინასაარჩევნო გარემო შეაფასა ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციამ როგორც კონკურენტული, თუმცა პოლარიზებული და ანტაგონისტური.[11]
საზოგადოებრივი აზრის კვლევები
წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე კვლევა გამოქვეყნდა. 2011 წლის ბოლოს ქართული ორგანიზაციის „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა იბრძოლებდა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება.[12]
წინასაარჩევნო კვლევები ასევე ჩაატარა ამერიკულმა ორგანიზაციამ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI). მათ კვლევა ჩაატარეს 2012 წლის თებერვალსა და ივნისში. თებერვლის პოლიტიკურ რეიტინგებმა დაადასტურა ორი პოლიტიკური ძალის დომინანტობა. ლიდერობდა „ნაციონალური მოძრაობა“ 47%-ით, შემდეგ მოდიოდა „ქართული ოცნება“ 10%-ით. მაისში ცნობილი გახდა კიდევ ერთი ამერიკული ორგანიზაციის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები: ნაციონალური მოძრაობა 45%, „ქართული ოცნება“ 15% და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ 9%.[13] კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ როგორც NDI-ის, ასევე IRI-ის კვლევებს, უნდობლობა გამოუცხადა.[13][14]
NDI-მ მეორე კვლევა ჩაატარა 2012 წლის ივნისში. ახალმა კვლევამ აჩვენა მმართველი პარტიის რეიტინგის დაცემა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ დაახლოებით 10%-ით. ოდნავ განსხვავებული შედეგები აჩვენა იმავე პერიოდში IRI-ის მეორე კვლევამ. ამ კვლევის შედეგად ნაციონალური მოძრაობა 43%-ით ლიდერობდა, მას მოყვებოდა „ქართული ოცნება“ 24%-ით და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ 7%-ით.[15]
2012 წლის ივლისში გამოქვეყნდა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Penn Schoen Berland-ის კვლევის შედეგები. Penn Schoen Berland-მა კვლევა ჩაატარა ორგანიზაციის „European Platform for Democracy in Gerogia“ დაკვეთით. კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მანამდე გამოქვეყნდებული სხვა კვლევების შედეგებისგან: ქართული ოცნება 42% და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 41%.[16] მმართველმა პარტიამ კვლევას უნდობლობა გამოუცხადა.[17]
აგვისტოში საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა Greenberg Quinlan Rosner-მა, რომელმაც კვლევა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩაატარა. კვლევის მიხედვით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი შეადგენდა 46%-ს, ხოლო „ქართული ოცნებისა“ - 24%-ს. შემდეგ მოდიოდნენ „ქრისტიან-დემოკრატები“ (5%) და „ახალი მემარჯვენეები“ (3%).[18] ოპოზიციის უმრავლესობამ კვლევის შედეგს უნდობლობა გამოუცხადა.[19]
სექტემბერში გამოქვეყნდა NDI-ს მესამე კვლევა. მისი მიხედვით კვლავ ლიდერობდა „ნაციონალურ მოძრაობა“ (37%), მეორე ადგილზე იყო „ქართული ოცნება“ (12%), მესამეზე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ (3%).[20] არჩევნებამდე უკანასკნელი კვლევა, გლდანის ციხის სკანდალის შემდგომ გერმანულმა კომპანია „forsa“-მ ჩაატარა. კვლევის მიხედვით პირველი სამეული ასეთი იყო: „ქართული ოცნება (49%), „ნაციონალური მოძრაობა“ (43%) და „ქრისტიან-დემოკრატები“ (6%).[21]
მონაწილე სუბიექტები და კამპანია
არჩევნებზე ცესკომ რეგისტრაციაში 18 სუბიექტი გაატარა, აქედან მხოლოდ ორი საარჩევნო ბლოკი. საარჩევნო ბლოკად დარეგისტრირდა კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, რომელიც ექვს პარტიას აერთიანებდა. მათი უმრავლესობა წევრი იყო 2011 წელს არსებული „ოპოზიციური რვიანისა“. აგრეთვე ბლოკად დარეგისტრირდა მოქმედ პარლამენტში წარმოდგენილი ორი პარტია: „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ევროპელი დემოკრატები“. სხვა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღეს.
პარტიებს 73 მაჟორიტარულ ოლქში ჰყავდათ წარდგენილი კანდიდატები. თითოეულ ოლქში 2-დან 10 კანდიდატამდე მონაწილეობდა. მხოლოდ ორმა სუბიექტმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“, წარადგინა ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატურა. თითქმის ყველა ოლქში ჰყავდათ საკუთარი კანდიდატები წარდგენილი „ქრისტიან-დემოკრატებს“, „მემარჯვენეებსა“ და „ლეიბორისტებს“. „ქართულმა დასმა“ ერთის გარდა, ყველა მაჟორტიარობის კანდიდატი მოხსნა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.[22] მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ასევე მოხსნა „თავისუფალმა საქართველომ“.
მმართველი პარტიის საარჩევნო სლოგანი იყო „მეტი სარგებელი ხალხს“. მათ საარჩევნო პროგრამაში ძირითადი ადგილი სოფლის მეურნეობის გაძლიერებას, ჯანდაცვისა და დაზღვევის სისტემის მოდერნიზაციას და 1000 ლარიანი ვაუჩერების დარიგებას ეკავა. საგარეო პოლიტიკაში მმართველი ძალა აქცენტს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე აკეთებდა და ხშირად ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან და ქურდულ სამყაროსთან კავშირებში.[23]
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია მაისში თბილისში გამართული ფართომასშტაბიანი მიტინგით დაიწყო. კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა ასევე აგებული იყო ჯანდაცვის, დაზღვევისა და სოფლის მეურნეობის სისტემის რეფორმაზე. კოალიცია ამომრჩეველს სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდის შექმნას პირდებოდა, საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტად კი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ასახელებდა. მაისიდან სექტემბრის ჩათვლით კოალიციამ ყველა რეგიონულ ცენტრში გამართა აქცია. კამპანია დამთავრდა თბილისსა და ქუთაისში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართული მიტინგებით, რომელთაც ხალხის რეკორდული რაოდენობა ესწრებოდა.[24]
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნდა გლდანის ციხეში პატიმრათა წამების ამსახველი ვიდეოები, რასაც სამოქალაქო საზოგადოებისა და სტუდენტების ფართომასტაბიანი საპროტესო აქციები და ორი მინისტრის - სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების - გადადგომა მოჰყვა. სკანდალმა უარყოფითად იმოქმედა მმართველი პარტიის საარჩევნო შანსებზე.
შედეგები
ეგზიტ პოლები
1 ოქტომბრის საღამოსვე გამოქვეყნდა ეგზიტ პოლების შედეგები. არჩევნებზე ოთხი ეგზიტ პოლი იმართებოდა: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ დაკვეთით ეგზიტ პოლს აწარმოებდა Edison Research, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით - GFK, ტელეკომპანია „მაესტროს“ დაკვეთით - Penn Schoen Berland და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგა“. ეგზიტპოლების პარალელურად ასევე ხორციელდებოდა ხმების პარალელური დათვლა. პარალელურ დათვლას აწარმოებდა ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).
ქართული ოცნება | ნაციონალური მოძრაობა | ქრისტიან-დემოკრატები | სხვა | |
---|---|---|---|---|
GFK [25] | 33% | 33% | 2% | |
Edison Research [26] | 50% | 41% | 5% | 4% |
Penn Schoen Berland [27] | 63% | 27% | 1% | 2% |
„ამომრჩეველთა ლიგა“[28] | 70,24% | 24,66% | --- | 5,9% |
„ISFED“[29] | 54,6% | 40,7% | 2% | 2,6% |
ოფიციალური შედეგები
საარჩევნო სუბიექტები | ხმების რაოდენობა | % | პროპორციული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა | მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატების რაოდენობა | სულ მიღებული მანდატების რაოდენობა |
---|---|---|---|---|---|
1 - კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს | 0,27% | 0 | 0 | 0 | |
4 - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია | 0,14% | 0 | 0 | 0 | |
5 - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს | 872336 | 40,4% | 33 | 32 | 65 |
9 - მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის | 0,19% | 0 | 0 | 0 | |
10 - გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება - სამართლიანი ტარიფები ხალხს | 44260 | 2,05% | 0 | 0 | 0 |
17 - სახალხო მოძრაობა | 0,03% | 0 | 0 | 0 | |
19 - თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა | 0,05% | 0 | 0 | 0 | |
23 - ქართული დასი | 2346 | 0,11% | 0 | 0 | 0 |
24 - ახალი მემარჯვენეები - შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად | 9385 | 0,43% | 0 | 0 | 0 |
26 - სახალხო პარტია | 0,02% | 0 | 0 | 0 | |
30 - მერაბ კოსტავას საზოგადოება | 1012 | 0,05% | 0 | 0 | 0 |
35 - მომავალი საქართველო | 701 | 0,03% | 0 | 0 | 0 |
36 - საქართველოს მშრომელთა საბჭო | 0,03% | 0 | 0 | 0 | |
38 - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - მდიდარს წავართმევ, ღარიბს დავუბრუნებ | 26765 | 1,24% | 0 | 0 | 0 |
40 - საქართველოს სპორტსმენთა კავშირი | 0,07% | 0 | 0 | 0 | |
41 - ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება - ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება | 1184588 | 54,9% | 44 | 41 | 85 |
სულ | ' | 100.0% | 77 | 73 | 150 |
არჩევნებში მონაწილეობა 2 215 661 ამომრჩეველმა მიიღო. პარლამენტში მანდატების მოპოვებისათვის აუცილებელი 5% ბარიერი მხოლოდ ორმა ძალამ გადალახა. პირველ ადგილზე გასულმა „ქართულმა ოცნებამ“ 44 მანდატი მიიღო პარტიული სიით. კოალიციამ 41 მაჟორიტარული მანდატი მიიღო: მოიგო ყველა ოლქი თბილისში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში, ასევე მოიგო კახეთისა და იმერეთის ოლქების უმრავლესობა. მეორე ადგილე გასულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 33 მანდატი მოიპოვა პროპორციული წესით და მოიგო ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს ოლქების უმეტესობა. „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 85 მანდატი მიიღო, რაც საკმარისი აღმოჩნდა მთავრობის ფორმირებისთვის, მაგრამ არა კონსტიტუციის ცვლილებისთვის. ახალარჩეულმა პარლამენტმა ქუთაისში დაიწყო ფუნქციონირება.
შეფასება
არჩევნების შედეგები აღიარა ყველა მონაწილე მხარემ. საპარლამენტო არჩევნებს პირველი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი დამარცხდა არჩევნებში და გადადის ოპოზიციაში. მოგვიანებით ასეთივე განცხადება დავით ბაქრაძემაც გააკეთა. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დავით გამყრელიძემ მისი პარტიის დამარცხების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. არჩევნების შედეგები სადავო გახდა რამდენიმე ოლქში, მათ შორის ზუგდიდში, სადაც კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ მისი კონკურენტი როლანდ ახალია გაყალბებაში დაადანაშაულა და ხაშურში, სადაც კენჭისყრის დღეს რამდენიმე საარჩევნო უბანში სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა. ცესკომ ხაშურის, გორისა და სიღნაღის რამდენიმე უბანში ხელახალი კენჭისყრა დანიშნა.[30] 16 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილს კვლავ მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დაკარგული ჰქონდა.
არჩევნები აღიარეს და დადებითი შეფასებები მისცეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა.
რესურსები ინტერნეტში
- არჩევნების ოფიციალური შედეგები დაარქივებული 2013-11-02 საიტზე Wayback Machine.
- არჩევნები 2012 ჟურნალ „ტაბულაში“
- არჩევნების პორტალი დაარქივებული 2013-04-19 საიტზე Wayback Machine.
- არჩევნებში მონაწილე პარტიების საარჩევნო პროგრამების პორტალი დაარქივებული 2012-11-12 საიტზე Wayback Machine.
- წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაარქივებული 2013-03-28 საიტზე Wayback Machine.
- ყველაფერი არჩევნების შესახებ
- გაიცანი შენი კანდიდატი
- პროექტი ხმამკვლევი დაარქივებული 2012-09-15 საიტზე Wayback Machine.
- ეუთოს ანგარიში საარჩევნო კოდექსის პროექტის შესახებ, 2011 წ.
- ეუთის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში
სქოლიო
- ↑ ოპოზიციურმა რვიანმა სამოქმედო გეგმა წარადგინა დაარქივებული 2012-04-17 საიტზე Wayback Machine. სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ივნ.'11 / 16:19
- ↑ პარლამენტის საარჩევნო სისტემა გამოიკვეთა სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ივნ.'11 / 20:05
- ↑ დაივიწყეთ რეფერენდუმი
- ↑ "რეფერენდუმი თუ არა?" საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველო
- ↑ ცესკო: ამომრჩეველთა რაოდენობა 3 613 851 შეადგენს სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 15:14
- ↑ ხელისუფლების თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ოქტ.'11 / 16:12
- ↑ რადიო თავისუფლება
- ↑ ‘გლობალ TV’–ის სატელიტური ანტენები დაყადაღებულია სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ივნ.'12 / 18:54
- ↑ ადგილობრივი დამკვირვებლები: წინასაარჩევნო გარემო იყო მკვეთრად უთანასწორო სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 22:12
- ↑ INTERIM REPORT No. 2 OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ინგლისური)
- ↑ PACE–ს დელეგაციის წინასაარჩევნო შეფასებები სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 სექ.'12 / 13:55
- ↑ კვლევა აჩვენებს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა დაარქივებული 2012-01-25 საიტზე Wayback Machine. სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 დეკ.'11 / 17:28
- ↑ 13.0 13.1 IRI-ის კვლევის თანახმად, მმართველი პარტია მნიშვნელოვნად ლიდერობს დაარქივებული 2016-09-04 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 მაი.'12 / 19:05.
- ↑ კოალიცია „ქართული ოცნება“ NDI-ის პარტიულ რეიტინგებზე. სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 მარ.'12 / 19:08.
- ↑ IRI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში მმართველი პარტია ლიდერობს დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივლ.'12 / 20:03
- ↑ Georgian opposition takes lead - poll დაარქივებული 2013-06-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ “ნაციონალური მოძრაობა“ Penn Schoen Berland-ის კვლევას არ ენდობა დაარქივებული 2016-05-17 საიტზე Wayback Machine. . news.ge. 10 აგვისტო 18:57.
- ↑ მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული GQR-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აგვ.'12 / 18:22.
- ↑ Greenberg Quinlan Rosner–ის კვლევის შედეგებს ოპოზიცია არ ენდობა. რადიო თავისუფლება / 27.08.2012.
- ↑ NDI:ნაციონალური მოძრაობა – 37%, ქართული ოცნება – 12% ჟურნალი „ტაბულა“ 7-09-2012, 14:04
- ↑ ახალი რეიტინგით „ქართული ოცნება“ ლიდერობს რადიო თავისუფლება 12.09.2012
- ↑ "ქართული დასის" ლიდერმა 72 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოხსნა პირველი არხი
- ↑ სააკაშვილი: 1 ოქტომბერი არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 13:11
- ↑ ივანიშვილმა თბილისში მრავალათასიანი აქცია გამართა სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 20:42
- ↑ GFK-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მაჩვენებლები გათანაბრდა ჟურნალი „ლიბერალი“ 01.10.2012
- ↑ „რუსთავი 2“–ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი მიხედვით არჩევნებში "ქართული ოცნება" ლიდერობს დაარქივებული 2021-04-12 საიტზე Wayback Machine. რადიო „ფორტუნა“ 2012-10-01
- ↑ "მაესტროს" ეგზიტპოლი: „ოცნება“ 63%, „ნაციონალები“ 27% დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. 01 ოქტომბერი 20:50
- ↑ "ამომრჩეველთა ლიგის" ეგზიტპოლი: "ქართული ოცნება" - 70.24 %, ნაციონალური მოძრაობა - 24. 66 % თბილისი 20:23 - 01.10.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
- ↑ ”სამართლიანი არჩევნები” ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს დაარქივებული 2021-05-07 საიტზე Wayback Machine. რადიო „ფორტუნა“ 2012-10-02
- ↑ შვიდ უბანზე მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ოქტ.'12 / 11:19