ხაშურის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში

ხაშურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტი 2006 წლის 4 დეკემბრიდან. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ხაშური.

ადმინისტრაციული ერთეული
ხაშურის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი შიდა ქართლის მხარე
ადმ. ცენტრი ხაშური
კოორდინატები 41°59′51″ ჩ. გ. 43°35′55″ ა. გ. / 41.99750° ჩ. გ. 43.59861° ა. გ. / 41.99750; 43.59861
მერი თენგიზ ჩიტიაშვილი
დაარსდა 1929
ფართობი 585.2 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 52 603 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 89,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,3 %
სომხები 0,6 %
ოსები 0,5 %
რუსები 0,3 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,3 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00 და მსოფლიო კოორდინირებული დრო
სატელეფონო კოდი 368
საფოსტო ინდექსი 5700–5799
ოფიციალური საიტი https://khashuri.gov.ge/
ხაშურის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტი — შიდა ქართლი
ხაშურის მუნიციპალიტეტი

1917 წლამდე ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1921 წლის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ გორის მაზრაშია, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხაშური.

გეოგრაფია

რედაქტირება

ხაშურის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება ქარელის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით საზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით და დასავლეთით ისაზღვრება ბორჯომის მუნიციპალიტეტით, დასავლეთით ესაზღვრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. ხაშურის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის რეგიონში ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეულია. ხაშურის მუნიციპალიტეტის ფართობია 585,2 კმ².[3]

რელიეფი ძირითადად საშუალო და დაბალმთიანი ეროზიული ქედ-ხეობებიანი და ბორცვიან ვაკეებიანია. ამ ფონზე ადგილ-ადგილ არის მოსწორებული ბრტყელი ზედაპირები, მდინარეული ტერასები და სხვა. მუნიციპალიტეტის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილი მთიანია, მდინარე თეძმის აუზში მუნიციპალიტეტს ეკუთვნის თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთის ნაწილი — პალეოცენისა და ეოცენის ნალექებით აგებული ღორისნამკლის შტოქედი, მდინარეების სათიბისა (ძამის სისტემა) და ნეძვისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფი, რომლის ჩრდილო კალთა დანაწევრებულია მდინარეების სათიბისა და მისი შენაკადების ხეობებით.

მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია მდინარე ძამის აუზისა და მტკვრის ხეობის წყალგამყოფი ყელეთის ქედი, რომლის ჩრდილო კალთა ფართოა, შედარებით დამრეცი; სამხრეთი — ვიწრო და ციცაბო. ქედზე არის მოსწორებული ზედაპირები.

მუნიციპალიტეტის ფარგლებშია აგრეთვე მდინარეების სათიბისა და სათერძის წყალგამყოფი შუანისმთის შტოქედი, რომლის დასავლეთ ნაწილში არის საშუალო და დაბალმთიანი ლიხის ქედი, რომელიც აგებულია პალეოზოური და კამბრიულისწინა კრისტალური ქანებით — გრანიტებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით.

რელიეფის ძირითადი თავისებურეებაა მდინარეთა ეროზიული ხეობებისა და მათი გამყოფი მობრტყელებული სერების შეთანაწყობა. ლიხის ქედზე კარგადაა გამოხატული პენეპლენები (მთა ედისჯვართან, უღელტეხილ კორტოხთან და სხვა), ქედის კალთა დასერილია მდინარეების ჭერათხევის, ბრილისღელის, სურამულის, ტილიანის, შოლისა და სხვა ხეობებით.

მუნიციპალიტეტში ვრცელი ფართობი უკავია მეოთხეული ალუვიური რიყნარით, ქვიშებით, თიხებით, ტბიური თიხებითა და ქვიშაქვებით აგებულ ტალღობრივ ვაკეს, რომელზეც ზოგან დაბალი მთებია აღმართული (კლდისწყარო, 896 მ, გუგულისქედი, 783 მ).

სოფელ ტაშისკარიდან მტკვარს გასდევს ახალგაზრდა რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით აგებული ალუვიური ვაკე. მტკვარს აქ რიყნარი კუნძულები და ორივე მხარეზე ტერასული ფერდობი აქვს.

ძირითადი წიაღისეულია მინერალური სამკურნალო წყლები, ცარცი, კვარცის ქვიშები და კირქვა.

შიგა წყლები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორია შიგა წყლებით მდიდარია. მთავარი მდინარეა მტკვარი (ტიპური ვაკის მდინარე მეანდრებით, ნამდინარევებით, კუნძულებით), რომელიც გარდიგარდმო ჰკვეთს მუნიციპალიტეტს.

თრიალეთის ქედის კალთაზე ჩამოედინება მდინარე სათიბე (ძამის სისტემა) შენაკად-შემდგენელით.

ყელეთის ქედის ჩრდილო კალთა დასერილია მტკვრის მარჯვენა შენაკადებით: წრომისწყალი, მიწობისწყალი, ხცისი, კრისხევი, თაგვეთისწყალი და სხვა. ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ძირითადი მდინარეა სურამულა და მისი შენაკადები; ჭერათხევი (იგი თავის მხრივ, იერთებს ულუმბისღელეს, უწლეულას, ბრილისღელეს), ტილიანა (მარცხ.) და შოლა (მარჯვ.). ყელეთის ქედზე ნასოფლარ კოდისწყაროსთან არის მცირე ტბა.

მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მდინარეებზე წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. გამოყენებულია ელექტროენერგიის მისაღებად და სარწყავად. ყველაზე დიდია ტაშისკარის არხი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში მდებარეობს, მაგრამ რელიეფის სირთულის შესაბამისად ცალკეულ ნაწილში ჰავა განსხვავებულია:

  • თრიალეთის ქედის კალთაზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი, ხანგრძლივი გრილი ზაფხული (დაბალ ზონაში ხანგრძლივი თბილი ზაფხული). ნალექების წლიური რაოდენობა 600 მმ-მდეა;
  • ლიხის ქედის კალთაზე ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცივი, თოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი ზაფხული. ნალექების წლიური მოცულობა 1840 მმ-ია;
  • მთისწინეთში და ვაკის დიდ ნაწილში ზომიერად ნოტიო ცივზამთრიანი და ხანგრძლივი თბილზაფხულიანი ჰავაა; ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა. იცის ცხელი ზაფხული, ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში.[3]

ბარის ზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9.6 °C—9.7 °C-მდეა, იანვრის - 9.4 °C—1.9 °C, ივლისის 20 °C—20.5 °C; აბსოლუტურ მინიმუმი - 27 °C—29 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 32 °C—36 °C.

მთისწინეთსა და ვაკე ტერიტორიაზე წელიწადში საშუალოდ 700 მმ ნალექი მოდის. ლიხის ქედის კალთაზე ნალექები მეტია (1840 მმ), თრიალეთის ქედზე - ნაკლები (610 მმ).

ბარში ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისშია, ლიხის ქედის კალთაზე - ზამთარში; ბარში მინიმუმი ზამთარშია, მთებში - ზაფხულში.

ნიადაგები

რედაქტირება

ხაშურის მუნიციპალიტეტის ნიადაგები ნაირგვარია. ნიადაგები იცვლებიან სიმაღლის ცვლასთან ერთად.

ტყის ყომრალი ნიადაგები გავრცელებულია ლიხისა და თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობების ზედა ნაწილში (სოფლები: უწლევი, ოძისი, ჩორჩანა) და ქვიშხეთის ჩრდილო-დასავლეთით (სოფლები: ბულბულისციხე, მონასტერი და სხვ.) ზღვის დონიდან 1200-1600 მეტრზე. ყავისფერი ნიადაგები გარდამავალი საფეხურია ტყის ყომრალ, ველის ტიპის შავმიწა და წაბლა ნიადაგებს შორის. იგი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ფართოდაა გავრცელებული და მთა-ტყეთა ნიადაგებს შორის ყველაზე დაბლა მდებარეობს. სახელდობრ, გავრცელებულია ლიხის ქედის დაბალმთიან და მთისწინა ნაწილში ზღვის დონიდან 600-1200 მეტრზე.

ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები ძირითადად გავრცელებულია სოფლების ალის, წაღვლის, ნაბახტევის, დიდი ფლევის, ტკოცისა და ურთხვის მიდამოებში. ქანები აქ წარმოდგენილია კირქვებით და კირქვიანი კონგლომერატებით. შავმიწისებრი ნიადაგები მთისწინეთებსა და ძველ ტერასებზე ფართოდაა გავრცელებული (ხაშური, სურამი, ვაყა, ქვემო ოსიაური, ზემო ოსიაური...). მდელოს ყავისფერ ნიადაგებს შიდა ქართლის ვაკის დასავლეთ ნაწილში უმნიშვნელო ფართობი უკავია და ძირითადად თიხნარებსა და ძველ ალუვიურ სილნარ-თიხნარ ნაფენებზე. აღნიშნული ნიადაგები გვხვდება სოფლების ალის, ხცისის, ქვიშხეთის, გომის და ვაყის მიდამოებში.

მდინარე მტკვრისა და ზოგიერთი სხვა მოზრდილი მდინარის გაყოლებით ალუვიური კარბონატული ნიადაგია.

ლანდშაფტები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოქცეულია მთა-მდელოს, ზომიერად ნოტიო ჰავიანი მთა-ტყისა და ზომიერად მშრალი სუბტროპიკული ჯაგეკლიანი სტეპური ლანდშაფტის ტიპების შემდეგი სახეების ფარგლებში:

  1. სუბალპური მდელოები, მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებით;
  2. საშუალო მთების წიწვიან-ფოთლოვანი (ფიჭვნარ-წიფლნარ-მუქწიწვიანი) ტყით, ტყის ყომრალ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე;
  3. საშუალო მთები, წიფლის ტყით, ტყის ყომრალ ნიადაგებზე;
  4. საშუალო მთები, რცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგებით;
  5. დაბალი მთები, რცხილნარ-მუხნარით და ტყის ყავისფერი ნიადაგით;
  6. ბორცვიანი მთისწინეთი, ჯაგეკლიანებით და ჯაგრცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერ ნიადაგზე;
  7. ბორცვიან-ბექობებიანი მთისწინეთი, ბუჩქნარებითა და სტეპებით, ტყის ყავისფერ და შავმიწისებრ ნიადაგებზე;
  8. ტერასული დახრამული ვაკე, კაგეკლიან-სტეპური მცენარეულობით, ალუვიურ და ყავისფერ ნიადაგებზე.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ფლორა მრავალფეროვანია - სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრებული.

ვაკეზე გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპი, რომელშიც გარეულია ტყის ელემენტები; ბუჩქნარებიდან ძირითადია ძეძვი.

ლიხის ქედის კალთაზე ტყეს უმთავრესად ქმნის წიფელი, არის აგრეთვე რცხილა, მუხა, გამოერევა წაბლიც.

ქვეტყეში ფოთლოვანი ჯიშების გარდა, ვხვდებით მარადმწვანე მცენარეებსაც; შქერს, ბაძგს, თაგვისარას. აქ და თრიალეთის ქედის მთისწინეთშიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით ტყე გაჩეხილია, აქა-იქ გვხვდება ჯაგრცხილნარი.

თრიალეთის ქედის კალთებზე ქვემოთ მუხნარ-რცხილნარია, ზემოთ - წიფლნარი. არის აგრეთვე ნაძვი და ფიჭვი, აქა-იქ სოჭიც.

ტყის ზონის ზემოთ მთებზე (შუამთა, დიდი ქართა და პატარა ქართა, აგრეთვე თრიალეთის ქედის თხემი) სუბალპური მდელოებია. მტკვრის სანაპიროზე ზოგან შემორჩენილია ჭალის (ტუგაის) ტყე - ჭალის მუხა, ტირიფი, მურყანი, იალღუნი და სხვ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ფაუნა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბინადრობენ როგორც სტეპის ისე მთის ტყისათვის დამახასიათებელი ცხოველები.

ძუძუმწოვრებიდან არის მურა დათვი, მგელი, მელა, ტურა, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, დედოფალა, კურდღელი;

ბევრია მღრღნელი: თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, ძილგუდა.

ორნითოფაუნას ქმნიან: გარეული მტრედი, გვრიტი, შაშვი, მწყერი, ბევრია ყვავი, კაჭკაჭი, ქორი, კვირიონი, ბეღურა და სხვ.

მდინარეებში არის ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა, ფრიტა, თაღლითა, გველანა და სხვ.

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქალაქში და დაბაში ცხოვრობს. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი კარგადაა დასახლებული და ათვისებული მეურნეობრივად. სოფლების უმეტესობა შიდა ქართლის ვაკესა და ლიხის ქედის გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში მდებარეობს, მცირე ნაწილი - თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთის ვიწრო ხეობებში.

ჭარბობს დიდი და საშუალო სოფლები. განსახლების ზონა 600-1000 მ-ის ფარგლებშია. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები (98,3 %) არიან, ცხოვრობენ აგრეთვე სომხები 0,6 %, ოსები 0,5 %, რუსები 0,3 %.[4]

2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ხაშურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 52 603 ადამიანი; სიმჭიდროვე — 89,9 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი.

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 66 820
2002 63 140  
2014 52 603  
2021[5] 51 000  

მმართველობა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტში 13 (1 ქალაქ ხაშურის, 1 დაბა სურამის და 11 სასოფლო თემი) ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულია, რომელზედაც განლაგებულია 72 (1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი) დასახლებული პუნქტი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს ცენტრალური ხელისუფლების შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის სამმართველო;
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური;
  • სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ხაშურის რაიონული სამმართველო;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის მომსახურების ცენტრი;
  • გარემოს დაცვის ინსპექციის ხაშურის სამსახური;
  • განათლების სამინისტროს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
  • გორის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ხაშურის ფილიალი;
  • ხაშურის რაიონული სასამართლო;
  • სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების ხაშურის სამმართველო;
  • ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია.

პოლიტიკა

რედაქტირება

მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში:

რედაქტირება

ხაშურის, ქარელისა და გორის სოფლების გაერთიანებული ოლქი

ადგილობრივი თვითმმართველობა

რედაქტირება

საქართველოში და მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1998 წლის 15 ნოემბერს პირველად ჩატარდა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნები. 2002 წლის 2 ივნისს კიდევ ერთხელ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნები. საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაც. 2006 წლის 5 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან 44 698 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.[11] არჩევნების შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 30 მაისს ჩატარდა. ამ არჩევნების შედეგადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში კვლავ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოექცნენ. 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ამავე წლის 12 დეკემბერს ხაშურის გამგებელი რიონ მახარობლიძე თანამდებობიდან გადადგა, ხოლო გამგებლად გიორგი ბერაია დაინიშნა. ამ თანამდებობას იგი 2012-2014 წლებში იკავებდა.[12] 2014 წლის მარტში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად მამუკა ხაჩიძე დაინიშნა. 2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები ჩატარდა. ამ წელს პირდაპირი წესით პირველად აირჩნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები. ხაშურის გამგებლობისთვის 6 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორისაც ხმათა 51,39 %-ით გამარჯვება კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამგებლობის კანდიდატმა - გიორგი გურასპაშვილმა მოიპოვა.[13] ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი ვაჟა შუბითიძე გახდა. 2017 წლის 21 ოქტომბერს კიდევ ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან რეგისტრირებული იყო 48 956 ამომრჩეველი, რომლიდანაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 39,34 %-მა. 2017 წლისათვის გამგებლის თანამდებობა მერის სახელწოდებით შეიცვალა ხაშურის პირველ მერად გიორგი გურასპაშვილი აირჩიეს.[14]

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ხაშურში ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობის სახელი რამდენიმეჯერ შეიცვალა. 1991-1992 წლებში ხაშურის რაიონს პრეფექტურა მართავდა, ხოლო ხელმძღვანელობდა - პრეფექტი, 1992 წლიდან 2005 წლამდე რაიონს ხაშურის რაიონის გამგეობა მართავდა, ხელმძღვანელობდა რაიონის გამგებელი. 2005 წლიდან 2017 წლამდე ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოა მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო 2017 წლიდან აღმასრულებელი ორგანოს სახელწოდებაა მუნიციპალიტეტის მერია, ხელმძღვანელობს ხაშურის მერი.

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[15] 2021[16] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 14 16                              
  ნაციონალური მოძრაობა 3 8                
  საქართველოსთვის 7[] 2    
  ლელო 1  
  პატრიოტთა ალიანსი 2
  ევროპული საქართველო 2
  ლეიბორისტული პარტია 1
  დამოუკიდებელი 2
სულ 31 27  

ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები

რედაქტირება

ხაშურის რაიონის პრეფექტი:

ხაშურის რაიონის გამგებლები:

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლები:

  • ნოვე ტაბატაძე - 2006
  • ზურაბ ლომიძე - 2006
  • მამუკა მოსიაშვილი - 2010-2011
  • როინ მახარობლიძე - 2006 -2010
  • ნიკოლოზ სახვაძე - 2011-2012
  • როინ მახარობლიძე - 2012
  • გიორგი ბერაია - 2012-2013
  • მამუკა ხაჩიძე - 2013-2014
  • გიორგი გურასპაშვილი - 2014-2017 (არჩეული)

ხაშურის მუნიციპალიტეტი მერი:

  • გიორგი გურასპაშვილი - 2017 - 2020 წლის 11 ნოემბრამდე.[18]
  • ზვიად ქურდაძე მ/შ - 2020 წლის 11 ნოემბრიდან 2021 წლის 24 ნოემბრამდე
  • თენგიზ ჩიტიაშვილი - 2021 წლის 24 ნოემბრიდან.

ეკონომიკა

რედაქტირება

ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 18 მლნ. ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის ძირითად საბიუჯეტო შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა. 1990-იან წლებამდე კი შემოსავლებს უზრუნველყოფდა მსუბუქი და მძიმე მრეწველობა, აგრეთვე რკინიგზა. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების შუალედური გეგმა, რომლის ძირითადი პრიორიტეტებია: ბიზნეს გარემოს შექმნა, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და საკურორტო ტურიზმის განვითარება. მოსახლეობის შემოსავლის ოთხი ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, საჯარო სამსახურებში დასაქმება და სოციალური პაკეტი (პენსია, დახმარებები).[3]

სამრეწველო საწარმოები ძირითადად თავმოყრილია ქალაქ ხაშურში. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგებია: მემინდვრეობა, მევენახეობა, მესაქონლეობა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიზნესსექტორი ძირითადად წარმოდგენილია სამშენებლო ორგანიზაციების, სამრეწველო ორგანიზაციებისა და მსხვილი ფერმერული ორგანიზაციების სახით. 2010 წლის ივლისის მონაცემებით, მსხვილი ფერმერული მეურნეობების, ფერმერთა ასოციაციების, კოოპერატივების და სხვა გაერთიანებების რაოდენობა შეადგენს 56 ერთეულს.

მუნიციპალიტეტში 34 სახელმწიფო და 7 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 24 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 3 მუზეუმი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველგვარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, მატერიალური კულტურის საყურადღებო ნაშთებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვისა და კაჟის იარაღები, სხვადასხვა სახის მძივები, ქინძისთავები ბეჭდები, სხვადასხვა ორნამენტებით შემკული ქილები, ბრინჯაოს იარაღები, სამარხები და სხვ. არქეოლოგიური ხასიათის ექსპონატები, რომლებიც დღეს ხაშურის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. ასევე განსაკუთრებით საყურადღებოა ტკოცის გორაზე ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც აღმოჩნდა ე.წ. „გორგოტის“ ძირში, ყორღანისებრ მაღლობზე. აღსანიშნავია ორი კარგად ნახელავი სამაჯური და ბრინჯაოს ბალთა, რომელზედაც გამოსახულია მხედრის ქანდაკება. მხედარს თავზე მაღალი ქუდი ახურავს, ცალი ხელი ცხენის ფაფარზე უკიდია, მეორე კი წელზე აქვს შემოდებული. აქვე აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანჯალი (სატევარი), სამწახნაგოვანი ბრინჯაოს ისრის წვერი, თიხის ჭურჭელი და სხვ. 1938 წელს სოფელ ალში, ვენახის ბარვის დროს ნახეს უძველესი დროის ღვინის ქვევრები. ერთ ჰექტარ ფართობზე ორასამდე ქვევრი იყო, ზოგი მათგანი სამოც ვედრიანი. სისტემატიური ხასიათი აქვს რაიონის სოფლებში დიდი ზომის ქვევრების, მარნების, გულაზების, საქაჩავებისა და სხვა სახის საგნების აღმოჩენას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ წარსულში ხაშურის რაიონის მეურნეობის წამყვან დარგს მეხილეობა-მევენახეობა წარმოადგენდა.

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება

ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებია: სურამის ციხე, ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია, წრომის ტაძარი, ალის კვირაცხოვლის ეკლესია, სურამის წმინდა გიორგის ტაძარი, კვერცხობის ეკლესია, ბულბულის ციხე, ალის ციხე, იტრიის მონასტერი, წაღვლის და წრომის ნასოფლარები და სხვა.

 
ხაშურის მუნიციპალიტეტის პანორამული ხედი ღორინამკლის მთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებები და ჯილდოები

რედაქტირება
  • ხაშურის საპატიო მოქალაქეები — წოდება დაწესდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით.[19] საპატიო წოდება „ხაშურის საპატიო მოქალაქე“ ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს: ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე, ხაშურის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.[20]
  • დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია — ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო 2015 წლის 1 ივნისიდან. იგი ერთჯერადად ენიჭება საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წინაშე მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის. გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება შვიდი წევრით. კონკურსი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ცხადდება ორ წელიწადში ერთხელ ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე. დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისათვის ნომინანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სამეცნიერო ნაშრომები - მონოგრაფია, სტატიები, დოკუმენტური მასალა და იყოს ამ საკითხისა და სფეროს აღიარებული მკვლევარი. პრემია აგრეთვე ენიჭება ნომინანტს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის წინაშე, ნომინანტს მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ისტორიის, კულტურის და ხელოვნების განვითარების, მოზარდი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში. ხაშურის მუნიციპალიტეტის ავტორიტეტისა და ცნობადობის გაზრდაში, რეგიონისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში.[21]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უკლება დ., ჯაოშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 444-445.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.
  • სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა (ხაშურის მუნიციპალიტეტი) 2011

შენიშვნები

რედაქტირება
  1. Ethnic composition of Georgia 2014
  2. georgia-religion2014
  3. 3.0 3.1 3.2 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-18. ციტირების თარიღი: 2017-08-01.
  4. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
  5. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  6. საქართველოს პარლამენტი 1990-1991
  7. საქართველოს პარლამენტი 1999-2003
  8. საქართველოს პარლამენტი 2008-2012
  9. საქართველოს პარლამენტი 2012-2016
  10. არჩევნები 2016 II ტური
  11. თვითმმართველობის არჩევნები 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-20. ციტირების თარიღი: 2017-10-24.
  12. საპარლამენტო არჩევნები 2012
  13. თვითმმართველობის არჩევნები 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-10-24.
  14. თვითმმართველობის არჩევნები 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-18. ციტირების თარიღი: 2017-10-24.
  15. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017 გვ. 37-39. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
  16. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021 გვ. 46-47. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
  17. ხაშურის საკრებულოს შვიდმა წევრმა "ქართული ოცნება" დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა (2021-07-14). ციტირების თარიღი: 2024-06-20
  18. ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი თანამდებობას ტოვებს. droa.ge. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2020.
  19. [1] დაარქივებული 2020-10-28 საიტზე Wayback Machine. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადეგნილება - 2011 წლის 20 სექტემბერი
  20. [2] ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადეგნილება - 2015 წლის 1 ივნისი
  21. [3] ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადეგნილება - 2015 წლის 1 ივნისი