მურა დათვი
მურა დათვი (ლათ. Ursus arctos) — მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. შემოდგომაზე ბუნაგში წვება და ზამთრის ძილს ეძლევა. სძინავს 75-195 დღე. ზამთრის ძილი ზერელეა, ცხოველი საშიშროების შემთხვევაში ტოვებს ბუნაგს, იწყებს ხეტიალს და იკავებს ახალს. სამხრეთში, სადაც ზამთარი მცირეთოვლიანია. მურა დათვი ბუნაგში არ წვება. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3, იშვიათად 4-5 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლისა. მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვს, ტყავს იყენებენ უმთავრესად ნოხად, ხორცს - საკვებად. ზოგან აზიანებს ნათესებს, თავს ესხმის შინაურ ცხოველებს.
მურა დათვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მურა დათვი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ursus arctos (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 41688 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ზამთრის გადასატანად მთავარი საშუალება კანქვეშ ცხიმის დაგროვებაა, რომლის სისქეც ზოგ ადგილას რვა სანტიმეტრს აღწევს. საშემოდგომოდ წონაში შეიძლება 130-დან 160 კილომდე მოიმატოს, რომლის დაახლოებით ერთი მესამედიც ცხიმია (ამ დროისთვის ხვადი დათვი შეიძლება 300 კილოს იწონიდეს).
ბუნაგის მოსაწყობად ხელსაყრელი ადგილი შეიძლება იყოს მღვიმე, ჭიანჭველების მიტოვებული ბუდე ან ხეების ფესვებს შორის გაჩენილი ღრუ. მთავარია, რომ ადგილი მიუდგომელი იყოს. დათვი ნაძვის ხმელ ტოტებს, ხავსს, ტორფსა და სხვა „ქვეშაგებს“ ეზიდება, რათა რაც შეიძლება მყუდრო გახადოს თავისი საბინადრო. საინტერესოა, რომ თვითონ ბუნაგი ძალიანაც არ აღემატება დათვის ტანს. ზამთარში ბუნაგს თოვლი ფარავს და მხოლოდ სასუნთქი ხვრელი შეინიშნება.
ზამთრის ძილის დროს დათვის ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები „დაზოგვის რეჟიმზეა“ გადასული. გულისცემა ძლიერ გაიშვიათებულია — წუთში ათჯერაც კი არ სცემს, და ნივთიერებათა ცვლაც შენელებულია. ძილის დროს ორგანიზმში არსებითად მნიშვნელოვანი პროცესი, ცხიმების წვა, იწყება. ცხიმების დაშლა აუცილებელი ენერგიითა და წყლით ამარაგებს ორგანიზმს. მიუხედავად იმისა, რომ სასიცოცხლო პროცესები შენელებულია, ნივთიერებათა ცვლის შედეგად მაინც წარმოიქმნება ნარჩენები. გამოყოფის ნაცვლად, სხეული მათ ხელახლა გადამუშავებას იწყებს.
პროფესორი ჰისა განმარტავს: „აზოტის შემცველი შარდოვანას ნარჩენები ხელახლა შეიწოვება თირკმლებიდან და შარდის ბუშტიდან და სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით ნაწლავებში ხვდება, სადაც ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად შარდოვანა ჰიდროლიზს განიცდის და ამიაკად გარდაიქმნება“. კიდევ უფრო საოცარი ის არის, რომ ამიაკი, თავის მხრივ, ღვიძლში ბრუნდება, სადაც ის მონაწილეობას იღებს ახალი ამინომჟავების, ცილების უმთავრესი შემადგენელი ელემენტების, წარმოქმნაში. ამრიგად, დათვი ნარჩენების აუცილებელ კომპონენტებად გარდაქმნის წყალობით ინარჩუნებს ძალებს ბუნაგად ყოფნის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ძველად ხალხი ბუნაგად მყოფ დათვზე ნადირობდა. თავიდან ბუნაგს პოულობდნენ, შემდეგ თხილამურიანი მონადირეები თანდათანობით წრეს კრავდნენ მის გარშემო. ბოლოს დათვს აღვიძებდნენ და კლავდნენ. მაგრამ ზამთარში დათვებზე ნადირობა, დღესდღეობით, თითქმის მთელ ევროპაშია აკრძალული, რადგან ნადირობის ეს მეთოდი სისასტიკედ არის მიჩნეული.
ქვესახეობები
რედაქტირება- ევრაზიული მურა დათვი (ursus arctos arctos) — ყველაზე გავრცელებული და ყველაზე პატარა ზომის მურა დათვი
- გრიზლი (ursus arctos harribilis) — ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკაში, სხვა ქვესახეობებისაგან განსხვავდება შეფერილობით, ყველა თმის დაბოლოება ღია ფერისაა
- კადიაკი (ursus arctos middendorfi) — ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ყველაზე დიდი რურა დათვია, ზრდასრული მამრი იწონის 780 კგ-მდე
ლიტერატურა
რედაქტირება- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 197.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Brown Bear profile დაარქივებული 2007-06-04 საიტზე Wayback Machine. from National Geographic
- Bear Hunting Altered Genetics More Than Ice Age Isolation
- Ancient Fossil Offers New Clues To Brown Bears Past