აზია
აზია (ჩინ.: 亚洲; ჰინ. एशिया; არაბ. آسيا; იაპონ. アジア; სომხ. Ասիա; ბერძ. Ασία; რუს. Азия; ინგლ. Asia) — ყველაზე დიდი ქვეყნის ნაწილი, როგორც ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობის, ისე მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით. ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. ძირითადად, მდებარეობს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში. აზია იკავებს დედამიწის მთლიანი ფართობის 8,7 %-სა და ხმელეთის 30 %-ს. აზიაში ცხოვრობს 4,3 მილიარდი[1] ადამიანი, რაც მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 60 %-ს შეადგენს. იგი წარმოადგენს პირველი თანამედროვე ცივილიზაციების სამშობლოს და ისტორიულად, აქ ყოველთვის ცხოვრობდა მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.[2] აზია გამოირჩევა არა მხოლოდ უზარმაზარი ზომითა და მოსახლეობით, არამედ უჩვეულო სიმჭიდროვითა და გიგანტური დასახლებებით, ისევე, როგორც დიდი ზომის მეჩხერად დასახლებული რეგიონებით. აზიის საზღვრები, ტრადიციულად, განისაზღვრება ევრაზიის საზღვრებით, რამდენადაც არ არსებობს ევროპისა და აზიის რაიმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული გამყოფი. უმეტესწილად, მიღებულია საზღვრების განთავსება სუეცის არხის, მდინარე ურალისა და ურალის მთების აღმოსავლეთით და კავკასიონის მთებისა და შავი და კასპიის ზღვების სამხრეთით.[3] აღმოსავლეთით საზღვრავს წყნარი ოკეანე, სამხრეთით — ინდოეთის ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთით — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე.
აზია | |
---|---|
ფართობი | 44 579 000 კმ² |
მოსახლეობა | 4 300 000 000 ად. (2013) |
მოს. სიმჭიდროვე | 96,46 ად./კმ² |
ქვეყნები | 48 (2 დე-ფაქტო დამოუკიდებელი) |
ენები | აზიის ენების სია |
სასაათო სარტყელი | UTC-02:00-UTC+12:00 |
ჩინეთი და ინდოეთი მონაცვლეობით იკავებდნენ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსს ახ. წ. 1 წლიდან 1800 წლამდე. ჩინეთი უმთავრესი ეკონომიკური ძალა იყო და ბევრს იზიდავდა აღმოსავლეთისაკენ.[4][5][6][7] ბევრისათვის ანტიკური ინდური კულტურის სიმდიდრე და კეთილდღეობა აზიას განასახიერებდა, რაც იზიდავდა ევროპულ ვაჭრობას, კვლევებსა და კოლონიალიზმს.[8] კოლუმბის მიერ ინდოეთის ძიებისას, შემთხვევით, ამერიკის აღმოჩენა ამ ღრმა მიმზიდველობის გამოხატულებაა. აბრეშუმის გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის უმთავრესი სავაჭრო მარშრუტი გახდა აზიის სიღრმეში, ხოლო მალაკის სრუტე უმთავრეს საზღვაო მარშრუტს წარმოადგენდა. XX საუკუნის აზიისათვის დამახასიათებელი იყო ეკონომიკური დინამიზმი (განსაკუთრებით, აღმოსავლეთ აზიაში) და მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ამ უკანასკნელის საერთო მაჩვენებელი მას შემდეგ მსოფლიოს საშუალო დონეებამდე დაეცა.[9] აზია მსოფლიოს ისეთი უმთავრესი რელიგიების სამშობლოა, როგორებიცაა ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, ჯაინიზმი, სიქიზმი და ზოროასტრიზმი. აქ ჩაისახა მრავალი სხვა რელიგიაც.
აზიის ზომისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სახელ აზიას, რომელიც კლასიკური ანტიკური ხანით თარიღდება, შესაძლოა, უფრო მეტი საერთო ჰქონდეს საზოგადოებრივ გეოგრაფიასთან, ვიდრე ფიზიკურთან.[10] იგი, ასევე, ძალიან ჭრელია ეთნიკური, კულტურული, გარემოს, ეკონომიკური, ისტორიული კავშირებისა და მმართველობის სისტემების ფაქტორების მიხედვით. მრავალფეროვანია აზიის კლიმატიც: ეკვატორული სამხრეთი და ფართო სუბარქტიკული და პოლარული ტერიტორიები ციმბირში.
აზიის რეკორდები
- ყველაზე მაღალი მწვერვალი — ევერესტი (8848 მ)[11].
- ყველაზე დაბალი წერტილი — მკვდარი ზღვა (-405 მ)[12].
- ყველაზე გრძელი მდინარე — იანძი (6300 კმ)[13].
- ყველაზე დიდი ტბა — კასპიის ზღვა (სარკის ფართობი 371 000 კმ²).
- ყველაზე ღრმა ტბა — ბაიკალი (მაქს. სიღრმე 1642 მ).
- ყველაზე დიდი კუნძული — კალიმანტანი (748 168 კმ²).
- ყველაზე დიდი ქვეყანა — რუსეთი (მისი ევროპული ნაწილი დაახ. 10 245 000 კმ²).
- ყველაზე პატარა ქვეყანა — მალდივის რესპუბლიკა (298 კმ²).
- ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა — სინგაპური (7680 კმ²-ზე).
- ყველაზე დიდი ქალაქი — ტოკიო[14].
- ყველაზე დიდი ყურე — ბენგალის ყურე.
- ყველაზე დიდი უდაბნო — არაბეთის უდაბნო[15][16].
გეოგრაფია
აზია მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველა გეოგრაფიულ სარტყელში, მალაის არქიპელაგი კი ნაწილობრივ, სამხრეთ ნახევარსფეროშია გადასული. აზიის ხმელეთის უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — ჩელუსკინის კონცხი, ჩ. გ. 77°43′; სამხრეთით — კონცხი პიაი, ჩ. გ. 1°16′; დასავლეთით — კონცხი ბაბა, ა. გ. 26°10′; აღმოსავლეთით — დეჟნიოვის კონცხი, დ. გ. 169°10′. აზიას გარს აკრავს ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანე (ჩრდილოეთით), წყნარი ოკეანე (აღმოსავლეთით), ინდოეთის ოკეანე (სამხრეთით) და ატლანტის ოკეანე (დასავლეთით). აზიის მნიშვნელოვან შიდაკონტინენტურ ტერიტორიებს მსოფლიო ოკეანესთან კავშირი არ აქვს და დედამიწის გაუდინარ არეებს ეკუთვნის. აზიასა და ევროპას შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი. ჩრდილოეთ ამერიკისაგან გამოყოფილია ბერინგის სრუტით, ხოლო აფრიკისაგან — სუეცის ყელით. კუნძულების საერთო ფართობი 2 მლნ კვ. კმ-ს შეადგენს.
რელიეფი
აზიის საშუალო სიმაღლეა 950 მ. ძირითადი მთიანი სისტემებია: ჰიმალაი (უმაღლესი მწვერვალი ევერესტი, 8848 მ), კავკასიონი, ჰინდუქუში, ყარაყორუმი, პამირი, ტიან-შანი, კუნლუნი, ჩინეთ-ტიბეტის მთიანეთი, ალთაი, საიანი, ურალი, წინა აზიის მთიანეთი, ტიბეტის ზეგანი. აზიის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბლობებია: დასავლეთ ციმბირის, თურანის, ჯუნგარის, ჩინეთის დიდი, ინდ-განგის, მესოპოტამიის. აზიის ჩრდილოეთი და მთიანი რეგიონების რელიეფზე დიდი გავლენა მოახდინა უძველესმა გამყინვარებამ — დაახლოებით 11 მლნ კვ. კმ. (ძირითადად, ციმბირი) მრავალწლიან ყინულებს უკავია.
ნიადაგი
ნიადაგის ტიპები აზიაში უაღრესად რთულად არის განაწილებული. განედურ ზონალურობასთან ერთად, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული ვაკეებზე (განსაკუთრებით, ჩრდილოეთ აზიაში), დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგურ სიმაღლებრივ სარტყელსაც (მთიან მხარეებში). ციმბირში, ურალიდან შორეულ აღმოსავლეთამდე, განედურად გადაჭიმულია ტუნდრის ეწერი, ტყის რუხი, სტეპის შავმიწა და წაბლა ნიადაგების ზონები. ჩრდილოეთ აზიის მთებში ჭარბობს მთა-ტყის ეწერი და მთის ტუნდრის ნიადაგი. დასავლეთ ციმბირში ნიადაგის ძირითადი განედური ზონების ფონზე გვხვდება ჭაობიანი, სამხრეთით კი ბიცობი ნიადაგი.
წინა და შუა აზიაში, სადაც უდაბნოს ლანდშაფტია, ბატონობს რუხი ნიადაგი, გვხვდება მურა, ქვიშნარი და დამლაშებული ნიადაგებიც. შავი და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებზე ხეშეშფოთლიანი ტყე-ბუჩქნარის ყავისფერი, მთის ტყის ყომრალი და სუბტროპიკული წითელმიწა ნიადაგებია გავრცელებული. წინა და შუა აზიის მთებსა და ზეგნებზე მთის სტეპების შავმიწა და წაბლა ნიადაგებია. მთის სტეპის ნიადაგს მთების ზემო ზოლში გაველიანებული მთის მდელოს ნიადაგი ცვლის.
ცენტრალურ აზიაში მშრალი სტეპის მურა და უდაბნოს ქვიანი ნიადაგებია. ტიბეტ-პამირის ნიადაგსაფარში თავისებურად შეხამებულია მაღალმთის უდაბნოსა და მთის ტუნდრის ნიადაგების ტიპები. აღმოსავლეთ აზიაში (რუსეთის ზღვისპირეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში) წყნარი ოკეანის გავლენით ნიადაგის ზონები მერიდიანულად ვრცელდება. ცენტრალური აზიის საზღვრებთან წაბლა ნიადაგია, მას მისდევს შავმიწა, ტყის ყომრალი და სუბტროპიკული წითელმიწა ნიადაგები.
სამხრეთ აზიაში ფართოდაა გავრცელებული ტროპიკული წითელმიწები, ლატერიტები და სავანის წითელ-ყომრალი ნიადაგები; ინდოსტანის შუა ნაწილში არის მშრალი სავანისა და პრერიებისათვის დამახასიათებელი შავმიწები.
აზია სასარგებლო წიაღისეულის მრავალფეროვნებითა და რესურსების მოცულობით უმდიდრესი კონტინენტია. იგი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოცულობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ნავთობის მოპოვების უმთავრეს არეალს წარმოადგენს სპარსეთის ყურე და მისი სანაპიროები, კასპიის ზღვა და მისი სანაპიროები. მნიშვნელოვანი საბადოებია ციმბირსა და შუა აზიაში. ნავთობს, ასევე, მოიპოვებენ ჩინეთში (განსუს პროვინცია), ინდონეზიაში (უმთავრესად კუნძულ სუმატრაზე), ბრუნეიში, ინდოეთში, იაპონიაში (კუნძულ ჰონსიუს დასავლეთი სანაპირო) და ზოგიერთ სხვა ადგილას. ნავთობის მოპოვება და რეალიზაცია აზიის მრავალი ქვეყნისათვის ეკონომიკის ძირითადი დარგია. მსოფლიოს ნავთობექსპორტიორ ქვეყანათა პირველ ხუთეულში პირველი ოთხი (საუდის არაბეთი, რუსეთი (ნაწილობრივ ევროპაშია), ირანი, ერაყი) აზიის ქვეყანაა. ოცეულში კი (რუსეთის ჩათვლით) 11 აზიური ქვეყანაა. ბუნებრივი აირის საბადოები, ძირითადად, იგივე ტერიტორიებზეა განლაგებული.
ნახშირის უდიდესი საბადოები თავმოყრილია ყაზახეთის კარბონულ ნალექებში, ციმბირის პერმულ ნალექებში, ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კორეისა და ინდოსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში.
რკინის მადნის საბადოებია ყაზახეთის მრავალ რაიონში და ციმბირის ბაქანზე. ჩინეთში (განსაკუთრებით დუნბეისა და ანშანში), ჩრდილოეთ კორეასა და ინდოეთში. მანგანუმის უდიდესი საბადოებია ინდოეთსა და საქართველოში. ქრომის მადნის საბადოებია ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თურქეთში, ფილიპინებსა და ირანში. სპილენძის მადნით მდიდარია ყაზახეთი, ჩრდილოეთი ციმბირი და იაპონია.
შიგა წყლები
აზიას მრავალფეროვანი და მოცულობითი შიგა წყლები აქვს. სწორედ აზიაში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ტბა (კასპიის ზღვა), მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა (ბაიკალის ტბა); მსოფლიოს ათი უდიდესი მდინარიდან ხუთი აზიურია.[17] მდინარეებისა და ტბების სიმრავლის მიუხედავად, აზიაში მრავალი რეგიონია, სადაც მუდმივი მდინარეები და ტბები არ არის (მაგ. არაბეთის უდაბნო).
მდინარეები
აზიაში მრავლადაა უზარმაზარი ტბები და მდინარეები. უდიდესი მდინარეებიდან ობი, ენისეი, ლენა რუსეთის ტერიტორიაზე მიედინებიან და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აუზს განეკუთვნებიან. წყნარ ოკეანეში ჩაედინებიან ამური, იანძი, ხუანხე, მეკონგი და სხვა. ინდოეთის ოკეანის აუზს — სალუინი, ირავადი, ბრაჰმაპუტრა, განგი, ინდი, ტიგრი, ევფრატი; ატლანტის ოკეანისას — მთის მცირე მდინარეები: ჭოროხი, რიონი (იმ შემთხვევაში თუ ამიერკავკასიას აზიაში ვიგულისხმებთ). აზიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (17,7 მლნ. კმ²) გაუდინარ აუზებს უკავია, რომელთა ჩამონადენი გროვდება მკვდარ ზღვაში, კასპიის ზღვაში, არალის ზღვაში, ბალხაშის ტბაში, ბაიკალის ტბაში და სხვა. არიდული მხარეების ზოგ მდინარეს სარწყავად იყენებენ, ზოგიც იჟონება, ორთქლდება, ამიტომ ზოგი მათგანი შესართავამდე ვერ აღწევს.
საზრდოობისა და სხვა თვისებების მიხედვით აზიის მდინარეები შემდეგ დიდ ჯგუფებად იყოფიან:
1. ციმბირის მერიდიანული დიდი მდინარეები. ისინი წყალუხვნი არიან, უმნიშვნელო ვარდნა აქვთ, ზამთრობით იყინებიან (ზოგიერთი ფსკერამდე), გაზაფხულზე ძლიერ დიდდებიან, მარადმზრალი ნიადაგი წყალს არ იწოვს, ხოლო სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიმართული მდინარეების ზემო დინებაში ყინული უფრო ადრე ირღვევა, ვიდრე შუა და ქვემო დინებაში, ყინულრღვევის ქვემო უბნებში თოშხერგილები ჩნდება და წყალი გუბდება.
2. მშრალი გაუდინარი არეების მდინარეები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ხელოვნური რწყვისათვის. განასხვავებენ ა) მაღალი მთის მდინარეებს, რომლებიც თოვლ-მყინვარებით საზრდოობენ და წყლის მაქსიმალური ხარჯი ზაფხულობით აქვთ (სირდარია, ამუდარია) და ბ) უდაბნოთა განაპირა მხარეების მდინარეებს, რომლებიც წვიმისა და თოვლის წყლით საზრდოობენ და მეტად არამყარი რეჟიმი აქვთ.
3. მუსონური აზიის მდინარეები. ზაფხულობით მათ წყალდიდობას წვიმები იწვევს, ზამთრობით ძლიერ კლებულობენ.
4. ხმელთაშუაზღვიური რეჟიმის მდინარეები, რომლებსაც წყლის მაქსიმალური ხარჯი ზამთარში აქვთ (წინა აზიის განაპირა მცირე მდინარეები).
5. მთელი წლის განმავლობაში წყალუხვი მდინარეები (ინდონეზიასა და ეკვატორული ჰავის სხვა რეგიონებში).
ტბები
კასპიის ზღვა აზიისა და მთელი მსოფლიოს უდიდესი ტბაა (სარკის ფართობი 371 000 კმ²), ბაიკალი — უღრმესი (მაქიმალური სიღრმე 1642 მ.). აქვეა ტბის მრავალი ტიპი — რელიქტური (ძველი ზღვების ნაშთები — კასპიისა და არალის „ზღვები“), ტექტონიკური (ბაიკალი, მკვდარი ზღვა, ვანის ტბა, ურმიის ტბა, სევანის ტბა), ნგრევით შეგუბებული, ვულკანური (ძინბოხუ მანჯურიაში, ფარავანის ტბა), მყინვარული, კარსტული. აზიის არიდულ მხარეებში უმეტესად მლაშე, გაუდინარი ტბებია. ჩრდილოეთ და სამხრეთ აზიის უხვტენიან მხარეებსა და მთიანეთებში ჭარბობს მტკნარი, გამდინარე ტბები).
მიწისქვეშა წყლები
აზიის მიწისქვეშა წყლებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის წყლით მომარაგებაში, განსაკუთრებით არიდული ჰავის რაიონებში (შუა აზია, ირანი). ბევრი მთიანი რეგიონი (კავკასია, იაპონია, ინდონეზია) მდიდარია მინერალური წყლებით.
სატრანსპორტო და ენერგეტიკული გამოყენება
აზიის მდინარეები მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზებია, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციმბირისათვის ჩრდილოეთი რაიონების სამხრეთთან დასაკავშირებლად (ზაფხულში — ნაოსნობისათვის, ზამთარში — სამარხილე გზებისათვის). მრავალი მდინარე შეიცავს ჰიდროენერგიის დიდ მარაგს, რასაც ფართოდ იყენებენ რუსეთში, ჩინეთში, იაპონიაში, სხვა ქვეყნებში შედარებით ნაკლებად. ჰესების მშენებლობის დროს წარმოქმნილია საკმაოდ დიდი წყალსაცავები.
სანაპირო ზოლი
აზიას ყველა სხვა კონტინენტზე მეტი, 4 ოკეანე (ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, წყნარი ოკეანე, ინდოეთის ოკეანე და ატლანტის ოკეანე) ესაზღვრება. ზღვებიდან აღსანიშნავია ხმელთაშუა ზღვა, წითელი ზღვა, ოხოტის ზღვა, ყვითელი ზღვა, იაპონიის ზღვა, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, სამხრეთ ჩინეთის ზღვა, არაბეთის ზღვა, ანდამანის ზღვა და სხვა.
აზიას ძლიერ დანაწევრებული სანაპირო ზოლი აქვს, ამიტომ ის მდიდარია ყურეებით, კუნძულებითა და ნახევარკუნძულებით. აზიის ნახევარკუნძულებს, დაახლოებით, 8 მლნ. კმ² ფართობი უკავიათ. აქ მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი არაბეთის ნახევარკუნძული,[18] ასევე, აღსანიშნავია ინდოსტანის ნახევარკუნძული, ინდოჩინეთის ნახევარკუნძული, კორეის ნახევარკუნძული, კამჩატკის ნახევარკუნძული, იამალის ნახევარკუნძული, ტაიმირის ნახევარკუნძული, ჩუკოტკის ნახევარკუნძული;
აზიაში მრავალი კუნძული და არქიპელაგია, რომელთა საერთო ფართობი 2 მლნ. კმ²-ია. მსოფლიოში უდიდესი 10 კუნძულიდან სამი (ბორნეო, სუმატრა, ჰონსიუ) აზიაში მდებარეობს.[19] ასევე მნიშვნელოვანი კუნძულებია სულავესი, იავა, ლუსონი, მინდანაო, ჰოკაიდო, სახალინი, შრი-ლანკა, კიუსიუ, ტაივანი, ხაინანი, ტიმორი, სიკოკუ, კვიპროსი და ა.შ. აზიის ქვეყნებიდან 10 (ინდონეზია, ფილიპინები, იაპონია, აღმოსავლეთი ტიმორი, კვიპროსი, ბაჰრეინი, შრი-ლანკა, მალდივის რესპუბლიკა, ბრუნეი და ტაივანი) მთლიანად კუნძულებზე მდებარეობს. აზიის მნიშვნელოვანი ყურეებია სპარსეთის ყურე, ბენგალის ყურე, ომანის ყურე, ტაილანდის ყურე და სხვა.
გეოლოგიური აგებულება
აზიის ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია უძველესი პლატფორმები: ციმბირის (ალდანის ფართან ერთად), ჩინეთ-კორეის, სამხრეთ ჩინეთის, ინდოეთის. ყველაზე მოძრავია ჰიმალაური და აღმოსავლეთ აზიური გეოსინკლინური სარტყელები. ნეოტექტონიკური მოძრაობებითაა მოცული აგრეთვე სხვადასხვა ასაკის სტრუქტურების ვრცელი ზოლი ჰისარ-ალაიდან ჩუკოტკის ნახევარკუნძულამდე. შუა, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, მალაის არქიპელაგი ხასიათდებიან ძლიერი სეისმურობით. კამჩატკაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ კუნძულზე მოქმედი ვულკანებია.
ვრცელი ტერიტორია, მრავალფეროვანი რელიეფი და სხვა ფაქტორები განსაზღვრავს აზიის კონტინენტის რთულ კლიმატურ ხასიათს. აქ გვხვდება დედამიწის ყველა კლიმატური ზონა ტროპიკულიდან სუბარქტიკულამდე. საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს 28 °C-დან -16 °C-მდე. ნალექთა საშუალო წლიური რაოდენობა ჩერაპუნჯაში (ინდოეთი) 12 000 მმ-ს აღწევს[20] (1861 წელს — 22 900 მმ), ხოლო თურანსა და ინდის ვაკეზე ზოგან 100 მმ-ზე ნაკლებია.
აზიის უმეტეს (უმთავრესად შიგა) ნაწილიში კონტინენტური ჰავაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ატლანტის ოკეანე შორსაა, წყნარი ოკეანის გავლენა აზიაზე კი სუსტია, ვინაიდან ჰაერის თბილ მასებს წინ ეღობება ზღვისპირა ქედები, ქარიც უმეტესად კონტინენტიდან ქრის, ხოლო ინდოეთის ოკეანედან წამოსულ ტროპიკულ და ეკვატორულ ჰაერს მსოფლიოს უმაღლესი მთაგრეხილები აკავებს და არ უშვებს კონტინენტის სიღრმეში. სამაგიეროდ, ჩრდილოეთიდან ცივი არქტიკული ჰაერის შემოჭრას არაფერი აფერხებს.
აზიის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელეთის ძლიერი გახურება ზაფხულობით და ასეთივე ძლიერი გაცივება ზამთრობით, რის შედეგადაც ატმოსფეროს ცირკულაცია მკვეთრ სეზონურ ცვალებადობას განიცდის და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ატმოსფეროს მოქმედების ადგილობრივ ცენტრებს. ამგვარი ცენტრებია: ზამთრობით - ციმბირის ანტიციკლონი და ზაფხულობით ირანის წნევის მინიმუმი. ციმბირის ანტიციკლონის არე გამოირჩევა ყინვიანი, თითქმის უქარო და უღრუბლო ამინდით, რომელიც თვეობით ბატონობს ხოლმე. სიცივის მაქსიმუმი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს „სიცივის პოლუსის” არეში — ვერხოიანსკისა და ოიმიაკონის ქვაბულთა რაიონშია, სადაც იანვრის საშუალო ტემპერატურა -50 °C-ზე დაბალია. ცალკეულ შემთხვევებში ყინვა -70 °C-საც აღწევს.
პოლარული ფრონტი, ე. ი. პოლარული ანუ ბორეალური და ტროპიკული ჰაერის მასების შეხების ზონა ზამთრობით სამხრეთშია, რაც იწვევს ზამთრის წვიმებს წინა აზიის სამხრეთ მთაგრეხილების არეში (ხმელთაშუა ზღვის ჰავა). უფრო ჩრდილოეთით (წინა და შუა აზიაში) ციკლონური მოქმედება ძლიერდება: ზამთრის დასაწყისში ნაკლებად, გაზაფხულზე უფრო მეტად. ზაფხულობით იგივე ფრონტი ჩრდილოეთისაკენ ინაცვლებსამ დროს აზიის სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ზომიერ ზონაშიც ინტენსიური გათბობა კონტინენტურ პოლარულ ჰაერს გარდაქმნის კონტინენტურ ტროპიკულ ჰაერად (წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში). სამხრეთ ციმბირის მთებში და ცენტრალური აზიის ჩრდილოეთ ნაწილში ზაფხული ნალექიანია. შიდა აზიის დანარჩენ სივრცეზე ციკლონური მოქმედება სუსტია და ბატონობს ცხელი, ბუღიანი, უღრუბლო, მშრალი ამინდი. განსაკუთრებით ძლიერ ხურდება ირანის ზეგნის დაბალი ადგილები და ინდის ქვემო დინების რაიონი.
აფრიკიდან (დასავლეთიდან) მონაბერი ცხელი და მშრალი ქარი არაბეთისა და დასავლეთ ინდოეთის ჰავას ტროპიკული უდაბნოების ჰავას ამსგავსებს.
აღმოსავლეთ აზიაში ზაფხულობით წარმოქმნილი წყნარი ოკეანის პოლარული ფრონტი (ზღვიური ბორეალური და ზღვიური ტროპიკული ჰაერის მასების ურთიერთშეხების ზონა) სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ იაპონიაზე გადის. წარმოიქმნება წყნარი ოკეანის ზაფხულის მუსონი, რომელსაც გადააქვს ტროპიკული თბილი და ნოტიო ჰაერი წყნარი ოკეანის სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ცივ ოკეანურ დინებებთან შეხებისას ჰაერის ქვედა ფენა ძლიერ ცივდება და იწვევს ოხოტისა და ნაწილობრივ იაპონიის ზღვების სანაპიროებზე ნისლიანობას, წვიმებს, ზომიერი განედებისათვის მეტად ცივ ზაფხულის ამინდს. შორეული აღმოსავლეთის გრილი და ნესტიანი ზაფხული, უხვი ნალექიანობა სწორედ ამ მუსონთანაა დაკავშირებული. ზომიერი ზონის ეს მუსონური ჰავა სამხრეთით ჩრდილოეთ განედის 38°-მდე ვრცელდება. შემოდგომობით წყნარი ოკეანის პოლარული ფრონტის გასწვრივ ხშირია ტაიფუნები — ტროპიკულ ზონაში წარმოშობილი ღრმა ციკლონები, რომლებიც იწვევენ ქარიშხალს. ზამთრობით წყნარი ოკეანის პოლარული ფრონტი ციმბირის კონტინენტური მუსონის მოწოლით ტროპიკულ ზონაში გადაადგილდება ხოლმე.
აზიის ტროპიკულ ნაწილში ზამთრობით კონტინენტური ტროპიკული ჰავაა, ზაფხულობით კი — ზღვის ეკვატორული. ზაფხულის ეკვატორული მუსონი წვიმებს იწვევს და არაკანის, დასავლეთ გატების, ჰიმალაისა და ტაილანდის მთებში ნალექიანობა რეკორდულ სიდიდეს აღწევს. შრი-ლანკაზე, მალაკასა და ინდონეზიაში გამუდმებით ბატონობს ზღვის ეკვატორული ჰაერი და ჰავაც ტიპური ეკვატორულია.
აზიაში არის ჰავის შემდეგი ძირითადი ტიპები: 1. ტუნდრის; 2. აღმოსავლეთ ციმბირის მკვეთრად კონტინენტური (ცივი და მშრალი); 3. დასავლეთ ციმბირის ცივი, ზომიერად ნოტიო; 4. ზომიერი ზონის უდაბნოების; 5. სუბტროპიკული უდაბნოების; 6. წინა აზიის დასავლეთ განაპირა მხარის ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული; 7. წინა და ცენტრალური აზიის მთის სტეპების სუბტროპიკული; 8. პამირისა და დასავლეთ ტიბეტის მაღალმთიანი უდაბნოების; 9. აღმოსავლეთ აზიის ზომიერი ზონის მუსონური ტროპიკული; 10. აღმოსავლეთ აზიის მუსონური სუბტროპიკული; 11. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და მცირე ზონდის კუნძულების მუსონური ტროპიკული; 12. შრი-ლანკისა და მალაის ეკვატორული.
ბუნება
აზიის ტერიტორია შედის ორ ძირითად ფლორისტულ ოლქში — ჰოლარქტიკულსა და პალეოტროპიკულში (სამხრეთი აზია). ჰოლარქტიკული ოლქის ფლორა გეოლოგიურ წარსულში ბევრჯერ შეიცვალა არსებითად, პალეოტროპიკული ფლორა კი თითქმის უცვლელი რჩებოდა. ჰოლარქტიკული ფლორა უმთავრესად მთებში გაჩნდა და ჩრდილოეთ აზიის ვაკეებზე. ასეთი წარმოშობისაა ტუნდრა, ტაიგა, ა. შ. ტუნდრა თავის მხრივ იყოფა ქვეზონებად: ჩრდილოეთ ქვეზონაში (ოკეანის სანაპიროზე) იზრდება ხავსი და ლიქენი, შუა ქვეზონაში ბუჩქნარი (ჯუჯა არყი, ლურჯი მოცვი, შტოში და სხვა), ხოლო სამხრეთ ქვეზონაში ანუ ტყეტუნდრაში ერთმანეთს ცვლის ტყე, ბუჩქნარი და ტუნდრა.
ტაიგა გადაჭიმულია ციმბირის მთელ სიგრძეზე, მისი ჩრდილოეთი საზღვარი (ჩრდილოეთ განედის 72°2′) ტაიმირის ნახევარკუნძულს აღწევს, სამხრეთ ნაწილში, დასავლეთ ციმბირის დაბლობის ტაიგაში, ჭარბობს მუქწიწვოვანი ჯიშები (ნაძვი და სოჭი), ჩრდილოეთით კი ციმბირის ლარიქსი. მდინარე ენისეის აღმოსავლეთით, წყნარ ოკეანემდე ნათელწიწვოვანი ტყეებია (დაურის ლარიქსი). უფრო სამხრეთით იზრდება ნაძვნარ-სოჭნარი, შიგადაშიგ ცაცხვნარიც გვხვდება. ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში ლარიქსს ემატება სურნელოვანი ალვის ხე, კორეულა, აიანური ნაძვი. ამურის აუზში, რომელიც ჩინეთ-იაპონიის ფლორისტულ ქვეოლქში შედის, მცენარეულობა თავისებურია. აქ ზომიერი ზონის ფართოფოთლოვანი ტყეები უშუალოდ ემიჯნება სუბტროპიკულ ტყეებს, ამიტომ ფლორა ძლიერ შერეული და მრავალფეროვანია. ციმბირის ტყიანი ზონის სამხრეთით გვხვდება ქსეროფიტული ბალახოვანი მცენარეულობით დაფარული სტეპის ფრაგმენტები. ჭარბობს სხვადასხვა სახის ვაციწვერა, კელერია, აბზინდა, წივანა, ორლებნიანი მცენარეები.
ცენტრალური და შუა აზიის არიდულ მხარეებში თავმოყრილია ვრცელი უდაბნოები და მშრალი სტეპები. აზიის უდაბნოები გაზაფხულზე წალკოტს მოგვაგონებს: ყვავის ქოლგოსნები, გლერძები, ხურხუმები, ბოლქვიანები, მაგრამ ზაფხულობით ყველაფერი ჭკნება. ბევრია ეკლიანი და წვრილფოთლიანი საქსაულის, იალღუნის, ჯუზღუნის ბუჩქი. ყველაზე უფრო უსიცოცხლოა ირანის უდაბნოები, გობის უდაბნოში კი პირიქით, კარგი საძოვრებია. პამირ-ტიბეტის ზეგნებზე მაღალი მთის ცივი უდაბნოებია.
ვერტიკალური გეობოტანიკური სარტყლების ყველაზე სრული სისტემა წარმოდგენილია ჰიმალაის ქედის სამხრეთ ფერდობზე: მარადთოვლიანი და ალპური სარტყლების ქვევით მდებარეობს ჯერ როდოდენდრონების (ხე-ბუჩქეული მცენარეები) სარტყელი, შემდეგ წიწვოვანი ტყეები (ჰიმალაის კედარი, ნაძვი, ფიჭვი), ფართოფოთლოვანი ტყეები (მუხა, კაკალი), მარადმწვანე სუბტროპიკული და სულ დაბლა (განგის აუზში) ნამდვილი ტროპიკული ტყეები. მალაის არქიპელაგის მთების მაღალ სარტყლებში გვხვდება ჩრდილოური წარმოშობის სუბარქტიკული მცენარეები.
სამხრეთ აზია ფლორისტულად პალეოტროპიკულ ოლქს განეკუთვნება. ინდოსტანის ფლორა და ფაუნა აღმოსავლეთ აფრიკისას წააგავს. დეკანის ზეგნის ძირითადი სივრცე სავანებს, ჯაგეკლიან ბუჩქნარებსა და სტეპებს უკავია. ინდოსტანის სანაპიროები, განგის აუზი და მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია (ინდოჩინეთი, მალაისა და ფილიპინების არქიპელაგები) დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით (ჰილეით), სადაც გამოიყოფა ტყის 11-მდე სართული. ფიკუსის, თუთის, დიპტეროკარპუსის, მიმოზისა და ზოგიერთი სხვა ხის სიმაღლე 100 მეტრს აღწევს. უფრო დაბალ სართულებში იზრდება პალმები, ხეგვიმრები და სხვა. ხეებზე ხარობს ორქიდეები, გვიმრები და სხვა ეპიფიტები; მრავალგვარი ლეშამბო (ლიანა), ბალახოვანი მცენარეები 5-6 მეტრამდე იზრდება. ხშირია ბამბუკის ტევრები.
აზია კულტურული ფლორის უმეტესი ნაწილის (2/3) სამშობლოა. აღმოსავლეთ აზიიდან გავრცელდა ფეტვი, უგრეხელი, ბევრი ფესვნაყოფიანი მცენარე, გარგარი, ატამი, ქლიავი, ციტრუსები, ჩაი, რევანდი, ტუნგი, ჟენშენი, ზოგიერთი მაგნოლია, კამელია, ქრიზანთემა; ინდოეთიდან და ინდომალაიდან - ბრინჯი, შაქრის ლერწამი, ტარო, ბადრიჯანი, კიტრი, პილპილი, ილი, მიხაკის ხე, ჯავზის ხე, ჯანჯაფილი, ზოგიერთი პალმა, ბანანი, პურის ხე და სხვა; შუა აზიიდან და მთიანი ინდოეთიდან - რბილი ხორბალი, მუხუდო, ცერცვი, ოსპი, სელი და ზოგი სხვა ზეთოვანი მცენარე; წინა აზიიდან — ხორბლის 9 სახეობა, ჭვავი, ვაზი, მსხალი, ალუჩა, კომში, ნუში, იონჯა, ესპარცეტი და სხვა.
აზიის ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია. მისი უდიდესი ნაწილი შედის პალეარქტიკის ოლქში, ტროპიკული აზია — ინდომალაის ოლქში. არაბეთის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი განეკუთვნება ეთიოპიის ოლქს, ხოლო მცირე ზონდის კუნძულები — ავსტრალიის ოლქს. მრავალ სახეობას უზარმაზარი არეალი უკავია. ზოგიერთი (მგელი, მელა და სხვა) თითქმის მთელ მთელ კონტინენტზე ან მის უმეტეს ნაწილშია გავრცელებული, ენდემური ოჯახების რაოდენობა კი მეტად უმნიშვნელოა. ენდემურია: ძუძუმწოვრებიდან — ფრთამატყლიანისებრნი, ბამბუკის დათვისებრნი, გრძელტერფასებრნი, გიბონისებრნი; ფრინველებიდან — რქანისკარტასებრნი, ულვაშა წიწკანასებრნი, ფოთლის ფრინველისებრნი; ქვეწარმავლებიდან - კუდფარიანი გველისებრნი, დიდთავა კუსებრნი; ამფიბიებიდან — ოთხთითა ტრიტონისებრნი; თევზებიდან — შუბლფართო თევზისებრნი, ტლუ თევზისებრნი, რომლებიც მხოლოდ ბაიკალის ტბაში ბინადრობენ.
აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის, განსაკუთრებით კი მათი ჩრდილოეთი მხარეების ფაუნა ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. აზიისა და ამერიკის ტუნდრასა და ტაიგაში გვხვდება ცხოველთა საერთო გვარები და სახეობები (ჩრდილოეთის ირემი, ლოსი, ლემინგი და სხვა), სამხრეთ განედებში — ამერიკული ჯგუფები (ტაპირისებრნი, ჩხრიალა გველისებრნი, ალიგატორისებრნი და სხვა). ეს მოვლენა ადასტურებს, რომ ამ ორ კონტინენტს შორის პლეისტოცენში სახმელეთო კავშირი არსებობდა.
სამხრეთ აზიაში (ინდომალაის ოლქში) მობინადრე ზოგიერთი ოჯახი მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში გვხვდება (პანგოლინები, ირმულები, სპილოსებრნი, მარტორქისებრნი, ლემურისებრნი, ადამიანის მსგავსი მაიმუნები), რაც იმით აიხსნება, რომ წარსულში აზიასა და აფრიკას შორის არსებობდა სახმელეთო კავშირი გონდვანას კონტინენტის სახით.
ტუნდრის ზონაში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება ჩრდილოეთის ირემი, მგელი, ყარსაღი, ყარყუმი, თეთრი დათვი, ლემინგი, რუხი მემინდვრია, თეთრი კურდღელი და სხვა. ფრინველებიდან აღსანიშნავია პოლარული სონღული, თეთრი ბუ, თეთრი და ტუნდრის გნოლი, ბატისნაირნი, გედი, ალკები, კაირები, რამდენიმე სახეობის ბეღურასნაირნი. ტუნდრის სანაპიროზე მრავლადაა სელაპი, მორჟი. ქვეწარმავლებიდან ტუნდრის სამხრეთ უბნებში ბინადრობენ ცოცხალმშობი ხვლიკი და ჩვეულებრივი გველგესლა, რომელიც ასევე ცოცხალმშობია. უხერხემლოებიდან გვხვდება ნაირგვარი მწერი.
ძუძუმწოვრებიდან ტაიგის ზონაში ცხოვრობს ლოსი, მარალი, იზიუბრი, შველი, მუშკი, მურა დათვი, სამურავი, სიასამური, კოლონოკი, ფოცხვერი, თეთრი კურდღელი, ციყვი, ფრენია, ბურუნდუკი, თხუნელა და სხვა. ზოგი მათგანი სანადირო-სარეწაოა. ფრინველებიდან ბინადრობს კოდალა, ჩხიკვი, მეკედრია, ნისკარტმარწუხა, ბუ, გნოლქათამა, სოღო, როჭო და სხვა. ქვეწარმავლებიდან ცოცხალმშობი ხვლიკი, ჩვეულებრივი გველგესლა, დინგფაროსანი და სხვა. ამფიბიებიდან - ციმბირული ოთხთითა ტრიტონი, მწვანე გომბეშო, წვეტდინგა ბაყაყი და სხვა. მდინარეებსა და ტბებში მრავალი სახეობის თევზია, მრავლადაა მწერიც.
სტეპების, უდაბნოებისა და უდაბნო-მთების ზონის ძუძუმწოვრებიდან საყურადღებოა ანტილოპები (ქურციკი, ძერენი, საიგა), გარეული ცხვარი, გარეთხა, ტუგაიური ირემი, გარეული ღორი, ირბისი, ავაზა, ბარხანების კატა, მანული, ლელიანის კატა, ზოლებიანი აფთარი, ტურა, კორსაკი, ველის ქრცვინი, მანგუსტი, თრია, მიწის კურდღლისებრნი, მექვიშია, ზაზუნა, სელევინია, მაჩვზღარბა, მებულულე კურდღელი, ზღარბი; აქა-იქ შემორჩენილია კულანი, პრჟევალსკის ცხენი და ორკუზიანი აქლემი. ფრინველებიდან — ნაირგვარი ტოროლა, უდაბნოს ჩხიკვი, სავათი, სარსარაკი, ფასკუნჯი, ზოგან ხოხობი. ქვეწარმავლებიდან გვხვდება მრგვალთავა, ჯოჯო, გეკონი, ვარანი, ველის მახრჩობელა, დინგფაროსანი, გიურზა, გველისებრი, კობრა, ველის კუ და სხვა. ამფიბიებიდან - მწვანე გომბეშო, ტბის ბაყაყი და სხვა. თევზებიდან — კობრისებრნი, ქორჭილასნაირნი და სხვა. უხერხემლოთა ფაუნა ნაირფეროვანია (ტერმიტები, მორიელები, პეპლები, სოლფუგები და სხვა).
დასავლეთ აზიაში (მცირე აზია, კავკასია, ირანი) ბინადრობს კავკასიური ირემი, შველი, მურა დათვი, ფოცხვერი, ტყის კატა, კვერნა, მაჩვი, ციყვი, კოდალა, ჩხიკვი, სტვენია, ხოხობი და სხვა. მაღალ მთებში გვხვდება ჯიხვი, ნიამორი, მუფლონი, არჩვი, შურთხი და სხვა.
ცენტრალური აზიის ზეგნებზე გვხვდება იაკი, ანტილოპები ადა და ორონგო, არხარი, ციმბირული გარეთხა, წითელი მგელი, ირბისი, წითელი ზაზუნა, ტიბეტური კურდღელი და სხვა. ფრინველებიდან — მთის ბატი, კუმაი, ტიბეტური საჯა.
აღმოსავლეთ აზიის ტყის ზონისათვის დამახასიათებელია ხალებიანი ირემი, მუნჯაკი, მუშკი, ანტილოპები ტაკინი და გორალი, გარეული ღორი, ენოტისმსგავსი ძაღლი, ბამბუკის დათვი, ჰიმალაიური დათვი, ხარზა, ვეფხვი, ჯიქი, ფრენია, ღამურა, ბიგა, თხუნელა, რამდენიმე სახის მაიმუნი; ფრინველებიდან საყურადღებოა ტრაგოპანი, ხოხობი; ქვეწარმავლებიდან გვხვდება ხვლიკი, გველი, ტყავიანი კუ და სხვა. ამფიბიებიდან — გიგანტური სალამანდრა, ვასაკა. მრავალფეროვანია თევზების ფაუნა. უხერხემლო ცხოველები ნაირგვარი ჯგუფებითაა წარმოდგენილი.
სამხრეთ აზიის ტროპიკული ზონის ტყეებში ორიგინალური ფაუნაა და მრავალი ენდემური სახეობა გვხვდება. აქ ბინადრობს სპილო, მარტორქა, გაური, ბანტენგი, გარეული კამეჩი, ნილგაუ, ოთხრქიანი ანტილოპა, ღორისებრი ირემი, ირმულა, ტაპირი, გარეული ღორი, ტუჩა დათვი, მალაიური დათვი, ვეფხვი, ჯიქი, შავი პანტერა, მანგუსტი, ნაირგვარი მღრღნელი, მფრინავი ძაღლი, ტუპაია, ლემური, ფრთამატყლიანები, პანგოლინები, მაკაკი, გიბონი, ორანგუტანი და სხვა. ზოგიერთ მდინარეში ცხოვრობს მტკნარი წყლის დელფინი. ფრინველებიდან მრავლადაა მეხეური მეკირია, პიტა, გიგანტური უფეხურა, ხოხობი, ფარშავანგი, არგუსი, გარეული ქათამი, ცხვირრქოსანი ფრინველები და სხვა. ქვეწარმავლებიდან საყურადღებოა მფრინავი დრაკონი, კობრა, მახრჩობელა გველი, თავდიდა კუ, გავიალი და სხვა. ამფიბიებიდან — მფრინავი ბაყაყი. მრავალფეროვანია მტკნარი წყლის თევზები, ნაირგვარია უხერხემლო ცხოველთა ფაუნაც.
აზიის რეგიონები
აზიაში რეგიონები შეიძლება გამოვყოთ როგორც წმინდა ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისე პოლიტიკურ-კულტურული თვალსაზრისით. ამ ორი სხვადასხვა კატეგორიით დაყოფის შემთხვევაში განსხვავდება როგორც რეგიონების რაოდენობა, ისე საზღვრები მათ შორის. დღესდღეობით უპირატესობას პოლიტიკურ-კულტურულ რეგიონებს ანიჭებენ, ფიზიკურ-გეოგრაფიულ რეგიონებად დაყოფას ძირითადად სამეცნიერო წრეებში იყენებენ.
ფიზიკურ-გეოგრაფიული დაყოფა
აზია შეიძლება დაიყოს შემდეგ ძირითად ფიზიკურ-გეოგრაფიულ ნაწილებად:
- ჩრდილოეთი აზია — სადაც მკაფიოდაა გამოსახული განედური ლანდშაფტური ზონები. აქ გვხვდება ტუნდრა და ზომიერი სარტყელის ტყეები, მთის ტუნდრებისა და მთის ტყეების ლანდშაფტის მრავალგვარი ვარიანტი. სამხრეთით ზოგან ტყესტეპი და სტეპია.
- შუა და ცენტრალური აზია — ამ ნაწილში განედური ზონალობა მხოლოდ ნაწილობრივაა გამოხატული (შუა აზიასა და მონღოლეთში). შუა აზიის ბარში ნახევარუდაბ-ნოსა და უდაბნოს ზონებია, მათ შორის კი ვრცელი ოაზისები. მონღოლეთ-ჯუნგარიის ოლქში გამოიყოფა სტეპების, ნახევარუდაბნოების, ზომიერი და სუბტროპიკული უდაბნოების ზონები, ხოლო მაღალი ქედებისა და ზეგნების (პამირი, ტიან-შანი, ჰინდუქუში, ყარაყორუმი, ტიბეტი, კუნლუნი) ბუნებაში ერთმანეთს ერწყმის მთის ტყის, მთის სტეპის, მთის მდელოსა და მაღალმთის უდაბნოს ლანდშაფტები.
- წინა აზია - იყოფა სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებად, მაგრამ რელიეფის მრავალგვაროვნება კიდევ უფრო ართულებს ლანდშაფტების განლაგებასა და ხასიათს. შეიძლება განვასხვაოთ: ა) ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული ოლქი, სადაც ზაფხული გვალვიანია, ზამთარი კი ნოტიო იცის და ხეშეშფოთლიანი ტყე-ბუჩქნარი ხარობს, მოიცავს ანატოლიის სანაპიროებს, სირია-პალესტინასა და ზაგროსის ქედის დასავლეთ კალთებს; ბ) ნოტიო სუბტროპიკული ოლქი (კოლხეთ-ლაზისტანი, თალიშ-ელბურსის ჩრდილოეთ კალთები); გ) ხმელთაშუა ზღვის მთის სტეპის ლანდშაფტების ოლქები ზეგნების შიგა ნაწილებში (ანატოლია, ამიერკავკასიის ზეგანი); დ) სუბტროპიკული უდაბნოები (ირან-ავღანეთსა და მესოპოტამიაში); ე) ტროპიკული უდაბნოები (სამხრეთ არაბეთსა და სამხრეთ ირანში).
- აღმოსავლეთ აზია - უჭირავს მერიდიანულად გაჭიმული ტერიტორია, მასში გამოიყოფა: ა) ზომიერი სარტყლის მთის ტყეთა მუსონური ოლქი (რუსეთის ზღვისპირეთი, აღმოსავლეთ მანჯურია, ჩრდილოეთი იაპონია და ჩრდილოეთ კორეა); ბ) სუბტროპიკული მთის ტყეთა მუსონური ოლქი (აღმ. ჩინეთი, სამხრეთი კორეა, შუა იაპონია) და გ) ტროპიკული მთის ტყეთა მუსონური ოლქი (სამხრეთი ჩინეთი, სამხრეთი იაპონია, ტაივანი).
- სამხრეთი აზია - მდებარეობს ტროპიკულ-ეკვატორული ზონის ფარგლებში და დანესტიანების ხარისხისა და რეჟიმის მიხედვით რამდენიმე ოლქად იყოფა. ნოტიო მუსონურ-ტროპიკულ ოლქებს უკავია ზოგიერთი ქედის (გატები, არაკანი, ანამის მთები, ჰიმალაი) ზღვისპირა ფერდობები და ფილიპინები. მშრალი მუსონურ-ტროპიკული მხარეები მდებარეობს ინდოეთისა და ინდოჩინეთის შიგა ნაწილებში. ნოტიო ტროპიკული ეკვატორული ოლქები მოიცავს სამხრეთ შრი-ლანკას, მალაკასა და თითქმის მთელ მალაის არქიპელაგს. ეს ტიპი მთებშიც გვხვდება.
პოლიტიკურ-კულტურული დაყოფა
აზიას ტრადიციულად ყოფენ შემდეგ რეგიონებად:
- ჩრდილოეთი აზია (მოიცავს რუსეთის აზიურ ნაწილს);
- ცენტრალური აზია (მოიცავს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს — ყაზახეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს. ზოგიერთ შემთხვევაში მას მიაკუთვნებენ ავღანეთსაც);
- აღმოსავლეთი აზია (მოიცავს ჩინეთს, მონღოლეთს, ტაივანს, ჩრდილოეთ კორეას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას)
- სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია (მოიცავს ინდოჩინეთს, მალაის არქიპელაგსა და ფილიპინებს);
- სამხრეთი აზია (მოიცავს ინდოეთს, შრი-ლანკას, ნეპალს, ბჰუტანს, ბანგლადეშს, ავღანეთს, მალდივის რესპუბლიკასა და პაკისტანს. ზოგჯერ მას ირანსაც მიაკუთვნებენ);
- დასავლეთი აზია (მოიცავს არაბეთის ნახევარკუნძულს, სირიას, ერაყს, ქუვეითს, ლიბანს, ისრაელს, კვიპროსს, თურქეთსა და ამიერკავკასიას. უმეტეს შემთხვევაში მას მიაკუთვნებენ ირანსაც).
ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია და არსებითად, პოლიტიკური ნიშნით დაყოფას გულისხმობს, გეოგრაფიული კრიტერიუმები თითქმის არ გამოიყენება. მიუხედავად ამისა, არ არსებობს ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი ამ რეგიონების საზღვრების შესახებ. მრავალ ქვეყანას მოიაზრებენ როგორც ერთ ისე მეორე რეგიონში. აზიის რეგიონებიდან ყველაზე მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრები და შემავალი ქვეყნები აღმოსავლეთ აზიას აქვს.
აზიის სხვა რეგიონები და მხარეებია: მცირე აზია, შუა აზია, კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, შუამდინარეთი.
უდიდესი ქვეყნები
ფართობის მიხედვით აზიის უდიდესი ქვეყნებია:[21]
დროშა | ქვეყანა | ფართობი (კმ²) |
---|---|---|
რუსეთი (ნაწილობრივ ევროპაშია) | 17 075 400 | |
ჩინეთი | 9 596 960 | |
ინდოეთი | 3 287 590 | |
ყაზახეთი | 2 724 900 | |
საუდის არაბეთი | 2 149 690 | |
ინდონეზია | 1 904 569 | |
ირანი | 1 648 195 | |
მონღოლეთი | 1 564 116 |
ყველაზე პატარა ქვეყნები
ფართობის მიხედვით აზიის ყველაზე პატარა ქვეყნებია:
დროშა | ქვეყანა | ფართობი (კმ²) |
---|---|---|
მალდივის რესპუბლიკა | 298 | |
სინგაპური | 704 | |
ბაჰრეინი | 760 | |
ბრუნეი | 5 765 | |
ლიბანი | 10 452 |
მოსახლეობა
მოსახლეობის ისტ. რაოდენობა | ||
---|---|---|
წელი | მოს. | ±% |
1500 | 243 000 000 | — |
1700 | 436 000 000 | +79.4% |
1750 | 502 000 000 | +15.1% |
1800 | 635 000 000 | +26.5% |
1850 | 809 000 000 | +27.4% |
1900 | 947 000 000 | +17.1% |
1950 | 1 402 000 000 | +48.0% |
1999 | 3 634 000 000 | +159.2% |
2012 | 4 175 038 363 | +14.9% |
წყარო: "UN report 2004 data" (PDF). |
მსოფლიოს მოსახლეობის 60 % აზიის წილად მოდის. 2012 წლის შეფასებით აქ 4,175 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომლის დაახლოებით 60 % ჩინეთსა და ინდოეთში ცხოვრობს. მსოფლიოს 11 ქვეყნიდან, რომელთა მოსახლეობა ას მილიონს აღემატება, ექვსი (ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, პაკისტანი, ბანგლადეში, იაპონია) მთლიანად, ერთი კი (რუსეთი) ნაწილობრივ აზიაში მდებარეობს.[22] მოსახლეობა მეტად არათანაბრადაა გადანაწილებული — მჭიდროდაა დასახლებული წყნარი ოკეანის სანაპირო (ჩრდილოეთი ნაწილის გამოკლებით), იაპონიისა და მალაის არქიპელაგები, ინდოსტანის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი, კორეის ნახევარკუნძული, ინდოჩინეთი, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო და სხვა. ამავდროულად, პრაქტიკულად დაუსახლებელია არაბეთის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი, გობის უდაბნო, ცენტრალური აზიის უდაბნოები, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის სანაპირო, ციმბირი, რუსეთის უკიდურესი აღმოსავლეთი, დასავლეთი ჩინეთი და ტიბეტის მთიანეთი.
აღსანიშნავია, რომ აზია მოსახლეობის მიხედვით ყოველთვის აღემატებოდა არა მხოლოდ თითოეულ კონტინენტს, არამედ ყველა დანარჩენი კონტინენტის მოსახლეობას ერთად აღებულს.[23]
წელი | პროცენტი |
---|---|
1750 | 63,5 |
1800 | 64,9 |
1850 | 64,1 |
1900 | 57,4 |
1950 | 55,6 |
1999 | 60,8 |
2012 | 59,6 |
უდიდესი ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით
აზიის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნებია:
დროშა | ქვეყანა | მოსახლეობა |
---|---|---|
ჩინეთი | 1 350 695 0000 (2012 წ მონაცემებით) | |
ინდოეთი | 1 210 193 422 (2011 წლის შეფასებით) | |
ინდონეზია | 252 164 800 (2014 წლის მონაცემებით) | |
პაკისტანი | 196 174 380 (2014 წლის მონაცემებით) | |
ბანგლადეში | 156 594 962 (2013 წლის მონაცემებით) | |
რუსეთი (ნაწილობრივ ევროპაშია) | 146 100 000 (2014 წლის შეფასებით) | |
იაპონია | 126 659 683 (2012 წლის შეფასებით) |
ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნებია
დროშა | ქვეყანა | სიმჭიდროვე |
---|---|---|
სინგაპური | 7614,7 | |
ბაჰრეინი | 1728,2 | |
მალდივის რესპუბლიკა | 1320,4 | |
ბანგლადეში | 1061,1 | |
სამხრეთი კორეა | 501,1 |
ეთნიკური შემადგენლობა
აზიის ეთნიკური შემადგენლობა უაღრესად მრავალფეროვანია. აქ ცხოვრობს ეთნიკური განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი რამდენიმე ასეული ხალხი, რომლებიც სხვადასხვა ოჯახებსა და ჯგუფებს ეკუთვნიან. აზიის უდიდეს ეთნოსს ჩინელები წარმოადგენენ. დიდ ერებს წარმოადგენენ არაბები, ჰინდუსტანელები (ინდოეთის უდიდესი ეთნოსი), ბენგალელები, იაპონელები, ბიჰარები, პენჯაბელები, იაველები, კორეელები, ტაიები, თურქები, სპარსელები და სხვა.
ურბანიზაცია
აზიის ქვეყნების პირველი ხუთეული ურბანიზაციის მიხედვით[24]
ქვეყანა | ურბანიზებული მოსახლეობა (%-ში) |
---|---|
სინგაპური | 100 |
კატარი | 98,8 |
ქუვეითი | 98,3 |
ისრაელი | 91,9 |
იაპონია | 91,3 |
აზიის ყველაზე ნაკლებად ურბანიზებული ქვეყნებია:[24]
ქვეყანა | ურბანიზებული მოსახლეობა (%-ში) |
---|---|
შრი-ლანკა | 15,1 |
კამბოჯა | 20 |
ავღანეთი | 23,5 |
ტაჯიკეთი | 26,5 |
აღმოსავლეთი ტიმორი | 28,3 |
გეოგრაფიული კვლევის ისტორია
აზიის გეოგრაფიის შესახებ ზოგიერთი ცნობა მოეპოვებოდათ ძველ ასურელებს, ბაბილონელებს, ინდოელებს, ჩინელებს, ეგვიპტელებსა და სხვა ხალხებს. ძვ. წ. VIII-V საუკუნეების ჩინურ გეოგრაფიულ ნაშრომ „იუიგუნში“ აღწერილია აღმოსავლეთი ჩინეთი. აზიის შესახებ ცოდნის დაგროვებას ხელი შეუწყო ძველი ეგვიპტისა და საბერძნეთ-სპარსეთის ომებმა (ძვ. წ. 477—449 წწ), ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებმა (ძვ. წ. IV ს), ეგვიპტე-ინდოეთის საზღვაო სავაჭრო ურთიერთობამ, ჩინელი ელჩის, ჯან ციანის ჩასვლამ შუა აზიაში (ძვ. წ. II ს), ჩინური აბრეშუმის გატანამ ე. წ. აბრეშუმის დიდი გზით, რომაელთა ლაშქრობებმა. შუა საუკუნეებში აზიის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები შეკრიბეს ხვარაზმელებმა და არაბებმა (მასუდი, იდრისი, ბირუნი, იბნ ბატუტა და სხვა), ჩინელებმა (სიუან-ძანისა და სხვათა მოგზაურობები), ევროპელებმა, რომლებიც ჯვაროსნულ ლაშქრობებს აწყობდნენ (XII—XIII სს) და მონღოლ ხანებთან ელჩებს აგზავნიდნენ (იტალიელი პლანო კარპინი, ფლამანდიელი გიიომ რუბრუკი). XIII საუკუნის ბოლოს მარკო პოლომ გადაიარა აზია, 17 წელი იცხოვრა ჩინეთში და აზიის მრავალი მხარე აღწერა.
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აზიური სანაპიროები აღმოაჩინეს რუსებმა. XV საუკუნის დასაწყისში მოეწყო ჩინური საზღვაო ექსპედიციები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. XV საუკუნის პირველ ნახევარში აზიაში იმოგზაურა ვენეციელმა ნ. კონტიმ. 1466-72 წლებში რუსი ვაჭარი ათანასე ნიკიტინი ირანის გავლით ინდოეთში ჩავიდა და აღწერა ეს ქვეყანა. 1498 წელს პორტუგალიელებმა ზღვით მიაღწიეს ინდოეთს (ვასკო და გამა). 1509—11 წლებში ისინი მალაკაზე მივიდნენ, 1511 წელს — იავაზე, 1520 წელს კი მაკაოში დამკვიდრდნენ. 1521 წელს მაგელანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ესპანურ ექსპედიციას დედამიწის ირგვლივ, აღმოსავლეთიდან მიადგა ფილიპინებს. მოლუკის კუნძულებზე მისი ხომალდები დასავლეთიდან მოსულ პორტუგალიელებს შეხვდნენ. 1542 წელს პორტუგალიელები იაპონიის კუნძულებამდე მივიდნენ. ამ პერიოდიდან აზიის ქვეყნების გეოგრაფიული შესწავლა დამპყრობ-კოლონიზატორთა მიზნებს ემსახურებოდა. XVI საუკუნის 60-70-იან წლებში ესპანელებმა დაიწყეს ფილიპინების დაპყრობა. პორტუგალიისა და ესპანეთის მიერ დაწყებული აზიის კოლონიზაცია XVII საუკუნეში ნიდერლანდებმა და ინგლისმა განაგრძეს. 1602 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ექსპლუატაცია-შესწავლას სათავეში ჩაუდგა ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანია, რომელიც 1619 წლიდან იავაზე დამკვიდრდა. XVII—XIX საუკუნეებში ინდონეზია ხელთ იგდეს ჰოლანდიელმა კოლონიზატორებმა. XVIII—XIX საუკუნეებში ინდოეთი ინგლისის კოლონიად გადაიქცა. XIX საუკუნეში მათვე დაიპყრეს ბირმა, ფრანგებმა — ვიეტნამი, კამბოჯა და ლაოსი, ამერიკელებმა — ფილიპინები. XIX—XX საუკუნეებში აზიის მრავალ არაბულ ქვეყანაში ბრიტანეთი და საფრანგეთი გაბატონდნენ.
1483 წელს დაიწყო რუსების ლაშქრობა ჩრდილოეთ აზიაში, ირტიშზე. 1581—82 წლებში ერმაკის ლაშქრობათა შედეგად გამდიდრდა ცნობები დასავლეთ ციმბირის შესახებ. 1618—1619 წლებში ციმბირელი კაზაკი ი. პეტლინი იყო მონღოლეთსა და ჩინეთში. 1618—1620 წლებში რუსეთის სავაჭრო ექსპედიცია შეეცადა ჩრდილოეთის ზღვებით აღმოსავლეთში გადასულიყო, მაგრამ ტაიმირის აღმოსავლეთ ნაპირებთან დაიღუპა. XVII საუკუნის პირველ ნახევარში ციმბირელმა კაზაკმა მოგზაურებმა („ზემლეპროხოდცებმა“) მიწებისა და ბეწვეულის ძიებაში მთელი ციმბირი მოიარეს. XVII საუკუნის 20-იან წლებში რუსები ლენაზე გავიდნენ, 1639 წელს კი ოხოტის ზღვაზე. 1643 წელს დე ფრიზის ჰოლანდიურმა ექსპედიციამ ზღვით მიაღწია კუნძულ ჰოკაიდოს, სამხრეთ სახალინსა და სამხრეთ კურილის კუნძულებს. თითქმის ამავე დროს (1643—1646 წლებში) რუსი მოგზაური ვ. პოიარკოვი ჩრდილოეთიდან გავიდა მდინარე ამურზე და ზღვიდან დაინახა სამხრეთ-დასავლეთი სახალინი. 1649—52 წლებში ამური და ამურისპირეთი მოიარა რუსმა მოგზაურმა ე. ხაბაროვმა. 1648 წელს თ. პოპოვი და ს. დეჟნიოვი ზღვით ჩრდილოეთის მხრიდან გავიდნენ მდინარე ანადირთან და აღმოაჩინეს სრუტე აზიასა და ამერიკას შორის. 1649 წელს თ. პოპოვმა კამჩატკას მიაღწია, 1697 წელს ვ. ატლასოვმა გადაჭრა იგი და ჩრდილოეთ კურილის კუნძულები დაინახა. XVII საუკუნის II ნახევარში პ. გოდუნოვმა და ს. რემეზოვმა შეადგინეს ციმბირის პირველი რუკები. 1675 წელს ჩინეთში გაემგზავრა რუსეთის მისია მოლდოველი მეცნიერის ნ. სპაფარის (მილესკუს) მეთაურობით, 1692 წელს პეტრე I-მა ჩინეთში ელჩად გაგზავნა იზბრანდტ იდესი. 1713 წელს ტობოლსკელი მემამულე ტრუშნიკოვი კუკუნორის ტბამდე და მდინარე ხუანხეს ზემო წელამდე მივიდა და მონღოლეთი გადალახა. 1720—1727 წლებში ციმბირის ფლორასა და ფაუნას სწავლობდა პეტრე I-ის მიერ მოწვეული გერმანელი მკვლევარი დ. მესერშმიდტი. მრავალი გეოგრაფიული ცნობა მოაგროვეს ქრისტიანმა მისიონერებმა, კერძოდ იეზუიტებმა, რომლებიც ჩინეთსა და ტიბეტს შეისწავლიდნენ. 1689—1698 წლებში ფრანგმა ჟერბილიონმა გადალახა გობის უდაბნო. 1707 წლიდან ჩინეთისა და მონღოლეთის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს რუსმა სასულიერო პირებმა.
1728 წელს ვ. ბერინგ-ა. ჩირიკოვის კამჩატკის პირველი რუსული ექსპედიცია პირველად შევიდა ბერინგის სრუტეში სამხრეთიდან. კამჩატკის მეორე (ჩრდილოეთის დიდი) ექსპედიცია (1733—1743), მათივე ხელმძღვანელობით შეისწავლიდა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აზიას, კერძოდ ციმბირს, გეოგრაფიული, გეოლოგიური, ბოტანიკური, ისტორიული და კარტოგრაფიული თვალსაზრისით. ამ ექსპედიციის მონაწილეებმა, დ. და ხ. ლაპტევებმა, ს. ჩელუსკინმა და სხვებმა რუკაზე დაიტანეს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აზიური სანაპიროები. 1738—1739 წლებს მიეკუთვნება კურილის კუნძულების რუკაზე დატანა, იაპონიის შემოვლა. 1741 წელს აღმოაჩინეს კომანდორის კუნძულები. 1734—1741 წლებში ი. გმელინმა გამოიკვლია სამხრეთი ციმბირი. 1737—1741 წლებში ს. კრაშენინიკოვმა მეცნიერულად აღწერა კამჩატკა. ჩრდილოეთ აზიის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს რუსულმა ე. წ. აკადემიურმა ექსპედიციებმა (1768—1774). მისმა მონაწილეებმა პ. პალასმა და ი. გეორგიმ შეისწავლეს ციმბირის ბუნება, ვ. ზუევმა — ციმბირის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი, ი. ფლაკმა — სამხრეთ-დასავლეთი; ს. გმელინმა და იოჰან გიულდენშტედტმა — კავკასია.
XVIII საუკუნიდან იწყება ინგლისელების მიერ ჰიმალაის შესწავლა. შორეული აღმოსავლეთის ნაპირები რუკაზე დაიტანეს ფრანგმა ზღვაოსანმა ჟ. ფ. ლაპერუზმა (1787 წ.), რუსმა გეოგრაფმა გ. სარიჩევმა (1789 წ.), ინგლისელმა ზღვაოსანმა უ. ბროუტონმა (1796—1797 წწ.), რუსმა ზღვაოსანმა ი. კრუზენშტენმა (1804—1805 წწ.), იაპონელმა ტოპოგრაფმა მამია რინძომ (1809 წ.), რუსმა ზღვაოსანმა ვ. გოლოვნინმა (1811 წ.). ახალციმბირის კუნძულები აღწერეს რუსმა მოგზაურმა ი. სანიკოვმა (1800-1806 წწ.) და პ. ანჟუმ (1821-1823 წწ.). 1820-1824 წლებში ციმბირის არქტიკას სწავლობდნენ რუსი მკვლევარები ფ. ვრანგელი და თ. მატეუშკინი. 1827—1828 წლებში აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაპირები აღწერა რუსმა ზღვაოსანმა თ. ლიტკემ.
XIX საუკუნეში აზიის კვლევაში დიდი დამსახურება მიუძღვის გერმანელ გეოგრაფ ალექსანდერ ჰუმბოლდტს, რომელმაც აღწერა თავისი მოგზაურობა (1829 წ.) დასავლეთ ციმბირსა და ყაზახეთის სტეპებში. 1832 წელს გერმანელმა გეოგრაფმა კ. რიტერმა გამოაქვეყნა „აზიის დედამიწისმცოდნეობა“. შუა აზიის ვაკეებს სწავლობდნენ რუსი მეცნიერები ე. ევერსმანი (1820—1825 წწ.) და გ. კარელინი (1832—1842 წწ.); სამხრეთ ციმბირის რელიეფსა და წიაღისეულს - რუსი გეოლოგი გ. გელმერსენი (1833—1836 წწ) და გეოგრაფი პ. ჩიხაჩოვი (1842 წ.). 1842—1845 წლებში ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ციმბირს, ხოლო 1877—1878 წლებში ფერღანის ღრმულს სწავლობდა რუსი ბუნებისმეტყველი ა. მიდენდორფი. 1848—1865 წლებში რუსმა აკადემიკოსმა ვ. აბიხმა გამოიკვლია კავკასიის რელიეფი და წიაღი. 1843—1853 წლებში რუსი ზღვაოსანი გ. ნეველსკოი და მისი თანამოღვაწენი იკვლევდნენ სახალინისა და ქვემო ამურისპირეთის ნაპირებს. 1846—63 წლებში პ. ჩიხაჩოვმა გამოიკვლია მცირე აზია. 1848—63 წლებში რუსმა ზღვაოსანმა ა. ბუტაკოვმა აღწერა არალის ზღვა, ამუდარია და სირდარია. ცნობები ჩინეთის შუა და ჩრდილოეთ ნაწილების შესახებ შეკრიბა ამერიკელი მოგზაურის რ. პამპელისა (1862—1865 წწ.) და გერმანელი გეოგრაფის, ფ. რიხტჰოფენის (1868—1872 წწ.) ექსპედიციებმა. XIX საუკუნის შუა წლებიდან მკვეთრად იზრდება სხვადასხვა ინსტიტუტების, აკადემიების, მუზეუმების, მეტეოსამსახურისა და სამეცნიერო საზოგადოებების კოლექტიური გამოკვლევების როლი. ინგლისელებმა შექმნეს სამეფო ბენგალიური სააზიო საზოგადოება, ფრანგებმა — სააზიო საზოგადოება პარიზსა და ჰანოიში, ჰოლანდიელებმა — სამხრეთ აზიის შემსწავლელი საზოგადოება, გერმანელებმა — აღმოსავლეთ აზიის შემსწავლელი საზოგადოება და გერმანიის აღმოსავლეთური საზოგადოება. XIX საუკუნის ბოლოს ფართო საქმიანობა გააჩაღეს იაპონურმა კვლევითმა დაწესებულებებმა, სამეცნიერო საზოგადოებებმა და სამხედრო-გეოგრაფიულმა დაწესებულებებმა. 1845 წელს შეიქმნა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება. ჩრდილოეთ აზიის შესწავლას ხელს უწყობდა ციმბირის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანა. ჩრდილო-აღმოსავლეთი გასასვლელის ათვისების იდეა, რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ ლომონოსოვმა წამოაყენა XVIII საუკუნეში, პირველმა განახორციელა პოლარეთის მკვლევარმა შვედმა ნ. ა. ე. ნორდელშენდმა 1878—1879 წლებში. მან საზღვაო გზით შემოუარა ჩრდილოეთ აზიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. რუსეთის ექსპედიციამ ბ. ვილკიცკის მეთაურობით 1913—1915 წლებში გაიარა ეს გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და აღმოაჩინა ჩრდილოეთის მიწა.
შვედი სვენ ჰედინი სწავლობდა ცენტრალურ აზიას. 1893—1908 წლებში მან აღმოაჩინა განდისიშან-ტრანსჰიმალაი და განაგრძობდა კვლევას 1927—1935 წლებში.
XX საუკუნეში იაპონიაში შეიქმნა აღმოსავლეთ აზიის შემსწავლელი გეოლოგიურ-გეოგრაფიული სკოლა (ბ. კოტო, ნ. იამაძაკი, ხ. იაბე, ტ. კობაიასი და სხვა). მეორე მსოფლიო ომის წინ სამხედრო მოქმედების წყნაროკეანური არეალის მოსამზადებლად იაპონიისა და აშშ-ის სამხედრო-გეოგრაფიულმა სამსახურებმა ვრცელი ტოპოგრაფიული აგეგმვა ჩაატარეს.
აზიის ისტორია
უძველესი ცივილიზაციები
აზია სამი უძველესი ცივილიზაციის სამშობლოა. მათგან ყველაზე ძველია შუმერი, რომელიც ძვ. წ. VI-III ათასწლეულებში არსებობდა მესოპოტამიაში, მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის გარშემო. ცივილიზაცია შუმერში რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში არსებობდა და ვითარდებოდა. ზოგადად, უძველესი ცივილიზაციები სწორედ მდინარეთა გარშემო ჩამოყალიბდნენ — ინდის ცივილიზაცია ძვ. წ. 2000-2500 წლებში მდინარე ინდის ველზე განვითარდა. ქალაქების მოჰენჯო-დაროსა და ჰარაპას გარდა,[25] ამ ადრეული ცივილიზაციის შესახებ თითქმის არაფერია დარჩენილი. თუმცა ეს ქალაქები იმდენად კარგად გათვლილი გეგმის მიხედვითაა აგებული, რომ აშკარაა აქ ცივილიზაცია საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა. ინდის ველზე გაშლილი ქალაქების ქუჩები მოკირწყლული იყო, სახლები დაცული იყოს ხმაურის, სუნისა და ქურდებისაგან, ჰქონდათ საკუთარი ჭები და სანიტარული კვანძები. ქალაქებს ჰქონდა კანალიზაცია. ძვ. წ. 1700-იან წლებში ინდის ველზე გაშლილი ცივილიზაცია განადგურდა, თუმცა მიზეზი საიდუმლოდ რჩება. ჩინური კი ხუანხესა და იანძის გარშემო ჩამოყალიბდა.[26] აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს არსებობა არასდროს შეუწყვეტია და ძვ. წ. 3500 წლიდან უწყვეტად გრძელდება. ამ ცივილიზაციებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს აზიის მომავალ განვითარებაზე. შუმერების გამოგონებათა შორისაა დამწერლობა, ბორბალი და ირიგაცია.[27]
ევროპული კოლონიალიზმი
ვასკო და გამას მიერ ინდოეთამდე საზღვაო გზის აღმოჩენისა და მაგელანის ექსპედიციის შემდეგ ესპანელებმა და პორტუგალიელებმა აზიის ქვეყნების საკუთარ კოლონიებად გადაქცევა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელთა კოლონიები ძირითადად სავაჭრო მიზნებს ემსახურებოდა და ფართობით არ გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა მათ კოლონიები XX საუკუნის მეორე ნახევრამდე შეინარჩუნეს (გოა ინდოეთში, მაკაო ჩინეთში, აღმოსავლეთი ტიმორი და სხვა). XVI საუკუნის 60-70-იან წლებში ესპანელებმა დაიწყეს ფილიპინების დაპყრობა. პორტუგალიისა და ესპანეთის მიერ დაწყებული აზიის კოლონიზაცია XVII საუკუნეში ნიდერლანდებმა და ინგლისმა განაგრძეს. 1602 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ექსპლუატაცია-შესწავლას სათავეში ჩაუდგა ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანია,[28] რომელიც 1619 წლიდან იავაზე დამკვიდრდა. XVII—XIX საუკუნეებში ინდონეზია ხელთ იგდეს ჰოლანდიელმა კოლონიზატორებმა.[29]
XVIII—XIX საუკუნეებში ინდოეთი ინგლისის კოლონიად გადაიქცა. XIX საუკუნეში მათვე დაიპყრეს ბირმა, ფრანგებმა - ვიეტნამი, კამბოჯა და ლაოსი, ამერიკელებმა — ფილიპინები. XIX—XX საუკუნეებში აზიის მრავალ არაბულ ქვეყანაში ბრიტანეთი და საფრანგეთი გაბატონდნენ. ევროპულ კოლონიზაციას მხოლოდ რამდენიმე აზიური ქვეყანა გადაურჩა, თუმცა ისინიც მათ ძლიერ გავლენას განცდიდნენ. XIX—XX საუკუნეებში მნიშვნელოვან იმპერიას წარმოადგენდა რუსეთის იმპერია. აზიის დეკოლონიზაციის პროცესი არსებითად XX საუკუნის მეორე ნახევარში დასრულდა. სწორედ ამ დროს მიიღო დამოუკიდებლობა ევროპული ქვეყნების კოლონიების უმეტესობამ.[30]
XX ს-ის დასაწყისისათვის აზიის ქვეყნების უმეტესობა ევროპულ სახელმწიფოთა კოლონიებს წარმოადგენდა, დასავლეთი აზიის დიდი ნაწილი კი ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა. ომის საწყის პერიოდში აზიურ ფრონტს რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი წარმოადგენდა, სადაც, ძირითადად რუსეთისა და ოსმალეთის ჯარები ებრძოდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ოპერაციებმა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, დასავლეთ აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერია მსოფლიოს რუკიდან გაქრა. მის ადგილას თურქეთი გაჩნდა, მისი პროვინციების უმეტესობა კი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამფლობელოებად იქცა.[31][32]
პირველ მსოფლიო ომში ევროპული მეტროპოლიები აქტიურად იყენებდნენ საკუთარი კოლონიების ფიზიკურ და ეკონომიკურ რესურსებს, რის გამოც ომში აზიის მრავალი ქვეყანა მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ოპერაციები აზიის მცირე ნაწილზე მიმდინარეობდა.
მეორე მსოფლიო ომი აზიისათვის ევროპაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. საბრძოლო მოქმედებებმა უზარმაზარი ტერიტორია მოიცვა: ჩინეთი, კორეა, ინდოჩინეთის ნახევარკუნძული, მალაის არქიპელაგი და მიმდებარე ტერიტორიები. აგრესორსა და ოკუპანტს იაპონია წარმოადგენდა, რომელმაც იმპერიის გასაფართოვებლად ბრძოლა ადრევე დაიწყო, მაგრამ ომის განმავლობაში ამან განსაკუთრებით მძაფრი ხასიათი მიიღო. იაპონიის ჯარებმა და ფლოტმა უზარმაზარი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს, თუმცა მოკავშირეების, გერმანიისა და იტალიის დამარცხების შემდეგ მოკავშირეებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. საბჭოთა კავშირმა დაიწყო საომარი ოპერაციები კორეისა და ჩინეთის გასათავისუფლებლად. ინგლისელებმა და ამერიკელებმა კი გაათავისუფლეს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. იაპონია დანებებას არ აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა[33][34] განახორციელეს, იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. სწორედ ეს თარიღი — 1945 წლის 2 სექტემბერი ითვლება ომის დასასრულად. იაპონიამ დაკარგა არა მხოლოდ დაპყრობილი ტერიტორიები, არამედ ჩრდილოეთი სახალინი და კურილის კუნძულებიც, რომლებიც საბჭოთა კავშირს გადაეცა. ომმა უზარმაზარი მატერიალური და ადამიანური ზარალი მიაყენა მრავალ ქვეყანას. მეორე მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა აზიის მომავალი განვითარება. იაპონიამ დომინანტი ქვეყნის სტატუსი დაკარგა და ადგილი საბჭოთა კავშირს დაუთმო. ომის დასრულებას კოლონიებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურება მოჰყვა, რის შემდეგაც მრავალმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
XX საუკუნის მეორე ნახევარი
XX საუკუნის მეორე ნახევარი, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომი პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მღელვარე და დაძაბული იყო აზიის ისტორიაში. ამ პერიოდს მიეკუთვნება კორეის ომი, ვიეტნამის ომი, ავღანეთის ომი, ისრაელისა და არაბული სამყაროს ომები, რომელთაგან უმეტესობაც აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის დაპირისპირებათა ნაწილს წარმოადგენდა და მათი ჩარევით ხორციელდებოდა. აღსანიშნავია ის პოლიტიკური მოვლენები, რომლებმაც მრავალი ქვეყნის განვითარება შეცვალა. მაგალითად ირანის ისლამური რევოლუცია, რომელმაც ირანი მონარქიულიდან ისლამურ-თეოკრატიულ სახელმწიფოდ აქცია. სწორედ ამ პერიოდში მიიღო ბევრმა კოლონიამ დამოუკიდებლობა ევროპული მეტროპოლიებისაგან. მათ შორის ინდოეთმა, შრი-ლანკამ, მიანმარმა, ინდონეზიამ, ლაოსმა, კამბოჯამ, ვიეტნამმა. სხვადასხვა მოვლენათა შედეგად პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდნენ პაკისტანი, ბანგლადეში, მალაიზია, ისრაელი, იემენი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთი კორეა.
ამ ეპოქის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, რის შედეგადაც აზიის რუკაზე გაჩნდნენ რუსეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. აღსანიშნავია ნატოს სამხედრო ოპერაცია ავღანეთში,[35] სპარსეთის ყურის ომი, ირან-ერაყის ომი და სხვა კონფლიქტები. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა აზიის დღევანდელი სახე.
XXI საუკუნე
XXI საუკუნის დასაწყისი აზიისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძვრებით ხასიათდება. აღსანიშნავია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც სხვა კონტინენტებთან ერთად აზიაც დააზარალა; არაბული გაზაფხული, რომელმაც 2010—2011 წლებში თითქმის მთელი დასავლეთი აზია მოიცვა; სირიის სამოქალაქო ომი; 2012 წლის სპარსეთის ყურის კრიზისი[36] და სხვა. XXI საუკუნეში აზიის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ტერორიზმია, რომლის მსხვერპლიც ყოველ წელს (განსაკუთრებით ისლამურ ქვეყნებში) მრავალი ადამიანი ხდება.
თანამედროვე აზიის კონფლიქტები
- ნეპალის სამოქალაქო ომი
- ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი
- მთიანი ყარაბაღის (სომხეთ-აზერბაიჯანის) კონფლიქტი[37]
- სირიის სამოქალაქო ომი[38]
- ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი[39]
- მიანმარის სამოქალაქო ომი[40]
- ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო
- ტაილანდის სამხედრო გადატრიალება (2014)[41]
- არაბული გაზაფხული[42][43][44]
ეკონომიკა
აზიის ქვეყნების ვალუტები
ცხრილში მოცემულია აზიის ყველა სუვერენული ქვეყნის ვალუტა.
* — ეს ქვეყნები ნაწილობრივ ევროპაში მდებარეობენ.
აზიის ქვეყნების პირველი ხუთეული ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის (ნომინალი) მიხედვით
ცხრილში მოცემულია აზიის ქვეყნების პირველი ხუთეული ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის (ნომინალი) მიხედვით საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2011 წლის მონაცემებით.[45]
ქვეყანა | USD[46] |
---|---|
კატარი | 97 967 |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 66 625 |
სინგაპური | 50 714 |
ქუვეითი | 46 461 |
იაპონია | 45 774 |
რელიგია
ე. წ. „მსოფლიოს რელიგიებს” (ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი) დასაბამი აზიაში მიეცათ. დღეს აზიაში ძირითადად გავრცელებულია:
- ბუდიზმი დღეს უმთავრესად გავრცელებულია ინდოჩინეთის ქვეყნებსა და შრი-ლანკაზე, ჩინეთში ის არსებობს კონფუციანელობასა და დაოსიზმთან ერთად, კორეაში — კონფუციანელობასთან ერთად, იაპონიაში - შინტოიზმთან ერთად. ლამაიზმის ფორმით ბუდიზმს აღიარებენ მონღოლეთსა და ტიბეტში.
- ინდუიზმი ძირითადად გავრცელებულია ინდოეთში, შრი-ლანკაზე, ნეპალში, პაკისტანში და კუნძულ ბალიზე ინდონეზიაში.
- ისლამის გავრცელების არეალია არაბეთის ნახევარკუნძული, ირანი, შუა აზია, თურქეთი, ერაყი, სირია, პაკისტანი, ინდონეზია, მალაიზია. აღიარებენ სხვა ქვეყნებშიც.
- შინტოიზმი ძირითადად მხოლოდ იაპონიაშია გავრცელებული.
- ჯაინიზმი უმთავრესად ინდოეთშია გავრცელებული.
- დაოსიზმი გავრცელებულია ჩინეთში.
- სიქიზმი უმთავრესად გავრცელებულია ინდოეთის პენჯაბის შტატში.
- ზოროასტრიზმს ჰყავს მცირერიცხოვანი მიმდევრები ირანსა და სამხრეთ აზიაში.
- ქრისტიანობა ძირითადად გავრცელებულია საქართველოში, სომხეთში, კვიპროსზე, ლიბანში, რუსეთის აზიურ ნაწილსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.
- იუდაიზმი მიეკუთვნება ეროვნულ რელიგიათა ჯგუფს და იგი გავრცელებულია ისრაელში.
ენები
აზიაში (და მთელ მსოფლიოშიც) ყველაზე გავრცელებული ენაა ჩინური, რომელზეც 1,3 მილიარდი ადამიანი ლაპარაკობს. ჩინურის გარდა აღსანიშნავია ჰინდი, არაბული, ბენგალური და იაპონური ენები, ასევე კორეული, თურქული, სპარსული, ინდონეზიური, ტაი და სხვა.
კულტურა
აზიას ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურაა გააჩნია. მათგან ზოგიერთი (შუმერული ცივილიზაცია, ინდის ცივილიზაცია და ჩინური ცივილიზაცია) მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციათა რიცხვს მიეკუთვნება. აღსანიშნავია ისლამური კულტურაც, რომელიც მათსავით ძველი არაა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთის, შუა და სამხრეთი აზიის ქვეყნების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. არაბულმა კულტურამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ჩრდილოეთი აფრიკისა და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის, განსაკუთრებით, ესპანეთის განვითარებაში და მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია მათ კულტურასა და ისტორიას. აღმოსავლეთ აზიის კულტურები მრავალი საუკუნის განმავლობაში გარე სამყაროსაგან იზოლაციაში ვითარდებოდნენ, თუმცა XIX და განსაკუთრებით, XX საუკუნიდან მათ ფართო გავრცელება ჰპოვეს არა მხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ აზიურ კულტურას ფართო გავრცელების არეალი აქვს, თითოეულ ქვეყანას მაინც მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური კულტურა გააჩნია.
მსოფლიო მემკვიდრეობიდან აზიაშია 209 ობიექტი (იხილეთ: მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია აზიასა და ოკეანეთში).
ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში
ბენგალელი მწერალი და პოეტი რაბინდრანათ თაგორი იყო პირველი აზიელი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1913 წელს.[47] ეს პრემია ლიტერატურის დარგში ასევე მიიღეს იასუნარი კავაბატამ (იაპონია, 1968 წ),[48] კენძაბურო ოემ (იაპონია, 1994 წ),[49] გაო სინცზიანმა (ჩინეთი, 2000 წ),[50] ორჰან ფამუქმა (თურქეთი, 2006 წ)[51] და მო იანმა (ჩინეთი, 2012 წ).[52]
პოლიტიკური რუკა
ამჟამად აზიის ტერიტორიაზე მდებარეობს 48 სუვერენული სახელმწიფო, 3 სამფლობელო და 2 გაურკვეველი საერთაშორისო სტატუსის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ აზიის მრავალ ქვეყანას აწუხებს სეპარატიზმის პრობლემა. აზიის ქვეყნების მრავალი რეგიონი ცენტრალურ ხელისუფლებას არ ემორჩილება და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძვის, რაც მრავალ პოლიტიკურ და სამხედრო კონფლიქტს იწვევს. ამჟამად აზიაში მრავალი დე ფაქტო დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულია, რომლებიც არ არიან აღიარებულნი საერთაშორისო საზოგადოების მიერ (მაგ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, თამილ-ილამი, ერაყის ქურთისტანი და სხვა).
აზიის სუვერენული სახელმწიფოებია:
ქვეყანა | სახელწოდება ოფიციალურ ენაზე | დროშა | გერბი | დედაქალაქი | ფართობი (კმ²) | მოსახლეობის რაოდენობა | სიმჭიდროვე (ად./კმ²-ზე) |
---|---|---|---|---|---|---|---|
ავღანეთი | د افغانستان اسلامي جمهوریت جمهوری اسلامی افغانستان |
ქაბული | 647 500 | 30 419 928 | 47 | ||
აზერბაიჯანი ¹ | Azərbaycan Respublikası | ბაქო | 86 600 | 9 493 600 | 109,6 | ||
არაბთა გაერთიანებული საამიროები | الإمارات العربيّة المتّحدة | აბუ-დაბი | 83 600 | 5 314 317 | 63,5 | ||
აღმოსავლეთი ტიმორი | Repúblika Demokrátika Timór Lorosa'e República Democrática de Timor-Leste |
დილი | 14 874 | 1 143 667 | 76,8 | ||
ბანგლადეში | গণপ্রজাতন্ত্রী বাংলাদেশ | დაკა | 147 570 | 150 039 000 | 1016,7 | ||
ბაჰრეინი | مملكة البحرين | მანამა | 760 | 1 248 348 | 1642,5 | ||
ბრუნეი | بروني دارالسلام | ბანდარ-სერი-ბეგავანი | 5 765 | 408 786 | 70,9 | ||
ბჰუტანი | ྲུག་ཡུལ Druk Yul |
თიმფუ | 38 394 | 716 896 | 18,6 | ||
ერაყი | جمهورية العراق (არაბ.) كۆماری عێراق (ქურთ.) |
ბაღდადი | 438 317 | 31 129 225 | 71 | ||
ვიეტნამი | Cộng hòa Xã hội Chủ nghĩa Việt Nam | ჰანოი | 331 212 | 91 519 289 | 276,3 | ||
თურქეთი ¹ | Türkiye Cumhuriyeti | ანკარა | 783 562 | 79 749 460 | 101,7 | ||
თურქმენეთი | Türkmenistan | აშხაბადი | 488 100 | 5 054 828 | 10,3 | ||
იაპონია | 日本国 | ტოკიო | 377 915 | 127 368 088 | 337 | ||
იემენი | الجمهورية اليمنية | სანა | 527 968 | 24 771 809 | 46,9 | ||
ინდოეთი | भारतीय गणराज्य Bhārat Ganarājya Republic of India |
ნიუ-დელი | 3 287 263 | 1 205 073 612 | 366,5 | ||
ინდონეზია | Republik Indonesia | ჯაკარტა | 1 904 569 | 248 645 008 | 130,5 | ||
იორდანია | المملكة الأردنية الهاشمية | ამანი | 89 342 | 6 508 887 | 72,8 | ||
ირანი | جمهوری اسلامی ايران | თეირანი | 1 648 195 | 78 868 711 | 47,8 | ||
ისრაელი | מדינת ישראל | იერუსალიმი | 20 770 | 7 590 758 | 365,4 | ||
კამბოჯა | Preăh Réachéanachâkr Kâmpŭchea | პნომპენი | 181 035 | 14 952 665 | 82,3 | ||
კატარი | دولة قطر | დოჰა | 11 586 | 1 951 591 | 168,4 | ||
კვიპროსი | Κυπριακή Δημοκρατία Kıbrıs Cumhuriyeti |
style="text-align:center;" | style="text-align:center;"|ნიქოზია | 9 251 | 1 099 341 | 118,8 | |
ლაოსი | ສາທາລະນະລັດ ປະຊາທິປະໄຕ ປະຊາຊົນລາວ | ვიენტიანი | 236 800 | 6 586 266 | 27,8 | ||
ლიბანი | الجمهورية,اللبنانية | ბეირუთი | 10 400 | 4 140 289 | 398,1 | ||
მალაიზია | Malaysia | კუალა-ლუმპური | 329 847 | 29 179 952 | 88,4 | ||
მალდივის რესპუბლიკა | ދިވެހި | მალე | 298 | 394 451 | 1323,6 | ||
მიანმარი (ბირმა) | ပြည်ထောင်စု သမ္မတ မြန်မာနိုင်ငံတော် | ნაიფიიდო | 676 578 | 54 584 650 | 80,6 | ||
მონღოლეთი | Монгол Улс Mongol Uls |
ულან-ბატორი | 1 564 116 | 3 179 997 | 2 | ||
ნეპალი | लोकतान्त्रिक गणतन्त्र नेपाल | კატმანდუ | 147 181 | 29 890 686 | 203 | ||
ომანი | سلطنة عُمان | მასკატი | 309 500 | 3 090 150 | 9,9 | ||
პაკისტანი | اسلامی جمہوریۂ پاکستان Islamic Republic of Pakistan |
ისლამაბადი | 796 095 | 190 291 129 | 239 | ||
რუსეთი ¹ | Российская Федерация | მოსკოვი | 17 098 242 | 142 517 670 | 8,3 | ||
სამხრეთი კორეა | 대한민국 | სეული | 100 210 | 50 004 441 | 498,9 | ||
საუდის არაბეთი | المملكة العربية السعودية | ერ-რიადი | 2 149 690 | 26 534 504 | 12,3 | ||
საქართველო ¹ | საქართველო | თბილისი | 69 700 | 4 570 934 | 65,5 | ||
სინგაპური | Republik Singapura 新加坡共和国 சிங்கப்பூர் குடியரசு Republic of Singapore |
სინგაპური | 697 | 5 353 494 | 7680,7 | ||
სირია | الجمهورية العربية السورية | დამასკო | 185 180 | 22 530 746 | 121,6 | ||
სომხეთი | Հայաստանի Հանրապետություն | ერევანი | 29 743 | 3 229 900 | 108,5 | ||
ტაილანდი | ราชอาณาจักรไทย | ბანგკოკი | 513 120 | 67 091 089 | 130,7 | ||
ტაჯიკეთი | Ҷумҳурии Тоҷикистон | დუშანბე | 143 100 | 7 768 385 | 54,2 | ||
უზბეკეთი | O‘zbekiston Respublikasi | ტაშკენტი | 447 400 | 28 394 180 | 63,4 | ||
ფილიპინები | Repúbliká ng̃ Pilipinas Republic of the Philippines |
მანილა | 300 000 | 88 574 614 | 295,2 | ||
ქუვეითი | دولة الكويت | ქუვეითი | 17 818 | 2 646 314 | 148,5 | ||
ყაზახეთი ¹ | Қазақстан Республикасы Республика Казахстан |
ნურ-სულთანი | 2 724 900 | 17 522 010 | 6,4 | ||
ყირგიზეთი | Кыргыз Республикасы Кыргызская Республика |
ბიშკეკი | 199 951 | 5 264 000 | 26,3 | ||
შრი-ლანკა | இலங்கை சனநாயக சோஷலிசக் குடியரசு | შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე | 65 610 | 20 743 000 | 316,1 | ||
ჩინეთი | 中华人民共和国 | პეკინი | 9 596 960 | 1 339 724 852 | 139,6 | ||
ჩრდილოეთ კორეა | 조선민주주의인민공화국 朝鮮民主主義人民共和國 |
ფხენიანი | 120 540 | 24 589 122 | 203,9 |
1 ნაწილობრივ ევროპაში მდებარეობს.
გაურკვეველი საერთაშორისო სტატუსის ტერიტორიებია:
ტერიტორიის სახელი | სტატუსი | დროშა | გერბი | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობის რაოდენობა | სიმჭიდროვე ად./კმ²-ზე |
---|---|---|---|---|---|---|---|
პალესტინა | გაეროს „არაწევრი სახელმწიფო“.[53] აღიარებულია რამდენიმე სახელმწიფოს მიერ. | იერუსალიმი (ოფიციალური) რამალა და ღაზა (ადმინისტრაციული) | 6 020 | 4 260 636 | 707,7 | ||
ტაივანი | დე-ფაქტო სუვერენული ქვეყანაა, თუმცა მას არ აღიარებს ჩინეთი და ქვეყნების უმრავლესობა.[54] | ტაიპეი | 35 980 | 23 174 528 | 644 |
აზიის ტერიტორიას ეკუთვნის ავსტრალიის 3 კუნძულოვანი სამფლობელო:
იხილეთ აგრეთვეაზიასთან დაკავშირებული სტატიები
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|