ტყეტუნდრის ზონა
ტყეტუნდრის ზონა — ბუნებრივი ზონა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბარქტიკულ სარტყელში; გარდამავალია ზომიერი სარტყლის ტყის ზონასა (სამხრეთი) და ტუნდრის ზონას (ჩრდილოეთი) შორის. გადაჭიმულია როგორც 30—50-იდან 300-400 კმ სიგანის ზოლი ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ტყესა და ნათელ ტყეს უკავია ტერიტორიის 10—20% ზონის ჩრდილოეთ ნაწილში და 40—50% სამხრეთ ნაწილში. თბილი პერიოდი დაახლოებით 4 თვემდე გრძელდება. ხმელეთის ზედაპირი წლის განმავლობაში იღებს 335 კჯ/სმ²-მდე (60 კკალ/სმ²-მდე) სითბოს. ივლისა და აგვისტოს საშუალო ტემბერატურაა 10—14°C, იანვარი — 10-დან —40°C-მდე. ღამის წაყინვები და თოვა მოსალოდნელია მთელი წლის განმავლობაში. ნალექები 200—400 მმ წელიწადში, თოვლის საბურველის სისქე 1 მკ აღწევს. მრავალწლიური მზრალი ქანები გავრცელება და აორთქლების სიმცირე იწვევს დაჭაობებას. ნიადაგები (ლებიან-ეწერი და ტორფიან-ჭაობიანი) მწირი და მცირე სისქისაა.ლანდშაფტი ნათელი ტყის, ტუნდრის, ჭაობისა და მდელოს რთულ კომპლექსს წარმოადგენს. ცხოველებიდან ბინადრობს ჩრდილოეთის ირემი, მგელი, სამურავი, კურდღელი; ფრინველებიდან — თეთრი გნოლი, ბატი, იხვი და სხვა. ტერიტორიის 85-90%გამოყენებულია ირმის საძოვრად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 86.