ამფიბიები, წყალხმელეთა ცხოველები (ლათ. Amphibia) სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნული ენიდან: αμφις — "ორივე" და βιος — "სიცოცხლე" — ხერხემლიანი ცხოველების კლასი, რომელსაც გამომუშავებული აქვს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე არსებობის უნარი. ამფიბიები წყლიდან წყალხმელეთა ცხოვრების ნირზე გადასული პირველი ხერხემლიანები არიან.

ამფიბიები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ამფიბიები
ლათინური სახელი
Amphibia

თევზების მსგავსად ისინიც ქვირითს ყრიან (ზოგი ცოცხალ მშობია), რადგან მათ კვერცხებსა და ჩანასახს არა აქვთ ხმელეთზე განვითარების სამარჯვები (უამნიონოები). უმეტეს შემთხვევაში განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს. ამფიბიების სხეულის ორგანიზაცია არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ხმელეთის ხერხემლიანებისა. მათი სხეულის ტემპერატურა ცვალებადია, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა - დაბალი და სხვა.

თანამედროვე ამფიბიებს ეკუთვნის 2850-მდე სახეობა, რომლებიც ერთიანდება 3 რიგში: უფეხო ამფიბიები, კუდიანი ამფიბიები და უკუდო ამფიბიები. ამფიბიების კანი შიშველი, რბილი და ნოტიოა, შეიცავს ნაირგვარი სეკრეტის გამომზოფ ჯირკვლებს. ზოგ ამფიბიას შხამის გამომყოფი ჯირკვლები აქვს (სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი გომბეშო). ამფიბიებს ორი კეფის როკი აქვთ. მალათა რაოდენობა 9-იდან (უკუდო ამფიბიების უმრავლესობა) 275-მდე (უფეხო ამფიბიები) მერყეობს. უკუდო ამფიბიების უმრავლესობის ნეკნები მთლიანად რედუცირებულია. წინა ტვინი, რომლის ნახევარსფეროები მთლიანად გაყოფილია, კარგადაა განვითარებული, ხოლო ნათხემი - სუსტად. თავის ტვინიდან გამოდის 10 წყვილი ნერვი. ამფიბიების ლარვებს გვერდითი ხაზის ორგანოები (გვერდითი ხაზი) აქვთ. ნიადაგში მცხოვრებ უფეხო ამფიბიებსა და მღვიმეებში ბინადარ კუდიან ამფიბიებს სუსტად აქვთ განვითარებული თვალები.

ყველა ზრდასრული ამფიბია ცხოველებით იკვებება. გომბეშოებსა და პიპებს კბილები არა აქვთ. სარჩოს დაჭერაში მათ ხელს უწყობს საკმაოდ გრძელი და მოძრავი ენა, რომელიც წებოვან ლორწოს გამოყოფს. საჭმლის მომნელებელი მილი მოკლეა. ზრდასრული ამფიბიები ძირითადად ფილტვებით სუნთქავენ, ხოლო ლარვები — ლაყუჩებით. სუნთქვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანი. ზოგი ამფიბია (მაგ. უფილტვო სალამანდრებნი) მხოლოდ კანით სუნთქავს. წყალში ბინადარი კუდიანი ამფიბიები კი მთელი სიცოცხლე — ლაყუჩებით.

ლარვების სისხლის მიმოქცევა თევზებისას ჰგავს. ზრდასრული ამფიბიების გული სამკანიანია: შედგება 2 წინა გულისა და 1 პარკუჭისაგან. მარცხენა წინა გულში არტერიული სისხლია, მარჯვენაში — ვენური. პარკუჭიში ხდება არტერიული და ვენური სისხლის ნაწილობრივი შერევა. ამფიბიების უმრავლესობა ქვირითს წყალში ყრის, აქვე ხდება მათი განაყოფიერება. უფეხო ამფიბიებს, კუდიანი ამფიბიების უმრავლესობას და ზოგ უკუდო ამფიბიას ახასიათებს შინაგანი განაყოფიერება. ყრიან 3-დან 28- ათასამდე კვერცხს. ცოცხალმშობნი 2-დან 25-მდე ნაშიერს შობენ. უკუდო ამფიბიების ლარვა (თავკომბალა) მეტად განსხვავდება ზრდასრული ცხოველისაგან. მეტამოფფოზის დამთავრებისათვის გარეგანი ლაყუჩები და კუდი ქრება, ვითარდება წყვილი კიდური, ფილტვები და სხვა. ზოგი კუდიანი ამფიბიის (ამბისტომა) ლარვა მეტამორფოზის გარეშე მწიფდება სქესობრივად და მრავლდება (იხ. ნეოტენია).ზოგი ამფიბია თავისებურად ზრუნავს შთამომავლობაზე მაგ., ბაყაყი-მეანი თავკომბალების გამოჩეკამდე ქვირითს უკანა კიდურებზე ატარებს. დარვინის რი რინოდერმა (მამალი) — პირის ღრუში ინახავს, ჩანთოსანი ვასაკა და პიპა (დედლები) ზურგით ატარებენ და სხვა. ამფიბიები სქესობრივად უმეტესად 3-4 წლის ასაკში მწიფდებიან. ცოცხლობენ რამდენიმე წლიდან 50 წლამდე. ბინადრობენ ტენიანსა და ჩრდილოან ადგილებში.

ამფიბიები თითქმის მთელ მსოფლიოში არიან გავრცელებული, მაგრამ ყველაზე მეტად ტროპიკებში გვხვდებიაბ. მხოლოდ ტროპიკულ ქვეყნებში ბინადრობენ უფეხო ამფიბიები, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში — კუდიანი ამფიბიები, ხოლოუკუდო ამფიბიები — თითქმის მთელ მსოფლიოში. ამფიბიები არ არიან ოკეანის ზოგ კუნძულზე, არქტიკულსა და ანტრაქტიკულ ქვეყნებში, ალპურ ზონაში, უდაბნოებში, მლაშე წყალსატევებში და სხვა.

საქართველოში ამფიბიებიდან გვხვდება ჩვეულებრივი ტრიტონი, მცირეაზიური ტრიტონი, კავკასიური სალამანდრა, მწვანე გომბეშო, სირიული მყვარი, კავკასიური ჯვრიანა, ჩვეულებრივი ვასაკა, ტბის ბაყაყი, ამიერკავკასიური ბაყაყი და სხვა.

ამფიბიების უმრავლესობას სარგებლობა მოაქვს: ისინი ანადგურებენ სახახლხო მეურნეობის მავნებლებს. ზოგი კი სარეწაო ცხოველის (წავი, წაულა და სხვა) საკვებია. ბევრ ქვეყანაში (საფრანგეთი, იტალია, აშშ და სხვა) ზოგიერთი სახეობის ამფიბიებს საკვებად იყენებენ. ამფიბიების საუკეთესო მასალაა სამეცნიერო ცდებისათვის ფიზიოლოგიაში და კარგი ობიექტია ხერხემლიან ცხოველთა ზოოლოგიის შესასწავლად.

ნამარხი ამფიბიები რედაქტირება

ნამარხი ამფიბიები უფრო მრავალრიცხოვანი და ნაირგვარი იყვნენ, ვიდრე თანამედროვენი. ნამარხი ამფიბიების კლასიფიკაცია ემყარება მათი ხერხემლისა და ქალას აგებულების თავისებურებებს. ყველაზე უძველესი და პრიმიტიული ამფიბიებია იქთიოსტეგები, რომლებიც მტევანფარფლიანებს ემსგავსებოდნენ. ნამარხი ამფიბიების მთავარი განშტოებაა ლაბირინთოდონტები, რომლებიდანაც, როგორც ჩანს, გამოიყვნენ ბატრაქოზავრები და მიკროზავრები. ზოგიერთი ნამარხი ამფიბია გიგანტური ზომისა იყო, მისი ქალას სიგრძე 1 -ს აღემატებოდა (მასტოდონზავრი). ნამარხი ამფიბიების უმრავლესობა ცნობილია ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, ზოგი სამხრეთ აფრიკიდან და ინდოეთიდან. ნამარხი ამფიბიების ნაშთები მრავლად გვხვდება რუსეთის ბაქნის აღმოსავლეთ ნაწილში.

ლიტერატურა რედაქტირება