მწვანე გომბეშო (ლათ. Bufo viridis) — უკუდო ამფიბია გომბეშოსებრთა ოჯახისა. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ბინადრობს ნაირგვარ ბიოტოპში, მ. შ. მშრალ ადგილებში, რომელიც არახელსაყრელია სხვა ამფიბიებისათვის. მისი სხეულის სიგრძე 14 სმ-მდე აღწევს. ზემოდან ღია რუხი ან წენგოსფერია, დიდი მუქი მწვანე ლაქები (ხალები) აქვს. ცხოვრობს ხმელეთზე. წყალსატევებში ჩადის მხოლოდ გამრავლების პერიოდში, სადაც ყრის ქვირითს გრძელი თასმის სახით. საკვების მოსაპოვებლად გამოდის შებინდებისას და ღამე. იკვებება ხმელეთის უხერხემლო ცხოველებით. ზამთრის ძილქუშს ატარებს მღრღნელების სოროებში, ორმოებში, ქვების ქვეშ, ფხვიერ მიწაში. კარგად აქვს განვითარებული შხამიანი ჯირკვლები — პაროტიდები, რომლებიც ადამიანისათვის საშიში არ არის