ქვირითი
ქვირითი — თევზების, მოლუსკების, კანეკლიანებისა და წყლის ზოგიერთი სხვა ცხოველის, აგრეთვე ამფიბიების კვერცხები, რომლებსაც დედალი ცხოველი ყრის (დებს) წყალში ლორწოვანი გროვების სახით. მას მკვრივი გარსია არ გააჩნია და წყალშივე ვითარდება მამლის მიერ სათესლე სითხის მოსხმის შემდეგ. თევზების უმრავლესობის ქვირითი სფეროსებრია, ზოგიერთისა — ელიფსური. სარეწაო თევზების ქვირითის ზომა ჩვეულებრივ 0,6-7 მმ-ია.
თევზები განსხვავებული რაოდენობის ქვირითს ყრიან: ძაღლისებრი ზვიგენი — 2-20-ს, კალმახი 500-1000-ს, ზუთხი 400 ათ-მდე, ხოლო მთვარათევზი 300 მლნ-მდე.
ზუთხისებრი თევზების (სვია, ზუთხი, ტარაღანა, ფორეჯი) ქვირითისგან ამზადებენ შავ მარცვალა, პასტერიზებულ, დაწურულ და სხვა სახის ხიზილალას, ხოლო ორაგულისებრთა (კეტა, ღურკანა, ნერკა, ორაგული და სხვა) ქვირითისგან წითელი ხიზილალა მზადდება. გამრავლების პერიოდში ზოგიერთი თევზის ქვირითი შხამიანია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 521.