ღურკანა, გორბუშა (ლათ. Oncorhynchus gorbuscha) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 50 სმ, მასა — 1,5 კგ აღწევს. ყველაზე დიდი ღურკანას სიგრძე 76 სმ, ხოლო წონა 6,8 კგ. გავრცელებულია წყნარ და ჩდილოეთ ყინულოვან ოკეანეებში, მდინარე საკრამენტოდან (აშშ) მდინარე მაკენზამდე (კანადა) და მდინარე
ლენიდან (რუსეთი) კორეამდე. ბინადრობს ასევე კოლის ნახევარკუნძულთან. გამსვლელი თევზია. სატოფედ, ქვირითის დასაყრელად მდინარეებში შედის. ტოფობის წინ მამალს უდიდდება და უმრუდდება ყბა, რომელზედაც დიდი კბილები ეზრდება, ეცვლება შეფერილობა, უჩნდება კუზი. ღურკანა მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია. შედარებით ცივ წყლებში ბინადრობს, სადაც უპირატესობას ანიჭებს 5,6-იდან 14,6°С-მდე ტემპერატურას. 25,8°С ტემპერატურაზე თევზი იღუპება. აკლიმატიზებულია ბარენცისა და თეთრ ზღვებში. ღურკანას მსოფლიო ჭერის ძირითადი ადგილებია კამჩატკა, ალასკა, ოხოტის ზღვა.
ღურკანას იყენებენ ნედლს, დამარილებულს, დაკონსერვებულს. მისი ხიზილალა ორაგულების ქვირითიდან მიღებულ ხიზილალებს შორის საუკეთესოა.