ორაგულისებრნი (ლათ. Salmonidae) — თევზების ოჯახი ორაგულისნაირთა რიგისა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გამსვლელი ან მტკნარი წყლის თევზებია. ზურგის ფარფლში 10–16 სხივი აქვთ, მეორე, ცხიმოვანი ფარფლი სხივებს მოკლებულია.[1] მრავლდებიან მტკნარ წყალში. მრავალი სახეობა აკლიმატიზებულია სამხრეთ ნახევარსფეროს წყლებში. ოჯახის შემადგენლობაში წარმოდგენილია როგორც ანადრომული, ისე მტკნარწყლიანი თევზის სახეობები. ორაგულისებრნი შეიცავს 11 გვარსა და 226 სახეობას.[2] მეტად ცნობილი წარმომადგენლებია: ჩრდილოეთის ორაგული, თევზთეთრა, ღურკანა, კეტა, ნელმა, ნერკა, სიმა, კიჟუჩი, ჩავიჩა, კუმჟა, სიგი, ომული, არქტიკული გოჭალა, იშხანი, ჰარიუსი, ტაიმენი, ლენოკი. სხვადასხვა სახეობის კარგად ცნობილი კრებსითი სახელწოდებებია ორაგული და კალმახი. ორაგულისებრნი გავრცელებულია ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში, აგრეთვე ჩრდილოეთი ნახევარსფეროს მტკნარ წყლებში, შუა და ჩრდილოეთ განედებში. მათი ქვირითის დიდი ბუნებრივი ადგილებია კამჩატკა, სახალინი და კურილის კუნძულები. ორაგულისებრნი ძვირფასი სარეწაო თევზებია, თევზჭერისა და აკლიმატიზაციის კარგი ობიექტები. მათი აქტიური მოპოვება ხორციელდება არა მხოლოდ ძვირფასი წითელი ხორცის, არამედ წითელი ხიზილალის გამოც. განსაკუთრებით ძვირფასია წყნაროკეანური ორაგულების წითელი ხიზილალა.[3] კულტივირებისა და ხელოვნური გამრავლების ობიექტებია ჩრდილოეთის ორაგული, წყნაროკეანური ორაგული და კალმახის სხვადასხვა სახეობა. საქართველოში ორაგულისებრთა ოჯახიდან გავრცელებულია შავი ზღვის ორაგული, ცისარტყელა კალმახი, მდინარის კალმახი, ტბის კალმახი, რიპუსი, პელიადი, ლადოგური სიგი. საქართველოში, ორაგულისებრთა წარმოებაში 99,2 პროცენტით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი.[4]

ორაგულისებრნი

ნერკა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
ლათინური სახელი
Salmonidae
  1. Расс Т.С. Жизнь животных. Том 4, часть 1. Рыбы. Под ред. проф. Т. С. Расса. - М.: Просвещение, 1971.
  2. FAMILY Details for Salmonidae - Salmonids - FishBase
  3. დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 551-552.
  4. სტატისტიკის ეროვნული სამსახური