გვარი (ბიოლოგია)
გვარი (ლათ. Genus) — ძირითადი ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც აერთიანებს ფილოგენეზურად ახლომდგომ სახეობებს. მაგალითად ფიჭვის გვარი (ლათ. Pinus) აერთიანებს ფიჭვის ყველა სახეობას; კატის გვარი (ლათ. Felis) — გარეული კატის სხვადასხვა სახეობას. ბოტანიკური და ზოოლოგიური ნომენკლატურით ყოველი გვარი ერთი სიტყვით (არსებითი სახელით) აღინიშნება. მაგალითად, ლათ. Pinus — ფიჭვი, ლათ. Felis — კატა.
ჩვეულებრივ, გვარში გაერთიანებულია მრავალი ან რამდენიმე სახეობა. მაგრამ არის ისეთი გვარებიც, რომლებშიც მხოლოდ თითო სახეობაა (გინკგო — ლათ. Ginkgo biloba, იხვნისკარტა — ლათ. Ornithorhynchus anatinus), მათ მონოტიპური გვარი ეწოდებათ. მახლობელი გვარები ქმნიან ოჯახს. მაგალითად ძახველისა (ლათ. Viburnum) და ანწლის (ლათ. Sambucus) გვარები გაერთიანებულია ადოქსასებრთა (ლათ. Adoxaceae) ოჯახში,[1] ძაღლისა (ლათ. Canis) და მელის (Vulpes) გვარები — ძაღლისებრთა ოჯახში. ზოგჯერ გვარში გამოყოფენ ქვეგვარებს; გვარსა და ოჯახს შორის კი შუალედ კატეგორიას — ქვეოჯახსა და ტრიბას. მაგალითად, ქერისა და ხორბლის გვარები შედის ქერისებრთა ტრიბაში, ხოლო ონდატრისა და წყლის მემინდვრიას გვარები ქმნიან მემინდვრიების ქვეოჯახს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 134.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სუხიტაშვილი, კახაბერ. საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (2018). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2021