ქერი (ლათ. Hordeum) — ერთ- და მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. ქერის ფესვთა სისტემა ფუნჯაა; ღერო-ღრუ ჩალისფერი, რომლის სიმაღლე 35-135 სმ აღწევს. ფოთოლი სხვა მარცვლოვანებზე უფრო ფართო აქვს. ყვავილედი თავთავია, ნაყოფი — მარცვალია.

ქერი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hordeum

ევრაზიასა და ამერიკაში ცნობილია დაახლოებით 30 სახეობა. მისი სამშობლოა აზია, თუმცა ველური სახით გვხვდება სირიაში, თურქეთში, შუა აზიასა და კავკასიაში. ეგვიპტეში ქერის კულტურა ფარაონების დროიდანაა ცნობილი. სწორედ აქედან გავრცელდა ის საბერძნეთსა და რომის იმპერიაში. XV საუკუნემდე ქერის მარცვლებს ფქვავდნენ და პურს აცხობდნენ. აღსანიშნავია, რომ ძველი მკურნალები სამკურნალოდ იყენებდნენ ქერის მარცვლებსა და ქერის წყალს. ავიცენას მიაჩნდა, რომ ქერი უნიკალურად წმენდს ორგანიზმს.[1]

კულტურაშია 3 სახეობა. სამივეს ხშირად აერთიანებენ ერთ კრებად სახეობაში — სათესი ქერი (ლათ. Hordeum sativum); ბიოლოგიური თავისებურების მიხედვით ქერი იყოფა საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ. ქერის მარცვალი შეიცავს (პროცენტობით): წყალს (13), ცილას (12), ნახშირწყლებს (64,6), უჯრედისს (5,5), ცხიმს (2,1), ნაცრის ელემენტებს (2,8).

ქერი მეტად ღირებული მარცვლოვანი კულტურაა. მარცვლისაგან ამზადებენ ფქვილს და ღერღილს. პურის გამოცხობისას ქერის ფქვილს უმატებენ ხორბლის ფქვილს. ქერი ძვირფასი კონცენტრირებული საკვებია მეღორეობასა და მეფრინველეობაში. იყენებენ ლუდის წარმოებაში, მის ექსტრაქტებს — საფეიქრო, საკონდიტრო და ფარმაცევტულ მრეწველობაში.[2]

  1. ქერით მკურნალობა — სამედიცინო ინტერნეტჟურნალი
  2. ნასყიდაშვილი პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 501.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქერი&oldid=4530124“-დან