ერთლებნიანები (Monocotyledoneae, Monocotyledones ანუ Liliatae), ფარულთესლოვანი მცენარეების კლასი, რომელთა ჩანასახში ერთი ლებანია განვითარებული. ორლებნიანებისაგან განსხვავებით, ერთლებნიანების გამტარი კონები დახურულია და უწესრიგოდ განლაგებული, არა აქვთ წარმომშობი ქსოვილი - კამბიუმი, რის გამოც ღერო და ფესვი სისქეში არ იზრდება; ფოთლები პარალელურ- ან რკალურძარღვიანია, ყვავილის ნაწილები - სამწევრიანია; ჩანასახის ფესვი კვდება და მთავარი ფესვის მაგივრად დამატებითი ფესვები ვითარდება. ღერო სუსტად არის დატოტვილი, ფოთლის ფირფიტა დაუნაწევრებელი და მარტივია. მხოლოდ ზოგიერთ სახეობას აქვს კამბიუმი, რომელიც მალე წყვეტს მოქმედებას. მცირე ნაწილს აქვს ბადისებრძარღვიანი ფოთლები, ოთხწევრიანი ან ორწევრიანი ყვავილები და სხვა.

ერთლებნიანები
თეთრი ასფოდელო (Asphodelus albus)
თეთრი ასფოდელო (Asphodelus albus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ლათინური სახელი
Monocotyledoneae Batsch (1802)

ერთლებნიანებს წინათ ყველაზე პრიმიტიული ყვავილოვან მცენარეებად თვლიდნენ და ფარულთესლოვან მცენარეთა სისტემას სათავეში ათავსებდნენ. ამჟამად ბოტანიკოსთა უმრავლესობა ერთლებნიანების წინაპრად მაგნოლიის ტიპის პრიმიტიულს ორლებნიანებს მიიჩნევს. ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ორივე კლასი წარმოიშვა რომელიღაც საერთო წინაპრისაგან. ერთლებნიანებთა 65 ათასზე მეტი სახეობა გაერთიანებულია 65-70 ოჯახი. გავრცელებულია ყველგან. ჩრდილოეთ და ზომიერ განედებში გვხვდება ბალახოვანი ფორმები, ტროპიკებსა და სუბტროპიკებში - მერქნიანი. ჭარბობენ მდელოს, ველისა და სავანის ბალახნარში. ერთლებნიანებს შორის ბევრია მნიშვნელოვანი საკვები კულტურა (ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, ღომი, შაქრის ლერწამი და სხვა), საკვები ბალახი (ტიმოთელა, წივანა, თივაქასრა და სხვა), პალმა (ფინიკის, ქოქოსის და სხვა), დეკორატიული (ტიტა, შროშანი, სემბული და სხვა), აგრეთვე სამკურნალო, ბოჭკოვანი და სხვა სამეურნეო მნიშვნელობის მცენარე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 4, გვ. 187, თბ., 1979