მცენარეები
მცენარეები (Plantae ანუ Vegetabilia) — ორგანიზმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე ავტოტროფული კვება და ცელულოზის შემცველი სქელგარსიანი უჯრედები. მცენარეებში იშვიათად გვხვდება ჰეტეროტროფული (საპროფიტი და პარაზიტი) სახეობები, რომლებშიც კვების ამ ტიპის გამომუშავება მეორეული მოვლენაა.
მცენარეები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Plantae | ||||||||||||
|
ტრადიციულად მცენარეებს მიაკუთვნებდნენ კიდევ ბაქტერიებს, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს და სოკოებს, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან გამოკვლევებმა გააძლიერა დიდი ხნის წინ გამოთქმული ეჭვი ამ ორგანიზმების მცენარეებთან გაერთიანების შესახებ. ახალი სისტემის მიხედვით, ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (რომელთა უჯრედიც ტიპობრივ ბირთვს მოკლებულია) ერთიანდება პროკარიოტების ქვესამეფოში, სოკოები კი მცენარეებსა და ცხოველებთან ერთად ეუკარიოტების ქვესამეფოში.
მცენარეთა სამყარო, რომელიც 350 ათასზე მეტ სახეობას ითვლის, მოიცავს 3 დიდ ტაქსონს (ქვესამეფო ან ტიპი): წითელ წყალმცენარეებს (Rhodobionta), ნამდვილ წყალმცენარეებს (Phycobionta) და უმაღლეს მცენარეებს (Embryobionta).
ფოტოსინთეზი და მასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური პროცესები შესაძლებლობას იძლევა მცენარეები შეუცდომლად გავარჩიოთ ნებისმიერ სხვა ორგანიზმისაგან, თუმცა ეს სხვაობა განვითარების დაბალ საფეხურზე (განსაკუთრებით ერთუჯრედიანებში) ნაკლებ თვალსაჩინოა. ერთუჯრედიანებში მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების გამიჯვნის სიძნელე მიუთითებს ცოცხალი სამყაროს წარმოშობის ერთიანობაზე, რომლის დანაწილებაც პალეონტოლოგიური მონაცემების საფუძველზე დაახლოებით 3 მლრდ. წლის წინ დაიწყო.
ერთუჯრედიან მცენარეებს აქვთ როგორც საერთოდ უჯრედისათვის დამახასიათებელი ორგანოიდები, ისე სპეციფიკური სტრუქტურებიც (ქრომატოფორი, თავისებურად აგებული გარსი, კარგად გამოხატული ვაკუოლები და სხვა), რაც მათ ეჭვმიუტანლად განასხვავებს ცხოველური ორგანიზმებისაგან.
მცენარეებისთვის დამახასიათებელ საერთო თავისებურებას წარმოადგენს ფოტოსინთეზი. სხვა ნიშან-თვისებები, რაც განსაზღვრავს მათ ზრდას, განვითარებას, ცხოვრების ნირს და სხვა, მცენარეულ სამყაროში არაერთგვაროვანია. მცენარეების მნიშვნელოვანი მორფოლოგიური თავისებურებაა სხეულის ძლიერი დანაწევრება, რაც მათი ზედაპირის დიდ გაზრდას იწვევს. ეს დაკავშირებულია კვების თავისებურებებთან — ატმოსფეროდან აირისა და ნიადაგიდან წყალში გახსნილი მინერალური მარილების შთანთქმასთან. უმაღლეს მცენარეებში (ხავსები, გვიმრანაირები, შიშველთესლოვნები, ფარულთესლოვნები) სხეულის დანაწევრებისა და დიფერენცირების შედეგია სპეციალიზებული სტრუქტურებისა და ორგანოების (ფესვი, ღერო, ფოთოლი და სხვა) გამომუშავება. უმაღლესი მცენარეების განვითარების თავისებურებას შეადგენს უსქესო და სქესიანი თაობების მონაცვლეობა.
მცენარეების გარეგან და შინაგან აგებულებას, მათში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს, გამრავლებას, გავრცელებას, ისტორიულ განვითარების ძირითად ეტაპებს და სხვა შეისწავლის ბოტანიკის სხვადასხვა დარგი.
მცენარეების ბიოლოგიური მნიშვნელობა ჩვენი პლანეტის ცოცხალი სამყაროსთვის განსაკუთრებულია. ცხოველების (ადამიანის ჩათვლით) არსებობა შეუძლებელი იქნებოდა მცენარეების გარეშე, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ მზის ენერგიის ხარჯზე არაორგანულიდან ორგანული ნივთიერებების სინთეზი. ამასთანავე, მცენარეები ფოტოსინთეზის დროს ატმოსფეროდან ითვისებენ ნახშირორჟანგს და გამოყოფენ ჟანგბადს, რის შემწეობითაც ატმოსფერო გამუდმებით ინარჩუნებს სუნთქვისათვის ხელსაყრელ პირობებს.
მცენარეების მრავალფეროვანი სამყაროდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თესლოვან, ძირითადად კი — ყვავილოვან მცენარეებს. მათ განეკუთვნება თითქმის ყველა კულტურული მცენარე, მათ შორის უპირატესად მარცვლეული (ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი, ჭვავი, ქერი, სორგო, ღომი, შვრია). ბამბა, სელი, კანაფი, ჯუთი, რამი და სხვა ბოჭკოვანი მცენარეები ადამიანს უზრუნველყოფს ტანსაცმლითა და ტექნიკური ქსოვილებით. ტყე იძლევა ძვირფას საშენ მასალას, მცენრეული წარმოშობის ტორფი და ქვანახშირი — საწვავს. დღემდე არ დაუკარგავს ეკონომიკური მნიშვნელობა მცენარეულ ბუნებრივ კაუჩუკს. ფისი, ეთერზეთები, საღებავები და სხვა მცენარეული პროდუქტები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის საქმიანობაში. ფასდაუდებელია მცენარეული ვიტამინები და სამკურნალო პრეპარატები. მცენარეული საფარი არა მარტო გვაწვდის ორგანულ ნაერთებს და ჟანგბადს, არამედ ქმნის ცხოველური ორგანიზმების არსებობისათვის აუცილებელ პირობებს დედამიწაზე.
თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად ადამიანმა ისწავლა დიდ ფართობებზე მცენარეული საფრის შექმნა. მაგრამ ადამიანისავე ინტენსიური და განსაკუთრებით კი არარაციონალურმა საქმიანობამ გაანადგურა კიდეც ბუნებრივი მცენარეული საფარი დიდ ფართობებზე და ბევრი სახეობის გაქრობის საშიშროება შექმნა. ბევრ ქვეყანაში მიღებული კანონით უკვე დაიწყეს მცენარეული სამყაროს დაცვა. ბოტანიკური დაწესებულებების ინტენსიური მუშაობის შედეგად შედგენილია „წითელი წიგნი“ , სადაც შეტანილია ის მცენარეები, რომელთაც გადაშენება ემუქრებათ.
სისტემატურად ტარდება ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესები. ერთ-ერთი ასეთი ფორუმი „იუნესკოს“ გადაწყვეტილებით 1977 წლის ოქტომბერში საქართველოში (ქ. თბილისი) ჩატარდა.
გალერეა
რედაქტირება-
პალმირას ნაყოფი, ინდოეთი
-
კურკუმა
-
ტკბილი კარტოფილი
-
Pandanus amaryllifolius
-
კალიფორნიული პაპაია
-
ნესვის ხე
-
Cymbopogon citratus, ლემონგრასი
-
Pachyrhizus erosus bulb-root. Situgede, Bogor, West Java, Indonesia.
-
Fuji (apple)
-
Sprouting shoots of Sauropus androgynus
-
Cocos nucifera
ლიტერატურა
რედაქტირება- Жуковский П. М., Культурные пастения и их сородичи, 3 изд., Л., 1971
- Левина П. Е., Очерки по систематике растений. Ульяновск, 1971;
- გ. ღვალაძე, ქსე, ტ. 7, გვ. 250, თბ., 1984