ხორბალი
ხორბალი (ლათ. Tríticum) — ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი მარცვლეული კულტურა. აერთიანებს 27 ველურად მზარდ და კულტურულ სახეობას. მოშინაურებულია (ერთმარცვალა, იგივე გვაწა ზანდური და ასლი) მიწათმოქმედების წინააზიურ კერაზე (ნოყიერ ნახევარმთვარეში) ძვ. წ. IX–XII ათასწლეულში. VII ათასწლეულის ბოლოს ამ რეგიონში გამოიყვანეს რბილი და მაგარი ხორბლის სახეობები, რომლებიც სხვაგან ჯერ არ შეინიშნებოდა. გვარი გამოირჩევა დიდი პოლიმორფიზმით. არსებობს მორფოლოგიურ, გენეტიკურ და სხვა ნიშან-თვისებებზე დაყრდნობილი რამდენიმე კლასიფიკაცია (მაგ., ქრომოსომების რაოდენობის მიხედვით გამოარჩევენ დი-, ტეტრა-, ჰექსა-, ოქტოპლოიდურ სახეობებს). ნიკოლოზ პავლეს ძე გონჩაროვის მიერ შექმნილი ხშირად გამოყენებული კლასიფიკაციის თანახმად, ხორბლის გვარი იყოფა 5 სექციად.[1]

ხორბლის გავრცელების არეალი მსოფლიოს ყველა კონტინენტს მოიცავს. ერთწლოვანი მცენარეა, თუმცა ცნობილია ორწლიანი მრავალწლოვანი ფორმებიც. გვხვდება საშემოდგომო, საგაზაფხულო და ნახევრად საშემოდგომო ფორმები. ხორბლის გვარში შემავალი სახეობებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია რბილი (T. aestivum) და მაგარი ხორბალი (T. durum). აქვს ფუნჯა ფესვთა სისტემა. ღერო სიმაღლეში 40–130 სმ-ია. მომწიფებული ღერო (ჩალა) თეთრი, ყვითელი ან იასამნისფერია. ყვავილედი რთული თავთავია, რომლის ღერაკზე განლაგებულია თავთუნები. თითოეულ თავთუნში მოთავსებულია 3–5 (ზოგჯერ მეტიც) ყვავილი. აქვს სხვადასხვა ფორმის თავთავი — თითისტარისებრი, კვადრატული, კომბლისებრი, პრიზმისებრი; ფერად — თეთრი, წითელი, შავი; ფხიანი ან უფხო. თვითმტვერია მცენარეა.[2]
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Беспалова Л. А. ПШЕНИЦА // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 66-67.
- ↑
- ნასყიდაშვილი პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 498.