ნეოლითი

ქვის ხანის ბოლო საფეხური

ნეოლითი (ნეო – ბერძნ. neos - ახალი, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, აღნიშნავს ახალს, განახლებულს; ლითი, ლითო – ბერძნ. lithos – ქვა, რთული სიტყვის ნაწილი, აღნიშნავს ქვასთან, ქანებთან დამოკიდებულებას) — ახალი ქვის ხანა, ქვის ხანის ბოლო საფეხური, რომელიც შეცვალა ენეოლითმა. ტერმინი „ნეოლითი“ მეცნიერებაში 1865 წელს შემოიტანა ჯ. ლაბოკმა იმ პერიოდის აღსანიშნავად, როდესაც ადამიანი თავის საკვებს მარცვლეული კულტურების კულტივაციითა და ცხოველთა მოშინაურებით მოიპოვებდა, მაგრამ იარაღის დასამზადებლად (ხისა და ძვლის გარდა) ჯერ კიდევ მხოლოდ ქვას იყენებდა. ნეოლითის განმსაზღვრელი ნიშნებია: მიმთვისებლური მეურნეობიდან (ნადირობა, თევზჭერა, შემგროვებლობა) მწარმოებლურ მეურნეობაზე (მიწათმოქმედება, მეცხოველეობა) გადასვლა, თიხის ჭურჭლის გაჩენა, ქვის იარაღის გაპრიალება, გახვრეტა. კულტურულ–სამეურნეო ნიშნების მიხედვით ნეოლითის კულტურები ორ მთავარ ჯგუფად იყოფა: 1. მიწათმოქმედ–მეცხოველე ტომთა და 2. მაღალგანვითარებულ მონადირეთა და მეთევზეთა.

ნეოლითური არტეფაქტები
ნეოლითის ნასახლარი ორკნეის კუნძულებზე

ევროპასა და აზიაში ნეოლითის ძეგლების დიდი ნაწილი ძვ. წ. VI – III ათასწლეულებით თარიღდება. ახლო აღმოსავლეთში უძველეს მიწათმოქმედ – მესაქონლე ტომთა კულტურები ძვ. წ. VIII –VII ათასწლეულებით თარიღდება. ნეოლითის კულტურებს უკავშირდება შუა აზიის სამხრეთში გავრცელებული ჯეითუნის კულტურა (ძვ. წ. VI-V). ჩინეთის სამიწათმოქმედო ნეოლითი (იანშაო) ეკუთვნის IV – III ათასწლეულს. ეგვიპტესა და ჩრდ. აფრიკაში სამიწათმოქმედო ნეოლითი ძვ. წ. V-IV ათასწლეულებით თარიღდება.

კავკასიაში ნეოლითის ძეგლები ძირითადად თავმოყრილია დას. ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი – დას. საქართველოში. აქ გვხვდება როგორც ადრინდელი ნეოლითური უკერამიკო ნეოლითის კომპლექსები (ქობულეთი, ხუცუბანი, ანასეული I, ხორში, გალი I და სხვ.). გვხვდება აგრეთვე განვითარებული ნეოლითის ხანის კომპლექსები (ოდიში, ანასეული II, კისტრიკი, გურიანთა, მელოური და სხვ.). აღმ. ამიერკავკასიის ვრცელი ტერიტორია (აზერბაიჯანის დიდი ნაწილი, არარატის ველი და სამხ.–აღმ. საქართველო) ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომებს (შულავერი-შომუთეფეს კულტურა), რომლის ადრეული ძეგლები (შულავრისგორა, გადაჭრილიგორა, იმირის გორა, შომუთეფე, ხათუნარხი და სხვ.) ყველა ნიშნის მიხედვით განვითარებულ ნეოლითს მიეკუთვნება. ცენტრ. კავკასიის მთისწინა ზოლში, კავკასიის ორივე კალთაზე, გავრცელებული ჩანს მონადირე–მეთევზეთა და შემგროვებელთა ზონალური კულტურა პალურ–ნაგუთანის ტიპისა, რომელიც კოდორიდან არაგვ–თერგის აუზამდე ჩანს გავრცელებული. ამ კულტურას ახასიათებს თავისებური ქვის ინდუსტრია, რომელიც მთიან ზონაში გავრცელებული მეზოლითის საფუძველზე იყო განვითარებული.

ლიტერატურა

რედაქტირება