შუმერი (შუმერულად ki-en-ĝir15) — უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. III ათასწლეულებში. დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა. სავარაუდოდ, სწორედ შუმერებმა გამოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა.

ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი
ქვა ლურსმული წარწერით ლაგაშიდან.

შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების წარმოშობა

რედაქტირება

ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში აქ დასახლებული ტომები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით, კლასების ჩამოყალიბება.

დაიწყო ასევე დასახლებების ზრდა და ქალაქების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს, ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები. ტაძრები ასრულებდა არა მხოლოდ რელიგიური კულტის თაყვანისცემის ფუნქციას, არამედ აქ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი და ინახებოდა მოსავლის მარაგი. დაახლოებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.

ამ პერიოდისთვის დაარსებული უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ერიდუ, ნიფური, ქიში, ლაგაში, ურუქი, ური და უმა.

დამწერლობამდელი პერიოდი და დამწერლობის შექმნა

რედაქტირება

შუმერებმა წერა თიხის ფირფიტებზე ლერწმით დაიწყეს. ყოველი სიმბოლო აღნიშნავდა რაიმე საგანს, ან ამ საგანთან დაკავშირებულ ცნებას. მაგალითად, სიმბოლო „ფეხები“ ნიშნავდა სიარულს, მოსვლას, მოტანას, დგომას. ამრიგად, გრამატიკული ფორმები დამწერლობაში არ აისახებოდა, და ეს თავდაპირველად არც იყო საჭირო, რადგან დოკუმენტებში აისახებოდა მხოლოდ ციფრები და გამოსათვლელი პროდუქტების სიმბოლოები. მხოლოდ ძვ. წ. 2400 წლისთვის მიიღო ლურსმულმა დამწერლობამ ისეთი სახე, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემა.

 
ლურსმული დამწერლობით ფილა

რაც შეეხება ლურსმულ დამწერლობას, თიხის ფირფიტაზე ძალიან რთულია სიმბოლოების ასახვა, ამიტომაც მიიღო დროთა განმავლობაში სიმბოლოებმა ის ფორმა, რომელსაც ლურსმული დამწერლობის სახით ვიცნობთ.

ლურსმული დამწერლობით შექმნილი წარწერების შესწავლამ ცხადყო, რომ ამ პერიოდში სამხრეთ შუამდინარეთში ცხროვრობდა ორი სხვადასხვა ერი, რომლებიც ორ სრულიად განსხვავებულ ენებზე საუბრობდნენ და წერდნენ, ეს იყო შუმერული ენა და აქადური ენა. შუმერული ენა არ ენათესავება არცერთ ცნობილ ენას, ხოლო აქადური მიეკუთვნება აღმოსავლეთ სემიტურ ენებს. შესაძლოა, ამ პერიოდში ცხოვრობდნენ კიდევ სხვაენოვანი ტომები, მაგრამ მათ შესახებ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია.

უძველესი შუამდინარული ტექსტები (ძვ. წ. 2900 - ძვ. წ. 2500) დაწერილია მხოლოდ შუმერულ ენაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ სემიტები ამ პერიოდში არ ცხოვრობდნენ შუამდინარეთში, როდესაც ძვ. წ. 2350 წლამდე სამხრეთ მესოპოტამიაში უფრო გავრცელებული იყო შუმერული ენა, ცენტრალურ და ჩრდილო მესოპოტამიაში ჭარბობდა სემიტური ენები.

არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში შუმერებსა და სემიტებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტები არ ყოფილა, სავარაუდოდ მაშინ ხალხი ასეთი ფართო კატეგორიებით არ ხელმძღვანელობდა, ომობდნენ ერთმანეთში უფრო მცირე ერთეულები, ქალაქები და ტომები. ყველა მესოპოტამიელის თვითდასახელება იყო „შავთავიანი“, შუმერულად „ùĝ saĝ gíg-ga“, აქადურად „ცალმატ-კაქადი“.

ვინაიდან იმდროინდელი ისტორია ჩვენთვის უცნობია, ისტორიკოსები ხელმძღვანელობენ არქეოლოგიური პერიოდიზაციით. არქეოლოგები ასხვავებენ დამწერლობამდელ პერიოდს (ძვ. წ. 2900 - ძვ. წ. 2750), რომელიც ორ ქვეპერიოდად იყოფა და ადრეული დინასტიის პერიოდს (ძვ. წ. 2750 - ძვ. წ. 2310), რომელიც სამ ქვეპერიოდად იყოფა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ უძველესი ლურსმული დამწერლობა მთელ სამხრეთ მესოპოტამიაში სრულიად იდენტური იყო, რაც გვაფიქრებინებს, რომ იგი სადღაც ერთ ადგილას შეიქმნა და ეს ადგილი ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ მესოპოტამიის სხვა მოსახლეებმაც გადაიღეს იქიდან დამწერლობა. სავარაუდოდ, ეს ქალაქ ნიფურში მოხდა. ამ ქალაქში იყო ღმერთ ენლილის ტაძარი, რომელსაც ყველა „შავთავიანი“ სცემდა თაყვანს, თუმცა ყველა „ნომს“ საკუთარი ღმერთი ჰყავდა. სავარაუდოდ, ნიფური სახელმწიფომდელი შუმერის რელიგიური ცენტრი იყო, ასეთივე დარჩა მოგვიანებითაც, თუმცა იგი არასდროს იყო პოლიტიკური ცენტრი.

ადრეული დინასტიის პერიოდი

რედაქტირება

ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს შუმერებმა შექმნეს ერთგვარი პრიმიტიული ისტორია, ე. წ. „მეფეთა სიები“, ანუ იმ მეფეთა სია, ვინც მესოპოტამიის ქალაქებში მეფობდნენ. ამ სიაში მოხვდნენ არა მხოლოდ ისტორიული, არამედ მითური პერსონაჟებიც. ამის გარდა, სია ვერ დაიკვეხნიდა ვერც სიზუსტით, რადგან ზოგი მეფეები არა ერთი მეორეს მიყოლებით მეფობდნენ, არამედ პარალელურად, ზოგი მეფე კი არა უმაღლესი ქურუმიც იყო.

„წარღუნამდე“ მეფეები საერთოდ მითიურად მიიჩნევიან, ისტორიკოსები თვლიან, რომ რეალურად, მხოლოდ წარღუნისშემდგომი მეფეები არსებობდნენ. ამრიგად, წარღუნის შემდეგ ქიშის პირველი დინასტიის მმართველობა ემთხვევა არქეოლოგიურ ადრედინასტიურ პერიოდს.

ქიშის პირველი დინასტიის უკანასკნელი მეფე იყო ენ-მებარაგესი, რომლის შესახებაც ცნობილია არა მხოლოდ „მეფეთა სიიდან“, არამედ მისი საკუთარი წარწერებიდანაც. ის არის პირველი მმართველი, რომლის შესახებაც გაგვაჩნია ცნობები. იგი ომობდა ელამთან. მისი ვაჟი აგი კი ცდილობდა ქიშითვის დაემორჩილებინა ურუქი. ურუქის უხუცესთა საბჭო უკვე თანახმა იყო დამორჩილებაზე, მაგრამ სახალხო კრებამ მეფედ აირჩია გილგამეში და გადაწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. აგიმ ურუქი ვერ აიღო და საბოლოოდ იძულებული გახდა დამორჩილებოდა გილგამეშს.

გილგამეშის შესახებ მოგვიანებით შეიქმნა ლეგენდების მთელი სერია და ცნობილი გილგამეშის ეპოსი, ამიტომ ძალიან რთულია იმის გარკვევა, თუ რა იყო ნამდვილი ისტორიული ფაქტები, რაც ისტორიულ გილგამეშს უკავშირდება და რა შეითხზა შემდეგ. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ რეალური გილგამეში მართლაც მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რადგან მან ასე დაამახსოვრა თავი შთამომავლებს.

გილგამეშით იწყება ადრეული დინასტიის მეორე პერიოდი. ამ პერიოდის შესახებ ცნობები ტაძრების საშემოსავლო არქივებიდან და სასწავლო ტექსტებიდან მოგვეპოვება. ამ პერიოდში შურუფაქის ტომების გაერთიანება შედიოდა სამხედრო კავშირში, რომელშიც მთავარი ქალაქი ურუქი იყო. ურუქში სავარაუდოდ გილგამეშის შთამომავლები მეფობდნენ.

 
ურის საბრძოლო ეტლები ძვ. წ. XXVII საუკუნე.

ურუქის შემდეგ ძვ. წ. XXV საუკუნეში წინ წამოიწია შუმერულმა ქალაქმა ურმა. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია არაერთი მდიდრული სამარხი. ნაპოვნია ძვირფასი ქვები, რომლებიც ინდოეთიდან, ჩრდილო ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაა შემოტანილი, ეს მეტყველებს ურის მმართველების სიმდიდრეზე და ვაჭრობის განვითარებაზე. ინდოეთთან ვაჭრობა, სავარაუდოდ, საზღვაო გზებით ხდებოდა.

ურის პირველი დინასტიით იწყება ადრეული დინასტიის უკანასკნელი პერიოდი. ურის მმართველები ცდილობდნენ დაემორჩილებინათ გარშემო მცხოვრები ნომები. ურის გარდა რეგიონში ჰეგემონიაზე პრეტენზია ჰქონდა ლაგაშს. ძვ. წ. 2400 წელს ლაგაშელებმა დაამარცხეს და დაიმორჩილეს მეზობელი ქალაქი უმა, შემდეგ ლაგაშის მმართველმა ეანათუმმა დაიპყრო ქიში, მაგრამ მისმა შთამომავლებმა ვერ შეინარჩუნეს იგი. ლაგაში ამის გარდა ურთანაც ომობდა.

შემდეგ ლაგაშის მმართველი გახდა ენენთარზი. მან ტაძრებს ჩამოართვა მიწები და სახელმწიფო მიწებს შეუერთა, რითაც დაუმორჩილა რელიგია სახელმწიფოს. ამან და სხვა უცნობმა ფაქტორებმა ლაგაშელთა უკმაყოფილება გამოიწვია და ენენთარზის შემდეგი მეფე ლუგალბანდა ჩამოაგდეს ტახტიდან. მის შემდეგ მეფედ ურუინიმგინა (დაახ. ძვ. წ. 2318 - ძვ. წ. 2310) აირჩიეს. მმართველობის მეორე წელს მან ჩაატარა რეფორმები, რომლის შესახებაც დარჩა წარწერები. მან დაუბრუნა ტაძრებს მიწები, ქურუმებს მეტი უფლებები მისცა და გააუქმა ძველი ვალები. მან დაიწყო უმასთან მორიგი ომი, რომელიც ლაგაშისთვის მძიმე აღმოჩნდა. ამ დროისთვის უმას მმართველმა ლუგალზაგესმა დაიმორჩილა მთელი ქვემო მესოპოტამია ლაგაშის გარდა. ლაგაშის დამარცხების შემდეგ მან ქიშიც დაიპყრო.

სარგონიდების სახელმწიფო

რედაქტირება

ლუგალზაგესმა დაიპყრო თითქმის მთელი ქვემო შუამდინარეთი, მაგრამ არ უცდია ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. მალე მას დაუპირისპირდა ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევიდა სარგონ ძველის სახელით (ძვ. წ. 2316 - ძვ. წ. 2261). იგი ჩრდილოეთ ქვემო შუამდინარეთიდან იყო და მისი მშობლიური ენა სემიტური იყო.

სარგონმა დაამარცხა ლუგალზაგესი და დაიმორჩილა მთელი ქვემო შუამდინარეთი. თავის დედაქალაქად მან უმნიშვნელო ქალაქი აქადი აირჩია, რომლის ნაშთები დღემდე არაა ნაპოვნი, თუმცა მან ისეთი როლი ითამაშა შუამდინარეთის ისტორიაში, რომ მოგვიანებით მთელ რეგიონს აქადია ეწოდა. სარგონს, როგორც ჩანს, ბევრი მომხრე ჰყავდა ხალხის ფართო მასებში, რადგან იგი არ იყო ნომურ არისტოკრატიასთან დაკავშირებული.

სარგონმა შეცვალა ნომური (თემური) ქალაქ-სახელმწიფოების წყობა და ჩამოაყალიბა ერთიანი სახელმწიფო. საერთოდ სარგონმა დაიპყრო ტერიტორია სპარსეთის ყურიდან ხმელთაშუა ზღვამდე. სარგონმა, ამის გარდა, ახლად შექმნილ სახელმწიფოში მოახდინა სხვადასხვა განზომილებების ერთეულების უნიფიკაცია. მის დროს აყვავდა ვაჭრობა.

სარგონის მმართველობა ერთპიროვნული იყო. უკვე მისი ვაჟების მეფობისას მესოპოტამიაში არაერთი აჯანყება მოხდა მათ წინააღმდეგ. სარგონიდები ამ აჯანყებებს სისხლში ახშობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სარგონიდები სემიტურ-ენოვანები იყვნენ, აქადში ოფიციალური ენა ჯერ კიდევ შუმერული იყო. სემიტური ენა ჯერ კიდევ სარგონამდე იყო გავრცელებული შუმერულ ქალაქებში, მხოლოდ ლაგაში იყო ამ დროისთვის მხოლოდ შუმერულენოვანი.

სარგონის უმცროსი ვაჟი მანიშტუსუ აიძულებდა თემებს გაეყიდათ სახელმწიფოსთვის მიწები ნომინალურ ფასად. აქედან ჩანს რომ ამ დროს მესოპოტამიაში მიწის პატრონი იყო არა მეფე, არამედ თემი და მეფე ყიდულობდა მიწებს როგორც კერძო პირი. ამის შესახებ მანიშთუშუს ბრძანებით შექმნილია წარწერები, რომლებმაც დღემდე მოაღწია.

სარგონის შვილები აგრძელებდნენ დამპყრობლურ ომებს. მანიშთუშუმ არაერთხელ გაილაშქრა ელამის წინააღმდეგ. მისმა ძმისშვილმა ნარამ-სუენმა (ძვ. წ. 2236 - ძვ. წ. 2200) კი ელამთან წერილობითი ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვითაც ელამს საგარეო პოლიტიკა აქადთან უნდა შეეთანხმებინა. ეს ჩვენთვის ცნობილი პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. ნარამ-სუენის დროს დასრულდა სარგონის მიერ დაწყებული სახელმწიფო რეფორმები და მან მიიღო სამყაროს ოთხი მხარის მეფის ტიტული. იგი პირველი იყო, ვინც ცხოვრებაში და არა საკვდილის შემდეგ საკუთარი თავი ღვთაებრივად გამოაცხადა.

ნარამ-სუენის მეფობის ბოლოს შუამდინარეთს შეუტიეს გუდეელების ტომებმა ირანიდან. ამ დროიდან დაიწყო აქადის სახელმწიფოს დაკნინება. აქადის მეფე გახდა ლაგაშელი გუდეა. მან დაუბრუნა ტაძრებს ჩამორთმეული მიწები. მან ააშენა ნინგირსუს ტაძარი. ამის გარდა მისი მმართველობის პერიოდში სხვა მრავალი ძეგლი აშენდა. მისმა ჩამომავლებმა ვერ შეძლეს მისი ძალაუფლების შენარჩუნება და ლაგაშის პოლიტიკური მნიშვნელობა დაეცა.

ურის მესამე დინასტია

რედაქტირება
 
ახლო აღმოსავლეთი ძვ. წ. III ათასწლეულის მიწურულს.

ეს პერიოდი იყო შუმერული ცივილიზაციის განვითარების უკანასკნელი ეტაპი, მას ასევე შუმერულ რენესანსს უწოდებენ. მოკლე ხანში ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ უთუხენგალმა დაიწყო აჯანყება და გაათავისუფლა სამხრეთ მესოპოტამია. მის შემდეგ გამეფდა ურ-ნამუ (ძვ. წ. 2111 - ძვ. წ. 2094), რომელმაც თავის დედაქალაქად ური აირჩია. ახალ სახელმწიფოს ეწოდა „შუმერის და აქადის სამეფო“. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დოკუმენტაციის ენა შუმერული იყო, სალაპარაკო შუმერული უკვე კვდებოდა.

ურ-ნამუმ და მისმა ვაჟმა შულგიმ (ძვ. წ. 2093 - ძვ. წ. 2046) შექმნეს კლასიკური ბიუროკრატიული სახელმწიფო. მათი მმართველობის პერიოდიდან შემონახულია 100 000–ზე მეტი საკანცელარიო დოკუმენტი. „შუმერის და აქადის სამეფო“ მალე გასცდა სამხრეთ მესოპოტამიას და შეიერთა ჩრდილო მესოპოტამიაც და ელამის ნაწილიც.

მესამე დინასტიის სახელმწიფომ დაახლოებით 100 წელი იარსება. სწორედ ამ დროს შეიქმნა „შუმერის მეფეთა სია“, პრიმიტიული მატიანე და სწორედ მეფე შულგის დროს მოხდა კანონების პირველი კოდექსის გამოქვეყნება.

ურის დაცემა

რედაქტირება

შუმერების და აქადის სამეფოს აღსასრული დასავლეთ სემიტურმა მომთაბარე ტომებმა მოიტანეს. ურის მეფეებმა მომთაბარეებისგან დასაცველად ააშენეს კედელი, რომელიც სამხრეთ მესოპოტამიას ჩრდილოეთიდან იცავდა. მომთაბარეებმა კი დაახლოებით ძვ. წ. 2025 წელს გადაკვეთეს ჩრდილოეთ მესოპოტამია და შუმერში შემოიჭრნენ აღმოსავლეთიდან.

ურის მეფე იბი-სუენი (ძვ. წ. 2027 - ძვ. წ. 2003) ამ დროს ელამურ ქალაქებს იპყრობდა, როგორც ჩანს მან არ შეაფასა მომთაბარეებისგან მომდინარე საშიშროება, რომლებიც ურის ყანებს საძოვრებად იყენებდნენ. ურში დაიწყო შიმშილი. მეფემ გააგზავნა იშბი-ერა პურის შესასყიდლად, მაგრამ ამ უკანასკნელმა იხელთა და საკუთარი თავი გამოაცხადა მეფედ, ურს კი არ გაუწია დახმარება. ასე დაემხო ურის მესამე დინასტია. ახალი მმართველები აგრძელებდნენ მესამე დინასტიის პოლიტიკას, თუმცა ამ დროისთვის სალაპარაკო შუმერული ენა უკვე გაქრა და პირველობა სემიტებზე გადავიდა. უკანასკნელი შუმერული ისინას დინასტია დასრულდა ძვ. წ. 1730 წელს, ბაბილონში ხამურაბის მეფობისას.

არქიტექტურა

რედაქტირება
 
ზიქურათი ურიდან, რეკონსტრუქცია

შუამდინარეთში არაა სამშენებლო ხე-ტყე, ამიტომ ძირითადი სამშენებლო მასალა იყო ალიზი (ბზენარევი, გამოუწვავი თიხის და ქვიშის აგური). შუამდინარეთში შენდებოდა როგორც სასახლეები, ასევე რელიგიური დანიშნულების ზიქურათები. ჩვენთვის ცნობილი უძველესი ტაძრები (ზიქურათები) ძვ. წ. IV - III ათასწლეულებისაა. ზიქურათი წარმოადგენს ოთხკუთხედ, პირამიდის მაგვარ კოშკს, რომლის თავზეც შენდებოდა ტაძარი. კედლები იღებებოდა შავად, თეთრად ან წითლად.

ამ დროის ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ნიშანია ტაძრების პლატფორმებზე აშენება. შესაძლოა, პლატფორმა გამოიყენებოდა ტაძრის სინესტისგან დასაცავად, თუმცა ზოგი მკვლევარი ამ პლატფორმებს მიიჩნევს შუმერების მთიული წარმოშობის დამამტკიცებელ საბუთად. ასეთივე დამახასიათებელი ნიშანია კედლის ტეხილი ხაზები. ფანჯრები ვიწრო იყო, შენობის გასანათებლად გამოიყენებოდა ხვრელი სახურავში.

 
შუმერული ქალღმერთის გამოსახულება

შუმერული რელიგია ჩვეულებრივი წარმართული რელიგია იყო. სხვადასხვა ღმერთები „განაგებდნენ“ ბუნების სხვადასხვა ძალებს. ხდებოდა ასევე გმირების და მეფეების გაღმერთებაც. შუმერებს ჰყავდათ როგორც საყოველთაო ღმერთები, ასევე ყოველი თემი თავის „შინაურ“ ღვთაებებს სცემდა თაყვანს. „საერთო“ ღმერთები იყვნენ: ანუ - ცის ღმერთი, ოკეანეს ღმერთი ენქი, დედა ქალღმერთი ენლილი, რომლის ტაძარიც იყო ქალაქ ნიფურში, მზის და მთვარის ღმერთები და ა.შ.

ტაძრებს უშენებდნენ მხოლოდ „მთავარ“ ღმერთებს. ტაძარში იყო ცენტრალური ეზო და ორი გვერდითი ეზო. ცენტრალურ ეზოში განთავსებული იყო ღვთაების გამოსახულება, საკურთხეველი და მსხვერპლშეწირვის მაგიდა.

ამ პერიოდში, სახვით ხელოვნებას, უმეტესად, რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. შუმერი ფერმწერები და მოქანდაკეები აკეთებდნენ ცხოველების და ადამიანების გამოსახულებებს. როგორც წესი, ცხოველებს ძალიან ზუსტად ასახავდნენ, ხოლო ადამიანის გამოსახულებაში მთავარი იყო არა ანატომიური სიზუსტე, არამედ ემოციური მდგომარეობის გადმოცემა.

შუმერული ლიტერატურა

რედაქტირება

დღეს ცნობილია შუმერული ლიტერატურის 150-მდე ძეგლი. მათმა დიდმა ნაწილმა მხოლოდ ფრაგმენტულად მოაღწია ჩვენამდე. ძირითადად ეს არის მითების პოეტური გადმოცემა, სასიყვარულო და რელიგიური სიმღერები, მეფეებისადმი მიძღვნილი ჰიმნები. ფართოდაა წარმოდგენილი დიდაქტიკური ნაწარმოებები. ყველაზე გავრცელებული კი მაინც რელიგიური ჰიმნები იყო.

შუმერული ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ძეგლია გილგამეშის ეპოსი. ეს არის ლეგენდების კრებული ძვ. წ. XXVII საუკუნის ურუქის მეფის გილგამეშის გმირობების შესახებ, რომელიც, მოგვიანებით, აქადურად ითარგმნა. სწორედ ამ ეპოსში არის უთნაფიშთიმის ამბავი, რომელიც გადაურჩა წარღვნას, სწორედ ეს ლეგენდა არის ბიბლიური ნოეს პროტოტიპი. ასევე ცნობილია ეპოსი სამყაროს შექმნის შესახებ „ენუმა ელიში“.

შუმერების აღმოჩენა და შესწავლა

რედაქტირება

როგორც ვნახეთ, შუმერული კულტურა III ათასწლეულის მიწურულს სრულიად გაითქვიფა აღმოსავლურ სემიტურ კულტურებში. ისტორიოგრაფია მაშინ ჯერ არ იყო განვითარებული. იმ დროინდელი მატიანეები კი, როგორიცაა „მეფეთა სია“, არაა სანდო და თანაც, მალე დავიწყებულ იქნა. შუმერული ენა ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულს ბაბილონშიც დაივიწყეს და ბაბილონურ-ასირიული ცივილიზაციის გაქრობის შემდეგ „ამბის მომტანიც“ აღარ დარჩა. ანტიკურმა ისტორიკოსებმა არაფერი არ იცოდნენ შუმერების შესახებ, ასე იქნა პირველი ცივილიზაცია მივიწყებული.

პირველად შუმერების შესახებ შეიტყვეს ასირიული ლურსმული ფირფიტებიდან XIX საუკუნეში. ასევე აღმოჩენილ იქნა უცნობ ენაზე დაწერილი ფირფიტები. ლინგვისტებმა „გამოთვალეს“, რომ ეს უცნობი შუმერული ენაა და რადგან არსებობს შუმერული ენა, უნდა ეარსებათ შუმერებსაც. ამის შემდეგ არქეოლოგებმა დაიწყეს შუმერების არსებობის დამამტკიცებელი საბუთების ძებნა შუამდინარეთში და მალე იპოვეს კიდეც.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  • შარაშენიძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 57.
  • შარაშენიძე ჯ., „შუმერები და მათი კულტურა“, თბილისი, 1983
  • "შუმერები" მ. ბელიცკი მოსკოვი 2000
  • "ბიბლიური გორები" ერიხ ცერენი მოსკოვი 1986

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება