ასურეთი

უძველესი სახელმწიფო მესოპოტამიაში
ტერმინს „ასურეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ასურეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ასურეთი (არამ. ܐܬܘܪ; ებრ. אשור; ამჰ. አሦር; ბერძ. Ασσυρία) — ძველი სახელმწიფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა ძვ. წ. II ათასწლეულში შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება ძვ. წ. VII საუკუნის ბოლომდე. ამ დროს ასურეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა ბაბილონის მოსახლეობისაგან. სემიტურ ენათა ოჯახში შემავალი ასურული ენა ერთიანი ასურულ-ბაბილონური ანუ აქადური ენის დიალექტია.

პირველი იმპერიის – ასურეთის რუკა
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ასურელები თაყვანს სცემდნენ ბაბილონის ღვთაებათა მთელ პანთეონს, თუმცა მის სათავეში აყენებდნენ საკუთარ ასურელ ღვთაებას — ასურს. ამ ღვთაების სახელი ერქვა სახელმწიფოს დედაქალაქს, ხოლო მთელი ქვეყანა „ასურის ქვეყნად“, ე. ი. ასურეთად იწოდებოდა. სახელმწიფოს დედაქალაქი ასური მდებარეობდა მდინარე ტიგრის ნაპირზე. საკუთრივ ასურეთს თავდაპირველად ეკავა საკმაოდ მცირე ტერიტორია ტიგრის ზემო წელზე; სამხრეთით, დაახლოებით, მდინარეების ქვემო ზაბისა და ტიგრის შესართავიდან აღმოსავლეთ ზაგროსისა და ჩრდილო-დასავლეთით მასიოსის მთებამდე. დასავლეთიდან ამ ვიწრო ზოლს ემიჯნებოდა სირია-მესოპოტამიის ვრცელი უდაბნო.

სამხრეთ შუამდინარეთისაგან (ბაბილონეთისაგან) განსხვავებით, სადაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელოვნურ რწყვას, ასურეთში მიწათმოქმედება შესაძლებელი იყო ხელოვნური რწყვის გარეშე. ასურეთის გარშემო მდებარე მთები მდიდარი იყო ნადირითა და წიაღისეულით. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ უკვე IV ათასწლეულში აქ ჰქონიათ იმ დროის კვალობაზე საკმაოდ განვითარებული სამიწათმოქმედო კულტურა, მიწათმოქმედებასთან ერთად მესაქონლეობასაც მისდევდნენ. ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ამ დროს ასურეთის ტერიტორიაზე უნდა ეცხოვრა ხურიტულ ანუ სუბარულ ტომებთან ახლო მდგომ არასემიტურ მოსახლეობას. თანდათანობით ამ ადგილების სემიტიზაციამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. დასავლეთიდან შემოიჭრა დასავლეთი სემიტური-ამორეული, ხოლო სამხრეთიდან — აღმოსავლეთი სემიტური ბაბილონიის (აქადური) მოსახლეობა, ადგილობრივი ხურიტული მოსახლეობა სემიტურს შეერია. აქადური ენა სალაპარაკო ენად იქცა. ბაბილონურმა რელიგიამ და კულტურამაც ასურეთში ღრმად გაიდგა ფესვები. ასურეთის სემიტიზაციის (აქადიზაციის) პროცესი ძირითადად დასრულდა ძვ. წ. 2000 წლისათვის, როდესაც ასურეთი შუამდინარეთსა და მცირე აზიას შორის მიმდინარე ინტენსიური საშუამავლო-სატრანზიტო ვაჭრობის ცენტრად იქცა.

ქ. ასურმა მცირე აზიაში, ხეთების ქვეყანაში, დააარსა მრავალი სავაჭრო კოლონია. ამათგან უმნიშვნელოვანესი იყო ქ. ქანესი (დღევანდელი ქულთეფე თურქეთში). არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს ასურელ კოლონისტთა დიდი არქივი, რომელიც შუქს ჰფენს ასურელთა მოღვაწეობას მცირე აზიაში და, საერთოდ, იმდროინდელი ასურეთის ისტორიას. ასური ამ დროს საქალაქო თემი იყო, სადაც ღრმად გაიდგა ფესვები ქონებრივმა დიფერენციაციამ, სავაჭრო ამხანაგობებში გაერთიანებული ზედა ფენა სწრაფად მდიდრდებოდა საქარავნო ვაჭრობით. მცირე აზიიდან ასურელებს შუამდინარეთში უმთავრესად ლითონი შეჰქონდათ. საზოგადოებაში ამ დროს უკვე მტკიცედ მოიკიდა ფეხი სავალო კაბალამ — ვალის გადახდის ვერშემძლე თანამემამულის დამონებამ, რაც ფართოდ გავრცელდა მოგვიანებით, „შუაასურულ“ ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი).

ასურის საქალაქო თემ-სახელმწიფოს სათავეში მდგომი პირები თავდაპირველად იწოდებოდნენ არა მეფეებად, არამედ „იშაქუმებად“ (შესატყვისია ბაბილონელთა „პატეისის“ ანუ „ენისისა“). მათ ეპყრათ ქვეყანაში უმაღლესი სამხედრო და საკულტო-რელიგიური (უზენაესი ქურუმის) ძალაუფლება. ძვ. წ. III ათასწლეულში და II ათასწლეულის დასაწყისში ქ. ასური და მის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორია, ისევე როგორც სხვა ცენტრები, ემორჩილებოდნენ ბაბილონეთის ძლიერ ხელისუფალთ, ძვ. წ. XVIII საუკუნის დასაწყისში ასურეთში შეიქმნა ვრცელი სამეფო მეფე შამშიადად I-ის მეთაურობით. ასურის გარდა, სამეფოს მნიშვნელოვან ცენტრებად იქცა ქალაქები არბელა, ნინევია და სხვა. ძვ. წ. XVIII საუკუნეში ასურეთი დაიმორჩილა ბაბილონეთის ძლიერმა მეფემ ხამურაბიმ. ამასობაში მცირე აზიაში დიდი ძვრები მოხდა. შემოსეულმა ტომებმა გაანადგურეს ასურელთა ახალშენები, გადაუჭრეს ასურეთს მცირე აზიისაკენ მიმავალი გზები, რამაც საშუამავლო ვაჭრობის დაცემა და საერთოდ ასურეთის დასუსტება გამოიწვია.

ასურეთის მეზობლად, შუამდინარეთშივე, ჩამოყალიბდა ხურიტების დიდი სახელმწიფო მითანი, რომელმაც ასურეთი დაიპყრო. ძვ. წ. XVI - ძვ. წ. XV საუკუნეებში ასურეთის ქალაქებში გამგებლად მითანის მეფისნაცვლები ისხდნენ. ძვ. წ. XV საუკუნეში ასურეთმა თავი დაიხსნა მორჩილებისაგან და თვით გადავიდა შეტევაზე. მეფე ასურუბალიტ I-მა (ძვ. წ. XV საუკუნის ბოლო და ძვ. წ. XIV საუკუნის დასაწყისი) მცირე ხნით დაიმორჩილა ბაბილონეთი. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებში ასურეთი წარმატებით ომობდა მითანის წინააღმდეგ და მთლიანად დაიპყრო მისი ტერიტორია ჩრდილოეთ შუამდინარეთში (ადადნირარის, სალმანასარ I-ის, თუქულთი-ნინურტა I-ია ლაშქრობანი). ძვ. წ. XII საუკუნეში მცირე ხნით დასუსტების შემდეგ მეფე ტიგლათფილესერ I-ის (ძვ. წ. 1115 - ძვ. წ. 1077) დროს ასურეთი კვლავ გაძლიერდა და წარმატებით ეომობოდა მეზობელ ქვეყნებს. ასურელები მიადგნენ სამხრეთ ამიერკავკასიას, ებრძოდნენ ნაირის, ურარტუს, შავი ზღვისპირა ტომებსა და სხვა. თავიანთ ლაშქრობათა დროს ასურელებს არასოდეს არ მიუღწევიათ ასე შორეული ჩრდილოეთისათვის, ამ დროს, ე. წ. „შუა ასურულ“ ხანაში, ასურეთის მეფეები წარმატებით ომობდნენ აგრეთვე ჩრდილოეთ სირიასა და ფინიკიაში, ბაბილონეთში, მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში. ინტენსიური შეტევითი ომები დიდ სამხედრო ძალას მოითხოვდა. ამას თან მოჰყვა ასურელების ჩამოყალიბება მხედართა საზოგადოებებად. სავალო კაბალა, რაც ასე ემუქრებოდა რიგით ასურელს, თანდათან შესუსტდა. ომებს ახლა დიდძალ ნადავლთან (პირუტყვი, ლითონები და სხვა სიმდიდრე) ერთად მოჰყვებოდა უამრავი ტყვე, რომელთა დიდ ნაწილს მონებად აქცევდნენ, რაც აღრმავებდა ქონებრივ და სოციალურ დიფერენციაციას თვით თავისუფალ ასურელთა წრეშიც.

ფრთოსანი ხარის ქანდაკება.

ძვ. წ. XI საუკუნიდან დაიწყო ასურეთის დასუსტება. ეს გამოიწვია დასავლეთიდან არამეული ტომების თავდასხმამ, რომელთა თარეში ასურელთა მიწა-წყალზე თითქმის ორი საუკუნე გრძელდებოდა. ასურეთის მეფეთა რეზიდენცია ასურიდან გადაიტანეს ჯერ ქალხუში (თანამედროვე ნიმრუდი), შემდეგ დურ-შარუქინში (თანამედროვე ხორსაბადი) და ბოლოს ნინევიაში (თანამედროვე კუიუნჯიკი). ძვ. წ. IX საუკუნეში დაიბრუნა ძველი ძლიერება. ასურნასირფალი და სალმანასარ III-ის მეფობის დროს მოეწყო რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა ჩრდილოეთით, ნაირის ქვეყნებისა და ურარტუს ძლიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, დასავლეთით ჩრდილოეთ შუამდინარეთსა და სირიაში, აღმოსავლეთით — მიდიაში, სამხრეთით — ბაბილონეთში, მაგრამ ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს ასურეთი კვლავ დასუსტდა და ურარტუს დარტყმებით დაკარგა ადრე დაპყრობილი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. ურარტუს მეფეებმა ასურეთს გადაუჭრეს ჩრდილოეთ სირიისა და მცირე აზიისაკენ მიმავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზები და ამით მოწყვიტეს ლითონით, კერძოდ, რკინით მომარაგების ბაზებს. ამას დაემატა ხანგრძლივი სამოქალაქო ომი ქურუმთა, პრივილეგიურ სავაჭრო და სამოხელეო არისტოკრატიასა და სამხედრო არისტოკრატიას შორის. ამ კრიზისიდან გამოსვლა უკავშირდება ტიგლათფილესერ III-ის (ძვ. წ. 745 - ძვ. წ. 727) სახელს, რომლის რეფორმებმა დიდად შეუწყო ხელი ასურეთის ხელახალ გაძლიერებას. მის დროს ჩატარდა მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმა — შეიქმნა სამეფო მუდმივი ჯარი, რომელსაც სახელმწიფო აიარაღებდა და ინახავდა. გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა: შემცირდა ადმინისტრაციული ოლქების მოცულობა და შეიზღუდა ოლქების მმართველთა ფუნქციები. თუ ასურეთის უწინდელი მეფეები დამორჩილებულ მოსახლეობას მასობრივად ჟლეტდნენ, ახლა ამ მოსახლეობას სხვა ადგილას ასახლებდნენ და სამეფოს მიმართ ვალდებულ მიწათმოქმედებად აქცევდნენ ხოლმე. დამორჩილებული მეომრების ნაწილი თვით ასურელთა ჯარშიც კი შეჰყავდათ და ა. შ. ტიგლათფილესერ III-მ სასტიკად დაამარცხა ურარტუ, დაიპყრო სირია, პალესტინა, ფინიკია, ბაბილონეთი და სხვა. შეიქმნა ასურეთის დიდი იმპერია, რომელიც შემდეგში კიდევ უფრო გაიზარდა.

სარგონ II ებრძოდა ურარტუს და ახალი ტერიტორიები წაართვა. მან და მისმა მემკვიდრე სინახერიბმა (ძვ. წ. 705 - ძვ. წ. 680) გააფართოვეს ასურეთის საზღვრები აღმოსავლეთითაც მიდიისა და ელამის მიმართულებით. ასარხადონმა (ძვ. წ. 680 - ძვ. წ. 669) დაიპყრო ეგვიპტე და ა. შ. ამავე დროს დაიწყო დიდი შინაგანი და საგარეო გართულებები, გამწვავდა ბრძოლა ქვეყნის სამხედრო პარტიასა და ქურუმობას შორის, ქურუმებს ზურგს უმაგრებდნენ ბაბილონეთის სავაჭრო ცენტრები. ასურეთმა მძიმე ბრძოლები გადაიხადა ჩრდილოეთიდან შემოსულ სკვითებთან და კიმერიელებთან. ასურბანიფალს (ძვ. წ. 669 - ძვ. წ. 633) დიდი ბრძოლა მოუხდა ამბოხებულ ბაბილონეთთან. ასურეთს ამ დროს ჩამოსცილდა ეგვიპტეც. ძვ. წ. 605 გაძლიერებული მიდიისა და ბაბილონეთის კოალიციამ ბოლო მოუღო ასურეთის სახელმწიფოს. მისი ტერიტორია გამარჯვებული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. თვით ასურელები თანდათანობით არამეულ მოსახლეობაში გაითქვიფნენ და თავიანთი ეთნიკური ინდივიდუალობა დაკარგეს.

ლიტერატურა

რედაქტირება