ქალდეელები (ბაბილ. ქალდუ; ებრ. כשדים ქასდიმ; ძვ. ბერძნ. Χαλδαίοι) — სამხრეთ მესოპოტამიაში მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის მიდამოებში, სპარსეთის ყურის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები მომთაბარე სემიტური ტომები ძვ. წ. X-IV ს.ს. აწარმოებდნენ ომებს ასურელებთან ბაბილონის დაუფლებისათვის. ძვ.წ. 625-536 წ,წ, ბაბილონს მართავდა ქალდეელთა დინასტია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალბაბილონურ სამეფოს.

ქალდეა - თანამედროვე ერაყის ტერიტორია

საუბრობდნენ არამეულ ენაზე. ქალდეელებს მოიხსენებდნენ ჯადოქრებად, მაგებად, მოგვებად, ნათელმხილველებად, ასტროლოგებად, ვარსკვლავთმრიცხველებად. ბერძნები და რომაელები დასაბამიდან იცნობდნენ მათი აღმოსავლური სიბრძნის სალაროს. ნეოპლატონიზმი მაღალ შეფასებას აძლევდა ქალდეელთა ორაკულს, მისნობას, მაგიას, მითოლოგიურ სამყაროს. ბერძნები ქალდეელებს ბაბილონელებად მიიჩნევდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ქალდეელები იყვნენ ის მოგვები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ყრმა იესოს თაყვანსაცემად.

შეუძლებელია ქალდეელთა კულტურის, ენის, რაობის მიმოხილვა ძველ ქართულ ტომთა ისტორიისგან დამოუკიდებლად. ამ გარემოებას მეცნიერებამ ადრევე მიაქცია ყურადღება. (ლენორმანი და სხვა). ძალზე საგულისხმოა, რომ საქართველოში, სვანეთში შემორჩენილია სოფელ-სიმაგრე ქალდე, აგრეთვე ცნობილი წარმართული სიმღერა ქვიან ქალდზე—იავ ქალდი. ბევრი სიტყვა და მითი გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ ამ ძველი ცივილიზაციების კავშირსა და ნათესაობაზე. იმავე სოფელ-სიმაგრე ქალდეს მიდამოებში ვარსკვლავთმრიცხველთა გვარი დღემდეა ხალხში ცნობილი. („ცაში ვარსკვლავებს ითვლიანო“, იტყვიან სოფ. ქალდეს მახლობელი ლალხორის მკვიდრთა გვარზე). „კვირის“ სვანური სახელია „ნაგაზი“ — ნამგზავრი, გზაგავლილი, რაც ზოდიაქოს გზაზე მნათობის გავლაზე მეტყველებს. ასევე თქმები: „ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული“, „ეტლიანია“, „გზიანია“, „ვარსკვლავებს ეთამაშება“ (ლამაზ ქალზე).

ისტორია რედაქტირება

 
ასურნასირფალ II

წერილობით წყაროებში ქალდეელები პირველად მოიხსენიებიან ძვ. წ. 878 წელს ასურეთის მეფე ასურნასირფალ II-ის ანალებში. ისინი ცხოვრობდნენ სპარსეთის ყურის სანაპიროზე ჭაობიან რაიონში მდინარეების, ტიგროსისა და ევფრატის ქვემო დინების გასწვრივ. ძვ. წ. IX საუკუნეში ქალდეელებმა მჭიდროდ დაიკავეს ბაბილონის სამხრეთი ნაწილი და თანდათან გადაადგილდნენ ჩრდილოეთისაკენ. პარალელურად, მათ ცხოვრებში შეიჭრა ძველი ბაბილონური კულტურა და რელიგია. ყველა ქალდეური ჯგუფი მისდევდა ნახევრადმომთაბარე ცხოვრებას და დაკავებული იყო მესაქონლეობით, მეთევზეობით, აგრეთვე, ნაწილობრივ, მიწათმოქმედებით. როგორც ლურსმული წყაროებიდან არის ცნობილი, ისინი ცხოვრობდნენ ტომებად თავიანთი ბელადების ხელმძღვანელობით. ცნობილია ექვსი ქალდეური ტომი. ესენია:

  • ბით-იაკინი (ელამთან მოსაზღვრე ტომი)
  • ბით-დაკური (ყველაზე მრავალრიცხოვანი ტომი)
  • ბით-ამუკანი
  • ბით-ადინი
  • ბით-შილინი
  • ბით-შა’ალი

ისინი ცდილობდნენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას როგორც ერთმანეთისაგან, ასევე ასურელებისაგან. ასურელები მათ ეცილებოდნენ სამხრეთ ბაბილონის დაუფლებაში, რომელსაც კასიტები კარდუნიაშს („კარდუს (ქართუ) ქვეყანას“, ესე იგი ქალდეების) უწოდებდნენ, ხოლო ასურელები - ქვეყანა „Kaldu-ს“.

ასურეთის მეფე სალმანასარ III-მ ძვ. წ. 851 წელს აიძულა ბიტ-იაკინის, ბიტ-დაკურის და ბიტ-ამუკანის ბელადები ხარკი გადაეხადათ მისთვის. ქალდეელებთან ომებს აწარმოებდნენ, აგრეთვე, ასურეთის მეფეები შამში-ადად V და ადად-ნირარი III ძვ.წ. 803 წ. , ძვ.წ. 796 წ. და ძვ.წ. 785 წ. მათ დაიმორჩილეს და დახარკეს ქალდეელთა ყველა ტომი.

ძვ.წ. 744 წელს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III (ძვ.წ. 745 - ძვ.წ. 727 ) შეიჭრა ბაბილონში და დაამარცხა ქალდეური ტომები. მან მიიღო ტიტული - „შუმერისა და აქადის მეფე“. ასურეთის მიერ ბაბილონის აღების შემდეგ ბაბილონის ქალაქთა სამღვდელო წრეები, ჩინოვნიკები და ვაჭრები თანდათან გადადიოდნენ ასურელთა მხარეს. ასეთ სიტუაციაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ინიციატივა გადავიდა ქალდეელთა და უბრალო მოქალაქეთა ხელში. ძვ.წ. 732 წელს ბაბილონის სამეფო დინასტიამ არსებობა შეწყვიტა, რაც ასურელთა, ქალდეელთა და ელამელთა ბრძოლის სიგნალი გახდა ბაბილონელთა მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად.

ბაბილონური დაპყრობები რედაქტირება

ბიტ-ამუკანის ბელადმა უკინ-სირმა დაიპყრო ბაბილონი და სამი წელი ბატონობდა იქ, სანამ ასურეთის მეფე ტიგლატფალასარ III-მ ალყაში არ მოაქცია არამეველთა დედაქალაქი დამასკო. ამ უკანასკნელის დაპყრობის შემდეგ ასურეთის მეფე გაემართა ქალდეელთა წინააღმდეგ, კონკრეტულად, ბიტ-შილინის მმართველის ნაბუშაბშის წინააღმდეგ, რომელიც თავისი ქალაქის კედლებთან ჩამოახრჩობინა. ასე, თანმიმდევრობით ტიგლატფალასარმა დაიმორჩილა ქალდეელთა ყველა ტომი და ბაბილონის სამეფო გვირგვინი დაიდგა თავზე. მან თავის თავს ახალი სახელი პულუ უწოდა. იგივე გააკეთა მოგვიანებით მისმა მემკვიდრე სალმანასარ V-მ, რომელმაც სახელად ულულაი დაირქვა.

ასურელთა დასუსტების შემდეგ ძვ. წ. VIII ს. ურის ქალაქებში ჩნდებიან პირველი ქალდეელები (აქედან მოდის ბიბლიური გამოთქმა „ქალდეელთა ური“ დაბადება 11:28) - ნიფურში, ქიშში, ქუფა და სიფარში. ამ ქალაქებს ჰქონდათ გაერთიანების ტენდენცია. ბიტ-იაკინის ტომის ბელადს უკვე აქვს ტიტული ქალდეელთა მეფე. ულულაის სიკვდილის შემდეგ ასურეთის მბრძანებლობა იკისრა ქალდეელთა მეფე მარდუქ-აპლა-იდინმა. ელამის მეფე ხუმბანიგაშაზე დაყრდნობით, მან ისარგებლა სარგონ II-ის გართულებებით სირიასა და სომხეთში და დაეუფლა ბაბილონს. მართავდა 12 წლის განმავლობაში (ძვ. წ.721-710 წ.წ.) სახელწოდებით მარდუქ-აპლა-იდინ II. ის ცდილობდა ასირიის წინააღმდეგ დიდი კოალიციის შექმნას და ამ მიზნით მან მაცნეები გაგზავნა იუდეის მეფე ეზეკილთან. მაგრამ ბაბილონის მცხოვრებთათვის ძალიან მძიმე ტვირთი იყო ქალდეელი მეფის ანტიასურული პოლიტიკა, რის გამოც ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავდა. ამიტომ ისინი ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ (ძვ. წ. 710 წ.) ქალაქში შემოსულ სარდურ II-ს მიეგებნენ, როგორც გამნათავისუფლებელს. მარდუქ-აპლა-იდინი გაიქცა ელამში. სარგონ II-ის სიკვდილის შემდეგ ძვ.წ. 710 წელს მან კვლავ დაიბრუნა ბაბილონის ტახტი, ამჯერად, მხოლოდ 9 თვით. ის დაამარცხეს ქიშთან ასირიელებმა და კვლავ გაიქცა ელამში. ქალდეები განდევნილ იქნენ შუა მესოპოტამიიდან. მარდუქ-აპლა-იდინის ახალ პოლიტიკას - კვლავ დაეპყრო ბაბილონი, შედეგი არ მოჰყოლია. ის კვლავ იქნა განადგურებული. ამჯერად, თანამოაზრეებთან ერთად გაიქცა ზღვისპირეთში (ძველი შუმერი), იქიდან კი ელამში. შურისძიების მიზნით ასურეთის მეფე სენაქერიბმა სპეციალურად შექმნა ფლოტი სპარსეთის ყურეში. მან გაანადგურა ელამის სანაპირო, სადაც ქალდეელ ბატონს მცირე სამფლობელოები ჰქონდა. თუმცა ასირიელთა ექსპედიის დროს დატყვევებულთა შორის არ აღმოჩნდა მარდუქ-აპლა-იდინი: ვარაუდობენ, რომ ასირიელთა თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე, ის გარდაიცვალა თავისი ბუნებრივი სიკვდილით.

ამავე დროს, ქალდეელთა მეფე მუშეზიბ-მარდუქმა დაიპყრო ბაბილონი და შევიდა ელამის ქვეშევრდომობაში ვასალიტეტის პრინციპით. მოკავშირეები ებრძოდნენ სენაქერიბის არმიას . ძვ.წ. 692 წელს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ჰალულასთან, მდინარე ტიგროსის სანაპიროზე. სისხლისმღვრელმა ბრძოლამ არცერთ მხარეს არ მოუტანა გამარჯვება, მაგრამ ელამის მეფის - ხუმპანიმენას მოულოდნელმა სიკვდილმა საქმეს სხვა მიმართულება მისცა. ასარქადონის გამეფებიდან მალევე, ბაბილონი იქნა აღებული და განადგურებული. ასარქადონს ურთიერთობა ჰქონდა ასურეთის მეფისნაცვალთან ქალაქ ურში - მეროდაქს-ბალადანის ვაჟთან ნაბუ-ზირუ-კინიშ-ლიშირთან, რომელიც ურჩობისათვის განდევნილ და მოკლულ იქნა ელამში. მისმა ძმამ - ნაიდ-მარდუქმა ნებაყოფლობით აღიარა ასარქადონის ქვეშევრდომობა. ის ცნეს ბიტ-იაკინის მთავრად და ვასალად. ძვ.წ. 677 წელს აჯანყდა ბიტ-დაკურის ბელადი - შამაშ-იბნი, მაგრამ შეიპყრეს და შეცვალეს ერთგული მოხელით, ნაბუ-შალიმით.

ახალბაბილონური სამეფოები რედაქტირება

ძვ. წ. 626 წელს ასურეთის წინააღმდეგ აჯანყდა ბაბილონი ქალდეური წარმოშობის ნაბოპალასარის ხელმძღვანელობით. ძვ. წ. 625 წელს ის ბაბილონში გამეფდა და გახდა ახალი ბაბილონის სამეფოს დამაარსებელი. ნაბოფალასარმა ძვ. წ. 616 წ. აიღო ქალაქი ურუქი. შემდეგ მიდიელთა დახმარებით დაიპყრო ასურეთის ძველი დედაქალაქი აშური. ძვ.წ. 612 წ. ნაბოფალასარი გაერთიანდა სკვითებთან და მიდიელებთან და ასევე, აიღო ასურეთის მეორე დედაქალაქი ნინევია.

ქალდეების დინასტია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ედგა სათავეში ახალბაბილონურ სახელმწიფოს, რომლის საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვა მეფე ნაბუქოდონოსორმა იუდეის სამეფოს დაპყრობით და ძველ მსოფლიოში უკანასკნელად დააარსა დიდი სემიტური მონარქია. ბიბლიაში ნაბუქოდონოსორი მოხსენიებულია, როგორც „ქალდეელთა მეფე“ (2 პარ. 36:17) . მისი შიდაპოლიტიკა მიმართული იყო ქალაქთა აღმშენებლობაზე, სიწმინდეების აღდგენაზე, სარწყავი სისტემის მოწესრიგებაზე, მოსახლეობის ცალკეულ ნაწილებს შორის ანტაგონიზმის გამოვლინების აღკვეთაზე. ჯერ კიდევ ძვ.წ. ბაბილონელი ისტორიკოსი ბეროსე უწოდებდა ნაბუქოდონოსორს „ქალდეელთა და ბაბილონელთა მეფეს“.

მიუხედავად ამისა, ქალდეელთა დინასტიამ დიდხანს ვერ შეძლო არსებობა. უკანასკნელი „ბაბილონელი“ დიდი მეფე იყო ნაბონიდი (ძვ. წ. 556 —539 წ.წ.).

მალე ამ რეგიონში გაბატონდა სპარსეთი. სპარსეთის გავლენით დასავლეთში მოისპო ტერმინი „ქალდეა“, როგორც ეთნოგრაფიული ტერმინი და ბოლოს, ქალდეელთა სახელმწიფომაც მთლიანად შეწყვიტა არსებობა.

ქალდეელი ხალხი რედაქტირება

აღმოსავლეთ-სემიტური ტომების - აქადელების, ასურელების, ბაბილონელებისაგან განსხვავებით, რომელთა წინაპრები მესოპოტამიაში უკვე ძვ.წ. XXX საუკუნიდან არიან ცნობილი ამ მიწაზე, ქალდეელები არ იყვნენ მესოპოტამიის ადგილობრივი მკვიდრნი. ისინი აქ მხოლოდ ძვ.წ. X-IX საუკუნეების მიჯნაზე მოვიდნენ როგორც მიგრანტები დასავლეთ-სემიტური ტომებიდან. ისინი მესოპოტამიის ცივილიზაციის და ისტორიის 3000 წლიან მანძილზე არანაირ როლს არ თამაშობდნენ. ეს ხალხი არ უნდა აგვერიოს, თანამედროვე ქალდეელებში, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე და ითვლებიან თანამედროვე ასირიელებად. ძველი ქალდეელები გამოჩნდნენ დაახლოებით ძვ.წ. 940 - 860 წ.წ. ეს იყო ბაბილონის დასუსტების პერიოდი, როდესაც ბაბილონელ მეფეთა მცდელობები ნახევრადმესაქონლე ტომების ქვეყნის საზღვრებში შემოჭრის წინააღმდეგ მიზანს ვერ აღწევდა.

მიუხედავად იმისა, რომ, ქალდეელები მიეკუთვნებიან დასავლეთ-სემიტური ტომების იმავე ეთნიკური ჯგუფს, რომელსაც ბაბილონში უფრო ადრე მოსული ასირიელები, ასურეთის მეფე სენაქერიბი თავის წარწერებში აღნიშნავს მათი ეთნიკური განსხვავებულობის შესახებ.

ქალდეებმა ძალიან სწრაფად შეითვისეს და გაითავისეს დომინანტი ასირიულ-ბაბილონური კულტურა, როგორც ეს მოხდა აქამდე ამორეველების, კასიტების, არამეელების და სხვათა შემთხვევაში. იმავე დროს, ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი დაეცა. ქალდეური ტომები ამ დროისათვის უკვე გათქვეფილები იყვნენ ადგილობრივ მოსახლეობაში და ტერმინი „ქალდეები“ აღარ გამოიყენებოდა. საგულისხმოა, რომ ეს ტერმინი გამოიყენებოდა მხოლოდ ასტროლოგთა სოციალურ-ეკონომიკურ კლასთან და არა ხალხთა რასასთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ქალდეელთა ეთნოსი მესოპოტამიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ ბაბილონის განადგურებამდე გაქრა. მომდევნო, აქემენიდების იმპერიაში არ შემონახულა არც პროვინცია, არც მიწები ქალდეას სახელწოდებით და საერთოდ, სპარსულ ჩანაწერებში არ ფიგურირებს ქალდეელთა მოძრაობის შესახებ რაიმე ინფორმაცია.

ქალდეები თავდაპირველად საუბრობდნენ არამეულის მსგავს დასავლეთ-სემიტურ ენაზე. მოგვიანებით მათ შეითვისეს აქადური ენის დიალექტი. საბოლოოდ, მესოპოტამიაში დამკვიდრდა არამეული ენა, მათ შორის ქალდეელთა მეტყველებაშიც. ეს ენა (ცნობილია, აგრეთვე, როგორც ქალდო-ასირიული ენა) დღემდე რჩება მშობლიურ ენად ჩრდილოეთ ერაყის და მის გარშემო მხოვრებ ქრისტიან ასირიელთა შორის. ამ ფართოდ გავრცელებული ენის ერთ-ერთ ფორმას იყენებდნენ წინასწარმეტყველები დანიელი და ეზრა.

ვერსიები რედაქტირება

ქალდე, ქალდეა, ჰალდეა, მთვარის ქალღმერთია (ბაბილონური მითოლოგიით) ქალდური სამების პირველი წევრია (ვანის წარწერებში), მეორე წევრი შეესიტყვებოდა ასურთა ბინს (ცას, სვანურად „მშვილდს“). და მაშასადამე მზეს. მეცნიერთა ვარაუდით, აქედან წარმოებული ქალდეელი ქართველის სინონიმია: ორივე მთვარის შესატყვისია. ქალდეა, ქართი, სვანურად „თბილისია“, იგივე „ქალდის“ ქართული ფორმა. უფრო სარწმუნოა მეორე ცოცხალი საბუთი. მთვარის ღვთაებას ქალდის ძველ ქართულში მრავალი შესატყვისი მოეძებნება, კერძოდ სვანურში: სოფელ ქალდე (ხალდე) დღესაც კლდე-სოფელია სვანეთში და იქ მროკავი, მძლავრი მამაკაცების გუნდი დღესაც მღერის წარმართულ ჰიმნს: „იავ ქალდი და ბებუცია...“ უთუოდ მთვარის ჰიმნია. ძველი ქართული გვარი ქალდანი დღესაც ცოცხალია. ქალდეელთა ტომობრივ სახელში ალბათ ისმის „ქალ, ქალი“, რაც შუმერულადაც ქალს ნიშნავდა. მეორე ნაწილში ზოგი მკვლევარი ხედავს დევს, ე.ი. „ქალდეელი“. „ქალდევის“ შესატყვისი გამოდის, რაც აღმოსავლურ მითებში სრულიად ბუნებრივია, მათ შორის, ქართულშიც.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება