სვანეთი
სვან. შუ̂ან, ლემშუ̂ანიერა
კავკასიონის ხედი
კავკასიონის ხედი
Historical Svaneti in modern international borders of Georgia.svg
კუთხის ცენტრი მესტია
ქვეყანა საქართველო
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე
აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი 4
ფართობი 5 776,4 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 13 702 (2014)
მოსახლეობის სიმჭიდროვე 5.2
ეროვნება ქართველები

სვანეთი (სვან. შუ̂ან, ლემშუ̂ანიერა) — საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე.

გეოგრაფიარედაქტირება

 
 
 
 
 
 
მდინარე ენგური
 
 
 
 
 
 
მდინარე რიონი
 
 
მდინარე წყნეთისწყალი
 
მდინარე რიონი
 
 
სვანეთის დაყოფა

  = ზემო სვანეთი   = ქვემო სვანეთი

  = სვანებით დასახლებული კოდორის ხეობა

მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. აღმოსავლეთით რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით — ლეჩხუმი და სამეგრელო, დასავლეთით —აფხაზეთი, ჩრდილოეთით — ყარაჩაი და ბალყარეთი. 3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 მ), თეთნულდი (4 974 მ), შოთა რუსთაველი (4 960 მ), უშბა (4 710 მ), აილამა (4 525 მ), ლალვერი, ლაცგა და სხვა.

იყოფა ზემო (მდინარეების ენგურის ზემოწელი) და ქვემო სვანეთად ( ცხენისწყლის ზემოწელი). მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატპარის ზეკარით (უღელტეხილით). ზემო სვანეთს შეადგენს მდინარე ენგურის ხეობა, ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ორ ნაწილად. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელი იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა. სულ ზემო სვანეთში 13 თემი იყო:

ქვემო სვანეთს შეადგენს ცხენისწყლის ხეობა სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის) სიახლოვეს. ქვემო სვანეთი ლეჩხუმითურთ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან შედიოდა სამეგრელოს დადიანების მფლობელობაში, ამიტომ ის სადადიანო სვანეთადაც არის ცნობილი. ცნობები ქვემო სვანეთის ანუ სადადიანო სვანეთის ძეგლების შესახებ იხ. ბროსსე, და გრაფიანია უვაროვისა: მატერიალი პო არხეოლოგიი კავკაზა, ტ. X. ქვემოდ, სადაც ამ ავტორებს ვიხსენებთ, ეს მათი წიგნები იგულისხმება. 1910 წელს ე. თაყაიშვილის სვანეთში ექსპედიციის დროს, ქვემო სვანეთი შეიცადა სულ სამ თემს: ლენტეხისა, ჩოლურისა და ლაშხეთისა:

ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე კოდორის ხეობა, სადაც სვანები XIX საუკუნეში დასახლდნენ, თუმცა სვანები აქ ანტიკურ ხანაშიც ცხოვრობდნენ. ბერძნული წყაროები კოდორის ხეობაში მცხოვრებლებს მისიმიელების სახელით მოიხსენიებდნენ, რაც სვანური თვითდასახელება „მუშუანის“ თარგმანია.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტში, კოდორის ხეობა — აჟარის მუნიციპალიტეტში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.

ისტორიარედაქტირება

სვანეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდნა, ძვ. წ. VIII-VII ათასწლეულიდან ფიქსირდება. ნეოლითური სადგომებია აღმოჩენილი ზემო სვანეთში ლენჯერში და ქვემო სვანეთში ცხმელურში. ბრინჯაოს ხანაში, ძვ. წ. IV-I ათასწლეულებში სვანეთში გაჩნდა მჭიდრო დასახლება. ზაგრაშში და ლეფურის მთაზე აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის სპილენძის მაღაროები, საიდანაც მოპოვებულ მადანზე ადგილზევე მოპოვებულ დარიშხანს ან სტილბიუმს ურევდნენ და მაღალი ხარისხის ბრინჯაოს ნაწარმს იღებდნენ. ბრინაოს წარმოების მსხვილი ცენტრი იყო მდინარე რიონის ზემო წელიც, რომელიც, ასევე, სვანეთის ნაწილი იყო. სვანების თავდაპირველი განსახლების ტერიტორია მოიცავდა დღევანდელ სვანეთს, ასევე რაჭა-ლეჩხუმს, კოდორის ხეობას დღევანდელი სამეგრელოს ნაწილს. სვანური წარმოშობისაა სოხუმის ძველი სახელწოდება ცხუმი. სვანური ტოპონიმები და სვანური ნაგებობები დასტურდება ასევე თერგისა და ყუბანის სათავეებში.

ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი ჯერ კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, მას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა კოლხეთის ოქროს წარმოებაში. სვანეთში ოქროს მოპოვებას უკავშირდება ოქროს საწმისის მითის გაჩენა. ძვ. წ. II საუკუნის დასასრულს კოლხეთის სამეფო პონტოს სამეფომ დაიპყრო. სვანეთი გადაურჩა პონტოს მიერ დაპყრობას და დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული იყო. ძვ. წ. IV-I საუკუნეებში სვანეთს მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა გარესამყაროსთან. ჭუბერის ხეობაში ალექსანდრე მაკედონელისა და მისი მემკვიდრის, ლისიმაქეს მიერ მოჭრილი დიდი რაოდენობის მონეტებია აღმოჩენილი. სტრაბონის ცნობით სვანები კავკასიონის მწვერვალებზე, დიოსკურიის ზემოთ ცხოვრობდნენ, ჰყავდათ ბასილევსი, 300 კაციანი საბჭო და შეეძლოთ 200 000-იანი ლაშქრის გამოყვანა. 63 წელს რომის იმპერიამ პონტოს სამეფო გააუქმა და ის მის უშუალო მმართველობას დაექვემდებარა. სვანეთი რომის იმპერიაში არ შესულა, თუმცა მას ცვილის ხარკის გადახდა დაეკისრა.

II საუკუნიდან სვანეთი ეგრისის სამეფოს შემოადგენლობაშია. პროკოპი კესარიელის ცნობით სვანეთს მართავდა არქონტი, რომელიც ეგრისის მეფის მიერ ინიშნებოდა და მასვე ემორჩილებოდა. ეგრისის მეფის მიერ დანიშნულ სვანთა ერისთავს ამტკიცებდა ბიზანტიის იმპერატორი და მას პროტოსტრატორის ტიტულს ანიჭებდა. ამ ტიტულს სვანთა ერისთავებში შემდგო საუკნეებშიც ატარებდნენ. ლაბეჭინის წმინდა გიორგის ხატის XI საუკუნის წარწერაზე იოანე ვარდანისძე სვანთა ერისთავი მეჭურჭლეთუხუცესად და პროტოსტრატორად იხსენიება. ამ პერიოდში სვანეთში განვითარებული იყო მეფუტკრეობა და ტყავის წარმოება. VI-VII საუკუნებში ბიზანტიელი ისტორიკოსები იხსენიებენ მისიმიელების ტომს. მათივე ცნობით მისიმიელები თვითმმართველობით სარგებლობდნენ და არა სვანეთის ერისთავს, არამედ უშუალოდ ეგრისის მეფეს ემორჩილებოდნენ. მისიმიელთა განსახლების ადგილი კოდორის ხეობა იყო. V-VI საუკუნეებში სასანიანთა იმპერია რამდენჯერმე შეეცადა სვანეთთის დაპყრობას, რაც სვანეთის სტრატეგიული მნიშვნელობით აიხსნება. პირველი ასეთი ლაშქრობა V სუაკუნის II ნახევარშია დამოწმებული. ეგრისის დიდი ომის დროს სპარსეთმა მოახერხა სვანეთის დაკავება. 552 წელს სვანეთში სპარსეთის ჯარი შევიდა სვანეთის ერისთავ წათეს თანხმობით. 562 წელს ზავი დაიდო სპარსეთსა და ბიზანტიას შორის, თუმცა სვანეთის საკითხი ღიად დარჩა. 571 წელს ბიზანტია-სპარსეთის ახალი ომი დაიწყო და 575 წელს ბიზანტიელების და ლაზების გაერთიანებულმა ჯარმა სპარსელები სვანეთიდან გააძევა. 589-590 წლებში სპარსელები ბარამის სარდლობით კვლავ შეიჭრნენ სვანეთში თუმცა იქ ვერ გამაგრდნენ.

XI—XV საუკუნეებში სვანეთი საქართველოს სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო და როგორც პოლიტიკურად, ისე კულტურულად იყო მისი განუყოფელი ნაწილი. ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV საუკუნე) შემდეგ რამდენიმე ნაწილად დაიყო:

XV-XVI საუკუნეებში სვანეთს ჩამოეჭრა დიდი ტერიტორია (ამჟამინდელი მთის რაჭა) და ის რაჭის საერისთავოს გადაეცა. სვანეთში სოფლის მეურნეობის მთავარი დარგები იყო მესაქონლეობა და მარცვლეულის მეურნეობა. სვანეთში სათიბები ირწყებოდა, რაც ზაფხულის განმავლობაში ბალახის ორჯერ მოთიბვის საშუალებას იძლეოდა. სვანებს ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ როგორც დანარჩენ საქართველოსთან, ასევე ჩრდილოეთით მცხოვრებ მთიელებთან. სვანებისთვის დამახასიათებელი იყო გარე სამუშაოზე სიარული. ასეთი ფაქტი დაფიქსირებულია ჯერ კიდევ 1503 წლის საბუთში. გარე სამუშაოზე სიარული სახნავ-სათესი მიწების სიმცირით იყო გამოწვეული და მას ადგილი ზამთრის პერიოდში ჰქონდა. გარე სამუშაოზე წასული სვანები მუშაობდნენ ხე-ტყის დამზადებაზე, ტყის გაჩეხვაზე, სამშენებლო მასალების ხერხვაზე, ბაღ-ვენახების დაბარვაზე, თხრილების გაჭრაზე და ა. შ. 1909 წელს 1646 პასპორტი გაუციათ გარე სამუშაოებზე გამსვლელთათვის.

დემოგრაფიარედაქტირება

სვანური სოფლები გამოირჩევა მჭიდრო დასახლებით. აქ გავრცელებული იყო მცირე დასახლებები, რადგან მიწის ფართობი არ იძლეოდა დიდი დასახლებების წარმოშობის საშუალებას. XIX საუკუნის ბოლოს სვანეთში ასორმოცზე მეტი სოფელი იყო.

 
„არიან კაცნი დიდ-ტანოვანნი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი, ბართა ვერ შემმართებელნი, მთათა სიმაგრეთა და ციხეთა შინა მაგარნი, სიკუდილისა არა მომხსენენი... სარწმუნოებით არიან იმერთა ტანა ქართულითა და უმეცარნი აწ მისნიცა“

კულტურა და ტრადიციებირედაქტირება

 
სვანეთი

სვანეთი ქართული ეკლესია-მონასტრების განძთსაცავი იყო. სვანეთში ინახება ადიშის ოთხთავი, XI საუკუნის ბოლოს კლარჯეთიდან წამოღებული ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ის გადაწერილია 897 წელს და უძველესი ქართული თარიღიანი სახარებაა. ასომთავრული ტექსტი ოქროსფერი მელნითაა ნაწერი. ადიშის ოთხთავი ამჟამად მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული.[1] სვანი ოსტატების მიერ დიდი რაოდენობითაა შექმნილი ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობისა და ხეზე კვეთის ნიმუშები.

სვანები მატყლისგან ამზადებდნენ მამაკაცის ქუდებს, ნაბდებს. სვანური ქუდი ნაბდისგან მზადდება. ის ერთნაირად იცავს სიცხეშიც და სიცივეშიც. სვანური ქუდი, როგორც წესი, თეთრი ან რუხია. შავ ქუდს მხოლოდ მგლოვიარეები ატარებენ. ქუდი სადაა და მასზე აბრეშუმის სირმით და ბამბის ზონრით ჯვარია გამოსახული.

ფოლკლორირედაქტირება

სვანეთი მდიდარია მუსიკალური ფოლკლორით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მზისა და განთიადის საგალობლები, საგმირო და საფერხულო-სახუმარო სიმღერები, სამგლოვიარო სიმღერა „ზარი“, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ. ბალსზემო სვანეთის ყველა თემში მხოლოდ ამ თემისთვის დამახასიათებელი „ზარი“ სრულდებოდა, ბალსქვემო სვანეთს კი ერთი „ზარი“ ჰქონდა.

ჩანგი სვანური საკრავია. ის ძალიან ჰგავს შუამდინარეთში გავრცელებულ ძველ საკრავებს, განსაკუთრებით კი შუმერულ არფას. ჩანგს ძუის 5 ან 6 სიმი აქვს.ამ საკრავით სვანური სიმღერების აკომპანემენტი იკვრება.

სვანეთისთვის დამახასიათებელია ეპიკური პოეზია — ურითმო საგმირო ბალადები.

ლიფანალირედაქტირება

ლიფანალი გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი დღესასწაულია. ის რამდენიმე დღეს გრძელდება.ლიფანალის დროს დიასახლისი ნაკურთხი წყლითა და ნაცრის შერევით „საღებავს“ ამზადებს და გარდაცვლილთა სულების გულის მოსაგებად სხვადასხვა საგნებზე თითით მარტივ ფიგურებს გამოსახავს.

ნადირობარედაქტირება

სვანები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მცხოვრებნი უძველესი დროიდან დადიოდნენ მთაში სანადიროდ. თოვლსა და ყინულზე სასიარულოდ ისინი საგანგებო აღჭურვილობას თხილამურს და წრიაპს იყენებდნენ. თხილამურები თხილის ტოტებისგან მზადდებოდა, წრიაპები ლითონისაგან.

ლემირედაქტირება

ლემი თავისუფალი სვანეთის დროშას ეწოდება (სვანური სიტყვაა და ქართულად „ლომს“ ნიშნავს), ლემი სვანეთის უძლეველობის განსახიერებაა. დროშა მედროშე-მელომეს განკარგულებაში იყო და ყველა ბრძოლაში წინ მიუძღოდა მებრძოლებს.

არქიტექტურარედაქტირება

სვანური კოშკირედაქტირება

სვანეთი კოშკების მხარეა, აქ 200-მდე კოშკს ითვლიან, ყველა გვარს თავისი კოშკი ჰქონდა. კოშკებს საცხოვრებელი და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდათ. სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. შენობაში შესვალა მეორე სართულიდან შეიძლება ხის მისადგმელი კიბით. კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია. არანაკლებ საყურადღებოა კოშკების გვერდით მიდგმული ქვითკირის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები.

ეკლესიებირედაქტირება

სვანეთში შემორჩენილია ასამდე ეკლესია. სვანური ეკლესიები მცირე ზომისაა და ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოშია ჩაწერილი. ეკლესიები ერთნავიანი და დარბაზული ტიპისაა. ისინი ძირითადად X-XV საუკუნეებშია შექმნილი და დამშვენებულია ქართული წარწერებით. სვანეთი ერთადერთი მხარე საქართველოში, სადაც ეკლესიებს გარე ფასადებზე აქვთ ფრესკები. ლაშთხვერისა და ჩაჟაშის ეკლესიების გარე ფასადებზე მოსე ხონელის ამირანდარეჯანიანის რამდენიმე სიუჟეტია გამოსახული.

ლიტერატურარედაქტირება

  • გ. გასვიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 309, თბ. 1985 წელი.
  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 129-131 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
  • „საქართველოს ატლასი მოზარდთათვის", - „სვანეთი" გვ.42. გამომცემლობა „დიოგენე" თბილისი 2005წ
  • ბერაძე, თ. „სვანეთი უძველესი დროიდან VI სუაკუნის ჩათვლით“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები IX ტ. გვ. 18-21 — თბილისი, „უნივერსალი“, 2008

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება