უბიხები
უბიხები (თვითსახელწოდება — თ°ახჷ, აფხ. Тәахы) — ხალხი, ენით, კულტურითა და ყოფით ენათესავებიან აფხაზებს, ადიღელებს, ჩერქეზებს. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ცხოვრობდნენ (დაახლ. 25 ათ. კაცი) შავი ზღვის კავკასიონის სანაპიროზე მდინარეებს შახესა და სოჭს შორის. მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მებაღეობას და გადარეკვით მეცხოველეობას.
XIX საუკუნემდე უბიხების შესახებ წერილობით წყაროებში თითქმის არავითარი ცნობა არაა დაცული, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი მოგზაურის (ევლია ჩელები, პ. პალასი, ი. გიულდენშტედტი...) დღიურებს, რომლებშიც აქა-იქ გვხვდება ცალკეული სიტყვები და გამონათქვამები, მაგრამ, ჩვეულებრივ, სხვა ენობრივ მასალაში არეული, რადგან მოგზაურთა უმრავლესობა მათ ჩერქეზ აბაზ ტომებად მიიჩნევდა.
მშვიდობიან დროს მოსახლეობა მიწათმოქმედებასა და გადარეკვით მესაქონლეობას მისდევდა. ხეხილის ბაღებით განთქმული იყო ვარდანეს ველი. ზოგიერთი ტომი ვაჭრობასაც ეწეოდა. ვაჭრობდნენ ძირითადად თურქეთთან. უბიხთა გემები რეგულარულ რეისებსაც კი ასრულებდა.
ვაჭრობა აფართოებდა უბიხთა თვალსაწიერს, აძლევდა მათ შესაძლებლობას, უფრო ღრმად დაჰკვირვებოდნენ მე-19 საუკუნის დასაწყისში შექმნილ დაძაბულ ვითარებას.
ამ დროისათვის რუსეთის მიერ კავკასიის დასაპყრობად გაჩარებული ომი, ნიკოლოზ I-ის თქმით, მიზნად ისახავდა „...მთიელების საბოლოო დაშოშმინებასა და ურჩების საბოლოო განადგურებას“. მართლაც, სულ მალე, კავკასიის დასაპყრობად გაჩაღებული ბრძოლა ხანგრძლივ, უსასტიკეს ომად გადაიქცა, რომელიც ოთხ ათეულ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ყველაზე შეურიგებლები ამ ომში სწორედ უბიხები იყვნენ. მონათესავე ტომებთან, პირველ რიგში, აბაძეხებთან გაერთიანებულნი, ისინი კარგად გაწვრთნილ რაზმებს წარმოადგენდნენ, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ მტერზე თავდასხმისათვის და მის მოსაგერიებლად. შეტევისას მეწინავენი იყვნენ, უკან კი უკანასკნელები იხევდნენ. ბრძოლებში თავისი თავგანწირვითა და მამაცობით მოწინააღმდეგეს შიშის ზარს სცემდნენ. განსაკუთრებული შეუპოვრობით გამოირჩეოდა საშეს ტომი, რომელიც მდინარეების — საშესა (სოჭი) და ხამიშს (ხოსტას) შორის ცხოვრობდა.
მრავალწლიანმა დამღლელმა ომმა თავისი შედეგი გამოიღო, მას ვერც ყირიმის ომის დროს სამ წლიანმა შესვენებამ უშველა. ომი დასასრულს უახლოვდებოდა. ომის დამთავრების აუცილებელ პირობას მეფის ნაცვლის, დიდი მთავრის აზრით, „აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სრული გაწმენდა და მთიელების თურქეთში გასახლება“ წარმოადგენდა.
შაფსუღებისა და აბაძეხების საბოლოო განადგურების შემდეგ, ჯერი უბიხებზე მიდგა. 1864 წლის წლის მარტის თვეში რუსეთის ჯარმა გენერალ ვ. გეიმანის წინამძღოლობით მდინარე პსეზუაპსე გადალახა. ძლიერ შეტევას უბიხთა მიწა-წყლის დაპყრობა მოჰყვა. 25 მარტს ჯარმა აიღო საშე — უბიხეთის ცენტრი. დამორჩილებულ მოსახლეობას გამოუცხადეს შემდეგი:
ყველა, ვინც მიირებდა თურქეთის სულტანის წინადადებას, გადასახლებულიყო ოსმალეთის იმპერიაში, უნდა დაუყოვნებლივ დაბანაკებულიყო სამი მდინარის: შახეს, ვარდანესა და საშეს შესართავებში, ზღვის ნაპირზე. მათ, ვისაც სურვილი ჰქონდათ, რუსეთის მთავრობას მოლაპარაკებოდნენ და ამდენად, კავკასიაში დარჩენილიყვნენ, წინადადება ეძლეოდათ, ყუბანს იქით დასახლებულიყვნენ. ასეთი სურვილი სამოციოდე ოჯახმა გამოთქვა. მათთვის სამოსახლოები უნდა გამოეყოთ, მაგრამ შემდგომში ისინი იქედანაც უფრო შორს, კოსტრომის გუბერნიაში გადაასახლეს. უბიხების მცირე ნაწილი შეერია ადიღელ ხალხსა და აფხაზებს. ყველა გადასახლებული, ასიმილირდა დიდ ხალხებში და დაკარგა თავისი იდენტობა.
თურქეთში გასახლება ისეთივე მძიმე გამოცდა იყო, როგორც თვით ომი. ზღვის ნაპირზე საშინელი არეულობა სუფევდა. ასეთ მასობრივ გასახლებაში გამოუცდელობის უქონლობამ და არაორგანიზებულობამ, ეპიდემიებმა, გემების მწყობრიდან გამოსვლამ, სიცივემ, შიმშილმა მოსახლეობა ამოწყვეტის პირას მიიყვანა. ნახევარზე მეტმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილს. 1864 წლის 21 მაისს, უკანასკნელი მუჰაჯირის წასვლის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგში სამეფო კარს ოფიციალურად მოხსენდა მრავალწლიანი სასტიკი ომის დამთავრება. იმავე დღეს სამეფო ჯარების გაერტიანებული ნაწილების წარმომადგენლებმა საზეიმო ლოცვა აღავლინეს ომის დამტავრების გამო. 1864 წელი კავკასიის საბოლოო დაპყრობისა და რუსთა მმართველობის დამყარების წლად ითვლება.
1864 წლიდან უბიხები გაქრნენ კავკასიის რუკიდან. მათ დატოვეს წინაპრების მიწა-წყალი. ერთ-ერთი ლტოლვილის მოგონებიდან: „ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით სტამბოლს. სოფელი შეიკრიბა ზღვის ნაპირზე. სტამბოლიდან მოვიდა ორი იალქნიანი გემი. ერთ-ერთზე ავიტანეთ საგზალი და ბარგი, მაგრამ გამგზავრებისას ეს გემი ვეღარ აღმოვაჩინეთ, ამიტომ ჩავსხედით მეორეში. მგზავრობა ძლიან მძიმე გამოდგა. სამსუნთან მიახლოებისას აღმოჩნდა, რომ არ გვიშვებდნენ ნაპირზე. იძულებული ვიყავით გეზი სტამბოლისაკენ აგვეღო. გზაში გემი გაგვიფუჭდა. არ გვქონდა სასმელი წყალი, ვსვამდით ზღვის წყალს. ბევრი დაიხოცა. ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა სტამბოლიდან გემი, რომელმაც წაგვიყვანა ქალაქისაკენ ბუქსირით“.
თურქეთში ჩასული უბიხები ისევ ჩერქეზებსა და აფხაზების მეზობლად დასახლებას ცდილობდნენ. ჩერქეზები, როგორც უფრო მრავალრიცხოვანნი, დაანაწილეს მთელ იმპერიაში — ანატოლიაში, სირიაში, იორდანიაში... უბიხები კი მხოლოდ ანატოლიაში დაასახლეს.
ზოგიერთი ინფორმაციით უბიხთა ნაწილი ახლო აღმოსავლეთში დასახლებულა, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება.
ორი ყველაზე დიდი ჯგუფი დაასახლეს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში: მანისას რაიონში (ბალიქესირის ვილაიეთი, სოფლები: ჰაჯი ოსმან ქოი, ჰაჯი იაქუბ ქოი...) და საფანჯას ტბის სიახლოვეს (იზმითის ვილაიეთი, სოფლები: ქირქ ფინარი, იანიქი, ქურთ ქოი...). პატარ-პატარა ჯგუფებად უბიხები სხვა რეგიონებშიც ჩაასახლეს: სამსუნტან, ადაფაზარისთან, დიუზჯესთან, სამხრეთ-აღმოსავლეთით მარაშის რაიონში.
ახალ ადგილზე სოფლების სახელდება მათი დამაარსებლების სახელების მიხედვით ხდებოდა: მაგალითად, ოსმანმა დააარსა ჰაჯი ოსმან ქოი, იაქუფმა — ჰაჯი იაქუბ ქოი. ზოგჯერ ახალ ადგილებს ძველ, კავკასიურ ადგილებს არქმევდნენ.
ახალი გარემოს უცხო პირობებში დაქსაქსულად დასახლებამ და მცირერიცხოვნობამ უბიხური ენა გადაშენების გზაზე დააყენა. თუ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში უფროსი ტაობის მცირე ნაწილმა ჯერ კიდევ იცოდა დედაენა, საუკუნის ბოლოს უბიხები ასიმილირებულნი არიან არ ჩერქეზებში ან თურქებში. უბიხურ ენაზე მოლაპარაკე უკანასკნელი უბიხი, ტევფიკ ესენჩი, 1992 წელს გარდაიცვალა.
უბიხებისათვის დიდი განსაცდელი იყო ბალკანეთის ომში მონაწილეობა. ბევრი მათგანი ჯარში გაწვეული უკან აღარ დაბრუნებულა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Убыхский раздел на Сайте черкесской культуры
- უბიხური ენა დაარქივებული 2009-09-06 საიტზე Wayback Machine.
- Убыхские пословицы დაარქივებული 2009-09-06 საიტზე Wayback Machine.
- История адыгов (черкесов), убыхов и абхазов (абазин) დაარქივებული 2019-04-17 საიტზე Wayback Machine.