უბიხეთი
უბიხეთი (რუს. Убыхия) — შავიზღვისპირა ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში XIV-XIX საუკუნეებში. აქ ძირითადად სახლობდნენ უბიხები. დღეისთვის უბიხეთის ტერიტორია მოქცეულია კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ფედერაცია.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაუბიხეთი ჩერქეზული სიტყვაა, წარმოშობით მომდინარე უბიხური ფუძიდან, რომელიც შეერქვა მათ და გავრცელდა. უბიხები თავის თავს თვახი-ს უწოდებენ, ხოლო თავის ენას კი თვახიბზა-ს, რაც გარდა ზეპირი გადმოცემებისა, არც ერთ წყაროში არაა დამოწმებული.
მეცნიერთა ნაწილი ეტნონიმ „უბიხს“ ძველი ავტორების (პროკოფი კესარიელი, VI ს.) ტერმინი „ბრუხოის“ უკავშირებს, მაგრამ ეს მოსაზრება ვარაუდს არ სცილდება.
გეოგრაფია
რედაქტირებაუბიხეთი დასავლეთიდან შემსოაზღვრული იყო ზღვით (დაახლოებით 37 კმ.); ჩრდილოეთით, მდ. შახეს გაყოლებაზე — ჩერქეზი ტომებით — შაფსურებითა და ნათხვაჯებით; ჩრდილო-დასავლეთით მთები გამოჰყოფდა მათ მდ. სჰაგვაშას (ბელაიას) აუზისა და აბაძეხებისაგან; სამხრეთით, მდ. ხამიშის (ხოსტას) გადაღმა მას მეზობლობდნენ საძები, აფხაზური მოდგმის ტომი.
უბიხეთი წარმოადგენდა, კლიმატურად არაჩვეულებრივ რეგიონს, დაფარულს უღრანი ტყეებით, მათ შორის ბზისა და ურთხმელის უნიკალური რელიქტიური ჯიშებით. აქ მრავლად იყო ბუნებრივი გოგირდოვანი სამკურნალო წყლები (მაცესტა, აგურა), მიწათმოქმედებისათვის გამოსადეგი მინდორ-ველები, მთის მდინარეები: ბუ, შახე, ვარდანე, საშე (სოჭი), ხამიში (ხოსტა)... გაზაფხულზე და დიდი წვიმიანობის დროს ძალიან წყალუხვი ხდებოდნენ.
უბიხეთი მთიან და სანაპირო ზოლებად იყოფოდა. სანაპირო ზოლი სედგებოდა ორი ძირითადი ნაწილისაგან: ჩრდილოეთით — ვარდანესა და სამხრეთით — საშესაგან (სოჭისაგან).
უბიხები
რედაქტირებაუბიხები წარმოადგენენ აფხაზურ-ადირეური (ჩერქეზული) ეთნიკური ერთობის ერთ-ერთ რგოლს. 1864 წლამდე უბიხები სამშობლოში — ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში — შავი ზღვის გასწვრივ, კავკასიონის მთავარი ქდის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე ცხოვრობდნენ.
უბიხებს ერთიანი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არ შეუქმნიათ. ისინი პატრიარქალურ-ფეოდალური წყობით ცხოვრობდნენ. საზოგადოების მართვაში წამყვანი როლი ფეოდარულ-აზნაურულ საგვარეულოებს ეკისრებოდათ. მაგალითად. მე-19 საუკუნეში სახელი გაითქვა ბარზეგების გვარმა, მათგან განსაკუთრებით კი ჰაჯი დაგუმოყვა (დოგომუკოვი) ბარზეგმა. ჰაჯი დაგუმოყვა საუკეთესო კავკასიური ტრადიციებისა და თვისებების მატარებელი იყო. კავკასიის ომში მან თავი გამოიჩინა, როგორც საომარ მოქმედებათა სულისჩამდგმელმა და ორგანიზატორმა. მას კარგად იცნობდა ცნობილი ინგლისელი მოგზაური ჯ. ს. ბელი, რომელმაც მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ჩერქეზებში სამი წელი გაატარა. იგი ბარზეგს „ჩერქეზების ვაშინგტონს“ უწოდებდა.
უბიხები, რომლებიც მცირერიცხოვანნი იყვნენ (არ აღემატებოდნენ 40 000), აფხაზ და ადიღე ტომებს შორის შუალედური მდგომარეობა ეკავათ, მაგრამ ტავისი მსოფლმხედველობით, ფსიქოლოგიური და საზოგადოებრივი წყობით, ცხოვრებისეული წესიტ, ისინი განსაკუთრებულ სიახლოვეს ჩერქეზებტან იჩენდნენ, მათგან კი ყველაზე მეტად დაახლოებულნი იყვნენ აბაძახებსა და შაფსუღებტან. მათმა უმეტესობამ იცოდა ჩერქეზული ენა, არისტოკრატიულ ფენაში კი ეს ჩვეულებრივი და მიღებული იყო.
ისტორია
რედაქტირებაუბიხეთის ისტორიის ბოლო წლები დეტალურად აქვს გადმოცემული ბაგრატ შინქუბას, რომელიც ეყრდნობა უკანასკნელი უბიხურად მეტყველი უბიხის მონათხრობს, ჩაწერილს აფხაზი ენათმეცნიერის შარახ კვაცბას მიერ[1].
უბიხები განთქმულნი იყვნენ თავისუფალი ცხოვრებით, ეწეოდნენ ვაჭრობას, მესაქონლეობას, ასევე არ ერიდებოდნენ მეზობელი ხალხების ძარცვა-დაწიოკებას, საიდანაც მძევლად აყვანილ ტყვეებს ყიდდნენ ოსმალეთიდან ზღვით გადმოსულ გემებზე. ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა სანამ რუსეთის იმპერიის ინტერესის სფერო კავკასია არ გახდა. 1800 წლიდან მას შემდეგ რაც გადმოაბიჯა კავკასია და გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და სხვა ტერიტორიები, მეთოდურად შეუდგა მთელი მიმდებარე რეგიონის დაპყრობასაც.
ჰაჯი ბერზეკ ადაგვის ძე იყო უბიხების წინამძროლი მთელი ოცი წელი, რომელიც გამარჯვებული გამოდიოდა ყველა შეტაკებიდან. მის თავის სანაცვლოდ რუსეთის იმპერიას დაწესებული ჰქონდა გასამჯელო — ერთი ათასი რუბლი. მოღალატე ერში არ აღმოჩნდა, მაგრამ ყველას გასაკვირვად მან ერთ დღეს თავისი ნებით უარი განაცხადა უბიხი ხახის მართვაზე, დაჯდა სახლში და მალევე გარდაიცვალა. მისი ადგილი დაიკავა მისმა ძმიშვილმა ჰაჯი ბერზეკ კერანტუხმა.
იმ დროს ჰაჯი ბერზეკი პირობითად თავს რუსეთის ვასალად თვლიდა რადგანაც ყოველთვიურად ღებულობდა ჯამაგირს რუსეთის იმპერიისაგან, რაც ერთგვარად რუსეთის ვასალობას წარმოადგენდა.
ყირიმის ომის (1853-1855) დროს, როდესაც ოსმალეთის დიდმა ვეზირმა ომარ ფაშამ სოხუმი დაიკავა, რუსეთმა უკან დაიხია და უბიხი ხალხი აღმოჩნდა არჩევანის წინაშე. მალე ჩრდილოკავკასიის მთებიდან დაღესტნელი მოლები ჩამოვიდნენ და ოსმალებთან ერთად ხალხში დაიწყეს ხმის გავრცელება, რომ რუსეთი დამარცხებულია და რომ დღეიდან მხოლოდ ოსმალეთი იქნება კავკასიის ბატონ-პატრონი. უბიხებმა აფხაზებისაგან განსხვავებით არჩევანი ოსმალეთის სასარგებლოდ გააკეთეს და უარი თქვეს რუსეთისაგან მიღებულ პატივზე.
დროთა განმავლობაში რუსეთის არმიამ კვლავ დაიბრუნა თავისი გავლენის სფეროები კავკასიაზე და განდევნა ოსმალები, მაგრამ უბიხების ლიდერი ჰაჯი კერანტუხი კვლავინდებურად ებრძოდა რუს გენერლებს.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა მოლაპარაკებების გზით მიემხრო უბიხი ხალხი თავისკენ, რისთვისაც დაინიშნა შეხვედრა მზიმთის ნაპირებთან. მოლაპარაკებებში შუამავლის როლს კისრულობდა აფხაზეთის მმართველი ხამუთ-ბეი შარვაშიძე. მხარეები მოლაპარაკებაზე დათქმულ დროს გამოცხადდნენ, სადაც რუსეთის გენერალმა უკმაყოფილოება გამოხატა ჰაჯი კერანტუხის მიერ ოსმალების მხარეზე გადასვლისა და ასევე ინგლისის მხარისათვის მისთვის დახმარების აღმოჩენის არაერთი მცდელობისათვის, რასაც საბოლოოდ ღალატი უწოდა. პასუხად ჰაჯი კერანტუხმა დაგმო რუსების მიერ მათი ბედის ანაბარა მიტოვება. რუსმა გენერალმა შერიგების პირობად უბიხების მთიდან ბარში ყობანის ვაკეზე ადგილას დასახლება მოითხოვა თუ არადა უნდა დაეტოვათ რუსეთის იმპერიის ტერიტორია. ჰაჯი ბერზეკმა უარი განაცხადა ყუბანის დაბლობში გადასახლებაზე, რადგანაც შიშობდა რომ ამითი რუსეთის მხარე მის ერს გაურკვეველ ვითარებაში ჩააგდებდა და საბოლოოდ დაქსაქსავდა. მოლაპარაკება რუსეთისთვის უშედეგოდ დასრულდა, ხოლო უბიხების მხარემ გადაწყვიტა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლა გამარჯვებისათვის. მიუხედავად მოლაპარაკების ჩაშლისა, აფხაზეთის მთავარმა უბიხების მხარესთან კიდევ ერთი პირისპირ შეხვედრა მოითხოვა, რომელიც იმავე წლის ზაფხულში შედგა.
ახალი მოლაპარაკებისას მიხეილ შერვაშიძეს ახლდნენ აფხაზეთის გავლენიანი პირები: სამურზაყანოელი ემხაა ალგიდა, აბჟუელი გირგუალა ჩაჩბადა ბზიბელი მაანა კაცი.
უბიხეთი იყო უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც ბრძოლა შეწყვიტა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. 1864 წელს დასრულებულ რუსეთ-ჩერქეზეთის ომის შემდეგ დაახლოებით 40 000 უბიხი გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიაში. მოსახლეობის მცირე ნაწილი რუსეთის გუბერნიებშიც გადაასახლეს. დროთა განმავლობაში უბიხი ხალხი ადგილობივ მოსახლეობას შეერწყა.
ლიტერატურა
რედაქტირება- რ. ჯანაშია, „უბიხური ფოლკლორი“, (კავკასიური სახლი), თბ., 2001