მუჰაჯირობა
მუჰაჯირობა — კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის იძულებით გადასახლება, ძირითადად, ოსმალეთის იმპერიაში XIX საუკუნეში. ისლამურ ქვეყნებში ამ არაბული წარმომავლობის სიტყვას უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს — „გადასახლება, ემიგრაცია, გაქცევა“. კავკასიაში მუჰაჯირობის ცნების უფრო კონკრეტული შინაარსი ეპოქის ისტორიული მოვლენებით არის განპირობებული და, უპირველესად, რუსეთ-ოსმალეთის ომებისა თუ კავკასიის ასწლიანი ომის მომყოლ მასობროვ გადასახლებებს უკავშირდება. მუჰაჯირობას მრავალი ფაქტორი განაპირობებდა. ის იყო მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკის ნაწილი. მკვიდრი მოსახლეობის საბედისწეროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით ორ დაპირისპირებულ ძალას შორის თანხმობა სუფევდა: მასობრივი გადასახლება ორივე იმპერიის, რუსეთისა და ოსმალეთის ინტერესებში შედიოდა.
ემიგრაციის პროცესის დაჩქარებისა და გადასახლებულთა რაოდენობის გაზრდის მიზნით რუსეთის ხელისუფლება შესაბამის პირობებს ქმნიდა: ადგილობრივ მოსახლეობას ულტიმატუმებს უყენებდა, თესავდა შიშს, აოხრებდა ადგილობრივ საცხოვრებელ გარემოს, ქმნიდა კავკასიის ხალხებში უპერსპექტივობის განწყობას, ართულებდა და ამძიმებდა საგადასახადო პოლიტიკას, რაც აისახებოდა მკვიდრი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უგულებელყოფდა მაღალი წოდების პრივილეგიებს, ფართო გასაქანს აძლევდა ახლად შემოერთებულ მხარეში მრავლად დანიშნულ წვრილ მოხელე-ჩინოვნიკთა თვითნებობას, რომლებიც ხშირად პირდაპირ მოუწოდებდნენ ხალხს დაეტოვებინათ თავიანთი ტერიტორიები და უცხო ქვეყანაში გადახვწილიყვნენ. გადასახლების მეტად აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა ოსმალეთის იმპერიაც. გადასახლებულთა სახით იგი ხომ მაღალი სამეურნეო კულტურით გამორჩეულ მშრომელ, ერთგულ და მებრძოლი ბუნების მქონე მოსახლეობას მიიღებდა.
მნიშვენლოვან როლს თამაშობდა რელიგიური ფაქტორი. XIX საუკუნის ქართული პრესა არაერთგზის განიხილავს პროპაგანდული ხასიათის ქადაგებათა შინაარს. რელიგიური მოხელეები და პროპაგანდისტები დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ ყოველი მაჰმადიანი, რომელიც რუსის ურჯულო ხელმწიფისა და კანონების მფარველობაში დარჩებოდა, სულითა და ხორცით წარწყმდებოდა, ამიტომ ისინი უნდა ოსმალეთში, აღთქმულ მიწაზე გადასახლებულიყვნენ, სადაც, უეჭველია, თავდაპირველად ბევრ გაჭირვებას, შიმშილს, სიცივეს და სხვა უბედურებას გადაიტანენ, მაგრამ ეს ტანჯვა ხორციელი იქნება და სულის მაცხონებელიო.
კავკასიიდან ანატოლიაში გადასახლდნენ მუსლიმანი ჩერქეზები, უბიხები, ნოღაელები, ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები, აფხაზები და მათ შორის, ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი.
მუჰაჯირობამდელი ისტორიული მოვლენები
რედაქტირებაკავკასიის თავისუფალი ტომები, ვერ ეგუებოდნენ დამპყრობლურ პოლიტიკას და იბრძოდნენ თავიანთი მიწის დასაცავად. კავკასიელთა შეუვალობის გამო, რუსეთის იმპერია იძულებული გახდა კავკასიაში ბრძოლის ტაქტიკა შეეცვალა. მეფის რუსეთმა მეტად ორგანიზებული კოლონიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ჩრდილოეთ კავკასიაში კოლონიზაცია კაზაკების მეშვეობით განხორციელდა. ნიკოლოზ I (1825-1855 წწ.) სავსებით იზიარებდა კავკასიაში კოლონიური პოლიტიკის გატარების აუცილებლობას. 1844 წლის ბოლოს ნიკოლოზ I კავკასიაში მეფისნაცვლობა შემოიღო და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად გრაფი მიხეილ ვორონცოვი დანიშნა. 1845 წლიდან რუსეთის სარდლობამ ბრძოლის ტაქტიკა შეცვლა, დაიწყო ტყეების გაჩეხვა, გზების გაყვანა, სიმაგრეებისა და გამაგრებული ხაზების აგება, რაც მთიელებს აიძულებდა დატოვებინათ ვაკე ადგილები და მთების სიღრმეში შესულიყვნენ. მიხეილ ვორონცოვის საქმიანობა მიმართული იყო მხარის კოლონიზაციისა და კავკასიელი მთიელების სრული დამორჩილებისკენ.
1860 წლის შემოდგომიდან კავკასიის დამორჩილების მთავარ საშუალებად მიიჩნიეს სამხედრო კოლონიზაცია. მანამდე კავკასიელი მთიელების წინააღმდეგ ეწყობოდა ექსპედიციები, ამარცხებდნენ მათ, იმორჩილებდნენ, მაგრამ შემდეგ კვლავ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის რუსების წინააღმდეგ. ეს იწვევდა ჯარისკაცთა დიდ მსხვერპლს და ქვეყანა დაუმორჩილებელი რჩებოდა. ამიერიდან გადაწყდა შეეწყვიტათ უშედეგო სამხედრო ექსპედიციები და შედგომოდნენ მთის სისტემურ დასახლებას კაზაკთა სტანციებით, ხოლო კავკასიელი მთიელები გადაესახლებინათ თურქეთში.
ყირიმის ომის (1853-1856 წწ.) შემდეგ დაიწყო ჩრდილო კავკასიის მოსახლეობის მასიური გადასახლება ოსმალეთის იმპერიაში. არასრული მონაცემებით, სამშობლო ამ პერიოდში (1858-1864 წწ.) ნახევარი მილიონიდან 900 ათასამდე ადამიანმა დატოვა. გადასახლება კავკასიელთათვის ტრაგიკულად წარიმართა: მათი უმეტესობა გემების მოლოდინში და მგზავრობისას დაიღუპა. მიგრანტთა დიდი რაოდენობის გამო ოსმალეთის მესვეურებმა მუჰაჯირთა დროული დაბინავება ვერ შეძლეს, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა ქოლერა, რომელიც ჭირივით მოედო მუჰაჯირებს. 1864 წლის 21 მაისს მრავალწლიანი კავკასიის ომი (1817-1864 წწ.) დასრულებულად გამოცხადდა.
კავკასიის ომის უკანასკნელ ეტაპზე 1859-1864 წლებში, ცარიზმი დაუმორჩილებელი კავკასიელი მთიელების სამშობლოდან ძალდატანებით გადასახლებას შეუდგა. 1856 წელს ახალდანიშნულმა მთავარსარდალმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ ახალი ძალით შეუტია კავკასიის იმამატს. 1859 წელს თითქმის მთელი ჩაჩნეთი და მთიანი დაღესტანი რუსებმა დაიკავეს. მცირე რაზმით დაღესტნის აულ (სოფელი) ღუნიბში გამაგრებული შამილი 1859 წლის 26 თებერვალს რუსთა ჯარს დანებდა. შამილი თავისი ოჯახით კალუგაში გადაასახლეს. 1859 წელს, რუსების მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ ჩეჩნები, დაღესტნელები და ოსები ოსმალეთისკენ დაიძრნენ.
რუსეთის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ დასავლეთ კაკვკასიის მთიელები. ამიტომ რუსეთის მთავრობამ ამ მხარეში გადმოისროლა კავკასიის არმიის 200 ათასიანი ძირითადი ნაწილები. ალექსანდრე II (1855-1881 წწ.) სარდლობისგან მოითხოვდა, რომ კავკასიის ომი, რომლიც უზარმაზარ სახსრებს მოითხოვდა, მალე დაემთავრებინათ. რუსეთის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობამ და შამილის დანებებამ დიდი გავლენა მოახდინა დასავლეთ კავკასიის მთიელ ტომებზე. 1859 წელს რუსებს დამორჩილდნენ აბაძეხები. დანებდა დასავლეთ კავკასიის მთიელთა ერთ-ერთი მეთაური, აბაძეხების წინამძღოლი მუჰამედ ემინი. 1860 წელს იანვარში რუსებს დამორჩილდნენ და თურქეთისკენ დაიძრნენ ნათხვაჯები, მახვაშები, ბესლენეები. ზაფხულში ამოიწურა აბაზა თემებისათვის მოსაფიქრებელი ვადა და ბაშილბაები, ბაღები, ბარაყაელები, ყიზილბეკები, თამები, შახგირეების ნაწილი მათთვის დანიშნულ დროს ოსმალეთში გადასახლდნენ. ამდენად, ვრცელი მხარე მდინარე ბელაიასა და მდინარე ლაბას შორის მთლიანად გაიწმინდა მთიელებისგან. მაგრამ ბრძოლას აგრძელებდნენ ჩერქეზული ტომები და სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯიქებთან, უბიხებთან, შაფსუღებთან უშედეგოდ დასრულდა. შემდეგ, გადასახლების პროცესმა მოიცვა დასავლეთ კავკასია, სადაც კულმინაციას 1863-1864 წლებში მიაღწია. დასავლეთ კავკასიის ტომები: მრავალრიცხოვანი ადიღეელები (ჩერქეზები), უბიხები, აბაზები, ყუბანისპირელი ნოღაელები, ყარაჩაელები ოსმალეთში გადასახლდნენ. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიიდან ხალხის შედარებით მცირე რაოდენობა გადასახლდა, რადგან დაღესტან-ჩეჩნეთისთვის ოსმალეთი შორს იყო. კავკასიელ მთიელთა ძალდატანებითი გადასახლება თურქეთში, რუსეთის მიერ კავკასიელ მთიელთა მიმართ გატარებული გენოციდის პოლიტიკის გაგრძელება იყო. კავკასიელი მუჰაჯირები მიდიოდნენ ზღვით ან ხმელეთით.
გადასახლების პროცესში დგებოდა მუჰაჯირთა სიები სოფლების მიხედვით, ოჯახის თავკაცთა სახელისა და გვარის მითითებით, ოჯახის წევრთა რაოდენობის (ქალთა, კაცთა) ჩვენებით. სია რუსულ ენაზეა შედგენილი გაკრული ხელით. სიის ზოგიერთი ადგილის წაკითხვა გაძნელებულია. ამასთან, ერთი და იგივე სახელი და გვარი ზოგჯერ სხვადასხვაგვარადაა ჩაწერილი, ზოგჯერ დამახინჯებულია სოფლების სახელებიც, ვინაიდან ჩრდილო კავკასიური ენების ფონემების სიზუსტეს რუსული ენა ვერ გადმოსცემდა.
ჩერქეზთა მუჰაჯირობა
რედაქტირებაჩერქეზები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ 1763 წლიდან 1864 წლამდე იბრძოდნენ. ეს ომი კავკასიის ასწლიანი ომის სახელითაა ცნობილი.
1861 წლის სექტემბერში, კავკასიაში, საომარი მოქმედებების ზონაში ჩავიდა ალექსანდრე II, რომელსაც შეხვდნენ დასავლეთ კავკასიელ მთიელთა წარმომადგენლები. ადიღეელების სახელით მათ იმპერატორს სთხოვეს მიეღოთ ისინი ქვეშევრდომებად და თავიანთ მიწა-წყალზე დაეტოვებინათ, მაგრამ იმპერატორის გადაწყვეტილება კატეგორიული და რადიკალური რჩებოდა: ჩერქეზებს ერთი თვე ეძლეოდათ მოსაფიქრებლად: ან გადასახლებულიყვნენ ყუბანისპირა დაბლობებზე, სადაც სამუდამო მფლობელობაში მიიღებდნენ მიწებს, შეინარჩუნებდნენ თავიანთ სახალხო მოწყობასა და სასამართლოს ან ოსმალეთში გადასახლებულიყვნენ. მთიელებმა არ მიიღეს იმპერატორის წინადადება და ომი კვლავ განახლდა.
1862 წლის ივნისში ჩერქეზულმა ტომებმა, აბაძეხებმა და შაფსუღებმა ერთხელ კიდევ სცადეს რუსეთის ჯარების შეჩერება. მათ დასახმარებლად 5 ათასი უბიხიც მივიდა. ივნის-ივლისში სასტიკი ბრძოლები გაიმართა, მაგრამ მთიელები კვლავ დამარცხდნენ.
1863 წლის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა საბოლოოდ მოაქციეს ბლოკადაში აბაძეხები. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი აბაძეხები შეეცადნენ მოლაპარაკებოდნენ რუსებს, მაგრამ სარდლობამ მათაც იგივე ულტიმატუმი წაუყენა. მათ სამშობლოს დატოვება არ სურდათ, მაგრამ აპრილში რუსები შეიჭრნენ აბაძეხების მიწა-წყალზე. როცა აბაძეხებმა ნახეს, რომ რუსეთის ჯარს უკან მოჰყვებოდა რუს მოახალშენეთა ურიცხვი ტრანსპორტი და ისინი მათ სახლებს იკავებდნენ, სულიერად სრულებით დაეცნენ, რადგან მიხვდნენ, რომ მათ ერთადერთი გზა დარჩენოდათ - ოსმალეთში წასვლა. 1864 წლის თებერვალში აბაძეხების ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა, ხოლო ნაწილი - მდინარე ბელაიას ქვემო წელზე.
რუსები შეტევას აწარმოებდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც შაფსუღების წინააღმდეგ. 1864 წლის ოქტომბრის ბოლოს ტრაპიზონში დასახლდნენ გამოქცეული შაფსუღები და დაიწყო დასავლეთ კავკასიის მთიელთა მცირე ნაკადებით ოსმალეთის იმპერიაში გადასახლება. 1864 წლის ივლისში რუსებმა ფსხუ დაიკავეს. ფსხუელთა ნაწილი, 105 ოჯახი ჩრდილოეთ კავკასიაში, მდ. ყუმას ხეობაში გადასახლდა, ხოლო დიდი ნაწილი ოსმალეთში წავიდა. 1864 წლის ზაფხულში ოსმალეთში გადასახლდა 20 000 ჯიქი და 5000 ფსხუელი.
ჩერქეზთა დეპორტაცია გენერალ ევდოკიმოვს დაევალა. მის მიერ 1864 წლის 21 ივლისს წარდგენილი ანგარიშის თანახმად, დასავლეთ კავკასიიდან ოსმალეთში გადასახლდა 418 ათასი სული, ხოლო ყუბანსა და ლაბაზე დაახლ. 90 ათასი სული. გადასახლების პროცესი გრძელდებოდა 1865 წელსაც. შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე თითქმის არ დარჩნენ ადიღეელები და აბაზები. ოფიციალური მონაცემებით, დასავლეთ კავკასიიდან ოსმალეთში თითქმის 470 ათასი ადამიანი გადასახლადა, თუმცა ეს ციფრი, გარკვეულწილად, შემცირებულია.
მუჰაჯირების უმეტესი ნაწილი გადასახლების დროს გზაში დაიღუპა. ოსმალეთის იმპერია ვერ უმკლავდებოდა მიგრანტთა შედინებას, ხშირად საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩენილი მუჰაჯირები შიმშილითა და გაგვრცელებული დაავედებით იღუპებოდნენ. ჩერქეზები ძირითადად თურქეთის სამ პროვინციაში: ტრაპიზონში, სამსუნსა და სტამბოლში დაასახლეს.
დღეს ჩერქეზები, მსოფლიოს ყველა კუთხეში ცხოვრობენ. მათ მსხვილი დიასპორები აქვთ შექმნილი და დღემდე ცდილობენ თავიანთი იდენტობის შეინარჩუნებას. ამერიკელი დამოუკიდებელი მკვლევარ-ექსპერტის სტეფან შეფილდის გამოკვლევით, მთელ მსოფლიოში 6 248 000 ჩერქეზია. აქედან ისტორიულ სამშობლოში ცხოვრობს 690 000-ზე მეტი ჩერქეზი. ჩერქეზთა ისტორიულ სამშობლოში მხოლოდ 10 % ცხოვრობს, დანარჩენი 90 % მსოფლიოში ასე გადანაწილდა: თურქეთი — 5 000 000, გერმანია — 100 000, იორდანია — 100 000, სირია — 100 000, საფრანგეთი — 15 000, აშშ — 5 000, ისრაელი — 5 000, ნიდერლანდები — 3000.
დემოგრაფიული ცვლილებები
რედაქტირებაკავკასიის დემოგრაფიული სიტუაცია მუჰაჯირთა გადასახლების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა. ქვემოთ, მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, როგორ განსხვავდება ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრებ ეთნოსთა რიცხვი რუსეთ-კავკასიის ომის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ.
ადგილობრივი ტომები | გადასახლებამდე | გადასახლების შემდეგ | კავკასიაში დარჩენილთა პროცენტული რაოდენობა |
გადასახლებულთა ან გარდაცვლილთა პროცენტული რაოდენობა |
---|---|---|---|---|
ყაბარდოელები | 500 000 | 35 000 | 7 | 93 |
შაფსუღები | 300 000 | 1 983 | 0,661 | 99,339 |
აბაძეხები | 260 000 | 14 660 | 5,648 | 94,362 |
ნატუხაელები | 240 000 | 175 | 0,073 | 99,927 |
თემირგოელები | 80 000 | 3 140 | 3,925 | 96,075 |
ბჟედუღები | 60 000 | 15 263 | 25,438 | 74,561 |
მახვაშები | 8 000 | 1 204 | 15,05 | 84,95 |
ადამელები | 3 000 | 230 | 7,667 | 92,333 |
უბიხები | 74 000 | 0 | 0 | 100 |
ჟანეს ტომი და ნათხვაჯები |
100 000 | 0 | 0 | 100 |
მიუხედავად იმისა, რომ მუჰაჯირობამ ყველაზე მეტად ჩერქეზები დააზარალა, დეპორტაციამ სერიოზულად იმოქმედა რეგიონის სხვა ხალხზეც. 1865 წელს დაახლოებით ინგუშების 80 %-მა დატოვა ინგუშეთი და შუა აღმოსავლეთში გადასახლდა. აგრეთვე, ბარის ჩეჩენთა დიდი რაოდენობაც გაასახლეს. აფხაზთა 80 %-ზე იმოქმედა მუჰაჯირობამ და ქართველ მუსლიმანთა 50 % გადასახლდა სამშობლოდან. ჩრდილოეთ კავკასიის თურქულენოვანი მოდგმის ხალხი ბალყარელები და ყარაჩაელები მუჰაჯირობას დიდად არ დაუზარალებია.
ნოღაელთა მუჰაჯირობა
რედაქტირებაოფიციალური წყაროების ცნობით, 1859-1869 წლებში კავკასიიდან ოსმალეთში გადასახლებულთა შორის 70 000 ნოღაელი იყო. 1857 წელს ერთ-ერთი რუსი მაღალჩინოსანის ჩანაწერებში ჩანს, რომ ყუბანელი ნოღაელები ოსმალეთში გადასახლდენ. კავკასიის მცხოვრებთაგან სწორედ ყუბანელი ნოღაელები იყვნენ პირველნი, რომლებიც ოსმალეთში წავიდნენ. ყუბანელ ნოღაელებს მალე სტავროპოლის გუბერნიაში მცხოვრები კალაუსო-საბლინის და ედისანის საპრისტავოს ნოღაელებიც შეუერთდნენ. შექმნილი მდგომარეობის გამო ნოღაელებმა ვეღარ შეძლეს თავიანთ სამკვიდროში დარჩენა. ისინი მუჰამედის საფლავის მოლოცვას იმიზეზებდნენ და სტავროპოლის გუბერნიის ადმინისტრაციას მექაში წასასვლელად საზღვარგარეთის პასპორტებს სთხოვდნენ. კავკასიის ადმინისტრაციამ იცოდა, რომ მოსახლეობას სინამდვილეში ოსმალეთის იმპერიაში მუდმივ საცხოვრებლად დარჩენა სურდა. სტავროპოლის გუბერნიის მმართველმა მიმართა კავკასიის სამეფისნაცვლო ადმინისტრაციას, რომ ამ ხალხისთვის წასვლის უფლება მიეცათ. მოხელე აღნიშნავდა, რომ ეს ხელს შეუწყობდა რუსეთის დამკვიდრებას კავკასიაში, რადგან, გარდა იმისა, რომ ამ ხალხის მიწა სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკვანძო ადგილს წარმოადგენდა და გუბერნიის მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებდა, ნოღაელები რუსეთის მიმართ მტრულ მოქმედებებშიც იყვნენ შემჩნეული, რადგანაც ისინი თავშესაფარს აძლევდნენ ყაბარდოელებს, რომლებიც რუსეთის ჯარის ნაწილებზე ახორციელებდნენ თავდასხმებს. ყოველივე ამის გამო მიზანშეწონილი იქნებოდა ამ ტერიტორიაზე რუსი ეროვნების მოსახლეობის დასახლება.
გადასახლების მსურველთათვის წესები შეიმუშავა კავკასიის მეფისნაცვალმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ. კავკასიის ხაზის მარჯვენა ფრთის უფროსმა გენერალ- ლეიტენანტმა ფილიპსონმა მუჰამედის საფლავის მოსალოცად წამსვლელებისთვის ბრძანება გასცა. ყველა მუჰაჯირი ვალდებული იყო საზღვარგარეთ წასვლამდე მომდევნო 3 წლის გადასახადები გადაეხადა; ნოღაელთა მუჰაჯირობაში წასვლას ართულებდა გადასახადების საკითხი. რუსეთის ხელისუფლება ამ საკითხში დათმობაზე წავიდა და გადაწყვიტა, რომ მათ წასვლის წინ მხოლოდ ერთი წლის გადასახადები გადაეხადათ. 1859 წლის აგვისტო-სექტემბერში ნოღაელების 2 000 ოჯახი ოსმალეთში გადასახლდა. დანარჩენები სამშობლოს დატოვებას არ აპირებდნენ. ამან რუსეთის ხელისუფლება შეაშფოთა.
სტავროპოლის გუბერნატორმა ამის შესახებ კავკასიის მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკის მისწერა. ბრიანჩანინოვის აზრით, საჭირო იყო აღნიშნული ხალხი მშობლიური ადგილებიდან აეყარათ და დიდ, 300 კომლიან აულებად ყალმუხეთის სტეპებში: მდინარეების დიდი კუგულტისა და კომულას მიდამოებში, უფრო ზუსტად კი იმ მიწებზე დაესახლებინათ. იმის გამო, რომ ხალხში მღელვარება არ დაწყებულიყო, ყოველივე ეს მათთვის უნდა განეცხადებინათ, როგორც რუსეთის ხელისუფლების მიერ გაღებული განსაკუთრებული გულმოწყალება ოსმალეთში მათი გადასახლების სანაცვლოდ. სტავროპოლის გუბერნატორს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ნოღაელები ამაზე არ დათანხმდებოდნენ და ყველანი უკლებლივ ოსმალეთში გაემგზავრებოდნენ.
ი. ბენტკოვსკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 1859 წელს ოსმალეთში გადასახლდა კალაუსო-საბლინისა და ბეშთა-კუმის საპრისტავოებიდან 8 046 (დარჩა 9 428), კალაუსო-ჯემბულუკოვიდან 2 067 (დარჩა 18 586). ნოღაელთა ოსმალეთში გადასახლება მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა. ოსმალეთიდან ნოღაელთა მხოლოდ მცირე ნაწილი დაბრუნდა. 1862 წლის სექტემბერში ყუბანის ჯარების უფროსი გენ. ადიუტანტი ევდოკიმოვი წერდა:
უბიხთა მუჰაჯირობა
რედაქტირება1861 წლის ივნისში მდ. სოჩის ხეობაში უბიხების ინიციატივით შეიკრიბნენ დასავლეთ კავკასიის მთიელ ტომთა წარმომადგენლები. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ მტკიცე კავშირი, ხოლო სამართავად აირჩიეს 15 პირისგან შემდგარი საბჭო, რომელსაც მეჯლისი ეწოდა. მთიელები არ დაკმაყოფილდნენ შინაგანი ორგანიზაციის მოწყობით. ისინი ცდილობდნენ მოეპოვებინათ თურქეთისა და ინგლისის დახმარება. აგვისტოში მეჯლისის წევრებმა, უბიხების წინამძღოლმა კერენტუხ ბერზეკმა და იზმაილ ბარაყაი-იფა ძიაშმა წერილით მიმართეს ინგლისის კონსულს სოხუმში დიკსონს, სთხოვეს მთავრობისათვის ეცნობებინა რუსეთის ჯარის მიერ კავკასიელი ტომების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შესახებ და გამოსარჩლებოდნენ.
1862 წლის დამდეგს რუსეთის ჯარები კავკასიონის ქედის ძირში, უბიხების მიწა-წყალთან სულ ახლოს გამოჩნდნენ, რაც მეჯლისის საგანგებო შეკრების მიზეზი გახდა. 1862 წლის მიწურულს მთიელთა დეპუტაცია პოლონელ რევოლუციონერთან, დასავლეთ კავკასიის მთიელების გვერდით მებრძოლ თეოფილ ლაპინსკისთან ერთად ლონდონში წარუდგა ინგლისის პრემიერ-მინისტრს ლორდ პალმერსტონს და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა, რაზეც უარი მიიღეს.
1864 წლის თებერვალში რუსეთის ჯარებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში საომარი მოქმედებების პარალელურად დაიწყეს კავკასიის ქედის გადალახვა, უბიხეთისა და ჯიქეთის სანაპიროს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებიც მიადგენ. ვ. გეიმანის სარდლობით კავკასიონის ქედი გადალახა, მდ. ტუაფსეს ხეობაში გადავიდა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდას შეუდგა. გეიმანმა დაამარცხა შაფსუღები და 25 მარტს მდ. სოჩის შესართავთან ყოფილი რუსული სიმაგრე ნავაგინსკი დაიკავა.
აპრილში კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი პირადად ჩავიდა საომარი მოქმედებების ზონაში და ჯიქებს, უბიხებსა და სხვა მთიელებს ულტიმატუმი წაუყენა. 15 აპრილის შემდეგ უბიხები ერთიანად გადასახლდნენ ოსმალეთში. ამ დროს შავი ზღვის სანაპირო ზოლი, ტამანის ნახევარკუნძულიდან ადლერამდე, სავსე იყო კავკასიელი მთიელებით, რომლებიც გემებს ელოდებოდნენ თურქეთში წასასვლელად.
უბიხების ნაწილი გზაში გარდაიცვალა, ნაწილს დაავადებამ და შიმშილმა მოუღო ბოლო, ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებული უბიხები უნაყოფო მიწებზე დისპერსულად დაასახლეს, სადაც ისინი მალე ასიმილირდნენ. 1992 წლის 7 ოქტომბერს უბიხურ ენაზე მოლაპარაკე ბოლო უბიხი, ტევფიკ ესენჩი გარდაიცვალა. უბიხურ ენაზე დღეს აღარ მეტყველებენ, მხოლოდ ხსოვნა თუ შემორჩენიათ, რომ ოდესღაც მათი წინაპარაი უბიხი იყო. დღეისათვის უბიხური ენა წითელ წიგნშია შეტანილი.
საქართველო
რედაქტირებამუჰაჯირობა შეეხო 80 000-მდე აფხაზსა და 150 000-მდე ქართველ მუსლიმანს აჭარიდან და სამცხე-ჯავახეთიდან. XIX საუკუნეში ხსენებული იმპერიების ასპარეზად საქართველოც იქცა. ისტორიული სამხრეთ საქართველოს მოსახლეობამ აყრა-გადასახლების ტკივილი მანამდეც არაერთხელ იწვნია, მაგრამ მუჰაჯირობა ყველაზე მასობრივი და ტრაგიკული იყო. გადასახლების პირველი დიდი ტალღა 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომს მოჰყვა, აფხაზთა მუჰაჯირობა 1867 წელს - მეორე ტალღა იყო, 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომი გადასახლება — მესამე.
ისტორიული სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული მუჰაჯირების უმრავლესობა მუსლიმი ქართველი იყო. მათი შთამომავლები თანამედროვე თურქეთის თითქმის ყველა მხარეში მკვიდრობენ, მაგრამ ყველაზე მეტად შავიზღვისპირეთისა და მარმარილოს ზღვის რეგიონებში. ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებმა, უმეტეს შემთხვევაში, იციან საკუთარი წარმომავლობის, ფესვების შესახებ და ინარჩუნებენ იდენტობას.
სამცხე-ჯავახეთი
რედაქტირება1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ადრიანოპოლის ზავით, რუსეთმა მიიღო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები (სამცხე, ჯავახეთი, ქვაბლიანი, ფოცხოვი და პალაკაციო), ზავის მე-13 მუხლის თანახმად, მოსაზღვრე ტერიტორიების მოსახლეობას 18 თვის განმავლობაში გადასახლება-გადმოსახლების უფლება მიეცა. ოსმალეთში გადასახლდა დაახლოებით 75 ათასი ქართველი მუსლიმი. მათ ნაცვლად ახალციხის და უფრო მეტად ახალქალაქის მაზრებში დასახლდა ოსმალეთიდან გამოქცეული 30 ათასი სომეხი. სომხებს ხელისუფლებამ 25 მანეთი გამოიყო და 6 წლით გადასახადებისგან გაათავისუფლა.[1]
მუჰაჯირობის ამ ტალღის კვალი თანამედროვე თურქეთში ძნელად იძებნება. როგორც ჩანს, გარდა ოსმალეთის შიდა რეგიონებისა, სამცხე-ჯავახეთიდან ლტოლვილთა ნაწილი მაინც მახლობელ პროვინციებში დასახლდა. ამ აზრს განამტკიცებს ისიც, რომ XIX საუკუნის 30-იანი წლების აჭარა-ქობულეთის და საზოგადოდ ჭოროხის აუზის მოსახლეობაში დასტურდება ფენა, რომელიც ოფიციალურად იწოდებოდა ახალციხელ მუჰაჯირებად. კერძოდ, 1835 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მასალებში „ახალციხელი მუჰაჯირებიც“ არიან მოხსენიებული. ქართულ გარემოში დასახლებულნი შეინარჩუნებდნენ ქართულ იდენტობას, მაგრამ, როგორც, ჩანს არაქართულ გარემოში დასახლებულნი საკუთარ მიწა-წყალს მოწყვეტილი მესხები საბოლოოდ კარგავდნენ კავშირს წინაპრებთან და ასიმილაციას განიცდიდნენ. ესაა, ალბათ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ თანამედროვე თურქეთში მესხ მუჰაჯირთა კვალი ძალიან ძნელად იძებნება, თუმცა არის ვარაუდი, რომ შავშეთ-კლარჯეთის მოსახლეობის ის ფენა, რომელილიც თავს „ახისხადან მოსულებს“, ახალციხელ თურქებს უწოდებს, ნაწილი მაინც, სწორედ ასიმილირებული ქართველების შთამომავალია. სამწუხაროდ, დღეს ძველი რეალობის სურათის აღდგენა შეუძელებელია.
აფხაზეთი (1867)
რედაქტირებააფხაზთა პირველი მასობრივი გადასახლება 1867 წელს განხორციელდა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დასავლეთ კავკასიის დაპყრობით დაასრულა რუსეთ-კავკასიის ომი, 1864 წელს გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და იქ რუსული მმართველობა შემოიღო. 1867 წელს სამშობლო დაახლოებით 20 ათასმა აფხაზმა დატოვა. მეორე მასობრივი გადასახლება 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის მსვლელობისას, 1877 წლის აგვისტოში განხორციელდა, როცა თურქეთში დაახლოებით 30 ათასი აფხაზი გადასახლდა. გადასახლების ცალკეული შემთხვევები შემდეგ პერიოდშიც იყო. მუჰაჯირი აფხაზები როგორც ოსმალეთის შიდა პროვინციებში, ასევე განაპირას, სამშობლოსთან ახლოს სახლდებოდნენ.
XIX საუკუნის 60-იან წლებში აფხაზთა ერთი ჯგუფი, დაახლოებით 2000-მდე ოჯახი დასახლდა აჭარაში. აჭარის აფხაზური მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზარდა 1877 წელს, ასევე XIX საუკუნის 80-იან წლებში, როცა ოსმალეთიდან მობრუნებულ აფხაზთა ოჯახებს რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთში დაბრუნების უფლება არ მისცა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარაში მცხოვრები აფხაზების ნაწილი 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ სამხრეთ საქართველოში დაწყებულ მასობრივ მუჰაჯირობის პროცესში ჩაერთო და აჭარლებთან, შავშელებთან თუ კლარჯებთან ერთად თურქეთის შიდა პროვინციებში გადასახლდა (დღესაც არის მათი კვალი თურქეთში აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლებს შორის). მუჰაჯირობის შემდეგ თითქმის მთლიანად გაუკაცრიელდა ჩრდილო-დასავლეთი და ცენტრალური აფხაზეთი, დაცარიელდა ქვეყნის მთიანი მხარეები: წებელდა, დალი, ფსხუ. ეს პროცესი არ შეხებია მხოლოდ სამურზაყანოს.
აჭარა
რედაქტირება1877-1878 წლების ომის შემდეგ, ბერლინის ტრაქტატის ძალით, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა ბათუმისა და ყარსის ოლქები (აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, ტაოს ნაწილი). მთელი ეს ტერიტორია დაექვემდებარა კავკასიის არმიის მთავარსარდალს, როგორც სამხედრო, ასევე ადმინისტრაციულ საქმეებში.
ახლადშექმნილი ოლქი ერთ სანავსადგურო ქალაქად (ბათუმი) და სამ ოკრუგად (ბათუმის, ართვინის, აჭარის) დაიყო. შექმნილი ვითარება მოსახლეობისთვის უაღრესად რთული აღმოჩნდა. ამის ნათელი დასტური მუჰაჯირობაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი მაშინვე გაიხიზნა ოსმალეთის შიდა პროვინციებში არა მხარეთა სპონტანური გადაწყვეტილების ან მოსახლეობის საომარ მოქმედებათა ზონიდან თავის გარიდების გამო, არამედ ეს იყო ორი დიდი იმპერიის მიერ ცივი გონებით განსჯილი და თავისივე ინტერესების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება.
1878 წლის 19 თებერვალს (3 მარტს) რუსეთ-ოსმალეთს შორის სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების 21-ე მუხლის თანახმად, რუსეთის გამგებლობაში მოქცეული ტერიტორიების მოსახლეობას 3 წლის ვადაში თავისუფალი მიგრაციის უფლება ეძლეოდა. ბერლინის კონგრესმა (1878 წლის ივნისი-ივლისი) სან-სტეფანოს ზავის ბევრი დეტალი გადააჯგუფა, მაგრამ ხსენებული მუხლის მიმართ პრეტენზია არცერთ მხარეს გამოუთქვამს. შესაბამისად, 1879 წლის 27 იანვარს (8 თებერვალს), სტამბოლში რუსეთ-ოსმალეთს შორის გაფორმდა საზავო ხელშეკრულება, რომლის მე-7 მუხლის თანახმად რუსეთის ახალ ქვეშევრდომებს საზღვარგარეთ გადასახლების უფლება მიეცათ. გადასახლების ოფიციალურ ვადად დადგინდა: 1879 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე. სინამდვილეში, აყრა-გადასახლების პროცესი უფრო ადრე, ომის პერიოდში დაიწყო და დაწესებული ვადის შემდგომაც დიდი ხსნის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ყველაზე დიდი ტალღა სწორედ დასახლებულ ოფიციალურ პერიოდზე მოდის.
ომისგან გაპარტახებული მოსახლეობისთვის მუჰაჯირობა ახალ ტრაგედიად იქცა. შავიზღვისპირა რეგიონიდან ოსმალეთის შიდა რაიონებში მრავალი ადგილობრივი გადასახლდა. 1878 წლიდან 1880-იანი წლების ჩათვლით გადასახლებულთა რიცხვი 22-დან 25 ათასამდე მერყეობს. მუჰაჯირობის პროცესს ხელს უწყობდა ქობულეთის მმართველი ალი-ფაშა თავდგირიძე.[2].
გადასახლების პროცესი მეოცე საუკუნეშიც გრძელდებოდა. ამ თვალსაზრისით, ყველაზე დაძაბული პირველი მსოფლიო ომის პერიოდი იყო, როცა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების საკმაოდ მასშტაბურმა ტალღებმა გადაიარა. ამ პერიოდში, საკმაოდ ბევრი ოჯახი გაიხიზნა, თუმცა ნაწილი მალევე დაბრუნდა უკან. 1915 წელს გაზეთი „თანამედროვე აზრი“ რადიკალურად აფასებდა ვითარებას და ამის თაობაზე წერდა:
1916 წლის 11 თებერვალს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს ქართველმა დეპუტატმა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან აკაკი ჩხენკელმა ქართველ მუსლიმთა ინტერესების დასაცავად სიტყვა წარმოთქვა და გაიხსენა 1915 წლის 15 იანვარი, როცა რუსმა მხედართმთავარმა უთხრა, რომ მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისაგან დავალებული ჰქონდა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობისგანაც გაეწმინდა.
ქართველ მაჰმადიანთა ოსმალეთის იმპერიის შიდა რაიონებში გადასახლების ერთ-ერთი არსებითი მიზეზი რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკა იყო. გადასახლების ცალკეული შემთხვევები 1921 წლის შემდეგაც იყო: კომუნისტური რეჟიმისგან თავის დაღწევის მიზნით, მოქალაქეები ქვეყნიდან გარბოდნენ და თურქეთის შიდა პროვინციებში სახლდებოდნენ.
შავშეთ-არტაანი
რედაქტირება1906 წლის 26 დეკემბრით დათარიღებულ მოხსენებაში ართვინის ოკრუგის უფროსი ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორს მოახსენებდა, რომ ადგილობრივ მკვიდრთა გადასახლება საადგილმამულო საკითხის მოუწესრიგებლობითა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებით იყო გამოწვეული. მიზანმიმართულად შექმნილი გამოუვალი პირობების გამო, მარტო 1906 წლის მეორე ნახევარში ართვინის ოკრუგიდან ოსმალეთში წასულა 420 სული, ხოლო წასასვლელად მზად ყოფილა 1200 ადამიანი.
1907 წლის მონაცემებით არტაანის ოკრუგიდან ოსმალეთში გადასახლებული იყო 22843 სული, ფოცხოვის უბნიდან 3752, ოლთისის ოკრუგიდან 10180.[3]
ქართველ მუჰაჯირთა განსახლების არეალი თურქეთში
რედაქტირებაქართველები თურქეთის თითქმის ყველა მხარეში სახლობენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებები კონცენტრირებულია ანატოლიის ორ რეგიონში - შავიზღვისპირეთსა და მარმარილოს ზღვისპირეთში.
ყველაზე მეტი ქართული დასახლება ართვინის, ორდუს, ქოჯაელის, სიქარიის და ბურსის პროვინციებშია. აგრეთვე, შეიძლება დასახელდეს ამასიის, ბალიქესირის, დუზჯეს, თოქათის, იალოვას, სინოპის, სამსუნისა და სხვა პროვინციები.
დიარბექირის პროვინციის ერგანის რაიონის ორთაიაზი მუჰაჯირობის ჟამს შავშეთიდან წასულთა დასახლებაა.
ქართველი მუჰაჯირები თურქეთის შავი ზღვის რეგიონში
რედაქტირებაშავი ზღვის რეგიონში დაახლოებით 280 ქართული სოფელია, მათ შორის უმრავლესობა მხოლოდ ქართველებითაა დასახლებული, არის შერეული სოფლებიც. ქართველებთან ერთად თანაცხოვრობენ ლაზები და თურქები. საზოგადოდ, შავი ზღვის რეგიონში დასახლებულთა შორის სჭარბობს აჭარიდან, კერძოდ, ჭარისწყლის ხეობიდან, მაჭახლიდან, ბათუმის მახლობელი სოფლებიდან, ჩაქვიდან და ქობულეთიდან გადასახლებულთა სოფლები.
სხვადასხვა დოკუმენტის და საველე სამუშაოებზე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზით, გადასახლებულები, თავდაპირველად, შავიზღვისპირეთში ჩასულან და, როგორც ჩანს, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, მერე ხდებოდა მათი გაგზავნა უფრო დასავლეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში.
თურქეთის შავი ზღვის რეგიონში მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლებით დასახლებული პროვონციებია:
- ამასიის პროვინცია — ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების 11 ქართული სოფელია.
- დუზჯეს პროვინცია — 23 ქართული სოფელია.
- გირესუნის პროვინცია — 20 სოფელია ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებით დასახლებული.
- ორდუს პროვინცია — ქართველ მუჰაჯირთა 129 სოფელი.
- რიზეს პროვინცია — 1 სოფელია.
- სამსუნის პროვინცია — 37 სოფელია.
- სინოპის პროვინცია — 40 სოფელი.
- თოქათის პროვინცია — 18 ქართული სოფელია.
- კასთამონუს პროვინცია — 1 სოფელი.
აღნიშნული პროვინციის სოფლებში ძირითადად სახლობენ აჭარიდან (ქედა, ხულო, შუახევი), მაჭახელიდან, ბათუმიდან, ქობულეთიდან, კლარჯეთიდან (ნიგალი) და შავშეთიდან წასული მუჰაჯირთა შთამომავლები.
საერთო ჯამში, დოკუმენტებზე დაყრდნობით, მუჰაჯირობის დროს, ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (50 %) გადასახლდა.
ქართველი მუჰაჯირები მარმარილოს ზღვის რეგიონში
რედაქტირებაქართველ მუჰაჯირთა დასახლებები თურქეთის მარმარილოს ზღვის რეგიონის დაახლოებით 140 სოფელშია. ბელიქესირის ყველაზე დიდი ქართული დასახლება გონენია. იქ მცხოვრებ 75 000 მოსახლედან 3 000 ქართველია. ბელიქესერის ქართველები კლარჯეთიდან გადასახლებულ მუჰაჯირთა შთამომავლები არიან. უმრავლესობა - მურღულელები, აგრეთვე, ბორჩხის მახლობელი ჭოროხის მარცხენა სანაპიროს სოფლების მოსახლეობა. ბურსაში ქართველთა უმრავლესობა აჭარიდან წასული მუჰაჯირებია. ძირითადად, ზემო აჭარადიან - ხულოსა და შუახევის რაიონებიდან. გაცილებით ნაკლებია ზღვისპირელები - ჩაქვისა და მახინჯაურის მიდამოებიდან. არის მაჭახლიდან, კარნათი მარადიდიდან, მურღულიდან და კლარჯეთის სხვა რაიონებიდან გადასახლებულთა სოფლებიც.
იალოვის პროვინციის 6 რაიონიდან სამ რაიონში (არმუთლუ, თერმალი, ჩინარჯიქი) გურჯებისა და ლაზების სოფლებია. იალოვაში ცხოვრობენ მაჭახლიდან და კლარჯეთიდან გადასახლებულები, ასევე ლაზები. ქართველთა რაოდენობა ამ პროვინციაში სავარაუდოდ 10 000-ს არ გადააჭარბებს.
საქარიის პროვინციის 13 რაიონიდან 8 „ქართულია“. ყველაზე მეტი დასახლებული პუნქტი ჰენდექშია — 23, მათგან 9 მხოლოდ გურჯებისა, 10 — შერეული, 4 — ლაზებისა. ნიშანდობლივია, რომ ჰენდეკში 10 აფხაზური სოფელია. ჰენდეკში, ძირითადად, კლარჯ მუჰაჯირთა შთამომავლები არიან. საფანჯას რაიონის ქართულ მოსახლეობაში სჭარბობს ნიგალელ მუჰაჯირთა შთამომავლები, იქ აჭარისწყლის რეგიონებიდან გადასულებიც ცხოვრობენ, მაგრამ უმრავლესობა, მარადიდის, კირნათის, ხებას, ბუღლევანის მუჰაჯირები არიან.
ქოჯაელის პროვინციის 12 რაიონიდან 6-ში ქართველთა კომპაქტური დასახლებებია. ქართული მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ქოჯაელის პროვინციაში კლარჯეთიდან გადასახლებულთა შთამომავლები არიან. ქართველთა რაოდენობა ქოჯაელის პროვინციაში ასეულ ათასს სჭარბობს.
XIX საუკუნის ქართულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა ქართველ მუსლიმთა ცხოვრების ამსახველი წერილები. ბევრი მათგანი გადასახლების სწორედ იმ ტკივილიან პროცესს ეხებოდა. რომელიც „მუჰაჯირობის“ სახელით შემორჩა ხალხის მეხსიერებასა და საისტორიო ლიტერატურას. ქართველ მუსლიმთა მოამაგის სერგეი მესხის 1881 წლის პუბლიკაცია გაზეთ „დროებაში“ სწორედ ხსენებულ ტკივილს ეხება და მის ემოციურ გამოვლინებას აღწერს:
მუჰაჯირობის თემაზე შექმნილი ლიტერატურა
რედაქტირებაკავკასიელთა მუჰაჯირობის თემაზე არაერთი მხატვრილი ნიმუშია შექმნილი.
- ბაგრატ შინქუბას „უკანასკნელი უბიხი“ მოგვითხრობს უბიხთა ტრაგიკულ ბედზე, სამშობლოდან მათ გადასახლებასა და ოსმალეთის იმპერიაში მძიმე ცხოვრებაზე. წიგნში მოთხრობილია უკანასკნელი უბიხის - ზაურყან ზოლაკის მოგონებები: თუ როგორ ცხოვრობდნენ და გამოიარეს უბიხებმა გათურქებამდე. „ზაურყან ზოლაკის ბიოგრაფია, მისი სისხლიანი ისტორია დაჭრილის კვალივით მისდევს უბიხი ხალხის ტრაგედიას.“ მოგონებები ჩაწერილია აფხაზი ენათმეცნიერის შარახ კვაცბას მიერ[4].
- მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ გირეი) ისტორიული მოთხრობა „მეხთატეხა“ XIX საუკუნის სამოციან წლებში კავკასიაში დატრიალებულ მოვლენებსა და ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ნაწარმოებში ასახულია რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკა და ადგილობრივი მაცხოვრებლების პროტესტი. ოსმალეთის გემებს მომლოდინე მთიელები შავი ზღვის სანაპიროზე იწვნენ და უხმოდ კვდებოდნენ. ამ რომანის გაგრძელებაა მიხეილ ლოხვიცკის „ღმერთების ძიება“, სადაც აღწერილია ადიღთა, ჩერქეზთა ტომების ტრაგედია და მათი ბრძოლა თავისუფლებისთვის.
- სამსონ ჭამბას „ტანჯვის სიმღერა“ მუჰაჯირობის თემას ეძღვნება. მოთხრობაში აღწერილია ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებული კავკასიელი მუჰაჯირების გაუსაძლისი ყოფა.
- ლევ ტოლსტოის შემოქმედებაშიც აისახა რუსეთ-კავკასიის ასწლიანი ომის პასაჟები. ლ. ტოლსტოის „კავკასიური მოთხრობების“ ციკლი მოიცავს რამდენიმე მოთხრობას, მაგალითად: „ტყის ჩეხა“, „კავკასიის ტყვე“, „თარეში“, „ჩამოქვეითებული“. იგი თავის წიგნში კავკასიას „აღთქმულ ქვეყანას“ უწოდებს.
- სიმონ ჯანაშიას „ჩერქეზულ დღიურებშიც“ ასახულია მუჰაჯირობის ტრაგედია.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება
რედაქტირება2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე განიხილა რუსეთ-კავკასიის ომის დროს ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი. მიმღებული რეზოლუციის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ერთუსლოვნული გადაწყვეტილებით (95 ხმა არცერთი ხმის წინააღმდეგ) საქართველოს პარლამენტმა აღიარა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდი. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ცნო ჩერქეზთა მუჰაჯირობა.
2011 წლის 12 ივლისს მიღებული დადგენილების საფუძველზე დაღუპულ მუჰაჯირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოს ტერიტორიაზე, ანაკლიაში მემორიალი დაიდგა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ოქროსცვარიძე ნ., ოჯახი და საოჯახო ყოფა თურქეთელ ქართველებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014;
- ტყავაშვილი მ., ნოღაელთა მუჰაჯირობა (1858-1860 წლები), ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, თბ., 2013;
- ფუტკარაძე ნ., ქართველი მუჰაჯირები თურქეთის შავიზღვისპირეთში, ბათ., 2017;
- ჩოხარაძე მ., ქართული ენის გეოგრაფია თურქეთში, ბათ., 2016;
- ტყავაშვილი მ. ნოღაელთა მუჰაჯირობა (1858-1860 წლები), ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, თბ., 2013;
- ხორავა ბ., აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა, თბ., 2004;
- Levene M., Penny R., The massacre in history, NY., 1999
- ახვლედიანი ხ., სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში, ბათ., 1956;
- ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუაწლებიდან XIX საუკუნის შუაწლებამდე), თბ., 1975;
- მეგრელიძე შ., აჭარის წარსულიდან (მუჰაჯირობა 1878-1882 წწ.), თბ., 1964;
- Дзидзария Г. А., Махаджирство и проблемы истории Абхазии XIX столетия. 2 изд, Сух., 1982;