ტაო
ტაო, ტაონი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი, მდებარეობდა მდინარე ჭოროხის შუა დინების აუზში.
ტაო ორ ნაწილად იყოფოდა: ამიერი და იმიერი ტაო (ანუ ქვემო და ზემო ტაო). ტაოს ორივე ნაწილს ეჭირა: ჭოროხის შენაკად ოლთისის-წყლის ხეობა მთლიანად, აგრეთვე მისი მიმდგომი ქართლის ყელის (გურჯი-ბოღაზის) სექტორი და მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპირო დაწყებული ორჯნალიდან (ეხლანდელი ოშნაღი) ვიდრე თუხარისამდე (ხერსისწყლის ხეობამდე). თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე მდებარეობს ოლთისის, თორთუმის, ეგდემის რაიონები და გურჯი-ბოღაზის უბანი.[1]
გეოგრაფიარედაქტირება
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ტაოს ოლთისის ნაწილი ქართლოსის წილია ხოლო თორთუმი არა. რაც შეეხება კლარჯეთის ფართო გაგებას — არსიანიდან - ზღვამდე, სასაზღვრო ზოლის გავლება შეიძლება მხოლოდ ჭოროხის აუზზე შემოტარებით და შემდეგ ბაიბურთიდან ნატეხილების მთის გავლით ხაზის ჩავლება ოფამდე. შესაბამისად ტაო, ისპირი და ჭანეთი ეს ქართლოსის წილია.
ისტორიარედაქტირება
სახელწოდება დაკავშირებულია ქართული ტომების ტაოხების სახელთან. პირველად მოიხსენიება ძვ. წ. 1112 წელს ასურულ წყაროებში „დაიაენის“ სახელწოდებით. ურარტული წყაროები (ძვ. წ. IX საუკუნე-VIII საუკუნეები) „დიაუხის“ სახელით იცნობდნენ[2]. ამ წყაროების მიხედვით, ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში დიაუხი ძლიერ გაერთიანებას წარმოადგენდა, რომლის სამხრეთი საზღვარი დღევანდელი ერზრუმის მიდამოებსა და ევფრატის ზემო წელს მოიცავდა და აქედან ჩრდილოეთით დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა[3]. ძვ. წ. 401 წელს ბერძენი მხედართმთავარი ქსენოფონტი ამ მხარის მოსახლეობას „ტაოხებად“ მოიხსენიებს (აქვე არიან მოხსენიებული აგრეთვე სხვა დასავლურ-ქართული ტომები: ხალიბები, სკვითინები).[4]
ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ტაო შედიოდა კოლხეთის სამეფოს გაერთიანებაში: ამავე პერიოდში აქ უნდა დაწყებულიყო აღმოსავლურ-ქართული ტომების მიგრაცია და კულტურული ზეგავლენა. აღმოსავლურ-ქართველური სახელმწიფოს — ქართლის სამეფოს (ბერძ. Ιβηρία) წარმოქმნის (ძვ. წ. IV-III საუკუნეები) ხანაში ტაო მისი ორგანული ნაწილი იყო ქართლსა და სომხეთს შორის. ახ. წ. I-II საუკუნეებში ტაო კვლავ ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ იგი კვლავ სომხეთმა მიიერთა და IV—VII საუკუნეებში ტაო მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. სომხეთის სახელმწიფოს ორბიტაში ყოფნა იწვევდა სომხური კულტურის დანერგვასა და გაძლიერებას, მიგრირებული სომხური ეთნიკური ელემენტის მომძლავრებას. ქართული მოსახლეობა თანდათან კარგავდა თავის ეთნიკურ-კულტურულ სახეს. რელიგიის დაპირისპირების ვითარებაში, როდესაც სომხურმა ეკლესიამ მონოფიზიტობა აღიარა, ქართულმა ეკლესიამ კი დიოფიზიტობა. ტაო დიოფიზიტობის ძლიერ ცენტრს წარმოადგენდა; VII საუკუნეში ქართული მოსახლეობა უბრუნდებოდა თავის ეთნიკურ-კულტურულ წრეს; VIII საუკუნიდან, როდესაც ტაო პოლიტიკურადაც ქართლის სამეფოს შეუერთდა, ეს პროცესი უფრო გაძლიერდა. VIII-X საუკუნეებში აქ ფართოდ გაიშალა სამონასტრო მშენებლობა (ბანა, ხახული, ოშკი, პარხალი, ოთხთა ეკლესია და სხვა). ტაო გარდაიქცა ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ერთ-ერთ უდიდეს კერად; აქ მიეცა დასაბამი ბაგრატიონთა დინასტიის მეფობას.
ამიერ ტაოს ბაგრატიონებირედაქტირება
სახელი | მმართველობის წლები | შენიშვნები |
---|---|---|
1. ბაგრატ I კურაპალატი | 826-876 | ბაგრატ I, კურაპალატი, ცოლი სომეხთა მეფისა სუმბატ აღმსარებლის ქალი (†876). |
2. დავით I კურაპალატი | 876-881 | დავით I, კურაპალატი 876 წლიდან, ცოლი – კლარჯელი სუმბატ I-ს, მამფლის ცოლის ბიძაშვილი (კონსტ). (†881) |
3. ადარნასე II | 881-923 | ადარნასე II, კურაპალატი; ქართველთა მეფე 899 წლიდან; ბანას ეკლესიის მაშენებელი; ცოლი – დავით I, მამფლის არტანუჯელის ქალი (†923) |
4. დავით II | 923-937 | დავით II, ქართველთა მეფე (923–937), მაგისტროსი (კონსტ.). (†937, უძეოდ). |
5. აშოტ IV კურაპალატი | 937-954 | აშოტ IV კურაპალატი, ქართველთა ზედა მთავარი (მერჩული), (†954) |
6. სუმბატ I | 954-958 | სუმბატ I ერისთ. ერისთავი 951 (მერჩული); ანთიპატოს პატრიკი (იშხნის წარწერა), კურაპალატი 954 წლიდან; დოლისყანის ეკლესიის მაშენებელი; (†958) |
7. ბაგრატ III ერისთავთ ერისთავი | 958-994 | ბაგრატ III, ერისთავთ ერისთავი, ხოლო მეფეთა შორის ბაგრატ II, რეგვენი, ქართველთა მეფე, (†994) |
8. გურგენი | 994-1008 | გურგენ, მეფეთა მეფე 994 წლიდან, მაგისტროსი 1001. იშხნის პატარა ეკლესიის მაშენებელი. ცოლი – გურანდუხტ, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ასული; (†1008) |
9. ბაგრატ V | 1008-1014 | ბაგრატ V ერისთავი; იგივე ბაგრატ II – აფხაზთა მეფე 978 წელს, ქართლის კურაპალატი 1001 წელს. იგივე ბაგრატ III ქართველთა მეფე, 1008 წლიდან 1014 წლამდე, აფხაზთა და ქართლის სამეფოების გამაერთიანებელი, საქართველოს პირველი მეფე (1008–1014); ქუთაისის, ბედიისა და ნიკორწმინდის ტაძრების მაშენებელი (†1014, 7 მაისს; დაკრძალულია ბედიაში). |
იმიერ ტაოს ბაგრატიონებირედაქტირება
სახელი | მმართველობის წლები | შენიშვნები |
---|---|---|
1. ადარნასე I | 826-867 | უხუცესი, ადარნასე I; ცოლი – ბაგრატ შაროელი ხელმწიფის ქალი ბავრელი (მერჩული) |
2. გურგენ I | 867–891 | გურგენ I, ერისთ. ერისთავი, კურაპალატი 881 წლიდან; (†891). |
3. ადარნასე II | 891–896 | ადარნასე II (†896). |
4. დავით II | 896–908 | დავით II, ერისთ. ერისთავი (†908, უშვილოდ). |
5. აშოტ კუხი | 908–918 | აშოტ III, კუხი, ერისთ. ერისთავი, მაშენებელი ტბეთის ტაძრისა (†918, უშვილოდ). |
6. გურგენ IV დიდი | 918–941 | გურგენ IV, დიდი, ერისთ. ერისთავი, მაგისტროსი (კონსტ.); ცოლი – ქალი აშოტ IV, კისკასისა (კონსტ.), (†941, თებერვლის 14, უძეოდ). |
7. ბაგრატ II | 941–945 | ბაგრატ II (ერისთავთა შორის), ბაგრატ I, ქართველთა მეფე (937 წლიდან, იშხნის წარწერა), მაგისტროსი, (†945, მარტში). |
8. ადარნასე III | 945–961 | ადარნასე III, მაგისტროსი 945; კურაპალატი 958; (†961, ძალდატანებით ფიჩოსანქმნილი შვილთა მიერ). |
9. ბაგრატ IV | 961–966 | ბაგრატ IV, ერისთავთ ერისთავი, ოშკის ეკლესიის ერთი მაშენებელთაგანი (†966). |
10. დავით III დიდი | 966–1001 | დავით III, დიდი, ერისთ. ერისთავი, მაგისტროსი, კურაპალატი 978 წლიდან, ტაოს მეფე, ოშკის, ხახულის, პარხლის ეკლესიათა მაშენებელი და განმაახლებელი ოთხთა ეკლესიისა. (†1001). |
1001 | ანექსირებული ბიზანტიის იმპერიის მიერ |
ტაოში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი: აშოტ I დიდი კურაპალატი, დავით III კურაპალატი, თორნიკე ერისთავი; კულტურის მოღვაწენი: იოანე მთაწმიდელი, ექვთიმე მთაწმიდელი და სხვა. XII—XIII საუკუნეებში ტაო საქართველოს ფეოდალური მონარქიის სანაპირო საერისთავი იყო. XIII საუკუნის II ნახევრიდან სამცხე-საათაბაგოს ფარგლებში შედიოდა. XIV საუკუნიდან — კვლავ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაშია. XV საუკუნის II ნახევრიდან საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, ტაო სამცხე-საათაბაგოს სამთავროს შემადგენლობაში იყო. XVI საუკუნის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს დასავლეთის მხარეები, მათ შორის ტაო, ოსმალეთმა დაიპყრო.
ლიტერატურარედაქტირება
- ინგოროყვა პ. გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
- მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 1—2, თბ., 1977—80;
- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 658.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949.
- VI. ტაბულა I. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გენეალოგია სუმბატ დავითის ძის ქრონიკის მიხედვით.
- VII. ტაბულა II. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა გენეალოგია ყველა არსებული ცნობების მიხედვით.
- Georgia in Encyclopædia Britannica Online.
სქოლიორედაქტირება
- ↑ V. მესხეთის (ზემო ქართლის) მხარეები და ცნობები მის შესახებ გიორგი მერჩულის ძეგლში: 1. მესხეთის მხარეების (ზემო ქართლის) ტერიტორიული მოცულობა, 8. ტაონი. გვ. 302.
- ↑ Г. А. Меликишвили, Урартские клинообразные надписи, Изд. Академии наук СССР, М., 1960 г., страница 424.
- ↑ Г. А. Меликишвили, Диаухи, Вестник древней истории, 1950 г., № 4, стр. 26-42.
- ↑ ქსენოფონტი, ანაბაზისი, წ. IV, თავი VI, VII