ტერმინს „იშხანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ იშხანი (მრავალმნიშვნელოვანი).

იშხანი — შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). თავდაპირველი ეკლესია (ბანის ტიპის წრიულ გარსშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი) VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა.

იშხანი
იშხანი — თურქეთი
იშხანი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°45′16″ ჩ. გ. 41°44′43″ ა. გ. / 40.75444° ჩ. გ. 41.74528° ა. გ. / 40.75444; 41.74528
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ართვინი
მუნიციპალიტეტი იუსუფელი
სასულიერო სტატუსი მონასტერი
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა იშხნის საეპისკოპოსო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივანე მორჩაისძე
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება VII საუკუნის 30-იანი წლები
დეტალები
გუმბათი 1

თავდაპირველი ეკლესია აუშენებია ქალკედონიტ სომეხთა კათალიკოს ნერსეს, VII საუკუნეში. იგი დარბეულა და მიტოვებულა არაბთა შემოსევის დროს. გიორგი მერჩულე მოიხსენიებს ნერსეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“:

 
„ნებითა ღმრთისაჲთა იქმნა საბა ებისკოპოს იშხანსა ზედა, ნეტარისა ნერსე კათალიკოზისა აღშენებულსა კათოლიკე ეკლესიასა და საყდარსა მისსა, რომელი წელიწადთა მრავალთა დაქვრივებულ იყო. აწ კვალად იქმნა სულიერი ქორწილი და მეორედ აღეშენა ამის ნეტარისა მიერ, ხოლო ხორციელად — მოღვაწებითა ღმრთისმსახურთა მათ მეფეთაჲთა.“

არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX საუკუნის I ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა. X საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო. იშხნის თავდაპირველი, ნერსესისეული, ტაძრისაგან გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდა სვეტებზე თაღების მწკრივით. ძველი აფსიდა გარედან მთლიანად დაფარულია ახალი კედლებით. 2011 წ. ქართულმა ექსპედიციამ გამოავლინა მანამდე უცნობი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ვინმე „თრდატის ძე“, შესაძლოა ტაძრის ერთ-ერთი ხუროთმოძღვარი.[3]

წლების განმავლობაში ტაძარი გამოიყენებოდა მეჩეთად. საქართველოსა და თურქეთის მთავრობების შეთანხმების თანახმად, იშხნისა და ოშკის რესტავრაცია დაიწყება ქართული მხარის მიერ.[4]

არქიტექტურა

რედაქტირება

ახლანდელი ტაძარი თვალსაჩინოდ წაგრძელებული ჯვაროვან-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის ჯვარისებრი მოხაზულობა თითქმის მთლიანად იხატება გარედანაც მიწის დონეზე. დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები სწორკუთხაა. საკურთხევლის აფსიდას ორივე მხარეს მცირე აფსიდებით დასრულებული სადიაკვნე და სამკვეთლოა. დასავლეთის მკლავი წარმოადგენს სწორკუთხა დარბაზს, რომლის გრძივი კედლები პლასტიკურადაა დანაწევრებული კედლის სვეტებით. ჩრდილოეთით მას გრძელი, უაფსიდო სადგომი ეკვრის. გუმბათი ეყრდნობა 4 თავისუფლად მდგომ ბოძს, რომელთაც ძლიერ პროფილირებული და ჩუქურთმებით შემკული ბაზისები და სვეტისთავები აქვს. მრგვალი გუმბათის ყელი შიგნიდან და გარედან წვრილი ლილვებითა და გრეხილებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემკული.

იშხნის ტაძარი ორნამენტის მრავალფეროვნებით, სიმდიდრითა და თავისი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძრის შიგნით ძველი, XI საუკუნის I ნახევრის, მხატვრობის ფრაგმენტებია. დიდი ეკლესიის გვერდით ჩუქურთმებით შემკული პატარა სამლოცველოა (1066). ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ნუსხის მინაწერი მოგვითხრობს იშხნელ მოღვაწეთა მწიგნობრულ საქმიანობაზე. ილარიონ იშხნელის (X-XI საუკუნეები) დაკვეთით არის გადაწერილი ასკეტურ თხზულებათა კრებული (A-35) და მესტიის სახარება (1033) ამბერკი იშხნელის (XVI ს.) დავალებათა და დახმარებით განუახლებიათ 1233-ით დათარიღებული ხელნაწერი (A-85).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, გვ. 77, თბ., 1960
  2. გიორგი მერჩულე, „გრიგოლ ხანძთელი ცხოვრება“, თავი 26
  3. გ.კალანდია, ქ.ასათიანი. იშხნის ტაძრის მშენებლობის ისტორიისათვის (უცნობი წარწერები ტაძრის სამხრეთ კედელზე და არქიტექტორი თრდატის ძე). «Art Palace» #2 (01) 24.02.2011.
  4. რადიო თავისუფლება, ეკლესიები და მეჩეთები ჩვენს ხელში