სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრიგოლი.

გრიგოლ ხანძთელი (დ. 5 ოქტომბერი, 759 — გ. 861, ხანძთა) — ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი.

გრიგოლ ხანძთელი

ცხოვრება და მოღვაწეობა

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ.

ადრეული წლები

გრიგოლ ხანძთელი დაიბადა, ქართლის ერისთავის ნერსე II-ის კარზე მყოფ, წარჩინებული გვარის ოჯახში. აღიზარდა მამიდამისის — ნერსე ერისთავის მეუღლის მიერ. თავისი დროისათვის გრიგოლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. იზრდებოდა ქრისტიანული წესებით, იცავდა მარხვას, არ ეკარებოდა ღვინოსა და ხორცს, დადიოდა სამონაზვნო კაბაში და იმყოფებოდა განმარტოებით, რის გამოც დაყუდებული შეარქვეს.

მონასტრული ცხოვრება

მშობლების, აღმზრდელთა და ქართლის დიდებულთა სურვილით მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ, როდესაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად დატოვა ქართლი და VIII საუკუნის 80-იანი წლებიდან მის დეიდაშვილთან საბა იშხნელთან, თევდორე ნეძვის მაშენებელთან და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელთან ერთად, კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა.

თავდაპირველად ჯერ ოპიზაში მივიდნენ, სადაც იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისგან ამბა გიორგისგან მონასტერში დამკვიდრების კურთხევა მიიღეს.

ხანძთის მონასტრის დაარსება

 
ხანძთის მონასტერი

ოპიზაში ორი წლის მოღვაწეობის შემდეგ ხანძთაში მოღვაწე ბერი ხვედიოსთან შეხვედრის შემდეგ, ხანძთაში დასახლდა. თავდაპირველი დახმარება ოპიზელმა მამებმა გაუწიეს, მისცეს რა მათ ხელთ არსებული სამშენებლო იარაღები. გრიგოლმა პირველად ააშენა ჯერ ჯვრის სახელობის ტაძარი, შემდეგ კი სენაკების მოწყობას მიჰყო ხელი. ძმობა თანდათან გაიზარდა, რომელთა რიგებში გრიგოლი საუკეთესოებს ტოვებდა.

იმ დროს კლარჯეთის მფლობელი იყო ბაგრატოვანი — აშოტ I დიდი კურაპალატი. გაბრიელ დაფანჩული — მთავარი, რომელიც აშოტ კურაპალატის კარზე მსახურობდა, დიდად მოიწონა გრიგოლის გამოჩენა კლარჯეთში და შესთავაზა, მის მხარეში აეშენებინა დედათა მონასტერი. გრიგოლმა დაათვალიერა შავშეთის მხარე და აირჩია გუნათლეს მახლობლად ადგილი, სადაც ააშენეს დედათა მონასტერი — გუნათლის ვანი.

გრიგოლ ხანძთელმა მთავარ გაბრიელ დაფანჩულის დახმარებით განასრულა ხანძთის მონასტრის მოწყობა. მალე, კლარჯეთის მერეში დაივანა დედა ფებრონიამ და დააარსა დედათა მონასტერი.

გრიგოლ ხანძთელის მიერ წარმოებული სმაონასტრო შესახებ ხმამ აშოტ კურაპალატამდეც მიაღწია, რომელმაც მიიწვია გრიგოლი და შეუქო მისი დიდი ღვაწლი. აშოტ კურაპალატმა ასევე დაალოცვინა თავისი ძეები: ადარნასე, ბაგრატი და გვარამი, ხოლო რადგანაც კლარჯეთის მონასტრები ძირითადად კლდოვან ადგილზეა გაშენებული, სანუგეშოდ შესწირა შატბერდის ადგილები.

თავისი მოღვაწეობის შუა წლებში მოსალოცად იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში, გზად დაავალა ხანძთის მონასტრისთვის საბაწმინდის ტიპიკონის გადაეწერა. კონსტანტინოპოლიდან ჩამოსულმა, ტაოში შეიტყო აშოტ კურაპალატის გარდაცვალების ამბავი.

თევდორე და ქრისტეფორე, რომლებიც გრიგოლ ხანძთელთან ერთად მოვიდნენ ხანძთაში სამოღვაწეოდ, გრიგოლ ხანძთელისგან დაუკითხავად და მისი კურთხევის გარეშე, გადაწყვიტეს წასულიყვნენ აფხაზეთის სამეფოში ტაძრების ასაშენებლად. გზად სამცხეში ჩასულებმა დაიმოწაფეს არსენი სამცხის დიდი მთავარის მირიანის ძე, შემდგომში საქართველოს კათოლიკოსი — არსენ დიდი. აფხაზთა მეფე დემეტრე II-მ მამები დიდი სიხარულით მიიღო. გრიგოლმა რომელმაც შეიტყო მამების წასვლის ამბავი დატოვა ხანძთა და გადავიდა აფხაზეთის სამეფოში, გზად გაიყოლია ყრმა ეფრემი, შემდგომში — მაწყვერელი ეპისკოპოსი. დემეტრე მეფესთან დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა მამების დათმობის სანაცვლოდ აეშენებინათ უბისის ტაძარი.

გრიგოლ ხანძთელმა ბაგრატ I კურაპალატისგან ითხოვა ნებართვა, გადმოეცათ მისთვის აწ განსვენებული აშოტ კურაპალატისაგან ბოძებული შატბერდის მიწები, რაზედაც ბაგრატმა თანხმობა განუცხადა. სულ მალე დაიწყო შატბერდის მონასტრის მშენებლობაც. დასრულებისთანავე მოხდა მისი საზეიმო გახსნა, რომელშიც მონაწილეობდა ბაგრატ კურაპალატი, ანჩელი ეპისკოპოსი ზაქარია. დასასრულს ხანძთაში შეიკრიბნენ წინამძღვრები: მიძნაძორის — დავითი, წყაროსთავის — ილარიონი, ბარეთელთა — ზაქარია და ანჩელი ეპისკოპოსის თანდასწრებით გადაწყდა, გრიგოლ ხანძთელის, კლარჯეთის უდაბნოების არქიმანდრიტად დადგენა. ზეიმის ბოლოს ადარნასემ თავისი ძე გურგენი გრიგოლ ხანძთელს მოანათვლინა.

გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელი და გარდაიცვალა 861 წელს.

გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — გუნათლის ვანი და მერეს დედათა სავანეები. მერეს დედათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა დედა ფებრონია. დასავლეთ საქართველოში დააარსა უბისის მონასტერი. გრიგოლ ხანძთელის წაბაძვით მისმა მოწაფეებმა იწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, ნეძვში, წყაროსთავში და სხვა. გრიგოლ ხანძთელი ცხოველ მონაწილეობას იღებდა კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. IX საუკუნის 30-იან წლებში იგი ტაო–კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მისი ენერგიული ჩარევით გადააყენეს თბილისის ამირა, საჰაკის აგენტი — ანჩის ეპისკოპოსი „ცქირი“.

გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად.

გრიგოლ ხანძთელის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ხანძთა (აქედანაა მისი ზედწოდება) ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვან კერად იქცა. გრიგოლ ხანძთელი იყო მის მიერ დაარსებულ მონასტრებში გაჩაღებული მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სულისჩამდგმელი. გიორგი მერჩულის ცნობით, მას საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტორული ტიბიკონი და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული „საწელიწდოჲ იადგარი“ — ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში