გაბრიელ დაფანჩული
გაბრიელ დაფანჩული — IX საუკუნის I ნახევრის ქართველი დიდებული აზნაური, კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის სამონასტრო საქმიანობის მხარდამჭერი.
გაბრიელ დაფანჩული გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულია როგორც „მთავარი“, „ერისმთავარი“, „დიდებული აზნაური“, „დიდებული მთავარი“, რომელიც ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით, გავლენით და „კეთილად მორწმუნებითა“. გაბრიელი ყოფილა „აზნაური მეფისაჲ“, რაც აშოტ I კურაპალატის ქვეშევრდომობას უნდა ნიშნავდეს. გაბრიელის მამულები კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის სავანის მახლობლად მდებარეობდა. ის იყო პირველი, ვინც გრიგოლს მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინა ხანძთის მონასტრის მშენებლობაში. სანაცვლოდ ხანძთის მონასტერში დაწესდა დაფანჩულთა გვარის სახსენებელი.[1]
მერჩულეს თხზულებიდან ცნობილია ასევე გაბრიელის ოჯახი — მეუღლე მარიამი და შვილები: პატრიკი, გუარამი, არშუშა და აბულასათი. გაბრიელის ზედწოდება „დაფანჩული“ (ძველქართულში „დაფანჩვა“ „დაფანტვას“ ნიშნავს[2]) მისი შთამომავლობის გვარსახელად იქცა — „აწ ნათესავთა მისთა ჰრქჳან დაფანჩულნი“. ამავე საგვარეულოს წარმომადგენელი იყო X საუკუნის დასაწყისის ანჩელი ეპისკოპოსი ეზრა.[3] „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ გარდა, საკუთარი სახელი „დაფანჩული“ მოხსენიებულია ასევე X-XI საუკუნეების მოღვაწის ზაქარია ბანელის ანდერძში („სალოცველად სულისა... პატრიარქისსა ასათისსა დავითისსა და დაფანჩულისასა“), რის საფუძველზე ისიც დაფანჩულთა სახლის წევრად არის მიჩნეული.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, რედ.: ენრიკო გაბიძაშვილი, ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, თბ., 2007. — გვ. 177.
- ↑ დაფანჩვა — ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი.
- ↑ სილოგავა ვ., ეზრა ანჩელი — ქართველი ისტორიული მოღვაწენი.
- ↑ მეტრეველი ე., ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996. — გვ. 174–177.