ერისმთავარი
ერისმთავარი, ერისთავი, ერისთავთა მთავარი, მთავარი, ერისთავთერისთავთა უფალი — VI—IX საუკუნეებში ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს მეთაურის აღმნიშვნელი ტერმინი ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში.
ირანელების მიერ ქართლის მეფის ხელისუფლების გაუქმების (523) შემდეგ თანდათანობით გაძლიერდნენ აზნაურები, რომლებმაც VI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში სახელმწიფოს სათავეში დააყენეს გუარამი — ქართლის ფეოდალური სამეფოს პირველი ერისმთავარი.
ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება არსებითად განსხვავდებოდა ადრინდელი ქართლის მეფის შეუზღუდავი ხელისუფლებისაგან. ერისმთავარი იყო ტიპური ფეოდალური სახელმწიფოს მეთაური — პირველი თანასწორთა შორის. მისი ხელქვეითი ერისთავები, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ ბიზანტიისა და ირანის დამპყრობლები, ფაქტობრივად ნახევრად დამოუკიდებელი ხეკისუფლები იყვნენ.
ქართლის ერისმთავრები არ იყვნენ დამოუკიდებელი სუვერენები. VI—VII საუკუნეებში ისინი სცნობდნენ ხან ბიზანტიის კეისრის, ხან ირანის შაჰის უზენაესობას, ხოლო VII—VIII საუკუნეებში — არაბთა ხალიფის ბატონობას, ყოველთვის, როდესაც საამისოდ ხელსაყრელი ვითარება იქმნებოდა ერისმთავრები ცდილობდნენ დამოუკიდებლობის მოპოვებას.
არაბთა ბატონობის ხანაში ერისმთავრების ხელისუფლება დაკნინდა. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა საქართველოში მურვან ყრუს ლაშქრობის (VIII საუკუნის 30-იანი წლები) შემდეგ, როდესაც დამპყრობლებმა თბილისში არაბი ამირა დასვეს და ერისმთავარს დაუპირისპირდა, ქართლის ერისმთავრებს არაერთხელ მოუწყვიათ აჯანყება არაბთა წინააღმდეგ. ქართლის ზოგიერთი ერისმთავრის ხელისუფლება ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოზეც.
ერისმთავართა დინასტიურ კუთვნილებაზე წყაროებში ორი განსხვავებული ცნობა გვაქვს: ჯუანშერის ცნობით, პირველი ერისმთავარი გუარამი იყო ქართლის მეფეთა ნათესავი — ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი ქალის ხაზით; სუმბატ დავითის ძის ცნობით კი, გუარამი იყო დედით ხოსროიანი, ე. ი. ქართლის მეფეთა შთამომავალი, ხოლო მამით — ბაგრატიონი. ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი იყო აშოტ ადარნასეს ძე. იგი აჯანყდა, გაექცა არაბებს, დაემკვიდრა ბიზანტიის მფარველობით კლარჯეთში და იქ შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო, რომლის მეთაური 888-იდან იწოდებოდა ქართველთა მეფედ.
ქართლის ერისმთავარნი
რედაქტირება- გუარამი (კურაპალატი) — VI საუკუნის ბოლოს, VII საუკუნის 1-ელ მეოთხედში მან დაიწყო და დაასრულა მცხეთის ჯვრის მშენებლობა, აგრეთვე საფუძველი ჩაუყარა ტფილისისა და სიონის მშენებლობას, რომელიც დაასრულა ადარნასე ბაკურის ძემ 626 წელს. გუარამი გახდება მთავარი გმირი შემდგომში ფართოდ გავრცელებული ლეგენდისა, ბიბლიური დავითისა და სოლომონისაგან ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომავლობის შესახებ: დავით-სოლომონის ღვთისთესლიერი ნაკადიდან შვიდი ძმის მოსვლა, ამათგან სამი სომხეთში დარჩა „სომეხ ბაგრატუნიანთა“ შტოდ, ხოლო ოთხი საქართველოში მოვიდა „ქართველ ბაგრატოვანთა“ მამამთავრებად. სწორედ ამ ოთხი ძმათაგან იყო გუარამი, ქართლის პირველი ერისმთავარი და ქართველ ბაგრატიონთა დინასტიის მამამთავარი.
- სტეფანოზ I გუარამის ძე, ქართლის ერისმთავარი მამამისის შემდგომ, VII საუკუნის 1-ელ მეოთხედში. 626 წელს ქართლს შემოესივნენ ბიზანტიელები, ჰერაკლე კეისარის სარდლობით და ხაზარები ჯიბღუ ხაკანის წინამძღოლობით. ტფილისის კედლებთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში სტეფანოზი გმირული სიკვდილით დაეცა. მომდევნო წელს ხაზარებმა აიკლეს და აიღეს ტფილისი.
- ადარნასე ბაკურის ძე, ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ I-ის შემდეგ, 626 წლიდან. მან დაასრულა მცხეთის ჯვრისა და ტფილისის სიონის ტაძართა მშენებლობა.
- სტეფანოზ II ადარნასეს ძე — VII საუკუნის 40-50-იანი - 80-90-იან წლებში.
- ნერსე I — VII საუკუნის 80-90-იანი და VIII საუკუნის 30-40-იანი წლები.
- სტეფანოზ III — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის 30-40-იანი წლები - იმეფა მცირე ხანს.
- მირი — სტეფანოზ III-ის უფროსი ძე. გარდაიცვალა არაბებთან ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად.
- არჩილი — მირის ძმა და სტეფანოზ III-ის შვილი. იგი არაბებთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზას დაადგა. არაბთა სარდალმა ასიმმა მოლაპარაკების დროს ქრისტიანული სარწმუნოების შცვლა სთხოვა მაჰმადიანური სარწმუნოებით, არჩილისგან უარის მიღების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს VIII საუკუნის 60-იან წლებში. ის ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 4 ივლისი.
- ჯუანშერი — არჩილის უმცროსი ძე, - არჩილის სიკვდილით დასჯის შემდეგ მისმა შვილებმა იოვანემ და ჯუანშერმა საქართველო გაიყვეს. დასავლეთ საქართველო (იოვანე) და აღმოსავლეთ საქართველო (ჯუანშერი).
- ნერსე II — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის 70-იან წლებში.
- სტეფანოზ IV გურგენის ძე, ნერსე II-ის დისწული და ადარნასე ბაგრატიონის შვილიშვილი, ქართლის ერისმთავარი. მის დროს 785 წლის 21 იანვარს არაბებმა აწამეს აბო ტფილელი.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- აბრამიშვილი გ., სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ., 1977;
- ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1969;
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1960;
- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 195.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- წამება და ღვაწლი წმინდისა და დიდებულისა მოწამისა მეფისა არჩილისა (ისტორიული მიმოხილვა). გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მსოფლიოს სამეფო დინასტიები, გენეალოგიური ცხრილები: ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ქრონოლოგიური ცხრილები, ქართლის ერისმთავარნი. გვერდები: 16, 17. ავტორი შემდგენელი სოლომონ თეზელიშვილი, მხატვარი ავთანდილ პოპიაშვილი. საქართველოს ინდექსი 63.3 93/99 მ. 908. ISBN 99928 VERLAGSNR: 28 99928-28-00-5. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“. თბილისი, 1998.