კურაპალატი (ბიზანტ. ბერძნ. kuropalates < ლათ. cura Palatiae — სასახლის დაცვა) — IV-V საუკუნეების ბიზანტიის კარის მოხელე, სასახლის დაცვის უფროსი. ითვლებოდა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს პირად (იმპერატორის შემდეგ) კეისარსა და ნოველისიმოსთან ერთად. კურაპალატობას თავდაპირველად ანიჭებდნენ იმპერატორის ოჯახის წევრებს, ხშირად — ტახტის მემკვიდრეებს. ამ დროს კურაპალატი ჯერ კიდევ რეალურ სამოხელეო მოვალეობას ასრულებდა. VIII საუკუნეში საპატიო ტიტული გახდა, რომელსაც უმაღლეს არისტოკრატიულ წარმომადგენლებს ანიჭებდნენ. IX საუკუნიდან უცხოელი ხელისუფლებიც და ბიზანტიელებიც კურაპალატობას გარკვეული დამსახურებისათვის იღებდნენ. XI-XII საუკუნეებში თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. XIII-XIV საუკუნეებში მეორეხარისხოვან ტიტულად იქცა, XV საუკუნეში საერთოდ აღარ მოიხსენიებოდა.

კურაპალატის ტიტული IX საუკუნიდან ენიჭებოდათ იბერიის (თავდაპირველად ტაო-კლარჯეთის, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს) მეფე-მთავრებს. პირველი კურაპალატი მათ შორის იყვნენ აშოტ I (IX ს.), შემდეგ კურაპალატობა მუდმივად ეძლეოდათ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლებს, XI საუკუნიდან — საქართველოს მეფეებს (ბაგრატ III, გიორგი I, ბაგრატ IV, გიორგი II). დავით აღმაშენებელმა უარყო ბიზანტიის ტიტული და მას შემდეგ ისინი ქართველ მეფეებს აღარ უტარებიათ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Guilland R., Études sur l'histoire administrative de l'Empire Byzantin. Le curapalate, «Byzantina», 1970, t. 2;
  • ლომოური ნ., ქსე, ტ. 6, გვ. 78, თბ., 1983