ბიზანტიის იმპერია
ბიზანტიის იმპერია, ასევე აღმოსავლეთ რომის იმპერია ან უბრალოდ ბიზანტია — რომის იმპერიის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ძირითადად ბერძნულენოვანი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა გვიანი ანტიკურ ხანისა და შუა საუკუნეების პერიოდში. მისი დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი (დღევანდელი სტამბოლი[კ 2]), რომელიც თავდაპირველად დაარსდა, როგორც ბერძნული კოლონია ბიზანტიონი.[2] ქვეყანა გადაურჩა დასავლეთ რომის იმპერიის დაშლასა და დაცემას V საუკუნეში და განაგრძობდა არსებობას კიდევ ათასი წლის განმავლობაში, 1453 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ მის დაპყრობამდე. მისი არსებობის განმავლობაში იმპერია წარმოადგენდა ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო ძალას ევროპაში. როგორც „ბიზანტიის იმპერია“, ისე „აღმოსავლეთ რომის იმპერია“ წარმოადგენს ისტორიოგრაფიულ ტერმინს იმპერიის აღსანიშნავად მისი განადგურების შემდეგ. თავად მისი მაცხოვრებლები სახელმწიფოს უწოდებდნენ რომის იმპერიას (ძველ ბერძნ. Βασιλεία Ῥωμαίων, ლათ. Imperium Romanum) ან რომანიას (ძველ ბერძნ. Ῥωμανία),[3][4][5] ხოლო საკუთარ თავს „რომაელებს“.[6]
ბიზანტიის იმპერია Βασιλεία Ῥωμαίων, Ῥωμανία (ძვ. ბერძნ.) Imperium Romanum, Romania (ლათ.) | ||||||
| ||||||
| ||||||
ბიზანტიის იმპერია იუსტინიანე I-ის დროს, 555 წელს.
| ||||||
დედაქალაქი | კონსტანტინოპოლი | |||||
ენები | ლათინური (620 წლამდე) ბერძნული (620 წლიდან) | |||||
რელიგია | რომაული რელიგია (380 წლამდე) ქრისტიანობა (1054 წლამდე) მართლმადიდებლობა (1054 წლიდან) | |||||
მთავრობა | ავტოკრატული აბსოლუტური მონარქია | |||||
იმპერატორი | ||||||
- | 330–337 | კონსტანტინე I დიდი | ||||
- | 395-408 | არკადიუსი (პირველი იმპერატორი რომის იმპერიის ოფიციალურად გაყოფის შემდეგ) | ||||
- | 1261-1282 | მიხეილ VIII (პირველი იმპერატორი კონსტანტინოპოლის დაბრუნების შემდეგ) | ||||
- | 1449–1453 | კონსტანტინე XI (უკანასკნელი იმპერატორი) | ||||
ისტორიული ერა | გვიანი ანტიკური- გვიანი შუა სააუკუნ. | |||||
- | რომის იმპერიის გაყოფა | 285 | ||||
- | შეიქმნა | 330/395[კ 1] | ||||
- | თეოდოსიუს I-ის გარდაცვალება და იმპერიის საბოლოო გაყოფა | 395 | ||||
- | დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა | 476 | ||||
- | IV ჯვაროსნული ლაშქრობა | 1204 | ||||
- | კონსტანტინოპოლის ხელახალი დაპყრობა | 1261 | ||||
- | კონსტანტინოპოლის დაცემა | 29 მაისი 1453 | ||||
- | ტრაპიზონის დაცემა | 15 აგვისტო 1461 | ||||
ფართობი | ||||||
- | IV ს | 2 500 000 კმ² (965 255 მლ²) | ||||
- | 565 | 3 500 000 კმ² (1 351 358 მლ²) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 565 წელი | 26 000 000 | ||||
სიმჭიდროვე | 7,4 /კმ² (19,2 /მლ²) | |||||
- | 780 წელი | 7 000 000[1] | ||||
- | 1025 წელი | 12 000 000 | ||||
- | 1143 წელი | 10 000 000 | ||||
ვალუტა | სემისისი, ტრემისისი სოლიდუსი (მიმოქცევაში იყო 1092 წლამდე), პერპერა (დაახლ. 1092 წლიდან), |
ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბება ერთბაშად არ მომხდარა. IV-დან VI საუკუნემდე განხორციელებულმა რამდენიმე ღონისძიებამ საბოლოოდ რომის იმპერიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფა გამოიწვია. 284 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305 წწ.) რომის იმპერიის მმართველობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად დაყო. 330 წლისათვის კონსტანტინე I-მა (306–337 წწ.) დედაქალაქი რომიდან ბიზანტიონში გადაიტანა,[7] რომელსაც მოგვიანებით კონსტანტინოპოლი („კონსტანტინეს ქალაქი“) და Nova Roma („ახალი რომი“) ეწოდა.[კ 3] თეოდოსიუს I-ის (379-395 წწ.) მმართველობისას ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო სხვები, მაგ. რომაული პოლითეისტური რელიგია აიკრძალა.[8] ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბების პროცესი არსებითად დასრულდა იმპერატორ ჰერაკლეს (610-641 წწ.) მმართველობისას, როდესაც მოხდა იმპერიის მმართველობისა და არმიის რესტრუქტურიზაცია და ოფიციალურ ენად დამტკიცდა ბერძნული ლათინურის ნაცვლად. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიის იმპერია წარმოადგენდა რომის იმპერიის მემკვიდრესა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების გამგრძელებელს, თანამედროვე ისტორიკოსები ბიზანტიას გამოარჩევენ ანტიკური რომისაგან, რადგან ის ლათინურის ნაცვლად ბერძნული კულტურის მატარებელი იყო, ხოლო სახელმწიფო რელიგიას რომაული პოლითეიზმის მაგივრად მართლმადიდებელი ქრისტიანობა წარმოადგენდა.
ბიზანტიის იმპერიის საზღვრები მისი არსებობის განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა. იმპერიამ შემცირებისა და შემდეგ კვლავ გაფართოების რამდენიმე ეტაპი გაიარა. იმპერატორ იუსტინიანე I-ის (527-565 წწ.) მმართველობისას იმპერიის ტერიტორიამ მაქსიმუმს მიაღწია. ამ დროს მის შემადგენლობაში შედიოდა რომის იმპერიის მრავალი ყოფილი პროვინცია დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და იტალიაში თვით რომის ჩათვლით, რომელსაც ბიზანტია ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა. იმპერატორ მავრიკიოსის მმართველობისას იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი გაფართოვდა, ჩრდილოეთი კი დასტაბილურდა, თუმცა მისმა მკვლელობამ ქვეყანა სასანიანთა ირანთან ოცწლიან ომში ჩაითრია, რამაც იმპერიის რესურსები გამოფიტა, ამან კი მაჰმადიან დამპყრობლებს მისი ტერიტორიების დაპყრობა გაუადვილა. VII საუკუნეში არაბებმა იმპერიას სხვებთან ერთად ყველაზე მდიდარი პროვინციები — ეგვიპტე და სირია წაართვეს.
არაბთა სახალიფოს დასუსტების შემდეგ მაკედონელთა დინასტიის მმართველობის პერიოდში (X-XI სს) იმპერია კვლავ გაფართოვდა და მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში დომინანტ ძალად იქცა. ეს იყო მისი აღორძინების ორსაუკუნოვანი ეპოქა, რომელიც 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებთან დამარცხებით დასრულდა, რის შედეგადაც ბიზანტიამ სამუდამოდ დაკარგა ანატოლიის უდიდესი ნაწილი, რომელიც თურქების ახალ „სამშობლოდ“ იქცა. უკვე მოგვიანებით ქვეყნის სათავეში ექცევა კომნენოსთა დინასტია. კომნენოსებმა შეძლეს იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება, თუმცა იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.
იმპერიის არსებობის ბოლო საუკუნეების განმავლობაში ზოგად ტენდენციას წარმოადგენდა ტერიტორიის შემცირება და დასუსტება. მთელი XII საუკუნის განმავლობაში ბიზანტია განუწყვეტლად იბრძოდა თურქების წინააღმდეგ, თუმცა „სასიკვდილო დარტყმა“ მას არა მაჰმადიანებმა, არამედ ევროპელმა ჯვაროსნებმა მიაყენეს, რომლებმაც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს (1204 წელს) იერუსალიმის ნაცვლად აიღეს და სასტიკად გაძარცვეს კონსტანტინოპოლი. ბიზანტიის ტერიტორია ლათინურ (ლათინთა იმპერია) და ბერძნულ (ნიკეის იმპერია, ტრაპიზონის იმპერია და ეპირის დესპოტატი) ერთმანეთთან დაპირისპირებულ სამეფოებად დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ 1261 წელს ბიზანტიელებმა კონსტანტინოპოლის დაბრუნება შეძლეს, იმპერიას მხოლოდ დედაქალაქი და რამდენიმე მცირე პროვინციაღა შერჩა. მისი დანარჩენი ტერიტორიები თანდათანობით დაიპყრეს ოსმალებმა, რომლებმაც 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის აღებით წერტილი დაუსვეს ბიზანტიის იმპერიის არსებობას.
სახელის ეტიმოლოგია
ტერმინი „ბიზანტია“ რომის იმპერიის გვიანდელი წლების აღსანიშნად პირველად გერმანელმა ისტორიკოსმა, ჰიერონიმუს ვოლფმა 1557 წელს გამოიყენა თავის ნამუშევარში Corpus Historiæ Byzantinæ, რომელიც ისტორიული წყაროების კრებულს წარმოადგენდა. ტერმინი მომდინარეობს კონსტანტინოპოლის ძველი სახელიდან, „ბიზანტიონიდან“ (ბერძ. Βυζάντιον, ლათ. Byzantium), რომელიც ქალაქს დედაქალაქად გამოცხადებამდე ერქვა.[6] 1648 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის, „Byzantine du Louvre (Corpus Scriptorum Historiae Byzantinae)“-ისა და მოგვიანებით, 1680 წელს შარლ დიუკანჟის მიერ გამოცემული „ბიზანტიის ისტორიის“ („Historia Byzantina“) წყალობით, ტერმინი „ბიზანტია“ ფართოდ გავრცელდა მონტესკიესა[9] და სხვა ფრანგ ავტორებში. მიუხედავად ამისა, XIX საუკუნის შუა ხანებამდე დასავლურ სამყაროში ტერმინი არსებითად ვერ დამკვიდრდა. რაც შეეხება ინგლისურ ისტორიოგრაფიას, აქ ტერმინი „ბიზანტიის იმპერია“ პირველად ჯორჯ ფინლაიმ გამოიყენა თავის ნაშრომში „ბიზანტიის იმპერიის ისტორია 716-დან 1057 წლამდე“ (History of the Byzantine Empire from 716 to 1057).[10]
იმპერიის მკვიდრნი მას მოიხსენიებდნენ, როგორც: „რომის იმპერია“, „რომაელთა იმპერია“ (ლათ. Imperium Romanum, Imperium Romanorum; ბერძ. Βασιλεία τῶν Ῥωμαίων, Basileia tōn Rhōmaiōn; Ἀρχὴ τῶν Ῥωμαίων, Archē tōn Rhōmaiōn), „რომანია“ (ლათ. Romania; ბერძ. Ῥωμανία Rhōmania),[კ 4] „რომის რესპუბლიკა“ (ლათ. Res Publica Romana; ბერძ. Πολιτεία τῶν Ῥωμαίων, Politeia tōn Rhōmaiōn),[13] „გრაიკია“ (ბერძ. Γραικία)[14] და „რომაის“ (ბერძ. Ῥωμαΐς).[15] იმპერიის მაცხოვრებლები საკუთარ თავს რომაიოისა და გრაიკოის უწოდებდნენ და XIX საუკუნეშიც კი ბერძნები მათ თანამედეროვე ენას რომაიკასა და გრაიკიკას ეძახდნენ.
ისტორია
ბიზანტიის იმპერიის ისტორია | |
---|---|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა | |
წინა პერიოდი | |
რომის იმპერია (დომინატი) | |
ადრეული პერიოდი (330-717) | |
კონსტანტინიანების და ვალენტინიანების დინასტიები | |
თეოდოსიანიდების დინასტია | |
ლეონიდების დინასტია | |
იუსტინიანიდების დინასტია | |
ჰერაკლიდების დინასტია | |
ოცწლიანი ანარქია | |
შუა პერიოდი (717–1204) | |
ისავრიელების დინასტია | |
ნიკიფორიანთა დინასტია | |
ამორეული დინასტია | |
მაკედონელთა დინასტია | |
დუკების დინასტია | |
კომნენოსების დინასტია | |
ანგელოსების დინასტია | |
გვიანი პერიოდი (1204-1453) | |
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა და ფრანკოკრატია | |
ბიზანტიის მემკვიდრე სახელმწიფოები (ნიკეის იმპერია, ტრაპიზონის იმპერია და ეპირის დესპოტატი | |
პალეოლოგოსების დინასტია | |
კონსტანტინოპოლის დაცემა | |
ადრეული ისტორია
რომის იმპერიამ შეძლო მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის დაპყრობა. ამ ტერიტორიებზე მრავალი ერი სახლობდა, რომლებსაც კულტურულად ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ. ისინი განვითარების მიხედვითაც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე იყო იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციები, აქ მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობდა. აღმოსავლეთის განვითარებას თავისი მიზეზები ჰქონდა, აქ იყო უძველესი ბერძნული კულტურა, მოგვიანებით ამავე ტერიტორიაზევე არსებობდა მაკედონიის იმპერიაც.[16]
III საუკუნეში არასტაბილური მდგომარეობა დასავლეთისათვის უფრო საგრძნობი და პრობლემური აღმოჩნდა, ვიდრე აღმოსავლეთისათვის. განსხვავება ელინიზებულ აღმოსავლეთსა და შედარებით ახალგაზრდა ლათინიზებულ დასავლეთს შორის მომდევნო საუკუნეების განმავლობაში კიდევ უფრო აშკარა და არსებითი გახდა, რამაც, საბოლოოდ, ამ ორი სამყაროს გაუცხოება[16] და კულტურული, შემდეგ კი პოლიტიკური გაყოფა გამოიწვია.
რომის იმპერიის გაყოფა
კონსტანტინე I დიდის დროს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, სწორედ ამ დროს ხდება რომის იმპერიის ორად გაყოფა. ამ პერიოდში ქრისტიანული რელიგია თანდათანობით პრივილეგირებული ხდება, თუმცა კონსტანტინეს დროს ის სახელმწიფო რელიგიად არ ცხადდება. 325 წელს ნიკეაში გაიმართა პირველი საეკლესიო კრება. კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი 330 წელს ბოსფორის სრუტის სანაპიროზე გადაიტანა, ამ ადგილს სტრატეგიულად ხელსაყრელი პირობები ჰქონდა, აქ გადიოდა მთავარი სავაჭრო გზები. ახალი დედაქალაქის ადგილზე ადრეც მდებარეობდა ბერძნული დასახლებული პუნქტი ბიზანტიონი.
ბიზანტიის განვითარებას ხელს უწყობდა დაპყრობილი ტერიტორიებიდან აკრეფილი თანხები. თეოდოსიუს I-ის (379-395) მმართველობის დროს დაიწყო კონსტანტინოპოლის დიდი გალავნის მშენებლობა, ეს გალავანი 1204 წლამდე არცერთ დამპყრობელს არ გადაულახავს.
სწორედ ამ პერიოდში იწყება აღმოსავლეთიდან ჰუნების გამოჩენა. ბიზანტიაზე შემოსევების თავიდან ასაცილებლად იმპერატორმა ჰუნებს ხარკის მიცემა დაუწყო (სავარაუდოდ, 300 კგ ოქრო). 453 წელს გარდაიცვალა ჰუნების ბელადი ატილა, რის შემდეგაც ჰუნების იმპერია დაიშალა.
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში დროებითი სიმშვიდე დამყარდა. დასავლეთში კი კვლავ გრძელდებოდა შიდა არეულობა და ბარბაროსთა შემოსევები. 476 წელს ბარბაროსმა ოდოაკრმა რომი აიღო. დასავლეთ რომის იმპერია დაემხო.
კონსტანტინე დიდი
რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთებს უტოლებდნენ, სამას წელზე მეტხანს დევნიდნენ ქრისტიანებს. ქრისტიანების დევნის შეწყვეტა იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) სახელთან არის დაკავშირებული. ახალი სარწმუნოებით კონსტანტინე დიდი ნგრევის პირას მისული რომის იმპერიის ერთიანობის შენარჩუნებასა და განახლებას ცდილობდა. ქრისტიანობა, მისი აზრით, მრავალეროვანი იმპერიის სიმტკიცის საფუძველი უნდა გამხდარიყო. კონსტანტინე I-მა 313 წელს გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი — მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების გვერდით თანაბარი უფლებები მიანიჭა. მაშინ, როდესაც რომის იმპერია დაღუპვის პირას იყო, დაიწყო ეკლესიის პოლიტიკურ ძალად გარდაქმნის პროცესი. ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო გვიანდელი რომის იმპერიისთვის, არამედ მთელი შუა საუკუნეებისთვის. კონსტანტინე დიდმა ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ ქრისტიანებისათვის ის ქონება, რომელიც მათ დევნის დროს ჩამოართვეს.
„თავისუფლება რელიგიაში არ უნდა იზღუდებოდეს, პირიქით, ყველას გულსა და გონებას უნდა მიეცეს უფლება, იზრუნოს ღვთიურ საგნებზე თავისი ნების მიხედვით.“
|
კონსტანტინოპოლი
რომის იმპერია, მიუხედავად სირთულეებისა, არსებობას განაგრძობდა, თუმცა სიმძიმის ცენტრმა იმპერიის უფრო მდიდარ აღმოსავლურ პროვინციებში გადაინაცვლა. კონსტანტინე დიდმა 330 წელს იმპერიის ახალი დედაქალაქი — კონსტანტინოპოლი, ბოსფორის სრუტის სანაპიროზე, კარგად დაცული ძველბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილას დააარსა (აქედან მოდის სახელმწიფოს სახელწოდებაც, რომელიც რენესანსის მოღვაწეებმა იმპერიის დაცემის შემდეგ შემოიღეს). ბიზანტიელები საკუთარ ქვეყანას რომის იმპერიას უწოდებდნენ, თავს რომაელებად, ღვთის რჩეულ ხალხად, ხოლო იმპერატორს სრულიად საქრისტიანოს მეთაურად თვლიდნენ.
კონსტანტინოპოლს, როგორც წარმართული რომის საპირისპროდ დაარსებულ ქრისტიანულ დედაქალაქს, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. „ახალი რომი“ აღმოსავლური და დასავლური კულტურების ბუნებრივი დამაკავშირებელი იყო. ერთიანი რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორის, თეოდოსიუს I-ის (379-395 წწ.) გარდაცვალების შემდეგ, იმპერია საბოლოოდ გაიყო აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) და დასავლეთ რომის იმპერიად.
ბიზანტიამ შეინარჩუნა განვითარებული და მოქმედი სახელმწიფო, აგრეთვე, ძლიერი არმია, გაუძლო ბარბაროსთა შემოტევას ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქაში. ბიზანტიამ ანტიკური ცივილიზაციის მიღწევებიდან უამრავი ფასეული რამ შეითვისა. ბიზანტიაში ერთმანეთს შეერწყა ქრისტიანობა, ელინისტური კულტურა, რომაული სახელმწიფოებრიობა და ქვეყანა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულად განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოდ რჩებოდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.
ბიზანტიის იმპერია მეხუთე საუკუნის დასასრულსა და მეექვსე საუკუნის დამდეგს
იმპერატორების — ზენონისა (471-491 წწ.) და ანასტასიოს I-ის (491-518 წწ.) დროისათვის ყალიბდება წარმოდგენა ტიპურ აღმოსავლურ იმპერიაზე.
476 წელს დაემხო დასავლეთ რომის იმპერია, რის შემდეგაც ბიზანტია რომის ერთადერთ იმპერიად რჩება. ის მოიცავდა ბალკანეთის მთელ ნახევარკუნძულს, მისი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის გამოკლებით, მცირე აზიას სომხეთის მთებამდე, სირიას ევფრატის მარცხენა სანაპირომდე, ეგვიპტესა და კირენაიკას. ეს ტერიტორია იყოფოდა 64 პროვინციად, ანუ ეპარქიად, რომლებიც პრეტორიის ორი პრეფექტურის შემადგენლობაში შედიოდნენ: აღმოსავლეთისა (თრაკიის, აზიის, პონტოს, აღმოსავლეთისა და ეგვიპტის დიოცეზები) და ილირიისა (მაკედონიის დიოცეზა). მართალია, იმპერიის მართვა-გამგებლობა კვლავინდებურად რომაული ყაიდის მიხედვით იყო ორგანიზებული და სამოქალაქო და სამხედრო ფუნქციების გამიჯვნაზე დაფუძნებული, მაგრამ იმპერატორის ძალაუფლება აქ სულ უფრო და უფრო აბსოლუტური ხდებოდა, აღმოსავლური მონარქიების მსგავსად; ხოლო 450 წლიდან მოყოლებული, კურთხევის ცერემონიალმა ღვთიური კეთილმოწყალების სტატუსიც შესძინა მას.
იმპერატორ ანასტასიოს I-ის მცდელობამ უზრუნველყო აღმოსავლეთ იმპერიის საზღვრების დაცვა, განამტკიცა მისი ფინანსური მდგომარეობა და მოაწესრიგა მმართველობის სისტემა. პოლიტიკური ალღო იმპერატორებს კარნახობდა მიეღწიათ იმპერიის მორალური ერთიანობისათვის და თუნდაც რომთან განხეთქილების ფასად, შემოერიგებინათ განდგომილი მონოფიზიტები. ეს იყო 482 წელს ზენონის მიერ გამოქვეყნებული ერთობის ედიქტის (ჰენოტიკონ) მიზანი. ამ ედიქტს უშუალო შედეგად მოჰყვა განხეთქილება რომსა და ბიზანტიას შორის. ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში (484-518 წწ) პაპები და იმპერატორები, უპირატესად — ანასტასიოსი, მტკიცე მონოფიზიტი, გააფთრებით ებრძოდნენ ერთმანეთს. ამ არეულობის დროს აღმოსავლეთ რომის იმპერია საბოლოოდ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ორგანიზმად.
502 წლიდან აღმოსავლეთში კვლავ განაახლეს ბრძოლა სპარსელებმა. ევროპაში, დუნაის სამხრეთით, დაიწყო სლავებისა და დუნაის ავარების შემოსევა. შინააშლილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. დედაქალაქს აშფოთებდა ცირკის პარტიების — მწვანეებისა და ლურჯების მეტოქეობა. ომით გაჩანაგებული, ხარკის სიმძიმით წელში გაწყვეტილი და უკმაყოფილო პროვინციები ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რათა იმპერიისათვის თავიანთი მოთხოვნები წაეყენებინათ. ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა აკლდა. ძლიერი მართლმადიდებლური ოპოზიცია, რომელიც თავისი პოლიტიკის განხორციელებისათვის იბრძოდა, პატივმოყვარე ავანტურისტებს ნაირ-ნაირ საბაბს სთავაზობდა ასამბოხებლად. განსაკუთრებით საშიში იყო ვიტალიანეს ამბოხება (514 წ.).
ამ არამყარი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად საჭირო იყო ძლიერი ხელი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და მკაცრად მიზანდასახული პოლიტიკა. ამგვარი პოლიტიკის განმახორციელებლად იმპერიას იუსტინიანე მოევლინა.
იუსტინიანეს მმართველობა და ბიზანტიის იმპერია მეექვსე საუკუნეში
იმპერატორ იუსტინიანე I-ის მმართველობა ბიზანტიის იმპერიის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ამ დროს იმპერია წარმატებით იბრძვის დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ტერიტორიების შემოერთებისათვის და აღმოსავლეთით სასანური ირანის წინააღმდეგ. იმპერატორი იღებს აბსოლუტურ ძალაუფლებას.
საგარეო პოლიტიკა
იუსტინიანეს ტახტზე ასვლისას იმპერიას ჯერ კიდევ ვერ დაეღწია თავი მძიმე კრიზისისაგან, რომელმაც მეხუთე საუკუნის დამლევს მოიცვა იგი. იუსტინე I-ის მეფობის უკანასკნელ თვეებში, კავკასიაში, სომხეთსა თუ სირიის საზღვრებზე სპარსელებმა ხელახლა დაიწყეს ომი, რის გამოც ბიზანტიელთა ლაშქრის უკეთესი ნაწილი აღმოსავლეთს აღმოჩნდა მიჯაჭვული. ქვეყნის შიგნით, მწვანეებისა და ლურჯების ბრძოლა ძალზე საშიში პოლიტიკური დაძაბულობის წყაროდ რჩებოდა, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ხელისუფლების კორუფცია, რაც საყოველთაო აღშფოთებას იწვევდა ხალხში. იუსტინიანეს გადაუდებელი ამოცანა იყო თავი დაეღწია ამ სიძნელეებისათვის, რომლებიც ხელს უშლიდნენ დასავლეთის მიმართ მისი პატივმოყვარული ზრახვების განხორციელებას. ამ მიზნით 532 წელს ზავი დადო სპარსელებთან, რამაც ლაშქრის თავისუფალი გამოყენების საშუალება მისცა. ამავდროულად, მან სისხლში ჩაახშო შინააშლილობა, რომელიც ნიკას აჯანყების სახელითაა ცნობილი. აჯანყების ჩახშობაში უდიდესი წვლილი იუსტინიანეს სარდალს — ველისარიუსს მიუძღვის, რომელმაც, პრაქტიკულად, იმპერატორს ტახტი შეუნარჩუნა. საბოლოოდ, 532 წელს იუსტინიანეს თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცა.
დასავლეთის ომები
დასავლეთის მდგომარეობა ხელს უწყობდა იმპერატორის გეგმების განხორციელებას, რაც რომის იმპერიის კვლავ გაერთიანებასა და ბარბაროსთა ხელში გადასული ტერიტორიების დაბრუნებას გულისხმობდა. როგორც აფრიკაში, ისე იტალიაშიაც, ბარბაროსთა მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობა დიდი ხანია მოითხოვდა იმპერატორის ძალაუფლების აღდგენას. იმპერიის პრესტიჟი ჯერ კიდევ იმდენად დიდი იყო, რომ თვით ვანდალები და ოსტგუთებიც კი აღიარებდნენ ბიზანტიის პრეტენზიების კანონიერებას. ამიტომაც იყო, რომ ამ ბარბაროსულ სამეფოებს, მათი სწრაფი დაქვეითების შედეგად, აღარ შეეძლოთ წინ აღდგომოდნენ შეტევაზე გადმოსულ იუსტინიანეს ლაშქარს, ხოლო ურთიერთუთანხმოება ხელს უშლიდათ იმაში, რომ გაერთიანებულიყვნენ საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. 531 წელს, როცა გელიმერის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ ბიზანტიის დიპლომატიას საბაბი მისცა აფრიკის საქმეებში ჩარეულიყო, იუსტინიანე, თავის სამხედრო ძალაზე დაყრდნობით, დაუყოვნებლივ შეეცადა ერთი დარტყმით გაეთავისუფლებინა აფრიკის მართლმადიდებლური მოსახლეობა „არიანული ტყვეობისაგან“. 533 წელს ველისარიუსმა 10 000 ქვეითისა და 5(6) 000 მხედრისაგან შემდგარი ლაშქარი ხომალდებზე განათავსა და კონსტანტინოპოლიდან აფრიკაში საომრად გაემართა. ელვისებური ბრძოლა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. დეციმუმსა და ტრიკამარუმთან დამარცხებული, უკუქცევისას პაპუას მთაზე გამაგრებული და ბიზანტიელების მიერ გარშემორტყმული გელიმერი იძულებული შეიქნა იარაღი დაეყარა და მტერს დანებებოდა (534 წ.). ორიოდე თვის განმავლობაში ცხენოსანთა რამდენიმე ათასეულმა — რადგან სწორედ მათ შეასრულეს გადამწყვეტი როლი, ყოველგვარი მოლოდინის საპირისპიროდ გაანადგურა გენზერიხის შექმნილი სამეფო. ველისარიუსს კონსტანტინოპოლში ტრიუმფი მოუწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ბერბერებისა და იმპერიის მიერ დაქირავებულ ჯარისკაცთა ამბოხების ჩახშობას თხუთმეტი წელი (534-548 წწ) კიდევ დასჭირდა, ბიზანტიამ მაინც შეიერთა ვანდალთა სამეფოსა და ჩრ. აფრიკის სხვა ტერიტორიების უმეტესი ნაწილი, იუსტინიანე I-მა კი ვანდალიისა და აფრიკის იმპერატორის ტიტული მიიღო.
იტალიელ ოსტგუთებს ვანდალთა სამეფოს დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ. მალე მათი ჯერიც დადგა. 534 წელს თეოდორიხ I-ის ასული ამალასუნთა მისმა მეუღლემ თეოდატემ მოკლა, რამაც იუსტინიანეს საბაბი მისცა ისტგუთთა სამეფოს საშინაო საქმეებში ჩარეულიყო, მაგრამ ამჯერად ომი გაცილებით უფრო ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი გამოდგა ვიდრე ვანდალებთან. მართალია, ველისარიუსმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწია: სიცილია (535 წ.), ნეაპოლი, შემდეგ კი რომიც აიღო, სადაც მთელი წლის მანძილზე (537 წლის მარტიდან 538 წლის მარტამდე) ალყაში ჰყავდა გამომწყვდეული ოსტგუთების ახალი მეფე ვიტიგესი, ბოლოს, რავენაც დაიმორჩილა (540 წ.) და დატყვევებული ვიტიგესი კონსტანტინოპოლში მიჰგვარა იმპერატორს, მაგრამ გუთებმა, გამჭრიახი და ენერგიული ტოტილას წინამძღოლობით, ხელახლა მოიკრიბეს ძალა. საკმაოდ მცირერიცხოვანი ლაშქრით იტალიაში წარგზავნილი ველისარიუსი დამარცხდა (544 - 548 წ.) და საჭირო გახდა ნარსესის ძალისხმევა, რათა ბიზანტიელებს ტაგანასთან მუსრი გაევლოთ ოსტგუთებისათვის (552 წ.), ბარბაროსთა ნაშთები გაენადგურებინათ კამპანიაში (553 წ.) და ლევტარისისა და ბუტილინუსის ფრანკი ურდოებისაგან გაეთავისუფლებინათ ნახევარკუნძული (554 წ.). იტალიის ხელახლა დაპყრობას მთელი ოცი წელი დასჭირდა. იუსტინიანემ ძალიან მალე ირწმუნა საბოლოო გამარჯვება და შესაძლოა, სწორედ ამიტომ, დროულად არ მიმართა გადამჭრელ ზომებს, რათა ერთი დარტყმით გაენადგურებინა გუთების სამხედრო ძალა. იმპერატორის გავლენისათვის იტალიის დამორჩილება ხომ მეტისმეტად მცირერიცხოვანი ლაშქრით — ოცდახუთი თუ ოცდაათი ათასი მეომრით სცადეს, რის შედეგადაც ომი ძალიან გაჭიანურდა.
იუსტინიანემ ასევე ისარგებლა ესპანეთში შექმნილი მდგომარეობით, რათა ვესტგუთების სამეფოს დინასტიურ შუღლში ჩარეულიყო (554 წ.) და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაუფლებოდა.
ამ ძლევამოსილი ომების შედეგად დალმაცია, იტალია, მთელი აღმოსავლეთ აფრიკა, ესპანეთის სამხრეთი, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ აუზის კუნძულები — სიცილია, კორსიკა, სარდინია, ბალეარის კუნძულები კვლავ რომის ერთიანი იმპერიის ნაწილად იქცა. მონარქიის ტერიტორია თითქმის ორჯერ გაიზარდა. სეუტის აღების შემდეგ იმპერატორის ძალაუფლება გიბრალტარის სრუტემდე გავრცელდა. თუ სანაპირო ზოლს გამოვრიცხავთ, რომელსაც ვესტგუთები — ესპანეთში, ხოლო სეპტიმანები და ფრანკები პროვანსში ინარჩუნებდნენ, შეიძლება ითქვას, რომ ხმელთაშუა ზღვა კვლავ „რომის ტბად“ იქცა. რა თქმა უნდა, არც აფრიკა და არც იტალია თავიანთი უწინდელი ფართობით არ შესულან იმპერიის შემადგენლობაში; ამავდროულად, ხანგრძლივი ომების შედეგად ისინი უკვე გამოფიტულნი და გაპარტახებულნი იყვნენ. მიუხედავად ამისა, ზემოხსენებულ გამარჯვებათა წყალობით, იმპერიის პრესტიჟი განუზომლად ამაღლდა და იუსტინიანეს არაფერი დაუშურებია თავისი წარმატებების განსამტკიცებლად. აფრიკა და იტალია უწინდებურად პრეტორიის ორ პრეფექტურას ქმნიდნენ. იმპერატორი ცდილობდა იმპერიაზე ძველებური წარმოდგენა ჩაენერგა მოსახლეობისათვის. აღდგენითი სამუშაოების წყალობით, ქვეყანა ოდნავ მაინც იშუშებდა ომით მიყენებულ ჭრილობებს. თავდაცვის ორგანიზაცია — დიდი სამხედრო შენაერთების შექმნა, სასაზღვრო ხაზების დაწესება, რომლებსაც საგანგებო დანიშნულების რაზმები — „მონაპირენი“ იცავდნენ და საზღვრების გასწვრივ მძლავრი ციხე-სიმაგრეების აგება უზრუნველყოფდა ქვეყნის უსაფრთხოებას.
აღმოსავლეთის ომები
სპარსეთთან პირველი ომი (527-532 წწ) ბიზანტიისათვის მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა. რადგანაც მოპირისპირე მხარეთაგან ვერცერთი ვერ ბედავდა ღრმად შეტოპვას, ომის შედეგი გაურკვეველი დარჩა. ველისარიუსმა გაიმარჯვა დარასთან (530 წ.), მაგრამ დამარცხდა კალინიკუმთან გამართულ ბრძოლაში (531 წ.), ასე რომ, ორივე მხარე იძულებული გახდა დროებით მაინც დაედო ზავი, მაგრამ სპარსეთის ახალი შაჰი ხოსრო ანუშირვანი (531-579 წწ) კარგად ხედავდა, რომ ბიზანტიის ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთისაკენ იყო მიმართული, ამიტომ, სპარსეთის მეფე 540 წელს სირიისაკენ დაიძრა და ანტიოქია დაარბია; 541 წელს ის შეიჭრა ეგრისის სამეფოში (იხ. ეგრისის დიდი ომი) და პეტრა აიღო; 542 წელს დაანგრია კამაგენა; 543 წელს სომხეთში დაამარცხა ბიზანტიელები; 544 წელს კი მესოპოტამია დაარბია. ბიზანტია იძულებული გახდა დაზავება ეთხოვა (545 წ.), რაც შემდეგ არაერთხელ განმეორდა და ბოლოს, 562 წელს ორმოცდაათი წლით დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც იუსტინიანე ვალდებულებას კისრულობდა ხარკი ეძლია „დიდი მეფისთვის“ და ხელი აეღო ყოველგვარ მცდელობაზე, სპარსეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობა ექადაგა. მართალია, ყოველივე ამის ფასად მან შეინარჩუნა ეგრისის სამეფო, მაგრამ ამ ხანგრძლივმა და დამანგრეველმა ომმა ბიზანტიას ძლიერი დარტყმა მიაყენა.
ამავე დროს, ევროპაში, დუნაისპირა საზღვრები ვეღარ უძლებდა ბარბაროსების შემოტევებს. 540 წელს ჰუნები შეიჭრნენ თრაკიაში, ილირიაში, საბერძნეთში, კორინთოს ისთმოსამდე და ლამის კონსტანტინოპოლს მიადგნენ; 547 და 551 წელს სლავებმა დაარბიეს ილირია, ხოლო 552 წელს თესალონიკეს დაემუქრნენ; 559 წელს ჰუნები კვლავ გამოჩნდნენ კონსტანტინოპოლის მისადგომებთან, თუმცა ბიზანტიელებმა ველისარიუსის მეთაურობით დედაქალაქის დაცვა შეძლეს. რა თქმა უნდა, არცერთ ამ შემოსევას არ დაუმყარებია უცხოთესლთა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ბატონობა ბიზანტიაში, მაგრამ ბალკანეთის ნახევარკუნძული მაინც საშინლად გაპარტახდა.
საშინაო პოლიტიკა
საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეფორმა
იმპერიაში არ ცხრებოდა არეულობა. ადმინისტრაცია მექრთამე და კორუმპირებული იყო; პროვინციებში სიღატაკე და უწესრიგობა სუფევდა; სამართალწარმოება, კანონთა უვარგისობის გამო, თავიდან ვერ იცილებდა თვითნებობასა და მიკერძოებას. ამნაირი მდგომარეობის ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი ის იყო, რომ გადასახადები ძალზე არათანაბრად შემოდიოდა ხაზინაში. იუსტინიანეს მეტისმეტად უყვარდა წესრიგი, ესწრაფოდა მმართველობის ცენტრალიზაციას და დაუცხრომლად ზრუნავდა საზოგადო სიკეთისათვის; ამიტომ, ცხადია, ვერ შეურიგდებოდა ასეთ ვითარებას.
ამრიგად, იმპერატორმა ორმაგ რეფორმას მიმართა. იმპერიისათვის „მტკიცე და ურყევი კანონების“ შესაქმნელად მან თავის მინისტრს ტრიბონიანეს დიდი საკანონმდებლო შრომა მიანდო. 528 წელს კოდექსის რეფორმისათვის შექმნილმა კომისიამ შეკრიბა და კლასიფიკაციის მიხედვით დააჯგუფა უმთავრესი საიმპერიო დადგენილებანი, რაც გამოექვეყნებინათ ადრიანეს შემდეგ. ეს იყო „იუსტინიანეს კოდექსი“, რომელიც პირველად 529 წელს, ხოლო შემდეგ 534 წელს გამოიცა. მას მოჰყვა „დიგესტები“ ანუ „პანდექტები“, რომლებშიაც 530 წელს შექმნილმა ახალმა კომისიამ თავი მოუყარა მეორე-მესამე საუკუნეების დიდ იურისტთა შრომებიდან ამოკრეფილ ფრაგმენტებს. ასე შეიქმნა „ინსტიტუციები“ (533 წ.), უზარმაზარი შრომა, სტუდენტთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო, რომელშიაც შეჯამებული იყო ახალი სამართლის საფუძვლები. კანონთა ეს კრებული ცნობილია „იუსტინიანეს კრებულის“ ან „იუსტინიანეს კოდიფიკაციის“ სახელით (XIII საუკუნეში მას ლათინურად ეწოდა „Corpus juris civilis“).[კ 5]
ადმინისტრაციისა და სასამართლოს გარდაქმნის მიზნით, იუსტინიანემ 535 წელს გამოაქვეყნა ორი მნიშვნელოვანი განკარგულება, ახალ მოვალეობებს რომ აკისრებდნენ მოხელეებს და ქვეყნის მართვისას მათგან პატიოსნებას მოითხოვდნენ. იმავდროულად, იმპერატორმა გააუქმა თანამდებობების გაყიდვა, გაზარდა ხელფასი, დახურა უსარგებლო დაწესებულებები და წესრიგის განსამტკიცებლად ზოგიერთ პროვინციაში გააერთიანა სამხედრო და სამოქალაქო ძალაუფლება. ეს იყო რეფორმის დასაწყისი, რომელსაც თავისი შედეგების მიხედვით დიდმნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იმპერიის ადმინისტრაციულ ისტორიაში. იუსტინიანემ გარდაქმნა დედაქალაქის სასამართლო ადმინისტრაცია და პოლიცია; მთელ იმპერიაში ის ახორციელებდა ფართო მასშტაბის საზოგადოებრივ სამუშაოებს; მისი ბრძანებით გაჰყავდათ გზები, აგებდნენ ხიდებს, აკვედუკებს, აბანოებს, თეატრებს, ეკლესიებს და არნახული ფუფუნებით ამკობდნენ და აღადგენდნენ 532 წლის ამბოხებით ნაწილობრივ დანგრეულ კონსტანტინოპოლს. სწორი ეკონომიური პოლიტიკის წყალობით, იუსტინიანემ მიაღწია იმას, რომ იმპერიაში ფართო გასაქანი მიეცა მრეწველობას და ვაჭრობას.
რელიგიური პოლიტიკა
დანარჩენი იმპერატორების მსგავსად, რომლებიც კონსტანტინე I-ის შემდეგ ავიდნენ ტახტზე, იუსტინიანეც აქტიურად ერეოდა საეკლესიო საქმეებში, როგორც სახელმწიფო ინტერესებისათვის, ისე საღვთისმეტყველო პაექრობისადმი თავისი სიყვარულის გამო. უკეთ რომ წარმოეჩინა თავისი საღვთისმოსაო გულმოდგინება, იმპერატორი დაუნდობლად დევნიდა მწვალებლებს. 529 წელს მან ბრძანა დაეხურათ ათენის უნივერსიტეტი, სადაც ფარულად ჯერ კიდევ რჩებოდა რამდენიმე წარმართი მასწავლებელი. ის მარჯვედ მართავდა ეკლესიას, როგორც მბრძანებელი და მფარველობისა და წყალობის სანაცვლოდ, რასაც არასოდეს აკლებდა მას, საკუთარ ნებას უხეშად ახვევდა თავს და თავის თავსაც აშკარად უწოდებდა „იმპერატორსა და მღვდელს“. იუსტინიანე თვითონ ნიშნავდა უმაღლეს საეკლესიო პირებს თანამდებობებზე, გამოდიოდა მსაჯულად საეკლესიო პირებს შორის დავის დროს. იმპერატორი დიოფიზიტობის ერთგული იყო, მაგრამ ტოლერანტობას იჩენდა მონოფიზიტების მიმართ, რომელთა გავლენაც ძალზე დიდი იყო ეგვიპტეში, სირიაში, მესოპოტამიასა და სომხეთში.
ბიზანტია VI ს-ის ბოლოსა და VII ს-ის დასაწყისში
იუსტინიანეს შექმნილ უზარმაზარ იმპერიას, რომელიც გარეგნულად ძალიან დიდებული და ძლევამოსილი იყო, რეალურად მრავალი სისუსტე გააჩნდა, რომლებმაც იმპერატორის გარდაცვალებისთანავე იჩინეს თავი. როცა ოთხმოცდაშვიდი წლის იმპერატორი გარდაიცვალა (565 წ), მონარქიის მდგომარეობა სავალალო იყო, როგორც ფინანსური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იმპერიის ყველა საზღვარს საფრთხე ემუქრებოდა; ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ძალაუფლება აშკარად უმწეო იყო: პროვინციებში — ფეოდალური საკუთრების უჩვეულო ზრდის შედეგად, დედაქალაქში კი — მწვანეებისა და ლურჯების გაუთავებელი ქიშპობის გამო. პოლიტიკის შეცვლა გარდაუვალი გახდა, მაგრამ ეს ძალზე რთული და სახიფათო საქმე იყო. მისი აღსრულება კი იუსტინიანეს მემკვიდრეებს — განსვენებული იმპერატორის ძმისწულს იუსტინე II-ს (565-578 წწ), ტიბერიუს II-სა (578-582 წწ) და მავრიკიოსს (582-602 წწ) მოუხდათ. მათ მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს ახალ პოლიტიკას. იუსტინიანეს მემკვიდრეებმა ზურგი აქციეს დასავლეთს, რამაც საშუალება მისცა სამივეს, აღმოსავლეთისათვის მიეპყროთ ყურადღება და უფრო შეურიგებელი პოზიცია დაეკავებინათ იმპერიის მტრების მიმართ. მათ მიერ განხორციელებული არმიის სარეორგანიზაციო ღონისძიებების შედეგად, სპარსეთთან ომი, რომელიც 572 წელს განახლდა და 591 წლამდე გაგრძელდა, იმპერიისათვის ხელსაყრელი ზავით დასრულდა, რომლის ძალითაც სპარსეთმა ბიზანტიას დაუთმო მისი კუთვნილი სომხეთი.
ევროპაში კი, მიუხედავად იმისა, რომ ავარებმა და სლავებმა საშინლად დაარბიეს ბალკანეთის ნახევარკუნძული, ხელთ იგდეს დუნაის პირას აღმართული ციხე-სიმაგრეები, გარს შემოერტყნენ თესალონიკეს, კონსტანტინოპოლს დაემუქრნენ (591 წ.) და დიდი ხნითაც კი დამკვიდრდნენ ნახევარკუნძულზე, რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვების შედეგად ბრძოლის ველი საზღვარს მიღმა იქნა გადატანილი, ბიზანტიის ლაშქარმა კი ტისას მიაღწია (601 წ.), მაგრამ შინაგანმა კრიზისმა ყველაფერი გააქარწყლა. იუსტინიანე უკიდურესი სიმკაცრით ახორციელებდა აბსოლუტური ძალაუფლების პოლიტიკას; მისი სიკვდილის შემდეგ პროვინციებში გაძლიერდა სეპარატისტული ტენდენციები, გამწვავდა ცირკის პარტიების შუღლი, და რადგან ხელისუფლებას არ შეეძლო ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება, უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ადმინისტრაციული ქაოსი და სამხედრო ამბოხებანი. რელიგიურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გაამძაფრა საყოველთაო მღელვარება. ხანმოკლე მცდელობის შემდეგ, რაც მიზნად ისახავდა რჯულშემწყნარებლობითი პოლიტიკის განხორციელებას, კვლავ დაიწყო მწვალებლების სასტიკი დევნა. მართალია, მავრიკიოსმა ბოლო მოუღო მათ დევნას და შევიწროებას, მაგრამ კონფლიქტმა, რომელმაც თავი იჩინა მსოფლიო მღვდელთმთავრის ტიტულისათვის მოქიშპე კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და პაპ გრიგოლ დიდს შორის, უკიდურესად გაამწვავა მდგომარეობა. თავისი უდავო ღირსებების მიუხედავად, მავრიკიოსი, მისი მკაცრი ეკონომიური პოლიტიკის გამო, ძალზე არაპოპულარული იყო ხალხში. პოლიტიკური ძალაუფლების შესუსტებამ ხელი შეუწყო სამხედრო გადატრიალების წარმატებით დაგვირგვინებას, რამაც ტახტზე აიყვანა ფოკა (602 წ.).
ახალ მბრძანებელს, ხეპრე და უბირ ჯარისკაცს, მხოლოდ ტერორის მეშვეობით თუ შეეძლო ძალაუფლების შენარჩუნება (602-610 წ.), რითაც საბოლოოდ გააპარტახა მონარქია. ხოსრო II-მ, რომელმაც მავრიკიოსის მკვლელობის გამო შურისძიება საბაბად გაიხადა, ომი განაახლა; სპარსელებმა დაიპყრეს მესოპოტამია,[17] სირია და მცირე აზია. 608 წელს ისინი უკვე ქალკედონში იყვნენ. ქვეყნის შიგნით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ამბოხებები, შეთქმულებები და შინააშლილობანი. 610 წელს კართაგენის ეგზარქოსის ვაჟმა ჰერაკლემ დაამხო ფოკა და ახალი დინასტია დააარსა.[18][19] თითქმის ნახევარსაუკუნოვანი არეულობის შემდეგ ბიზანტიას კვლავ მოევლინა ლიდერი, რომელსაც შეეძლო მტკიცე ხელით წარემართა მისი პოლიტიკა.
ჰერაკლიდების დინასტია და არაბთა შემოსევები
იმპერიის აღორძინება იმპერატორ ჰერაკლეს მიერ
იმ დროისათვის, როცა ჰერაკლე (610-641 წწ) ტახტზე ავიდა, იმპერიის მდგომარეობა თითქმის უიმედო ჩანდა. სპარსელები ყოველ წელიწადს ახალ-ახალ წარმატებებს აღწევდნენ: 612 წელს მათ აიღეს ანტიოქია,[20] აპამეა და კესარია; 614 წელს — დამასკო; 615 წელს ისინი იერუსალიმში შეიჭრნენ, საიდანაც ქტესიფონში გადაიტანეს წმიდა ჯვარი და ყველაზე უფრო სახელგანთქმული ქრისტიანული რელიქვიები;[21] 617 წელს მათ დაიპყრეს ეგვიპტე და აზიაში ქალკედონს მიაღწიეს. იმავდროულად, კონსტანტინოპოლის კარიბჭესთან გამოჩნდნენ ავარები (619 წ.). ლანგობარდებმა დაიპყრეს იტალიის ზოგიერთი ოლქი და იმპერიამ საბოლოოდ დაკარგა თავისი სამფლობელოები ესპანეთში. ამდენი პრობლემით დათრგუნვილი და სასოწარკვეთილი იმპერატორი ერთხანს იმასაც კი ფიქრობდა, რომ კონსტანტინოპოლი მიეტოვებინა და აფრიკაში გადაეტანა სახელმწიფოს დედაქალაქი. მაგრამ პატრიარქმა სერგი I-მა, ამ მტკიცე და ენერგიულმა კაცმა, ვისი გავლენაც აშკარად ემჩნევა ჰერაკლეს მთელ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ბოლოს მაინც შეძლო იმპერატორის გამხნევება; პატრიარქმა მას საეკლესიო საგანძურიც გადასცა. იმპერატორმა განსაცვიფრებელი გულმოდგინებით ხელახლა შექმნა არმია. 622 წელს ის უკვე მზად იყო სალაშქროდ.
ექვსი წლის მანძილზე იმპერატორი მტრის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანსა (623 წ.)[22] და სპარსეთის სომხეთში (625 წ.) ებრძოდა „დიდი მეფის“ ლაშქარს; გაიმარჯვა ნინევიასთან (627 წ.) და ქტესიფონის გალავანთან (628 წ.). ამ წარმატებებმა მას უდიდესი პოპულარობა მოუტანეს. ხოსრო II-ის სიკვდილმა (628 წ.) და ამის შემდეგ დაწყებულმა აჯანყებამ აიძულა სპარსელები მათთვის დამამცირებელ ზავს დათანხმებოდნენ, რომლის ძალითაც ისინი უკან აბრუნებდნენ მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს და უპირველეს ყოვლისა, წმიდა ჯვარს, რომელიც ჰერაკლემ დიდი ზარ-ზეიმით ჩაიტანა იერუსალიმში (629 წ).[20][23]
ამ შთამბეჭდავი გამარჯვებების შემდეგ იმპერატორმა სცადა თავისი რელიგიური პოლიტიკის მეშვეობით შინაგანი ერთიანობა დაებრუნებინა იმპერიისათვის. სირიელი და ეგვიპტელი მონოფიზიტების მოსამხრობად, ის პატრიარქ სერგისა და კვიროს ალექსანდრიელთან ერთად შეუდგა შემრიგებლური ფორმულის შემუშავებას, რასაც მართლმადიდებლობის წიაღში უნდა დაებრუნებინა განდგომილნი. აქედან იღებს დასაბამს მონოთელიტური მოძღვრება, რომელსაც იმპერატორი განსაზღვრავს სარწმუნოების გადმოცემისას, რაც ცნობილია „ეკთესისის“ (638 წ.) სახელწოდებით. ამ გზით ის ცდილობდა მონოფიზიტები კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან შეერიგებინა.
ამ ძალისხმევის შედეგად იმპერიის ერთობა კვლავ აღდგენილი ჩანდა: მისი პრესტიჟი ხელახლა განმტკიცდა აღმოსავლეთში და სერბებისა და ხორვატების ქრისტიანობაზე მოქცევის შედეგად, მისი გავლენაც კვლავინდებურად გავრცელდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით, მაგრამ ეს გარეგნული ბრწყინვალება ცუდად მალავდა შინაგან სიმწირეს. ფინანსური მდგომარეობა სავალალო იყო; სეპარატისტული ტენდენციები, რამაც ასე შეუწყო ხელი სპარსელთა წარმატებას, კვლავინდებურად მძლავრობდა პროვინციებში.
არაბების შემოსევამ რამდენიმე წელიწადში გააქარწყლა იმპერატორის გამარჯვებათა ყველა შედეგი, ხოლო მისი რელიგიური პოლიტიკა, იმავდროულად, ხანგრძლივი უთანხმოებისა და მწვავე კონფლიქტების სათავედ იქცა.
არაბთა შემოსევები
მეშვიდე საუკუნის დასაწყისი უმნიშვნელოვანესი მოვლენით — ისლამის დაბადებით აღინიშნა. ოცი წლის განმავლობაში, უჩვეულო ექსპანსიის შედეგად, ახალმა რელიგიამ აღმოსავლური სამყაროს უზარმაზარი ნაწილი მოიცვა და სპარსეთისა და ბიზანტიის ხარჯზე ოქსუსის ნაპირებიდან დიდი სირტისის სანაპირომდე გავრცელდა.
634 წელს ხალიფა ომარის ლაშქარი სირიაში შეიჭრა. ბიზანტიელთა არმიამ მარცხი იწვნია აგნადაინთან (634წ.); დამასკო არაბებმა იგდეს ხელთ (635 წ.); იარმუკის დანგრევამ (636 წ.) აიძულა ჰერაკლე შეგუებოდა სირიის დაკარგვას. ამავდროულად, ბიზანტიელთა მოძულე მოსახლეობა სწრაფად გადადიოდა გამარჯვებულის მხარეს. იერუსალიმი 637 წელს დანებდა არაბებს, ანტიოქია — 638 წელს. 640-642 წწ-ში არაბებმა დაიპყრეს მესოპოტამია და ეგვიპტეც, ისე, რომ დიდ წინააღმდეგობას არ შეხვედრიან. ხანდაზმული და დასნეულებული ჰერაკლე სასოწარკვეთილი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრის კონსტანტი II-ის მმართველობისას (642-668 წ.) არაბები კვლავ აღწევდნენ წარმატებებს. 642-643 წწ-ში მათ ხელში გადავიდა კირენაიკა და ტრიპოლიტანია; 647 წელს არაბებმა პირველად დალაშქრეს ჩრდილო აფრიკა. მათ დაარბიეს მცირე აზია (651 წ.) და დაიპყრეს სომხეთი (653 წ.); ასევე, შექმნეს სამხედრო ფლოტი და აღმოსავლეთის ზღვებზე ბიზანტიელთა ჰეგემონიას დაემუქრნენ. არაბებმა დაიმორჩილეს კვიპროსი (649 წ.), დაარბიეს როდოსი (654 წ.) და ლიკიის ნაპირებთან სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელთა ესკადრები, რომლებსაც თავად იმპერატორი სარდლობდა (655 წ.). საფრთხე თვით კონსტანტინოპოლს დაემუქრა და კონსტანტი II, რომელიც აღმოსავლეთს უკვე დაკარგულად თვლიდა, იძულებული იყო დასავლეთში გაეტარებინა სიცოცხლის უკანასკნელი წლები (663-668 წ.).
ამან კიდევ უფრო გაუადვილა საქმე ომაიან ხალიფებს, რომლებიც 660 წლიდან განაგებდნენ დამასკოს. აქედან მოყოლებული, არაბები ყოველწლიურად თავს ესხმოდნენ და აოხრებდნენ მცირე აზიას. 668 წელს მუსლიმებმა ქალკედონს მიაღწიეს. იმავდროულად, მათ განაახლეს დასავლეთზე თავდასხმა: ისინი ჩრდილო აფრიკაში გამაგრდნენ, სადაც დააარსეს კაირუანი (669 წ.) და სიცილიას დაემუქრნენ. ბოლოს, მთელი ძალების დაძაბვით შეეცადნენ კონსტანტინოპოლის აღებას და მასზე იერიში მიიტანეს, მაგრამ ახალი იმპერატორი კონსტანტინე მეოთხე (668-685 წ.) ენერგიული მმართველი იყო. მთელი ოთხი წლის განმავლობაში (674-678 წ.) არაბები ზღვის მხრიდანაც და ხმელეთიდანაც გარს ადგნენ კონსტანტინოპოლს, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლეს. ბიზანტიელთა ფლოტმა, რომელსაც ახლად გამოგონებულმა ბერძნულმა ცეცხლმა გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა, მუსლიმთა ხომალდები უკუაქცია. ხალიფას ლაშქარმა ხმელეთზეც ასეთივე მარცხი იწვნია აზიაში. მუავია I იძულებული გახდა ზავი ეთხოვა (678 წ.). კონსტანტინე IV-მ წარმატებით შეეძლო არაბების პირველი შემოტევის მოგერიება.
ჰერაკლიდების დინასტიის დასასრული და იმპერიის დეკადანსი (685-717 წწ)
კონსტანტინე IV-ის ვაჟის, იუსტინიანე II-ის (685-695 წ.) არაადეკვატურმა პოლიტიკამ მამამისის მოღვაწეობის ყველა შედეგი გააქარწყლა. კვლავ დაიწყო ომი ბულგარელებსა (689 წ.) და სლავებთან; განახლდა იმპერიისათვის საბედისწერო ბრძოლა არაბებთანაც (692 წ.). მეორე მხრივ, რელიგიური პოლიტიკა რომთან განხეთქილებისა და იტალიის აჯანყების მიზეზი გახდა. 695 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჰერაკლიდების დინასტია დაემხო და დაიწყო ოცწლიანი ანარქიის პერიოდი (695-717 წ.), რომლის განმავლობაშიც ექვსმა იმპერატორმა შეცვალა ერთმანეთი იმპერიის ტახტზე. ამ შინააშლილობების შედეგად ბიზანტიის აფრიკა სამუდამოდ გადავიდა მუსლიმების ხელში (693-698 წ.). აღმოსავლეთში, ტიბერიუს III-ის (698 - 705 წ.) მცდელობისა და დროებითი წარმატების მიუხედავად, არაბებმა დაარბიეს მცირე აზია და ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყებულ სომხეთსა (703 წ.) და კილიკიაში (711 წ.) შეიჭრნენ, ხელთ იგდეს ამასია (712 წ.) და პისიდიის ანტიოქია (713 წ.), მოაოხრეს გალატია (714 წ.), გარს შემოეწყვნენ ამორეას (716 წ.) და პერგამოსი აიღეს. იმავდროულად, ბულგარელები, რომელთა ხანმა — ტრეველმა 705 წელს ხელახლა აიყვანა ტახტზე იუსტინიანე II, იმპერიაში შეიჭრნენ (708 წ.) და კონსტანტინოპოლის კარიბჭეს მიაღწიეს (712 წ.). იმპერიის მდგომარეობა კრიტიკული გახდა.
717 წელს, როცა ანატოლიაკოსთა და არმენიაკოსთა სტრატეგები აჯანყდნენ თეოდოსიოს III-ის წინააღმდეგ, რომელიც იმპერატორად გამოაცხადეს ოპსიკიონის მოლაშქრეებმა და კონსტანტინოპოლისაკენ დაიძრნენ, ყველამ — სენატმა და ხალხმა, პატრიარქმა და ჯარისკაცებმა მხარი დაუჭირა ლეონ ისავრიელს, რომელიც იმავე წლის 25 მარტს იმპერატორად აკურთხეს.
ისავრიელი იმპერატორები და ხატმებრძოლეობა
იმპერიის აღორძინება პირველი ორი ისავრიელი იმპერატორის მმართველობისას (717-775 წწ)
ახალი იმპერატორი ლეონ III (717-740 წწ) მრავალი ღირსებით შემკული პიროვნება იყო: დიდებული მხედართმთავარი, რომელიც წარმატებით იცავდა აზიას მუსლიმებისგან; გამჭრიახი დიპლომატი და საუცხოო ორგანიზატორი. მისი ვაჟი, კონსტანტინე V (740-775 წწ), რომელიც მამამ დროულად დაისვა თანამოსაყდრედ, ლეონ III-სავით ღირსეული მმართველი იყო: ჭკვიანი და ენერგიული, კარგი მხედართმთავარი და შესანიშნავი ორგანიზატორი; მართალია, ამასთანავე, მამაზე უფრო პატივმოყვარე, ფიცხი, სასტიკი და გულისთქმის ამყოლი, მაგრამ ის კი უეჭველია, რომ მამაც და შვილიც დიდი იმპერატორები იყვნენ. თვით მათი მტრებიც კი სათანადო პატივს მიაგებდნენ მამა-შვილს. ნიკეის საეკლესიო კრების მეთაურები, რომლებიც სასტიკად გმობდნენ ლეონ III-სა და კონსტანტინე V-ის რელიგიურ პოლიტიკას, იმავდროულად, ქებით მოიხსენიებდნენ მათ სიმამაცეს, მამა-შვილის მიერ მოპოვებულ გამარჯვებებს, მათ მიერ ქვეშევრდომთა საკეთილდღეოდ დასახულ ღინისძიებებს, მათ კანონებსა და სამოქალაქო დაწესებულებებს. მართლაც, ორივე პირველი ისავრიელი იმპერიის დიდებული რეფორმატორი იყო.
საგარეო პოლიტიკა
ლეონ III-ის ტახტზე ასვლიდან რამდენიმე თვეში კონსტანტინოპოლის მისადგომებთან არაბები გამოჩნდნენ და ზღვიდან და ხმელეთიდან შეუტიეს დედაქალაქს. უმკაცრესმა ზამთარმაც კი ვერ შეაჩერა მათი შეტევა, მაგრამ რამდენიმე საზღვაო ბრძოლის შემდეგ მუსლიმთა ფლოტი დამარცხდა; დამშეულმა და ქანცგაწყვეტილმა არმიამაც სასტიკი მარცხი იწვნია. ერთი წლის ამაო მცდელობის შემდეგ (717 წლის აგვისტო — 718 წლის აგვისტო) არაბებმა ალყა მოხსნეს. ამ მოვლენას არანაკლებ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე თხუთმეტი წლის შემდეგ (732 წ.) კარლოს მარტელის მიერ პუატიეს ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას. ბიზანტიამ ასე თუ ისე შეძლო არაბების ექსპანსიის შეჩერება.
ამ დამარცხების მიუხედავად არაბები მაინც ძალზე საშიშნი იყვნენ. რამდენიმე წელიწადში კვლავ განაახლეს შეტევა და თითქმის ყოველ წელს აოხრებდენ მცირე აზიას, მაგრამ ორმა იმპერატორმა აკროინოსთან სასტიკად დაამარცხა არაბები (739 წ.). ამით ისარგებლა კონსტანტინე V-მ, რათა თვითონ დასხმოდა თავს სირიას (745 წ.), უკან დაებრუნებინა კვიპროსი (746 წ.) და ევფრატსა და სომხეთამდე მისულიყო თავისი ლაშქრით (751 წ.). ბიზანტიელთა წარმატებას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი არაბთა იმპერიაში დაწყებულმა შინააშლილობამ და ხელისუფლების სათავეში აბასიდების მოსვლამ (750 წ.), რის შედეგადაც ხალიფატის დედაქალაქი მახლობელი დამასკოდან შორეულ ბაღდადში იქნა გადატანილი. კონსტანტინე V-ის მთელი მმართველობის მანძილზე ომს ყოველთვის ბიზანტიელები იგებდნენ. უფრო გვიან (778 წ.) მისი ვაჟი ლეონ IV 100 000-იანი ლაშქრით შეიჭრა სირიაში და მცირე აზიიდან გააძევა მუსლიმები (779 წ.). არაბთა შემოსევის საფრთხე, ესოდენ საშიში მეშვიდე საუკუნეში, იმპერიას უკვე აღარ ემუქრებოდა.
კონსტანტინე V იმავდროულად ცდილობდა ბულგარელების შემოსევაც აეცილებინა თავიდან. 755 წელს იმპერატორი შეტევაზე გადავიდა და მარჩელაისა (759 წ.) და ანქიალოსთან (762 წ.) ისეთი სასტიკი მარცხი აგემა ბულგარელებს, რომ იძულებულნი გახდნენ ზავი ეთხოვათ (764 წ.). მეორე ომი, რომელიც 772 წელს დაიწყო და კონსტანტინე V-ის მმართველობის დასასრულამდე გაგრძელდა, არანაკლებ ძლევამოსილი იყო. მართალია იმპერატორმა ვერ შეძლო ბულგარელთა სახელმწიფოს განადგურება, მაგრამ ის მაინც მოახერხა, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბიზანტიის პრესტიჟი აღედგინა. გარდა ამისა ჩაახშო სლავების აჯანყება თრაკიასა და მაკედონიაში (758 წ.).
საშინაო პოლიტიკა
იმპერიის საზღვრების დასაცავად ლეონ მესამე და მისი ვაჟი ყველგან ნერგავდნენ თემების რეჟიმს: VII საუკუნის ვრცელ ადმინისტრაციულ ერთეულებს გაცილებით უფრო მრავალრიცხოვან და ნაკლები ფართობის მქონე ოლქებად ჰყოფდნენ, რომელთა დაცვაც უფრო ადვილად შეიძლებოდა. ამავდროულად, ამ სისტემას პოლიტიკური თვალსაზრისით აშკარა უპირატესობა ჰქონდა, ვინაიდან საგრძნობლად ასუსტებდა ძალაუფლებას, რასაც ვრცელი ტერიტორიების ფლობა ხელში უგდებდა მათ მმართველებს და ამცირებდა აქედან გამომდინარე ამბოხებათა საფრთხეს. თუ სამხედრო კანონი მიზნად ისახავდა არმიაში დისციპლინის განმტკიცებას, გულმოდგინე და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი ფინანსური ადმინისტრაცია სახსრებით ამარაგებდა ხაზინას. სამიწათმოქმედო კანონი ცდილობდა შეეზღუდა ვრცელი მამულების განვითარება, გაკოტრებისაგან ეხსნა ნაკლებად შეძლებული მესაკუთრენი და არსებობის უფრო ასატანი პირობები შეექმნა გლეხობისათვის. საზღვაო კანონი ხელს უწყობდა ზღვისიქითა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. მაგრამ ყველაზე უფრო ქმედითი იყო დიდი საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც აღინიშნა სამოქალაქო კოდექსის — ე. წ. „ეკლოგის“ გამოქვეყნებით (739 წ.), რომელმაც საგრძნობლად გააუმჯობესა მართლმსაჯულება, რადგანაც, გაცილებით მეტი სიცხადით, სრულიად ახალი, ადამიანურობისა და თანასწორობის ჭეშმარიტად ქრისტიანული სული შეიტანა სასამართლო პრაქტიკაში. ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ ორმა პირველმა ისავრიელმა მდიდარ და აყვავებულ ქვეყნად აქცია ბიზანტია, მიუხედავად შავი ჭირის მძვინვარებისა, რომელმაც 747 წელს მუსრი გაავლო იმპერიის მოსახლეობას და ხატმებრძოლეობით გამოწვეული მღელვარებისა.
ხატმებრძოლეობა
730 წელს იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა (717-741 წწ) აკრძალა ხატების თაყვანისცემა. ამ აკრძალვის შედეგი გახდა ათასობით ხატის, მოზაიკის, ფრესკისა თუ ქანდაკების განადგურება. ხატმებრძოლეობა შეეხო რავენის საეგზარქოსოსაც. რომის პაპებმა შეაჩვენეს ბიზანტიელები და ლეონ III. პაპების ბრძანებით, იტალიაში ბიზანტიელი მოხელეების შევიწროება და დევნა დაიწყეს, ლეონ III კი მონასტრებისა და ეკლესიების ქონების ხელში ჩაგდებას ცდილობდა. ხატმებრძოლეობა ოფიციალურად იქნა აღიარებული 754 წლის საეკლესიო კრებაზე (მოგვიანებით ის არაკანონიკურად გამოცხადდა) იმპერატორ კონსტანტინე V-ის (741-775 წწ) მხარდაჭერით. დაიწყო ხატების თაყვანისმცემელთა, განსაკუთრებით კი საულიერო პირების დევნა, თუმცა მოგვიანებით, 787 წელს ნიკეის მეორე საეკლესიო კრებაზე, დედოფალ ირინეს მხარდაჭერით, გაუქმდა 754 წლის საეკლესიო კრების გადაწყვეტილება და აღდგა ხატების თაყვანისცემა.
ბრძოლა ამით არ დასრულებულა. IX საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა ლეონ V-მ კვლავ განაახლა ხატების თაყვანისმცემელთა დევნა. 815 წელს წმიდა სოფიოს ტაძარში მოწვეულმა საეკლესიო კრებამ ხელმეორედ აკრძალა ხატები და იურიდიული ძალა მიანიჭა ხატმებრძოლი იმპერატორების მიერ 753 წელს გამოტანილ დადგენილებებს. ამას კვლავ მოჰყვა ხატების მსხვრევა. ბერ-მონაზვნების სულ უმნიშვნელო პროტესტსაც კი დაუნდობლად ახშობდნენ, ხატთაყვანისმცემლებს დევნიდნენ, სამართალში აძლევდნენ და გადასახლებას უსჯიდნენ. იმპერატორ თეოფილეს დროს დევნა კიდევ უფრო სასტიკი გახდა. ხატების დამცველთა წინააღმდეგ გამოქვეყნდა მკაცრი ბრძანება (832 წ.). მონასტრებს ხურავდნენ, ბერ-მონაზვნებს დევნიდნენ და დილეგებშიში ყრიდნენ. ხელახლა გამეფდა ტერორი, მაგრამ ასოცწლიანი ფუჭი და უნაყოფო ბრძოლის შედეგად ქვეყანა დაიღალა. თეოფილეს გარდაცვალებისთანავე მისმა ქვრივმა — რეგენტმა თეოდორამ თავისი ძმის, ბარდას რჩევით გადაწყვიტა კვლავ აღედგინა მშვიდობა და ხატების თაყვანისცემა განაახლა. ეს მოხდა 843 წლის საეკლესიო კრებაზე, რომელსაც ახალი პატრიარქი მეთოდე ხელმძღვანელობდა; კრებამ დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება. ბერძნული ეკლესია დღესაც, ყოველი წლის 19 თებერვალს საზეიმოდ აღნიშნავს ამ მოვლენას — მართლმადიდებლობის დღესასწაულს.
რელიგიურის გარდა ხატმებრძოლეობას განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა გააჩნდა. ისტორიკოსები, ერთი მხრივ, ხაზს უსვამენ ბიზანტიელი იმპერატორების სურვილს, მოესპოთ ქრისტიანების იუდეველებთან და მუსლიმებთან (რომლებიც არ აღიარებდნენ ხატებს) დაახლოებისათვის წინააღმდეგობა და ამ გზით იმპერიაში მცხოვრებ ხალხთა ერთიანობა აღედგინათ. მეორე მხრივ, იმპერატორები ამ გზით ცდილობდნენ უზომოდ გამდიდრებული და გაძლიერებული ეკლესიის დამორჩილებასა და მისი ფინანსების ხელში ჩაგდებას.
მაკედონელთა დინასტიის ხანა (867-1057 წწ)
მაკედონელთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი ბასილი I (867–886) წარმოშობით მაკედონელი გლეხი იყო, რომელმაც ხელისუფლებისკენ გზა თავისი მფარველის მიხეილ III-ის მოკვლით გაიკაფა. მეფობა მან პავლიკიანელებთან ბრძოლით დაიწყო. ეს ბრძოლა დამთავრდა მხოლოდ 872 წელს მათი სასტიკი დასჯით.
ახალმა იმპერატორმა ისავრიელთა დინასტიის თითქმის ყველა რეფორმა გააუქმა და იუსტინიანეს კანონმდებლობა აღადგინა.
მმართველობაში უფრო რეაქციული ხაზის გამტარებელი ბასილის მემკვიდრე ლეონ VI ბრძენი (886–912) აღმოჩნდა. მან სახელმწიფოს ცენტრალიზების მიზნით, ქალაქების მმართველობა მოსპო, გაზარდა ბიუროკრატიული აპარატი.
ამ ხანებში თანდათან მუშავდებოდა სასახლის ცხოვრების რთული ცერემონიალი, რომელიც მხატვრულ ფორმებშია გადმოცემული იმპერატორ კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (ძოწითშობილის) (913–959) ტრაქტატში – „ცერემონიების შესახებ“.
ფეოდალიზაციის პროცესი მაკედონელთა დინასტიის წარმომადგენელთა დროს იმდენად სწრაფი ტემპებით წარიმართა, რომ მნიშვნელოვანი საშიშროება შეიქმნა არმიის რიგითი ჯარისკაცების რაოდენობის შემცირებისა თავისუფალი გლეხების მასობრივად ყმებად გადაქცევის გამო. პირველი იმპერატორი, რომელმაც ამ საშიშროების მნიშვნელობა გაითვალისწინა, რომანოზ I იყო (919–944). მისი მეფობის დროს კლასობრივი ბრძოლები წარმოებდა. გლეხთა მძლავრი აჯანყება მოხდა მცირე აზიაში დაახლოებით 932 წელს ვინმე ბასილის მეტსახელად, „სპილენძის ხელის“ ხელმძღვანელობით. 934 წელს სლავების აჯანყება დაიწყო პელოპონესში.
963 წელს ტახტზე ადის ნიკიფორე II ფოკა, რომელიც აგრესიული პოლიტიკით გამირჩეოდა გლეხების მიმართ. 967 წლის ერთ-ერთ კანონში იგი ამტკიცებდა, რომ მისი წინამორბედი იმპერატორები გადამეტებულ ყურადღებას უთმობდნენ გლეხებს, რაც „უსამართლობას წარმოადგენდა“ მსხვილი მემამულეების მიმართ.
მომდევნო იმპერატორმა იოანე I ციმისკემ (969–976) ხელი შეუწყო ეკლესიის გაძლიერებასდა მსხვილი მიწათმფლობელებისმიერ გლეხთა დაყმევებას. ყველა ძალის მობილიზაციის შემდეგ მან შეძლო ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან კიევის დიდი მთავრის სვიატოსლავ I-ის განდევნა. 972 წელს ციმისკემ ბიზანტიას დუნაისპირეთის ბულგარეთი შემოუერთა, ხოლო 974–975 წლებში უკან დაუბრუნა იმპერიას არაბების მიერ მიტაცებული სირია და მესოპოტამიის ერთი ნაწილი.
976 წელს ტახტზე ავიდა ბასილი II, რომელიც „ბულგართმმუსვრელის“ სახელითაა ცნობილი. იმპერატორმა თითქმის ათწლიანი ბრძოლების შედეგად შეძლო ბულგარელების დამარცხება და ბულგარეთის ბიზანტიისათვის შეერთება. მან ასევე დაიპყრო სომხეთის დიდი ნაწილი და იმიერტაო, რაც საქართველოს მეფე გიორგი I-თან ომის მიზეზი გახდა.
საგარეო პოლიტიკა
ბრძოლა არაბების წინააღმდეგ
826 წლიდან მოყოლებული, როცა არაბებმა კრეტა დაიპყრეს, ისინი გაბატონდნენ ბიზანტიის კუთვნილ ზღვებზე. კუნძულის დედაქალაქი ხანდაქსი მუსლიმ მეკობრეთა ცენტრს წარმოადგენდა, საიდანაც, ისევე როგორც ტარსოსიდან, ტრიპოლიდან თუ სირიიდან ისინი თავს ესხმოდნენ სავაჭრო გემებს და დათარეშობდნენ ეგეოსის ზღვაზე. არმიისა და ფლოტის რეორგანიზაციის საქმეში ბასილი I-ს მიერ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მუსლიმთა ესკადრები კვლავინდებურად ბატონობდნენ არქიპელაგში. 904 წელს თესალონიკე ხელთ იგდო ლეონ ტრიპოლელმა და თითქმის მთელი მოსახლეობა ტყვედ წაასხა. 907 და განსაკუთრებით 924 წელს ლემნოსის მახლობლად ბიზანტიელთა ფლოტის ერთგვარი წარმატების მიუხედავად, კრეტის წინააღმდეგ წარგზავნილმა ექსპედიციებმა მარცხი განიცადეს (911 და 949 წ.). იმპერია იძულებული შეიქნა კუნძულის წინააღმდეგ თავისი საუკეთესო სარდალი ნიკიფორე ფოკა გაეგზავნა (960 წ.). ფოკამ მოახერხა კუნძულზე ლაშქრის გადასხმა, ალყა შემოარტყა ხანდაქსს და რამდენიმე თვის შემდეგ აიღო იგი (961 წლის მარტი). დაპყრობილი კუნძულის მოსახლეობა ქრისტეს სჯულზე მოაქციეს. აღმოსავლეთის ზღვებზე ბიზანტიელთა კონტროლი აღდგა.
იმავდროულად, ხელსაყრელი ვითარების წყალობით, შესაძლებელი გახდა შეტევის წამოწყება მცირე აზიაში. ჯერ კიდევ ბასილი I-მა ევფრატის ზემო წელამდე განავრცო იმპერიის საზღვრები, ხელახლა აიღო სამოსატა (873 წ.) და წარმატებით ილაშქრა კაპადოკიასა და კილიკიაში (878-879 წ.). X ს-ში მუსლიმური სამყარო ანარქიამ მოიცვა, რამაც ბიზანტიას საგრძნობლად გაუადვილა საქმე, განსაკუთრებით, 927 წლიდან მოყოლებული, როცა იმპერიამ თავი დააღწია ბულგარელთა შემოსევის საფრთხეს. ამ პერიოდში ბიზანტიამ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია: 928 წელს აღებულ იქნა თეოდოსიოპოლი (დღევანდელი არზრუმი), 934 წელს — მელიტენა, 944 წელს — ედესა, საიდანაც ჩამოტანილ იქნა იქ დაცული ქრისტეს სასწაულთმოქმედი ხატი; 949 წელს ბიზანტიელებმა აიღეს გერმანიკია, 957 წელს — ამიდა, 958 წელს — სამოსატა. იმპერიის საზღვრებმა ჰალისიდან ევფრატსა და ტიგროსამდე გადაინაცვლა. ახლადშექმნილი პროვინციების რაოდენობა (სებასტიის, მესოპოტამიის, სელევკიისა და ლიკანდოსის თემები) თვალნათლივ მოწმობდა ბიზანტიის დაპყრობითი ომების მასშტაბურობას.
ნიკიფორე ფოკამ კილიკიასა და ჩრდილო სირიაში დაამარცხა ალეპოს ჰამდანიდი ამირები; ხელთ იგდო ანაზარბოსი, ადანა, მოპსუესტა (964 წ.), ტარსოსი (965 წ.), ლაოდიკეა, ჰიერაპოლი, ემესი, ალეპო და ანტიოქია (968 წ.). უფრო გვიან, იოანე ციმისკემ მესოპოტამიაში ედესა და ნისიბინი (974 წ.), სირიაში დამასკო და ბეირუთი (976 წ.) აიღო, პალესტინაში კი იერუსალიმამდე მივიდა. ბასილი II-მ დაასრულა აღმოსავლეთის დაპყრობა. 995 წელს მან აიღო ალეპო, ჰომსი, კესარია. იუსტინიანეს შემდეგ იმპერიას არასოდეს განუვრცია ასე ფართოდ თავისი გავლენა აღმოსავლეთით.
ბრძოლა ბულგარელების წინააღმდეგ
მეათე საუკუნის დამდეგს ბულგარელთა შემოსევის საფრთხე უფრო დიდი იყო, ვიდრე ოდესმე. მათი სამეფო დუნაის ჩრდილოეთით მდებარე ოლქებიდან ბალკანეთამდე იყო გადაჭიმული, დასავლეთით კი პინდოსის მთაგრეხილს აღწევდა. ბულგარული და სლავური ელემენტების შერწყმის შედეგად ბულგარეთი უკვე ერთგვაროვანი სახელმწიფო იყო, მძლავრი მონარქიული ხელისუფლებითურთ; ქრისტიანობაზე მოქცევამ განაპირობა მისი ერთმორწმუნეობა, ხოლო კულტურამ, ბიზანტიასთან მეზობლობის წყალობით, საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია. ყოველივე ეს ბიზანტიის იმპერატორებთან საბრძოლველად აქეზებდა ბულგარეთის მეფეებს, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ჰეგემონიის მოსაპოვებლად.
ომი 889 წელს დაიწყო; აღსანიშნავია, რომ მის გამომწვევ მიზეზს ეკონომიკური ხასიათი ჰქონდა: როდესაც ლეონ VI-მ ბრძანა თესალონიკედან კონსტანტინოპოლში გადაეტანათ ბულგარელ ვაჭართა საწყობები, ბულგარეთის მეფე სიმეონ I-მა ომი გამოუცხადა მას. ბიზანტიელების მიერ მოსყიდული უნგრელების შემოსევამ აიძულა ბულგარელთა მეფე უკან დაეხია (893 წ.), მაგრამ ლეონ VI-ის გარდაცვალების შემდეგ, შინააშლილობა, რომლითაც აღინიშნა მისი ვაჟის კონსტანტინე VII-ის მცირეწლოვანების პერიოდი, სიმეონისათვის საკმარისი შეიქნა საიმისოდ, რომ კვლავ განეახლებინა შეტევა. 913 წელს ის კონსტანტინოპოლს მიადგა, 914 წელს ადრიანოპოლი აიღო, 917 წელს კი ანქიალოსთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხა ბიზანტიელთა ლაშქარი და „ბულგარელთა მეფედ და რომაელთა იმპერატორად“ გამოაცხადა თავი. თავის სატახტო ქალაქ პრესლავში მან დამოუკიდებელი ბულგარული საპატრიარქო დააარსა, 924 წელს კი კონსტანტინოპოლის აღება სცადა, მაგრამ ფლოტის არქონის გამო ქალაქის აღება ვერ შეძლო და უკან დაიხია. მის სიკვდილთან ერთად (927 წ.) დაიწყო ბულგარეთის დაქვეითება.
967 წელს ნიკიფორე ფოკამ უარი თქვა ხარკზე, რომელსაც იმპერია ჯერ კიდევ უხდიდა ბულგარეთს და კიევის დიდი მთავრის სვიატოსლავის ლაშქრითურთ თავს დაესხა მას, მაგრამ სვიატოსლავი ბულგარეთში დამკვიდრდა და მის დატოვებაზე უარი განაცხადა (968 წ.). ბულგარელთა მეფე პეტრეს სიკვდილმა და ნიკიფორეს მკვლელობამ (969 წ.) კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა. იოანე ციმისკეს ტახტზე ასვლისას რუსები თვით იმპერიაში შეჭრით იმუქრებოდნენ. სვიატოსლავმა დალაშქრა ბალკანეთი და დაარბია ფილიპოპოლი (970 წ.), თუმცა რუსები არკადიოპოლთან (დღევანდელ ლიულე-ბურგასთან) დამარცხდნენ (970 წ.) და იმპერატორს საშუალება მიეცა მრავალრიცხოვანი ლაშქრით დაძრულიყო მათ წინააღმდეგ (971 წ.). ვიდრე ბიზანტიის ფლოტი აღმა მიუყვებოდა დუნაის, ციმისკე ბალკანეთში შეიჭრა, დოროსტოლში (სილისტრია) ალყა შემოარტყა სვიატოსლავს და აიძულა სასწრაფოდ დაეტოვებინა ქვეყანა. ბულგარეთი ბიზანტიამ შეიერთა, დამოუკიდებელი საპატრიარქო კი გაუქმებულ იქნა. იმპერიის საზღვრებმა დუნაიმდე გადაინაცვლა, მაგრამ პინდოსის მომიჯნავე ბულგარულ ოლქებში, პრესპისა და ოქრიდის ირგვლივ, ბულგარელები გრაფ შიშმანისა და მისი ვაჟების მეთაურობით კვლავ განაგრძობდნენ წინააღმდეგობას. შიშმანის ერთ-ერთმა ვაჟმა — სამუელ მეფემ (997-1014 წწ) ისარგებლა ბასილი II-ის მეფობის დამდეგს ბიზანტიაში დაწყებული არეულობით და ბულგარეთის სამეფო აღადგინა. ათ წელიწადში (977-986 წწ) მან გაათავისუფლა დუნაისპირა ბულგარეთი, დაიპყრო მაკედონია, თესალია და თვით პელოპონესამდე მიაღწია. ამ უზარმაზარი, დუნაიდან ადრიატიკამდე გადაჭიმული იმპერიის დასამარცხებლად ბიზანტიას ოცდაათწლიანი ომის გადახდა დასჭირდა (986-1018 წ.). ეს იყო უპირატესად ბასილი მეორის საქმე, რომელსაც მისი სიმკაცრის, სისასტიკისა და ძლევამოსილი გამარჯვებების გამო მეტსახელად „ბულგაროქტონოს“ (ბულგართმმუსვრელი) შეარქვეს.
986 წელს ბასილი II-მ განაახლა შეტევა და ბულგარეთში შეიჭრა, მაგრამ ბალკანეთში სისტიკი მარცხი განიცადა. იმპერატორს ათი წელი დასჭირდა ბრძოლის განსაახლებლად, ამ ათი წლის მანძილზე კი სამუელი განუწყვეტლივ აფართოებდა თავის სამეფოს, დუნაიდან ადრიატიკისა და ეგეოსის ზღვებამდე, მაგრამ 996 წელს ბულგარელთა მეფე სპერქიის პირას დამარცხდა. თესალონიკესთან დამარცხების შემდეგ კი ბულგარეთის დუნაისპირა ნაწილი იმპერიამ მიიტაცა (1000 წ.), მაგრამ დასავლეთ ბულგარეთი კვლავ თავისუფალი რჩებოდა. 1001 წელს ბასილი მეორემ ხელახლა სცადა მისი დამორჩილება. ბიზანტიელებმა აიღეს სკოპლე, დაიპყრეს ქვემო და შუა მაკედონია (1007 წ.); ისინი ულმობელნი და დაუნდობელნი იყვნენ მტრის მიმართ. სამუელი თავს არიდებდა პირისპირ შეტაკებას, მაგრამ ბოლოს, ჩიმბალონგის ხეობაში, სერიდან მელნიკს მიმავალ გზაზე მისი ლაშქარი მაინც დამარცხდა (1014 წლის 29 ივლისს). მეფე 1014 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა. ბულგარელთა მეფის მემკვიდრენი ოთხ წელიწადს კიდევ ებრძოდნენ ბიზანტიას, მაგრამ 1018 წელს მთელი ქვეყანა დაპყრობილ იქნა და იმპერიამ საბოლოოდ შეიერთა ბულგარეთი.[24]
ურთიერთობა კიევის რუსეთთან
850 და 1100 წლებს შორის, იმპერიამ შერეული სახის ურთიერთობა განავითარა კიევის რუსეთთან, რომელიც შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ყალიბდებოდა.[25] ეს ურთიერთობა გრძელვადიანი შედეგის მომცემი გახდება აღმოსავლეთ სლავების ისტორიისთვის. იმპერია მალევე გადაიქცევა კიევის მთავარ კულტურულ და სავაჭრო მოკავშირედ. 860 წელს რუსები პირველად არბევენ კონსტანტინოპოლის შემოგარენს. 941 წელს, ისინი გამოჩნდნენ ბოსფორის აზიურ სანაპიროებზე, თუმცა ამ პერიოდში მათი თავდასხმა მოგერიებულ იქნა. ბასილ II-ს არ შეეძლო დაეიგნორებინა კიევის რუსეთის გაძლიერება და მის წინამორბედთა მსგავსად, მან რელიგია გამოიყენა, რათა მიეღწია პოლიტიკური მიზნებისთვის.[26] ბიზანტიურ-რუსული კავშირი 988 წელს ანა პორფიროგენიტას და ვლადიმირ I დიდის ქორწილით და შემდგომი რუსთა გაქრისტიანებით გამყარდა.[25] ბიზანტიელი სასულიერო პირები, არქიტექტორები და ხელოვანები, სხვადასხვა ეკლესიების ასაგებად, მიწვეულნი იქნა კიევის რუსეთში, რამაც ბიზანტიური კულტურული გავლენა კიდევ უფრო განავრცო. ორი ქვეყნის კულტურულად და რელიგიურად დაახლოების შედეგად უამრავი რუსი მეომარი ჩაერთო ბიზანტიურ არმიაში, ძირითადად როგორც დაქირავებული რაზმების სახით, ისტორიულ წყაროებში მათ ვარიაგების სახით ვიცნობთ.[25]
მიუხედავად რუსების გაქრისტიანებისა, ურთიერთობა ყოველთვის არ იყო მეგობრული. ყველაზე სერიოზული კონფლიქტი ამ ორ მხარეს შორის ბულგარეთის 968–971 წლების ომი იყო, ამ პერიოდს უკავშირდება რამდენიმე რუსული მარბიელი ექსპედიცია ბიზანტიურ ქალაქებზე შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ და თვით კონსტანტინოპოლზეც. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მათგანი მოგერიებულ იქნა, ისინი ხშირად სრულდებოდა ხელშეკრულებებით, რომელიც ძირითადად რუსების სასარგებლოდ სრულდებოდა, ისეთი როგორიც 1043 წლის ომის დასრულებისას დაიდო, რა დროსაც რუსებმა თავი გამოავლინეს, როგორც ბიზანტიის კონკურენტ, დამოუკიდებელ ძალად.[26]
ლაშქრობები კავკასიაში
1021 და 1022 წლებში, ბასილ II იგერიებს საქართველოს სამეფოს ლაშქრობებს ტაოსა და ბასიანში, რაც ბიზანტიის სასარგებლოდ სამხრეთ საქართველოს პროვინციების ტაო-კლარჯეთის და ჯავახეთის, ასევე საქართველოს მოკავშირე სომხური სამეფოს ვასპურაკანის ანექსიით დასრულდა. 1045 წელს ბასილმა ანისის სამეფოც შემოირთა. სამხრეთ კავკასიაში ბიზანტიის აგრესიულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად შეასუსტა საქართველოსა და სომხური სამეფო-სამთავროების სამხედრო სიძლიერე. იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებზე ქრისტიანული ბუფერული ქვეყნების დასუსტებამ მნიშვნელოვნადწილად განაპირობა ბიზანტიის მარცხი 1071 წლის მანასკერტის ბრძოლაში.[27]
სამხრეთ იტალიის დაპყრობა და ბიზანტიის პოლიტიკა დასავლეთში
იმპერიის საზღვრების აღმოსავლეთით გაფართოების პარალელურად მაკედონელი იმპერატორები ცდილობდნენ განეახლებინათ ექსპანსიური პოლიტიკა დასავლეთის მიმართ.
იმპერიას არასოდეს უთქვამს უარი თავის უფლებაზე იტალიის მიმართ. კაროლინგთა უკანასკნელი იმპერატორების სისუსტე, ლანგობარდთა მბრძანებლებს შორის დანაწილებულ სამხრეთ იტალიაში გამეფებული ანარქია და მუსლიმთა თავდასხმის თანდათანობით მზარდი საფრთხე ბასილი I-სათვის საკმარისი საბაბი გახდა საიმისოდ, რომ ნახევარკუნძულზე შეჭრილიყო. იმპერატორი მიზნად ისახავდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში აღედგინა ბიზანტიის პრესტიჟი, ადრიატიკისა და ტირენიის ზღვებიდან განედევნა მუსლიმი მეკობრეები და დაემარცხებინა აფრიკელი თუ სიცილიელი არაბები. ტახტზე ასვლისთანავე მან ძალზე აქტიურად დაიწყო მოქმედება დასავლეთში. იმპერატორმა ვერ მოახერხა დაებრუნებინა სიცილია, სადაც სირაკუზა მუსლიმანთა ხელში აღმოჩნდა (978 წ.), მაგრამ შეძლო წესრიგი აღედგინა ადრიატიკის ზღვაზე, განეახლებინა ბიზანტიის კავშირი ვენეციასთან და იმპერიის ვასალებად ექცია ხორვატები. ბასილი I-მა კვლავ აიღო ბარი (876 წ.) და ტარენტო (880 წ.), უკან დაიბრუნა კალაბრია (885 წ.) და აიძულა ლანგობარდთა მბრძანებლები ბიზანტიის პროტექტორატი ეცნოთ. სამხრეთი იტალია ბიზანტიის ხელში გადავიდა. იმპერატორმა აქ ორი ახალი თემი შექმნა: ლანგობარდიისა და კალაბრიისა.
ლეონ VI-ის დროს ბიზანტიის მმართველობას იტალიაში საფრთხე შეექმნა. არაბებმა ტაორმინა აიღეს (902 წ.) და ამით დაასრულეს სიცილიის დაპყრობა, შემდეგ კი კალაბრიაში შეიჭრნენ, სადაც თვით კამპანიამდე მოიკიდეს ფეხი, მაგრამ კარილიანოსთან მოპოვებულმა გამარჯვებამ (915 წ.) კვლავ უზრუნველყო ბიზანტიის დომინანტობა იტალიაში და მთელი საუკუნის მანძილზე, მუსლიმთა გამუდმებული თავდასხმებისა და გერმანელ იმპერატორთა მეტოქეობის მიუხედავად, ბიზანტიელები მაინც ინარჩუნებდნენ თავიანთ ძალაუფლებას ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. ბასილი მეორის მეფობამ აქაც წარმატებით დაასრულა მაკედონური დინასტიის იმპერატორთა ძალისხმევა. კანასთან მოპოვებულმა გამარჯვებამ (1018 წ.), სადაც იმპერიის ლაშქარმა დაამარცხა აპულიის ამბოხებული მოსახლეობა, რეჯოდან და ბარიდან პაპის ოლქამდე განამტკიცა ბიზანტიის პრესტიჟი.
X ს-ის მეორე ნახევარში ისტორიის ასპარეზზე გერმანელი იმპერატორების გამოჩენამ გარკვეული სიძნელეები შეუქმნა ბიზანტიის პოლიტიკას. როცა ოტო I იტალიაში ჩავიდა და იმპერატორის ტიტული მიიღო, ბიზანტიელებმა ეს უზურპაციად შეაფასეს. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა, როცა ოტომ ბიზანტიის ვასალებზე — ლანგობარდებზეც განავრცო თავისი ძალაუფლება, ბიზანტიის კუთვნილი ტერიტორიები დაარბია და თავს დაესხა ბარს (968 წ.). ნიკიფორე ფოკა ღიად დაუპირისპირდა ოტოს, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ბიზანტიის პოლიტიკა შეიცვალა: მიღწეულ იქნა თანხმობა, რაც განამტკიცა ოტო II-სა და თეოფანოს ქორწინებამ (972 წ.), თუმცა თანხმობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ოტო II კალაბრიაში შეიჭრა და მარცხი იწვნია სტილოსთან (987 წ.), ჰაინრიხ II ამაოდ უწყობდა ხელს აპულიის ამბოხებას; მისმა თავდასხმამ ბიზანტიის იტალიაზე არავითარი შედეგი არ გამოიღო (1025 წ.). ბასილი მეორის გარდაცვალებისას ბიზანტიის ძალაუფლება იტალიაში ისეთივე მტკიცე იყო, როგორც ბულგარეთსა თუ აზიაში.
კომნენოსთა დინასტიის ხანა (1081-1185 წწ)
XI საუკუნის II ნახევარში ბიზანტია კრიზისს განიცდიდა, გამწვავდა ბრძოლა პროვინციელ დიდებულებსა და დედაქალაქის წარჩინებულებს შორის. გაუარესდა იმპერიის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა. ამას თან დაერთო ხელისუფლებისათვის ბრძოლა და დინასტიური ჭიდილი, რომელიც 1081 წლისათვის კომნენოსების დინასტიის გამარჯვებით დასრულდა. კომნენოსები გამეფდნენ მსხვილ ფეოდალურ საგვარეულოთა - პალეოლოგოსების, დუკების, კონსტანტინოპოლის კარზე მყოფი ქართველი ფეოდალების მხარდაჭერით და გამოხატავდნენ პროვინციული ფეოდალური არისტოკრატიის ინტერესებს. XII საუკუნეში ბიზანტია ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო ხმელთაშუა ზღვის აუზში. სახელმწიფოს და ჯარის გაძლიერებით კომნენოსებმა მრავალ წარმატებას მიაღწიეს (მოიგერიეს ნორმანების შემოტევები ბალკანეთში, მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი წაართვეს სელჩუკებს და დააწესეს სუვერენიტეტი ანტიოქიაზე). კომნენოსთა ეპოქა წარმოადგენდა ბიზანტიის სიძლიერის ბოლო პერიოდს, როდესაც იმპერია მრავალი სირთულის მიუხედავად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად რჩებოდა, თუმცა ის უკვე აღარ იყო ისეთი ძლევამოსილი, როგორიც მაკედონელთა მმართველობისას.
ანგელოსების დინასტიის ხანა (1185-1204 წწ)
1185 წელს ისააკ ანგელოსმა გადატრიალების გზით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, თუმცა მისი ძალაუფლება მყარი არ ყოფილა. იგი საკუთარმა ძმამ, ალექსიმ ჩამოაგდო ტახტიდან. ანგელოსთა დინასტიის მმართველობისას ცენტრალური ხელისუფლება უკიდურესად დასუსტდა ამბოხებებისა და გაუთავებელი შეთქმულებების გამო. ანგელოსმა იმპერატორებმა ვერ შეძლეს ვერც შიდა და ვერც საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოგვარება. მათი მმართველობა 1204 წელს ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებითა და ბიზანტიის იმპერიის დაშლით დასრულდა.
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა (1202-1204 წწ)
1195 წელს, როცა ალექსი III-მ დაამხო და თვალები დასთხარა თავის ძმას ისააკ ანგელოსს, ტახტიდან ჩამოგდებულ იმპერატორთან ერთად მისი ვაჟი — ჭაბუკი ალექსიც დილეგში ჩააგდო. 1201 წელს ახალგაზრდა უფლისწულმა დასავლეთში გაქცევა მოახერხა და უზურპატორის წინააღმდეგ დახმარება ითხოვა. სწორედ ამ დროს ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის მონაწილენი ვენეციაში იყრიდნენ თავს. ვენეციელები დაუყოვნებლივ ჩაებღაუჭნენ მათთვის ესოდენ სასურველ საბაბს, მოულოდნელად რომ ჩაუვარდათ ხელში, რათა ბიზანტიის საშინაო საქმეებში ჩარეულიყვნენ. ამრიგად, დოჟ დანდოლოს მოქნილმა პოლიტიკამ კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ მიაქცია ის ლაშქრობა, რომელიც „წმიდა მიწის“ გასათავისუფლებლად მზადდებოდა. 1203 წლის დამდეგს ბიზანტიის ტახტის მაძიებელთან დადებულ იქნა საბოლოო ხელშეკრულება, ხოლო იმავე წლის 27 ივნისს ვენეციელთა და დას. ევროპელთა ფლოტმა კონსტანტინოპოლის მახლობლად ჩაუშვა ღუზა. ქალაქი იერიშით აიღეს და ისააკ ანგელოსი თავის ვაჟთან ალექსი IV-სთან ერთად ხელახლა ავიდა ტახტზე, მაგრამ ჯვაროსნებისა და ბიზანტიელების თანხმობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ახალმა იმპერატორებმა ვერ შეძლეს თავიანთი აღთქმის შესრულება. ჯვაროსნები, უპირატესად კი ვენეციელები, სულ ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებდნენ. 1204 წლის 25 იანვრის სახალხო აჯანყებამ დაამხო დასავლეთის პროტეჟეები და ძალაუფლება ალექსი მეხუთე მურზუფლეს ხელში გადავიდა. დაზავება შეუძლებელი გახდა. ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს ბიზანტიის იმპერიის განადგურება. 1204 წლის 12 აპრილს კონსტანტინოპოლი კვლავ იერიშით აიღეს და განუკითხავად გაძარცვეს. მაშინ როდესაც ბიზანტიის არისტოკრატიისა და სამღვდელოების გადარჩენილი ნაწილი ნიკეას აფარებდა თავს, რათა შემდეგ იქიდან ეცადა იმპერიის აღდგენა, გამარჯვებულნი, გაყოფის თაობაზე დადებული ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც 1204 წლის მარტში მოაწერეს ხელი, ერთმანეთში ინაწილებდნენ ნადავლს. ბიზანტიის იმპერატორის ტახტზე ბოდუენ ფლანდრიელი ავიდა (1204 წლის მაისი). ბონიფაციუს მონფერატელი თესალონიკის მბრძანებელი გახდა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტი ვენეციის პატრიარქმა დაიკავა. დაპყრობილი იმპერიის მთელ ტერიტორიაზე იქმნებოდა ფეოდალური სენიორიები. ვენეციელები განსაკუთრებული გულმოდგინებით ცდილობდნენ ხელთ ეგდოთ მთელს აღმოსავლეთში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტები, რომლებსაც მათი სავაჭრო და კოლონიალური ძლიერება უნდა უზრუნველეყო. 1204 წლის მოვლენები ბიზანტიისათვის იყო გამანადგურებელი დარტყმა, რომლის შემდეგაც ის ვეღარასოდეს გაიმართა წელში.
ბიზანტიის იმპერიის დაშლა და მისი ხელახლა აღდგენა
ბიზანტიის იმპერიის დაშლა
ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებას, უპირველეს ყოვლისა, შედეგად მოჰყვა აღმოსავლეთ სამყაროს ძირეული შეცვლა.
ბიზანტიის იმპერიის ნანგრევებზე გაჩნდნენ ჯვაროსანთა ფეოდალური სენიორიები. კონსტანტინოპოლში შეიქმნა ლათინური იმპერია, რომლის მბრძანებლადაც ჯვაროსანმა ბარონებმა ფლანდრიის გრაფი ბოდუენი დასვეს. თესალონიკის სამეფო, რომელსაც მონფერატის მარკიზი ბონიფაციუსი მართავდა, ნომინალურად იმპერატორს ექვემდებარებოდა. ქვეყანას მოევლინენ ნიკეისა და ფილიპოპოლის ტიტულარული ჰერცოგები, დიდიმოტიკისა და ადრამიტიონის სენიორიები. კონსტანტინოპოლის აღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რაინდთა ძლევამოსილი ლაშქრობის შედეგად, რომელსაც ათენსა და კორინთომდე წინ უძღოდა ბონიფაციუს მონფერატელი, სხვა ლათინური სახელმწიფოებიც შეიქმნა: ბოდონიცის სამარკიზო, ნეგროპონტის სენიორია, ათენის საჰერცოგო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბურგუნდიელ დელაროშთა საგვარეულო, აქაიის, ანუ მორეის სამთავრო, რომელიც შამპანელებმა — ჟოფრუა დე ვილარდუენმა და გიიომ დე შამპლიტმა დაიპყრეს და რომელმაც ლათინურ აღმოსავლეთში ჯვაროსნების მიერ 1204 წელს დაარსებულ ყველა სახელმწიფოზე მეტხანს გაძლო. მეორე მხრივ, ვენეციამ დაუყოვნებლივ დაიკავა დურაცო ეპიროსის სანაპიროზე, მოდონი და კორონი პელოპონესში, კრეტა და ევბეა, გალიპოლი, როდოსტო, ჰერაკლეა და კონსტანტინოპოლის ვრცელი უბანი; ვენეციელი პატრიციები დაეუფლნენ არქიპელაგის კუნძულებს, სადაც დააარსეს ნაქსოსის საჰერცოგო და ჩერიგოს სამარკიზო, ლემნოსის საერცჰერცოგო და სანტორინოს სენიორია.
ბიზანტიის იმპერიის განადგურებამ განაპირობა არა ერთი და ორი ბერძნული სახელმწიფოს წარმოშობა. ტრაპიზონში კომნენოსთათა დინასტიის ორმა წარმომადგენელმა — ალექსიმ და დავითმა საქართველოს მეფის — თამარის ინიციატივითა და ძალისხმევით დააარსა იმპერია, რომელიც მალე შავი ზღვის სანაპიროზე, ჰერაკლეადან კავკასიამდე გადაიჭიმა და მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე (1461 წ.) იარსება. ეპიროსში ანგელოსთა საგვარეულოს უკანონო შვილმა — მიხეილ ანგელოს კომნინმა დააარსა სადესპოტო, რომელიც ნავპაქტიდან დურაცომდე იყო გადაჭიმული. ნიკეაში ალექსი მესამე ანგელოსის სიძემ თეოდორე ლასკარისმა თავის გარშემო შემოიკრიბა ბიზანტიური არისტოკრატიისა და სემღვდელოების გადარჩენილი ნაწილი და 1206 წელს დიდი ზარ-ზეიმით ეკურთხა „რომაელთა იმპერატორად“. პატივმოყვარე ფეოდალებმა: გაბალამ — როდოსზე, მანკაფამ — ფილადელფიაში, ლეონ სგუროსმა — არგოსსა და კორინთოში დაქუცმაცებული იმპერიის ტერიტორიები მიიტაცეს და თავიანთი სენიორიები შექმნეს.
ამ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ეს-ესაა იბადებოდნენ პოლიტიკური ცხოვრებისათვის, ძალიან დიდი განსხვავება იყო. ლათინურმა იმპერიამ, მისი ახალი მბრძანებლების უდავო ღირსებების მიუხედავად, ნახევარი საუკუნე ძლივს გაძლო (1204-1261 წ.). მისი დასაბამიერი სისუსტე გარდუვალს ხდიდა მის ეფემერულობას. ბერძნებს შორის კი, პირიქით, უცხოელების გამარჯვებამ პატრიოტული გრძნობისა და ნაციონალური თვითშეგნების გაღვივება გამოიწვია. ბელადები, რომელთა ირგვლივაც თავს იყრიდა ბერძნული სამყაროს ყველა სიცოცხლისუნარიანი ძალა, მხოლოდ ერთ რამეს მიელტვოდნენ: საძულველი ჯვაროსნებისათვის წაერთმიათ კონსტანტინოპოლი. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, ორი ურთიერთმოქიშპე იმპერიიდან მაინც რომელი შესძლებდა ამ მიზნის მიღწევას: ნიკეისა თუ ეპიროსის იმპერია.
ლათინთა იმპერია (1204-1261 წწ)
ჯვაროსანთა დაარსებულ ლათინთა იმპერიას არსებობისათვის მტკიცე ხელისუფლება და აღმოსავლურ რეალობასთან ადაპტირებული მმართველობა სჭირდებოდა, მაგრამ ლათინთა იმპერია, სადაც ტიპური ფეოდალური სისტემა არსებობდა, სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ის საკმაოდ აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებდა მეზობლებთან და ცდილობდა შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, მაგრამ თანდათანობით კარგავდა ტერიტორიებს ბიზანტიური ერთეულების სასარგებლოდ. საბოლოოდ, მიხეილ პალეოლოგოსმა, რომელმაც ნიკეის იმპერიაში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, 1261 წელს კონსტანტინოპოლი აიღო და ლათინთა იმპერიის არსებობას წერტილი დაუსვა.
ნიკეის იმპერია (1204-1261 წწ)
ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ საპატრიარქოს უმაღლესმა წარმომადგენლობამ და დედაქალქის მრავალმა დიდებულმა ნიკეას შეაფარა თავი, რომელიც მალე იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მთავარ ცენტრად. ნიკეის იმპერიის დამაარსებლად თეოდორე I ლასკარისი ითვლება (1208-1222 წწ.).[28] მან დაქირავებული ჯვაროსნების დახმარებით დაამარცხა თურქ-სელჩუკები. აღმოსავლეთიდან მეორე საშიში მტერი იყო ტრაპიზონის იმპერია, რომლის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა გადაწყვიტა დაეპყრო ნიკეის იმპერია, მაგრამ თეოდორე I ლასკარისმა იგი დაამარცხა და შავიზღვისპირეთის რამდენიმე ქალაქიც დაიპყრო (1214 წ.).[29]
თეოდორე ლასკარისის სიკვდილის შემდეგ ნიკეის იმპერიას განაგებდა მისი სიძე იოანე III დუკა ვატაცე (1222-1254 წწ.), ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. მისი მმართველობის დროს ნიკეის იმპერია კიდევ უფრო გაძლიერდა, დაუპირისპირდა რა მეორე ეროვნულ ცენტრს — ეპირის დესპოტატს, რომელიც ბოლოს თავის ვასალად აქცია. იგი ხელს უწყობდა ვაჭრობას, ლიტერატურისა და ხელოვნების აყვავებას, ეროვნული თვითსშეგნების გაღვივება-განმტკიცებას.
თეოდორე II ლასკარისის დროს (1254-1258 წწ.) ნიკეის იმპერიას კვლავ მოუხდა შეტაკება ბულგარელებთან და ეპირის დესპოტატთან, რასაც ახლამა იმპერატორმა წარმატებით გაართვა თავი. თეოდორე II ლასკარისი ცდილობდა არმია მთლიანად ეროვნული კონტინგენტით შეევსო და აღარ დაყრდნობოდა უცხოელთა დაქირავებულ ლაშქარს.
თეოდორე II-ის უდროოდ გარდაცვალების შემდეგ ნიკეის იმპერიის ტახტზე არსრულწლოვანი იოანე IV ლასკარისი (1258-1261 წწ.) ავიდა, ხოლო რეგენტი და იმპერიის ფაქტობრივი მმართველი გახდა გაქნილი პოლიტიკოსი მიხეილ პალეოლოგოსი, რომელმაც 1259 წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამავე წელს ქალაქ კასტორიასთან მან სასტიკად დაამარცხა ეპირისა და დასავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს (სიცილიის სამეფო, სერბეთი და სხვ.) გაერთიანებული ლაშქარი. 1261 წელს მიხეილ პალეოლოგოსმა ნიმფეონში ხელშეკრულება დადო გენუასთან ვენეციისა და ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ, რამდენიმე თვის ალყის შემდეგ კონსტანტინოპოლი გაათავისუფლა ჯვაროსნებისაგან და წმინდა სოფიას ტაძარში ხელმეორედ ეკურთხა იმპერატორად.
კონსტანტინოპოლის დაბრუნება ბიზანტიელების მიერ (1261 წ)
თავისი ხანმოკლე მმართველობის მანძილზე თეოდორე II (1254-1258 წ.) მამამისის პოლიტიკას აგრძელებდა. რუპელის გასასვლელში მან გამანადგურებელი დარტყმა აგემა ბულგარელებს (1255 წ.), რომლებსაც სურდათ რევანში აეღოთ ვატაცესთან დამარცხების სანაცვლოდ და აიძულა ისინი, ზავს დასთანხმებოდნენ (1256 წ.). მართალია, თეოდორე ძალიან ადრე გარდაიცვალა და ვერ მოასწრო ეპიროსის ვერაგი და პატივმოყვარე დესპოტის მიხეილ მეორის ამბოხება ჩაეხშო, სამაგიეროდ მისმა შემცვლელმა ნიკეის ბერძნული იმპერიის ტახტზე მიხეილ პალეოლოგოსმა (1258-1261 წ.) თავისი უზურპაცია და ტახტზე ასვლისას ჩადენილი ბოროტება, რისი წყალობითაც დაამხო კანონიერი დინასტია და ხელთ იგდო ძალაუფლება, თავისი გამარჯვებებით გამოისყიდა. ეპიროსის დესპოტმა მიხეილ II-მ კავშირი შეჰკრა მანფრედთან, სიცილიის მეფესთან და აქაიის მთავართან გიიომ დე ვილარდუენთან, შემდეგ ალბანელები და სერბიელებიც მიიმხრო და თესალონიკეს დაემუქრა. მაშინ პალეოლოგოსი შეტევაზე გადავიდა; იერიშით აიღო მაკედონია, ალბანეთში შეიჭრა და დესპოტსა და მის მოკავშირეებს პელაგონიის ხეობაში სასტიკი მარცხი აგემა (1259 წ.). ამრიგად, ნიკეის იმპერიის წარმატებებმა განაპირობა ეპიროსის სადესპოტოს განადგურება. რამდენიმე ხნის შემდეგ პალეოლოგმა კონსტანტინოპოლის აღებით დაასრულა თავისი საქმე.
1261 წელს მან დარდანელი გადასერა და ქალაქგარეთ მდებარე სამფლობელოები წაართვა ლათინებს. ვენეციელების წინააღმდეგ, რომლებიც გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ აუცილებელი იყო კონსტანტინოპოლის დაცვა, იმპერატორმა მოხერხებულად მიიმხრო მათი მოქიშპე გენუელები. 1261 წლის 25 მაისს მიხეილის ერთ-ერთმა მხედართმთავარმა ისარგებლა იმით, რომ ვენეციელების ფლოტმა დროებით დატოვა „ოქროს რქა“ და გააფთრებული იერიშით აიღო ქალაქი. ბოდუენ II-მ გაქცევით უშველა თავს; მას თან მიჰყვნენ ლათინთა პატრიარქი და ვენეციელი კოლონისტები. 1261 წლის 15 აგვისტოს მიხეილ პალეოლოგოსი დიდი ზარ-ზეიმით შევიდა კონსტანტინოპოლში და წმიდა სოფიოს ტაძარში იმპერატორის გვირგვინი დაიდგა თავზე.[30][29] ბიზანტიის იმპერია კვლავ აღსდგა პალეოლოგოსთა ეროვნული დინასტიის მეთაურობით.
პალეოლოგოსების მმართველობის ხანა და ბიზანტიის იმპერიის დაცემა
ბიზანტიის იმპერიის მდგომარეობა 1261 წელს
პალეოლოგოსების ახალი დინასტიის (1261-1453 წწ) მიერ აღდგენილი იმპერია სრულიად არ ჰგავდა იმ მონარქიას, რომელსაც ადრე კომნენოსები განაგებდნენ.[31] აზიაში ტრაპიზონის იმპერია შავი ზღვის პირას მდებარე პროვინციების უდიდეს ნაწილს ფლობდა და დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო.[30] ევროპაში ეპირის დესპოტატი ალბანეთის სამხრეთსა და ეტოლიის გარკვეულ ნაწილს მოიცავდა. ნეოპატრასის საჰერცოგოს, ანუ დიდი ვალახიის შემადგენლობაში შედიოდა თესალია, ლოკრიდა და ფთიოტიდა. ამ ბერძნული სახელმწიფოების გარდა ცენტრალურ საბერძნეთში არსებობდა ათენის ლათინური საჰერცოგო, ხოლო პელოპონესში — მორეის ლათინური სამთავრო. ვენეციელები კვლავინდებურად ფლობდნენ არქიპელაგის კუნძულების უმეტეს ნაწილს. გენუელების ხელში იყო ქიოსი და ანატოლიის სანაპიროსა თუ შავი ზღვისპირეთის მნიშვნელოვანი კოლონიები. ბიზანტიის აღდგენილი იმპერია მხოლოდ ტერიტორიების სამ ჯგუფს ფლობდა: აზიაში — ყოფილი ნიკეის იმპერიის სამფლობელოებს; ევროპაში — კონსტანტინოპოლს, თრაკიასა და მაკედონიის ნაწილთან ერთად, რომლის მთავარი ქალაქი იყო თესალონიკე; და ბოლოს, რამდენიმე კუნძულს — როდოსს, ლესბოსს, სამოთრაკიასა და იმბროსს. ტერიტორიულად დაკნინებული და სამხედრო თუ ფინანსიური თვალსაზრისით დაუძლურებული იმპერიის გვერდით კი იზრდებოდნენ ძლევამოსილი და თავიანთ ძლიერებაში დარწმუნებული ახალგაზრდა სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობდნენ ბიზანტიისათვის წაერთმიათ მისი ოდინდელი ჰეგემონია. მეცამეტე სუკუნეში ასეთი სახელმწიფო იყო ბულგარეთის მეორე იმპერია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მეთოთხმეტე საუკუნეში კი სტეფან დუშანის დიდი სერბეთი. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, ეს ითქმის აზიელ თურქებზე, რომლებიც სულ უფრო და უფრო მრისხანედ ემუქრებოდნენ იმპერიას. კონსტანტინოპოლი უკვე დიდი ხანია, რაც ევროპული კულტურის ცენტრი აღარ იყო.
მიხეილ VIII პალეოლოგოსის მმართველობა (1261-1282 წწ.)
ბიზანტიის იმპერიის ოდინდელი მთლიანობისა და სიდიადის აღდგენა მხოლოდ სასწაულს შეეძლო. მიხეილ VIII-მ (1261-1282 წ.) სცადა ამ სასწაულის მოხდენა და თუმცა ვერ მოახერხა მთლიანად განეხორციელებინა სინამდვილეში თავისი გრანდიოზული გეგმები, პრაქტიკული ნიჭისა და გამჭრიახობის წყალობით ის მაინც შეიძლება ბიზანტიის უკანასკნელ დიდ იმპერატორად იქნეს მიჩნეული.
მიხეილ მერვის ტახტზე ასვლისთანავე ცხადი შეიქნა მისი განზრახვა: როგორც ბერძნებისაგან, ისე ლათინებისაგან დაებრუნებინა ყველა პროვინცია, რომლებიც მათ იმპერიას წაართვეს. ის შეიჭრა ფრანკულ მორეაში (1261 წლის დამლევს); იანინა წაართვა ეპიროსს (1265 წ.), მაკედონიის ნაწილი — ბულგარეთს (1264 წ.) და არქიპელაგის კუნძულების უმეტესობა — ვენეციელებს; იმპერატორმა ალაგმა გენუელთა თავგასულობა და ბიზანტიის პატრიარქის ძალაუფლება აღადგინა ბულგარეთისა და სერბიის ეკლესიებში, მაგრამ სულ მალე ის მტრულად განწყობილ დასავლეთს შეეჯახა. არც პაპსა და არც ვენეციელებს არასოდეს აუღიათ ხელი ლათინური იმპერიის აღდგენაზე; ორივე სიცილიის ახალ მბრძანებელს შარლ ანჟუელს კიდევ უფრო პატივმოყვარული გეგმები ჰქონდა აღმოსავლეთის მიმართ. მან დაიპყრო კორფუ (1267 წ.), ხელთ იგდო დურაცო და ეპიროსის სანაპირო (1272 წ.), ალბანეთის მეფის ტიტული მიიღო და კავშირი შეკრა იმპერიის ყველა მტერთან ბულგარელებთან, სერბიელებსა და დიდი ვალახიის მთავართან.
ამ კრიტიკულ მომენტში მხოლოდ მიხეილ პალეოლოგოსის განსაცვიფრებელმა სიმარჯვემ და გამჭრიახობამ შეუშალა ხელი იმას, რომ მთელი დასავლეთი გაერთიანებულიყო ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად. იმპერატორმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა ის გარემოება, რომ პაპი შეშფოთებული იყო შარლ ანჟუელის გაძლიერებით, დააიმედა იგი, რომ შესაძლებელი იყო რომაელ მღვდელმთავართა სანუკვარი ოცნების განხორციელება, ესე იგი, ბერძნულ ეკლესიაზე რომის ძალაუფლების გავრცელება და ლიონის საეკლესიო კრებაზე (1274 წ.) გრიგოლ X-სთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, აღმოსავლური ეკლესია კვლავ დაექვემდებარა პაპს. ამის სანაცვლოდ მიხეილ VIII-ს აღუთქვეს, რომ არავინ შეეცილებოდა კონსტანტინოპოლს, ხოლო აღმოსავლეთში თავისუფალი მოქმედების საშუალებას და ლათინთა წინააღმდეგ ბრძოლის ნებასაც კი მისცემდნენ. 1274 წელს იმპერატორმა ეპიროსში შეუტია ანჟუელთა დინასტიის ლაშქარს, შემდეგ თესალიაში შეიჭრა, სადაც ალყა შემოარტყა ნეოპატრასს (1275 წ.), ევბეაზე დაამარცხა ვენეციელები და აქაიაში გადაიტანა საომარი მოქმედება, სადაც გიიომ ვილარდუენის სიკვდილმა (1278 წ.) საგრძნობლად დაასუსტა ფრანკთა სამთავრო.
საუბედუროდ, ბიზანტიისა და რომის გამუდმებულმა მტრობამ წერტილი დაუსვა მის ქმედითობას. მიხეილ VIII-მ ბიზანტიის სამღვდელოებას ძალით მოახვია თავზე რომთან კავშირი და პატრიარქ იოანე XI-სთან ერთად ძალითვე სურდა მისი რეალიზება (1275 წ.), მაგრამ იმპერატორის ძალისხმევას შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში განხეთქილებამ იჩინა თავი, ხოლო ორი სამყაროს ანტაგონიზმი, რომლის შერბილების იმედიც ჰქონდა, კიდევ უფრო მწვავე და საშიში გახდა.
მეორე მხრივ, შარლ ანჟუელს, რომელიც ძალზე უკმაყოფილო იყო მოვლენების ამგვარი განვითარებით, იარაღი არ დაუყრია. მან გარდაქმნა ეპიროსში თავისი მმართველობის ფორმა (1278 წ.), ხელახლა მიიმხრო პაპი (1281 წ.) და ლათინური იმპერიის აღდგენის მიზნით რომსა და ვენეციასთან ერთად დააარსა ლიგა, რომელსაც მიხეილ VIII-სადმი სიძულვილის გამო სერბიელები, ბულგარელები და თესალიელი და ეპიროსელი ბერძნებიც კი მიემხრნენ. ბიზანტიის იმპერია მტრებით იყო გარშემორტყმული. მიხეილ VIII-მ ბერატთან დაამარცხა შარლ ანჟუელის ლაშქარი და მისი თავგასულობის ასალაგმავად 1282 წლის მარტში მოიწვია ე.წ. „სიცილიური სერობა“. ამრიგად, იმპერატორმა იმძლავრა დასავლეთზე. მაგრამ გადაჭარბებულ ყურადღებას რომ უთმობდა ლათინებს, ის მიუტევებელ დაუდევრობას იჩენდა თურქული საფრთხის მიმართ, სულ უფრო და უფრო მრისხანე რომ ხდებოდა მცირე აზიაში, ხოლო ევროპაში — ასევე საშიში განსაცდელისადმი, რასაც სერბიელები უმზადებდნენ ბიზანტიას. რელიგიური მღელვარება, რამაც თავი იჩინა იმპერიაში, მისი სისუსტის კიდევ ერთი მიზეზი იყო. მიხეილ VIII-ის მმართველობა, ერთის შეხედვით, იმპერიის აღორძინების მომასწავებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას სწრაფი და გარდუვალი დეკადანსი მოჰყვა.
ბიზანტიის იმპერია უკანასკნელი პალეოლოგოსების დროს (1282-1453 წწ.)
მიხეილ მერვის მემკვიდრეთა მმართველობისას კიდევ უფრო აშკარა ხდება იმპერიის დაცემის შეუქცევადი პროცესი. უკანასკნელმა პალეოლოგოსმა იმპერატორებმა პროცესის შეჩერება ვერ შეძლეს. ესენი არიან მიხეილის ვაჟი ანდრონიკე II (1282-1328 წ.), განათლებული, მჭევრმეტყველი, მწერლობის მფარველი და დიდი ღვთისმოსავი, მაგრამ პოლიტიკურად უნიჭო და სახელმწიფო საქმეებში სრულიად გამოუცდელი მმართველი, მიხეილის შვილიშვილი ანდრონიკე III (1328-1341 წ.), ჭკვიანი, მაგრამ, ცოტა არ იყოს, ქარაფშუტა და განცხრომის დიდი მოყვარული; იგივე დეკადანსი გრძელდება იოანე V-ის (1341-1391 წ.) ხანგრძლივი მმართველობის მანძილზეც, მიუხედავად ისეთი შესანიშნავი მბრძანებლის ენერგიული პოლიტიკისა, როგორიც გამოდგა იოანე VI კანტაკუზენი (1341-1355 წ.) და მისი მომდევნო იმპერატორის იოანე მეხუთის ვაჟის მანუელ II-ის (1391-1425 წ.) ეჭვშეუვალი ღირსებებისა; ამ უკანასკნელზე სავსებით სამართლიანად ამბობდნენ, რომ „უკეთეს ხანაში ის ალბათ გადაარჩენდა იმპერიას, მისი გადარჩენა შესაძლებელი რომ ყოფილიყო“, მაგრამ იმპერიის ხსნა უკვე შეუძლებელი იყო. იოანე მერვემ (1425-1448 წ.) და კონსტანტინე დრაგასემ (1448-1453 წ.) ვერც იმპერიის დაცემა შეაჩერეს და ვერც მისი დაღუპვა აიცილეს თავიდან. იმპერია ვერც იმან გადაარჩინა, რომ უკანასკნელი საუკუნენახევრის განმავლობაში მის სათავეში რამდენიმე ღირსეული იმპერატორი იდგა.
დაცემის საშინაო მიზეზები
კრიტიკულ საგარეო ვითარებას თან ერთვოდა გამწვავებული შიდაპოლიტიკური მდგომარეობა. გაუთავებელმა დაპირისპირებებმა და ტახტისათვის ბრძოლებმა, ეკონომიკურ-ფინანსურმა პრობლემებმა, სუსტმა ხელისუფლებამ და სოციალურ-რელიგიურმა განხეთქილებებმა ქვეყნის უკიდურესი დასუსტება გამოიწვია. კრიზისში მყოფ ბიზანტიას საგარეო საფრთხის მოგერიება აღარ შეეძლო.
სამოქალაქო ომები
გარეშე საფრთხის წინაშე, რომელიც იმპერიას ემუქრებოდა, აუცილებელი იყო, რომ მას შეენარჩუნებინა ერთიანობა, სიმშვიდე და ძლიერება. პალეოლოგოსების ეპოქა კი, პირიქით, ამბოხებებითა და შინააშლილობებით იყო გამორჩეული. ანდრონიკე II-ს აუჯანყდა მისი შვილიშვილი, მომავალი ანდრონიკე III, რომელსაც მხცოვანი იმპერატორი ტახტის მემკვიდრის კანონიერი უფლებების წართმევას უპირებდა. რამდენიმე წლის განმავლობაში (1321-1328 წწ) ომმა, რომელსაც დროდადრო დაზავება წყვეტდა, მთლიანად გააპარტახა იმპერია და ბოლოს იმით დამთავრდა, რომ ამბოხებულებმა ხელთ იგდეს კონსტანტინოპოლი და ანდრონიკე II ტახტიდან ჩამოაგდეს. ანა სავოიელის რეგენტობისა და იოანე V-ის მცირეწლოვანებისას, იოანე კანტაკუზენმა იმპერატორად გამოაცხადა თავი (1341 წ.) და ექვსი წლის განმავლობაში (1341-1347 წწ) მთელი ბიზანტია ორად გაიყო: არისტოკრატია უზურპატორს უჭერდა მხარს, ხალხი კი — კანონიერ დინასტიას; ვიდრე დედაქალაქი, გამცემლობის წყალობით, ტახტის მაძიებლის ხელში არ აღმოჩნდა. იოანე კანტაკუზენის მთელი მმართველობის მანძილზე (1347-1355 წ.) იოანე V პალეოლოგოსის ინტრიგები, რომელსაც ახალმა იმპერატორმა თანამოსაყდრის უფლებები შეუნარჩუნა, გამუდმებით ამღვრევდა და ამტუტებდა მონარქიას, სანამ ახალი ამბოხება არ გამოიწვია, რის შედეგადაც იოანე კანტაკუზენი დამხობილ იქნა. შემდგომ ამისა, იოანე მეხუთეს აუჯანყდნენ მისი შვილი ანდრონიკე (1376 წ.) და შვილიშვილი იოანე (1391 წ.), რომლებმაც ერთხანს ტახტიც კი დაატოვებინეს მხცოვან იმპერატორს. ძალზე საგულისხმოა ის გარემოება, რომ მთელი ამ ბრძოლის მანძილზე მეტოქენი სინიდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე დასახმარებლად უხმობდნენ იმპერიის მტრებს — ბულგარელებს, სერბიელებსა თუ თურქებს, რომლებსაც მხარდაჭერისათვის არა მარტო უხვად უხდიდნენ ფულს, არამედ ტერიტორიებსაც კი ურიგებდნენ. ყოველგვარი პატრიოტული გრძნობა და თვით ყოველგვარი წარმოდგენა პოლიტიკურ ამოცანებსა თუ ინტერესებზე პატივმოყვარულმა ზრახვებმა და ამბიციებმა განდევნეს.
სოციალური და რელიგიური განხეთქილებანი
სოციალური და რელიგიური ანტაგონიზმი კიდევ უფრო ამწვავებდა სამოქალაქო უწესრიგობით გამოწვეულ ქაოსს. XV ს-ის შუა წლებში იმპერიას სოციალური რევოლუციების ტალღამ გადაუარა: დაბალი კლასები გვაროვნული და ქონებრივი არისტოკრატიის წინააღმდეგ გამოვიდნენ. შვიდი წლის მანძილზე (1342-1349 წ.) ზელოტების მოძრაობა გამუდმებულ ამბოხებებს, სისხლისღვრასა და ხოცვა-ჟლეტას იწვევდა თესალონიკეში, თავის მნიშვნელობით იმპერიის მეორე ქალაქში, რომელიც სრულიად დამოუკიდებელ რესპუბლიკად იქცა და მისი გახმაურებული ისტორია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდია მეთოთხმეტე საუკუნის იმპერიის ცხოვრებაში. იოანე კანტაკუზენმა ძლივს მოახერხა წესრიგი და მშვიდობიანობა აღედგინა მის წინააღმდეგ ამბოხებულ ქალაქში.
რელიგიურმა ბრძოლამ, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, ბიზანტიელებსა და ლათინებს შორის საუკუნოვანი მტრობით იყო გამოწვეული, კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა. მიხეილ VIII, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, გონივრულ ნაბიჯად თვლიდა რომთან დაახლოებას და საეკლესიო ერთიანობის აღდგენას, მაგრამ ამან ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ მიხეილის მემკვიდრის ანდრონიკე II-ის უპირველესი ამოცანა პაპთან დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმა გახდა, რათა ამ გზით მაინც შემოერიგებინა მართლმადიდებლური სამღვდელოება. რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ანტაგონიზმი ბერძნებსა და ლათინებს შორის, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა თვით იმპერიის შიგნითაც — საეკლესიო ერთიანობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა კონფლიქტში. მძაფრი პოლემიკა კიდევ უფრო აღვივებდა ამ შუღლს. ლათინური იდეებისადმი ყოველგვარი სიმპათიის გამოვლენას სამშობლოს ღალატის სახელს არქმევდნენ. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი საბაბიც კი საკმარისი იყო საიმისოდ, რომ ბერძნული ნაციონალიზმი დასავლეთის წინააღმდეგ აღეძრა.
ასეთი იყო ვითარება, როცა იოანე V (1369 წ.) და უფრო გვიან მანუელ II (1471 წ.) პოლიტიკური მოსაზრებებით იძულებულნი შეიქნენ რომთან მოლაპარაკება განეახლებინათ, ხოლო სასოწარკვეთილმა იოანე VIII-მ თურქული საფრთხის თავიდან ასაცილებლად კიდევ უფრო თამამი ნაბიჯი გადადგა: იმპერატორი თვითონ ჩავიდა იტალიაში (1437 წ.) და ფლორენციის საეკლესიო კრებაზე ევგენი IV-სთან ერთად ხელი მოაწერა უნიას, რომელიც ბოლოს უღებდა ეკლესიების გათიშვას (1439 წ.). მიხეილ VIII-ის მსგავსად, ისიც მართლმადიდებლური სამღვდელოებისა და ხალხის გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ლათინები, ყოველგვარი აღთქმისა თუ დაპირების მიუხედავად, მხოლოდ ერთ მიზანს მიელტვოდნენ: „მოესპოთ ბერძნების ქალაქი, მათი ჯიში, სახელი და სახსენებელი“. იოანე VIII და მისი მემკვიდრე კონსტანტინე IX ამაოდ ცდილობდნენ, იმპერიისათვის ძალით მოეხვიათ თავზე უნია. აღშფოთებული ხალხი თვით წმიდა სოფიოს ტაძრის თაღებქვეშაც კი ბობოქრობდა. მაშინ, როდესაც კონსტანტინოპოლის დაღუპვა კარზე იყო მომდგარი, ქალაქის ქუჩებში არ ცხრებოდა გააფთრებული დავა უნიის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. იმ ხანებში ბიზანტიის ფლოტის მთავარსარდალსა და იმპერატორის კარზე ყველაზე გავლენიან პირს — ლუკას ნოტარას მიაწერენ სიტყვებს: „მირჩევნია ქალაქში ვიხილო თურქული ჩალმა, ვიდრე პაპის ტიარა“.[32][33]
ფინანსური და სამხედრო კრიზისი
ყოველივე ამას ზედ ერთვოდა ფინანსების სავალალო მდგომარეობა. სახაზინო ტირანიის მიუხედავად, ომებით გაჩანაგებულ ქვეყანაში საადგილმამულო გადასახადი ბევრს ვერაფერს ჰმატებდა ხაზინას. მას შემდეგ, რაც იმპერიის ვაჭრობა ვენეციელებმა და გენუელებმა ჩაიგდეს ხელში, საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სულ უფრო და უფრო სწრაფად მცირდებოდა. მთავრობა იძულებული იყო ყალბი მონეტები მოეჭრა, იმპერატორი ფულს სესხულობდა და გვირგვინის პატიოსან თვლებს აგირავებდა. ყოველგვარი სახსარი ამოიწურა, ხაზინა ცარიელი იყო. კატასტროფულად ქვეითდებოდა ქვეყნის სამხედრო ძლიერება: მცირერიცხოვან, დეორგანიზებულ, ურჩსა და უმართავ არმიას სულ უფრო ნაკლებად შესწევდა იმისი ძალი, რომ ქვეყანა დაეცვა. ბიზანტიის მიერ დაქირავებული ჯარისკაცები აჯანყებებს აწყობდნენ მის წინააღმდეგ. ანდრონიკე II პალეოლოგოსის მმართველობისას, კატალონიელთა „დიდმა კომპანიამ“ აიღო გალიპოლი, ორი წლის მანძილზე (1305-1307 წ.) ბლოკადაში მოაქცია კონსტანტინოპოლი და წარმატებით დალაშქრა მაკედონია და საბერძნეთი (1307-1311 წ.). მეთოთხმეტე საუკუნის შუა წლებში სერბიელმა და თურქმა დაქირავებულმა ჯარისკაცებმა სასტიკად გაძარცვეს და დაარბიეს იმპერია. მდგომარეობა არც ზღვაზე იყო უკეთ. მიხეილ VIII-მ სცადა ბიზანტიის ფლოტის აღდგენა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა უსარგებლოდ მიიჩნიეს ეს ხარჯები და აღმოსავლეთის ზღვებზე ბატონობა იტალიის რესპუბლიკათა ესკადრებს დაუთმეს. იმპერია, რომელსაც აღარ შეეძლო წინ აღდგომოდა საფრთხეს, გარედან რომ ემუქრებოდა მის არსებობას, თავის აღსასრულს უახლოვდებოდა.
დაცემის საგარეო პოლიტიკური მიზეზები
ბულგარელები და სერბები
1241 წლისათვის ბულგარეთის იმპერია, რომელიც ასე საშიში იყო მეთორმეტე საუკუნის ბიზანტიისათვის, საგრძნობლად დაასუსტა გამუდმებულმა შინააშლილობებმა. სასტიკმა მარცხმა, სერბებმა ველბუჯთან რომ მიაყენეს ბულგარეთის მეფეს მიხეილს (1330 წ.), საბოლოოდ გამოუთხარა ძირი მის ძლიერებას. მიუხედავად ამისა, ბულგარელები იმპერიისათვის მაინც საშიში მეზობლები იყვნენ: ისინი გამუდმებით ერეოდნენ იმპერიის საქმეებში და დიდ სარგებელსაც იღებდნენ იმის წყალობით, რომ ხან ანდრონიკე II-ს უჭერდნენ მხარს, ხან კი — ანა სავოიელს, რის სანაცვლოდაც ბიზანტიისგან ტერიტორიებს მოითხოვდნენ, მაგრამ იმპერიისათვის განსაკუთრებით მრისხანე მოწინააღმდეგენი გამოდგნენ სერბები. სტეფანე ნემანიას მემკვიდრეების — უროშ პირველის (1243-1276 წ.), დრაგუტინის (1276-1282 წ.) და მილუტინის (1282-1321 წ.) მმართველობისას სერბეთმა იმდენად გააფართოვა თავისი ტერიტორია ბულგარეთისა და ბიზანტიის ხარჯზე, რომ ბალკანეთის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ იქცა. უროშ I-მა აიძულა ანდრონიკე II, ეღიარებინა მისი დამპყრობლური ომების ყველა შედეგი (1298 წ.). ბულგარელების მსგავსად, სერბები გამუდმებით ერეოდნენ ბიზანტიის საშინაო საქმეებში, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა შინააშლილობებს.
სტეფან დუშანის (1331-1355 წ.) ტახტზე ასვლისას სერბეთი, ერთი მხრივ, სავიდან და დუნაიდან სტრუმიცასა და პრილეპამდე, ხოლო მეორე მხრივ, ბოსნიიდან რილოდაგსა და სტრუმამდე იყო გადაჭიმული, მაგრამ დუშანს სურდა თავისი ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძული და კონსტანტინოპოლში ბიზანტიის იმპერატორის გვირგვინი დაედგა თავზე. თავდაპირველად მან დასავლეთ მაკედონია დაიპყრო (1334 წ.); შემდეგ ანჟუელებს წაართვა ალბანეთი დურაცოსა და ვალონამდე, ხოლო ბერძნებს — ეპიროსი იანინამდე (1340 წ.); ბოლოს კი მაკედონიაში განაგრძო შეტევა, სადაც ბიზანტიელებმა მხოლოდ თესალონიკე და ქალკიდიკა შეინარჩუნეს და სერბიის საზღვარმა აღმოსავლეთით მარიცამდე გადაინაცვლა (1345 წ.). 1346 წელს უსკუბის კათედრალურ ტაძარში დუშანი დიდი ზარ-ზეიმით ეკურთხა „სერბებისა და რომაელების იმპერატორად და ავტოკრატორად“. ამიერიდან სერბიის იმპერია დუნაიდან ეგეოსის ზღვასა და ადრიატიკამდე იყო გადაჭიმული. მას შემდეგ, რაც ბერძნებს სძლია (1351 წელს გარს ადგა თესალონიკეს) და ანჟუელები, შემდეგ კი ბოსნიისა და უნგრეთის მეფეებიც დაამარცხა, დუშანი ყველაზე ძლევამოსილი მბრძანებელი გახდა მთელ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და პაპმა „თურქების წინააღმდეგ ბრძოლის ბელადად“ გამოაცხადა იგი. დუშანს ისღა დარჩენოდა კონსტანტინოპოლი აეღო; 1355 წელს სცადა კიდეც მისი აღება, ხელთ იგდო ადრიანოპოლი და თრაკია, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა კონსტანტინოპოლის გალავანთან. დუშანის სიკვდილის შემდეგ მისი იმპერია მალე დაიშალა, მაგრამ ბიზანტია კიდევ უფრო დასუსტებული გამოვიდა ამ ოცწლიანი ომიდან.
ბიზანტია და ევროპა
ნაცვლად იმისა, რომ იმპერიას დახმარებოდნენ, აღმოსავლეთში დამკვიდრებულმა ევროპელებმა — ვენეციელებმა და გენუელებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს ბიზანტიის უბედურება და დააჩქარეს მისი დაცემა. ისინი ისე იქცეოდნენ იმპერიაში, როგორც დაპყრობილ ქვეყანაში: ახდენდნენ ქვეყნის ეკონომიკურ ექსპლუატაციას, უხეშად ერეოდნენ შიდა საქმეებში და მონაწილეობას იღებდნენ არეულობების მოწყობაში. ბიზანტიელები იძულებულები იყვნენ აეტანათ მათი ქმედებები რადგან წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ, ფაქტობრივად ვენეციელებმა და გენუელებმა დაასრულეს იმპერიის ეკონომიკის განადგურება.
დასავლეთის დანარჩენი სახელმწიფოები თითქმის არავითარ ყურადღებას აღარ აქცევდნენ ბიზანტიას. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს თურქებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ცალკეული ცდები. 1343 წელს ჯვაროსანთა ლაშქრობის შედეგად თურქებს რამდენიმე წლით წაართვეს სმირნა, ხოლო 1366 წელს — გალიპოლი; 1396 წელს ქრისტიანებმა სცადეს სერიოზული დარტყმა მიეყენებინათ თურქებისათვის, მაგრამ მათი ცდა მარცხით დასრულდა ნიკოპოლთან; 1344 წელს, კიდევ ერთი მცდელობისას, ქრისტიანებმა სასტიკი მარცხი იწვნიეს ვარნასთან. ფრანგი მარშალი ბუსიკო ორი წლის განმავლობაში (1337-1339 წ.) იცავდა კონსტანტინოპოლს თურქების შეტევისაგან. მაგრამ დასავლეთს, არსებითად, აღარ აინტერესებდა ბიზანტია ან მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ ესარგებლა მისი უბედურებით, რათა თავისი რელიგიური თუ პოლიტიკური მბრძანებლობისათვის დაემორჩილებინა. პაპები საეკლესიო ერთიანობის აღდგენაზე ოცნებობდნენ და არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ ბიზანტიელთა სიძულვილს ამ პროექტის მიმართ. დასავლეთის სახელმწიფოებს კი მხოლოდ ერთი საფიქრალი ჰქონდათ: როგორ გაეყოთ და გაენაწილებინათ იმპერია. ამაოდ ჩადიოდა იოანე V (1396 წ.), მანუელ II (1402 წ.) და იოანე VIII (1439 წ.) იტალიაში, საფრანგეთსა თუ ინგლისში დახმარების სათხოვნად: მათ მხოლოდ თავაზიანად იღებდნენ და ცარიელი დაპირებებით ისტუმრებდნენ უკან. როცა მეჰმედ II-მ გადაწყვიტა, ბოლო მოეღო იმპერიისთვის, ბიზანტიას წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო.
თურქ-ოსმალები
მაშინ როდესაც ევროპაში ბიზანტიის იმპერიის ტერიტორია თანდათანობით მცირდებოდა სლავური სახელმწიფოების მოძალების შედეგად, აზიაში წინ მოიწევდნენ თურქ-ოსმალები, სამი დიდი მხედართმთავრის — ერთოღრულის, ოსმანისა (1289-1326 წ.) და ურხანის (1326-1359 წ.) წინამძღოლობით. ანდრონიკე II-მ რამდენიმეჯერე წარმატებით სცადა მათი შეჩერება, მაგრამ 1326 წელს ბურსა მაინც ოსმალების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც იგი თავიანთ სატახტო ქალაქად გამოაცხადეს. ამის შემდეგ მალე დაეცა ნიკეა (1329 წ.), უფრო გვიან კი — ნიკომედიაც (1337 წ.). 1338 წელს თურქებმა ბოსფორს მიაღწიეს და მალე მის გაღმა ნაპირზედაც გადასხდნენ თვით ბიზანტიელებისავე მიწვევით, რომლებიც თავიანთი შინააშლილობებისას მათთან კავშირი სურდათ. 1353 წელს თურქებმა დარდანელის ევროპულ ნაპირას აღმართული ციხე-სიმაგრეც დაიკავეს. ბალკანეთის ნახევარკუნძულის გზა გახსნილი აღმოჩნდა მათთვის. ამით ისარგებლა მურად I-მა (1359-1389 წ.) და თრაკია დაიპყრო (1361 წ.). იოანე V იძულებული იყო შერიგებოდა ამ დანაკარგს (1363 წ.). შემდეგ სულთანმა აიღო ფილიპოპოლი და მალე ხელთ იგდო ადრიანოპოლიც, რომელიც თავის სატახტო ქალაქად აქცია (1365 წ.). კონსტანტინოპოლი ალყაშემორტყმული, იზოლირებული და დანარჩენ მხარეებს მოწყვეტილი აღმოჩნდა. ამასობაში ოსმალებმა კოსოვოს ბრძოლაში გამარჯვებით დაიპყრეს ბალკანეთის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი.[34] იოანე V იძულებული შეიქნა სულთანის ვასალად ეღიარებინა თავი, ხარკი ეძლია მისთვის და თავისი ლაშქრით მიშველებოდა ფილადელფიის აღებაში (1391 წ.), რომელიც ბიზანტიის უკანასკნელი საყრდენი იყო მცირე აზიაში.
ბაიაზიდ I უფრო ენერგიულად მოქმედებდა იმპერიის წინააღმდეგ. მან ყოველი მხრიდან ბლოკადაში მოაქცია ბიზანტიის დედაქალაქი (1391-1395 წ.), ხოლო როცა დასავლეთის სერიოზული ცდა, როგორმე გადაერჩინა ბიზანტია, ნიკოპოლთან გამართულ ბრძოლაში მარცხით დასრულდა (1396 წ.), ბაიაზიდმა სცადა იერიშით აეღო კონსტანტინოპოლი (1397 წ.) და იმავდროულად, მორეაშიც შეიჭრა. ბიზანტიელთა საბედნიეროდ, მონღოლების შემოსევამ და თურქების გამანადგურებელმა მარცხმა ანგორის ბრძოლაში თემურლენგთან (1402 წ.), იმპერიას ოცი წლით მაინც მისცა სულის მოთქმის საშუალება,[33][35] მაგრამ 1421 წელს მურად II-მ (1421-1451 წ.) კვლავ განაახლა შეტევა. მან იერიში მიიტანა კონსტანტინოპოლზე, რომელიც ენერგიულად იცავდა თავს და შეტევა მოიგერია. მურადმა აიღო თესალონიკე (1430 წ.), რომელიც ვენეციამ 1423 წელს იყიდა ბიზანტიისგან; მისი ერთ-ერთი სარდალი მორეაში შეიჭრა (1423 წ.); უკიდურესად შევიწროებული ბიზანტიის იმპერია, კონსტანტინოპოლსა და მის მომიჯნავე ოლქს გარდა, რომელიც დერკონსა და სელიმბრიამდე ვრცელდებოდა, ახლა მხოლოდ სანაპიროზე მიმოფანტულ ცალკეულ მხარეებს ფლობდა: ანქიალოსს, მესემბრიას, ათონსა და პელოპონესს. 1444 წელს ვარნასთან გამარულ ბრძოლაში კრახით დასრულდა აღმოსავლელ ქრისტიანთა უკანასკნელი დიდი ძალისხმევა; ათენის საჰერცოგო თურქებს დაემორჩილა; მორეის დესპოტატი, რომელიც თურქებმა 1446 წელს დაარბიეს, იძულებული შეიქნა მათ მოხარკედ ეღიარებინა თავი; აუღებელი რჩებოდა მხოლოდ კონსტანტინოპოლი, მაგრამ აშკარა იყო, რომ თურქების შეტევების მოგერიებას დიდხანს ისიც ვეღარ შეძლებდა. მეჰმედ II-ს, რომელიც 1451 წელს ავიდა ტახტზე, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი აღება.
კონსტანტინოპოლის აღება თურქების მიერ
მეჰმედ II-მ ტახტზე ასვლისთანავე გამოააშკარავა თავისი მიზნები. ბოსფორის პირას ციხე-სიმაგრე „რუმილი-ჰისარი“ ააგო, რომელმაც კონსტანტინოპოლსა და შავ ზღვას შორის კომუნიკაციები გაწყვიტა და იმავდროულად მორეაში ლაშქარი გაგზავნა, რათა მისტრის ბერძენი დესპოტებისათვის საშუალება არ მიეცა კონსტანტინოპოლს მიშველებოდნენ. მალე სულთანმა კონსტანტინოპოლს შეუტია (1453 წლის 5 აპრილს). თურქების უზარმაზარი არმიის წინააღმდეგ, რომელიც თითქმის 160 ათას კაცს ითვლიდა, იმპერატორმა კონსტანტინე XI-მ მხოლოდ 9000 კაცის გამოყვანა შეძლო, რომელთა ნახევარს მაინც უცხოელები შეადგენდნენ. ბიზანტიელები, რომლებიც მტრულად იყვნენ განწყობილნი საეკლესიო უნიის მიმართ, რასაც მხარს უჭერდა მათი იმპერატორი, საკმაოდ ცუდად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. თურქული არტილერიის მრისხანე ძალისა და ინჟენერ ორბანის უზარმაზარი ზარბაზნის მიუხედავად, პირველი შეტევა მოგერიებულ იქნა (18 აპრილს). მეჰმედ II-მ მოახერხა ოქროს რქაში შეეყვანა თავისი ფლოტი და ქალაქის გალავნის მეორე მონაკვეთს დაემუქრა, მაგრამ 7 მაისის იერიშიც მარცხით დასრულდა, თუმცა წმიდა რომანოზის კარიბჭესთან ჭურვებმა გალავანი შეგლიჯეს. 1453 წლის 28 მაისს ღამით დაიწყო უკანასკნელი შეტევა. თურქები ორჯერ უკუაგდეს. მაშინ მეჰმედმა ბრძოლაში იანიჩარები ჩააბა. ამავე დროს, გენუელი ჯუსტინიანი, რომელიც იმპერატორთან ერთად თავდაცვის ხელმძღვანელი იყო, მძიმედ დაიჭრა და იძულებული გახდა თავისი პოსტი მიეტოვებინა, რამაც დიდი არეულ-დარეულობა გამოიწვია ქალაქის დამცველთა რიგებში. იმპერატორი თავგანწირვით იბრძოდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო მიწისქვეშა გვირაბი, ე. წ. „ქსილოპორტა“ და ქალაქის დამცველებს ზურგიდან დაესხა თავს. კონსტანტინე XI გალავანთან ბრძოლაში დაიღუპა.[36] თურქებმა ქალაქი აიღეს. დაიწყო კონსტანტინოპოლის ძარცვა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. 60 000-ზე მეტი ადამიანი ტყვედ წაასხეს. 1453 წლის 30 მაისს, დილის რვა საათზე, მეჰმედ II დიდი ზარ-ზეიმით შევიდა კონსტანტინოპოლში და აია-სოფიას ტაძარში მუსლიმური ღვთისმსახურება აღავლინა.
ბიზანტიის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა ქრონოლოგიური ნუსხა
|
| |
იმპერიის საშინაო მმართველობა
იმპერატორი
ბიზანტიის იმპერატორი — „ბასილევსი“, როგორც მას ოფიციალურად უწოდებდნენ, უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. რომაელ ცეზართა მემკვიდრე, მათსავით არმიის უმაღლეს მთავარსარდალსა და კანონის ხორცშესხმულ ხატებას წარმოადგენდა. აღმოსავლურ მონარქიებთან მეზობლობის წყალობით, ის ყოვლისმძლე თვითმპყრობელად (დესპოტად, ავტოკრატორად), აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელად იქცა. ქრისტიანობამ წმიდაყო მისი ღირსება და კიდევ უფრო აამაღლა მისი პრესტიჟი. ღვთივრჩეული, მირონცხების წყალობით ღვთაებრივი ინვესტიტურით აღბეჭდილი, ამქვეყნად უფლის მონაცვლე და მისი წარმომადგენელი, გარკვეული აზრით, ის თითქმის ღმერთთან წილნაყარი ხდებოდა. სასახლის კარის ფუფუნების, თვალის მომჭრელად ბრწყინვალე ეტიკეტის წყალობით, რომლის რიტუალებსაც კონსტანტინე პორფიროგენეტი დაწვრილებით აღგვიწერს თავის თხზულებაში „ცერემონიათა წიგნი“, ისევე როგორც მოჩვენებითი და თავბრუდამხვევი პოლიტიკის ათასგვარი გამოვლინებით, რისი მეოხებითაც იმპერია ყოველთვის ცდილობდა გაეოგნებინა ბარბაროსები, იმპერატორს მართლაც რომ ზეადამიანურ არსებად წარმოაჩენდა. ამიტომაც ყველაფერი, რაც მის პიროვნებას ეხებოდა, „წმინდად“ იყო მიჩნეული, სწორედ ამიტომ, მხატვრებიც იმპერატორს თავზე შარავანდით გამოსახავდნენ, როგორც ღმერთსა და წმიდანებს.[18] ღვთიური სამართლით — უზენაესი მბრძანებელი, აბსოლუტური და დესპოტური უფლებებით მოსილი იმპერატორი ერთპიროვნული და განუყოფელი ძალაუფლების მპყრობელი იყო. მთელს იმპერიაში არ მოიძებნებოდა ძალა, რომელიც შესძლებდა წინ აღდგომოდა ამ აბსოლუტურ ძალაუფლებას. სენატი მხოლოდ სახელმწიფო სათათბირო იყო, რომელიც იმპერატორის ერთგული მაღალი რანგის მოხელეთაგან შედგებოდა. ხალხს პლებსი უფრო ეთქმოდა, რომელიც სახელმწიფოს მმართველობაში რაიმე მნიშვნელოვან ძალას არ წარმოადგენდა. ეკლესია კი, მიუხედავად იმ მაღალი მდგომარეობისა, რაც მას ბიზანტიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეჭირა და იმ საშიშროებისა, რასაც მისი სიმდიდრე და პატივმოყვარეობა ბადებდა, ხატმებრძოლეობის შემდეგ სახელმწიფოზე უფრო მეტად დამოკიდებული აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე. მხოლოდ არმია იყო ერთადერთი ძალა, რაც საკმაოდ ხშირად ვლინდებოდა სამხედრო ამბოხებებისა თუ სახელმწიფო გადატრიალებების დროს. ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის ლეგიტიმისტური იდეის განვითარებამ, მართალია, მთლიანად ვერ მოსპო ეს საფრთხე, მაგრამ შეძლო, რომ უფრო იშვიათი და დინასტიისათვის ნაკლებად საშიში გაეხადა იგი.
ადმინისტრაცია და ბიუროკრატია
ამ დესპოტურ ხელისუფლებას, ესოდენ ურყევსა და აბსოლუტურს როგორც საერო, ისე სასულიერო თვალსაზრისითაც, დიდად გამოცდილი, უაღრესად ცენტრალიზებული და დისციპლინირებული ადმინისტრაცია ემსახურებოდა. დედაქალაქში, იმპერატორის ირგვლივ შემოკრებილი მინისტრები — უზარმაზარ დაწესებულებათა ხელმძღვანელები მტკიცე ხელით მართავდნენ სახელმწიფოს და ცენტრიდან მთელ ქვეყანას გადასცემდნენ იმპერატორის ნებას. მათი ზედამხედველობით მუშაობდა უამრავი კანცელარია, სადაც დეტალურად სწავლობდნენ თითოეულ საქმეს და გადაწყვეტილებებსაც ამზადებდნენ. ისევე, როგორც ოდესღაც რომი, ბიზანტიაც მკაცრად ორგანიზებული ბიუროკრატიის მეშვეობით მართავდა იმპერიას. პროვინციებში, სადაც თემების სისტემა ადმინისტრაციული ორგანიზაციის ერთადერთ საფუძვლად იქცა (X საუკუნის II ნახევრისათვის იმპერიაში 30 თემი იყო: აზიაში — 18, ევროპაში კი — 12), მთელი ძალაუფლება ერთი პირის — სტრატეგოსის ხელში იყო მოქცეული, რომელიც იმპერატორის მიერ ინიშნებოდა[37] და მხოლოდ მას ემორჩილებოდა. ამრიგად, ზემოდან ქვემოთ, ადმინისტრაციული კიბის თითოეულ საფეხურზე მდგარი ნებისმიერი მოხელე მთლიანად იმპერატორზე იყო დამოკიდებული.
ადმინისტრაციის მთავარ ამოცანას ხელისუფლების ფულით მომარაგება წარმოადგენდა. ეს უაღრესად ძნელი საქმე იყო, ვინაიდან ბიზანტია ვერასოდეს ვერ ახერხებდა ზუსტი შესაბამისობა დაემყარებინა, ერთი მხრივ, ხაზინის შემოსავალსა და მეორე მხრივ, პოლიტიკური მიზნებისა თუ სასახლის კარის უჩვეულო ფუფუნებისათვის საჭირო ხარჯებს შორის. ამიტომაც იყო, რომ გრანდიოზული პროექტები, არსებითად, განუხორციელებელი რჩებოდა. ადმინისტრაციის მეორე ამოცანა, შესაძლოა, კიდევ უფრო რთული იყო. ბიზანტიის იმპერიას არ გააჩნდა არც ეროვნული და არც ენობრივი ერთობა, ეს იყო, როგორც ამბობდნენ, „ხელოვნური წარმონაქმნი, რომელიც ოც სხვადასხვა ეროვნებას აერთიანებდა და შემდეგი ფორმულით ხელმძღვანელობდა: «ერთი მბრძანებელი, ერთი სამრწმუნოება»“. ადმინისტრაციის მიღწევად უნდა ჩაითვალოს, ტოტალური ელინიზაციისა და მართლმადიდებლობის საყოველთაო აღმსარებლობის მეშვეობით, ამ მრავალეროვნული სახელმწიფოს ქცევა მტკიცე კავშირით შეკრულ ერთიან ორგანიზმად. ბერძნული ენა ადმინისტრაციის, ეკლესიისა და სწავლა-განათლების ენა იყო; ამ კოსმოპოლიტურ იმპერიაში მან ეროვნული ენის მოჩვენებითი მნიშვნელობა შეიძინა. ბერძნული კულტურის ეფექტიანი პროპაგანდისა და დამარცხებული ხალხების ასიმილირების საშუალებით იმპერიული ადმინისტრაცია იმპერიის ერთიანობის შექმნასა და განმტკიცებას ცდილობდა; მართლმადიდებლური სარწმუნოების საყოველთაო გავრცელების მეშვეობით, ადმინისტრაციამ შეძლო ერთმანეთში „აეთქვიფა“ და დაეახლოვებინა ეს სრულიად სხვადასხვა ერები, რომლებსაც იმპერატორი მართავდა.
ბიუროკრატია, რომელიც იმპერიულ კანონმდებლობას ახორციელებდა, თავიდანვე წარმოადგენდა დიდ, ცენტრალიზებულ მექანიზმს, რომელშიც თითოეულ წევრს მეთვალყურეობას უწევდა მისი ზემდგომი ხელისუფალი პირამიდის სტრუქტურის პრინციპით. დიდი თანამდებობის მქონე ფუნქციონერები, რომლებიც ფლობდნენ ლოგოთეტების საერო ტიტულს, ხელმძღვანელობდნენ შეიარაღებულ ძალებს, საგადასახადო სისტემას, უცხოურ საელჩოებს, დედაქალაქის ყოველდღიურ საქმიანობას. დაწყებული VII საუკუნიდან, ალექსი I კომნენოსის მმართველობის პერიოდის (1081-1118 წწ.) ჩათვლით, რომელმაც გააერთიანა ლოგოთეტების თანამდებობები ერთ ოფიციალურ სტრუქტურაში, ბიუროკრატია უფრო მეტად ცენტრალიზებული გახდა. წყაროებში ჩამოთვლილია ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო და სამოქალაქო თანამდებობის პირები, რომელთაც იწვევდნენ იმპერატორის საბანკეტო მაგიდასთან. ჩამოთვლილია, აგრეთვე, 59 მაღალი და დაახლოებით 500 მათზე დაქვემდებარებული თანამდებობის პირი, რომლებიც სასახლეში ოფიციალური მიღების ცერემონიებს ესწრებოდნენ.[38]
ბიზანტიის სამოხელეო იერარქიაში XI საუკუნეში არსებობდა თანამდებობები შემდეგი თანმიმდევრობით: კესაროსი, სევასტოსი, ნოველისიმოსი, კურაპალატი, პროტოპროედროსი, პროედროსი, მაგისტროსი და სხვა.
სამართალი
ბიზანტიას ჰქონდა განვითარებული საკანონმდებლო სისტემა. ბიზანტიური სამრთლის ძირითადი წყარო იყო თეოდოსიუსის კოდექსი, იუსტინიანეს კოდიფიკაცია, ეკლოგა, საადგილმამულო კანონი, ნომოკანონი (საეკლესიო და საერო სამართლის კრებული, რომელსაც საქართველოში სჯულის კანონი ეწოდებოდა), პროქირონი, ეპანაგოგა, ბასილიკები, საეპარქო წიგნი, მათე ბლასტარის ალფაბეტური სინტაგმა და კონსტანტინე არმენოპულოსის „ექვსწიგნეული“.
სამართალგანვითარების თვალსაზრისით ბიზანტია სანიმუშო ქვეყანა იყო შუა საუკუნეების მსოფლიოში.
იურიდიულ მეცნიერებას ბიზანტიაში საფუძველი ჩაეყარა იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს, როდესაც მოხდა რომის სამართლის ნორმების სისტემატიზაცია. შეიქმნა სამოქალაქო სამართლის კრებული „კორპუს იურის ცივილისი“ (VI ს). იურიდიული მეცნიერების შემდგომი განვითარება დაკავშირებულია ბასილიკების შედგენასთან (IX ს). რომაული სამართლის გარდა შეისწავლიდნენ კანონიკურ სამართალს, რომელიც საეკლესიო კრებათა დადგენილებებს ემყარებოდა. ბიზანტიური სამართლებრივი მეცნიერების განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა კონსტანტინოპოლის უმაღლესმა იურიდიულმა სკოლამ (შეიქმნა XI ს-ში).
რომაულ-ბიზანტიური სამართალი ცნობილი იყო საქართველოშიც და მას კანონმდებლობასა და მართლმსაჯულებაშიც იყენებდნენ. ქართველი მოღვაწენი თარგმნიდნენ, თავიანთი ქვეყნის ვითარების შესაბამისად განმარტავდნენ და ავითარებდნენ კიდეც ბიზანტიურ ნორმატიულ წყაროებსა და სამართლებრივ თხზულებებს. აღსანიშნავია ექვთიმე მთაწმიდელის ნაშრომები კანონიკურ სამართალში, აგრეთვე ვახტანგ VI-ის „სამართალი ბერძული“.
რელიგია
ბიზანტიის იმპერია წარმოადგენდა თეოკრატიულ სახელმწიფოს, რომელსაც „უფლის“ ნებით იმპერატორი მართავდა. ბიზანტიის იმპერია იყო თეოკრატია იმ გაგებით, რომ ქრისტიანული ფასეულობები და იდეები იყო იმპერიის პოლიტიკური იდეალების საფუძველი და მისი პოლიტიკური მიზნები მასზე იყო დამყარებული.[39]
ქრისტიანული ეკლესიის იერარქიული წყობილების გართულებასთან ერთად წარმოიქმნა მთელი რიგი ავტოკეფალიური (დამოუკიდებელი) ეკლესიები, რომელთა სათავეში პატრიარქები იდგნენ. თავდაპირველად სამი ავტოკეფალიური ეკლესია იყო: რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის, შემდეგ დამოუკიდებელი სტატუსი მიიღო იერუსალიმის ეკლესიამ, ხოლო V საუკუნეში კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმაც მოიპოვა პატრიარქის წოდება.
სულ მალე შესამჩნევი გახდა განსხვავება დასავლეთისა (ლათინური) და აღმოსავლეთის (ბერძნული) ეკლესიებს შორის. აღმოსავლეთში დროთა განმავლობაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა მოიპოვა კონტანტინოპოლის პატრიარქმა, რომელიც „მსოფლიო საეკლესიო პატრიარქად“ იწოდებოდა. ქრისტიანებზე გავლენისათვის კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და რომის პაპს შორის მუდმივი მეტოქეობა იყო. თუ დასავლეთში ეკლესია ცდილობდა საერო ხელისუფლებაზე უპირატესობის მოპოვებას, აღმოსავლეთში ეკლესია და სახელმწიფო ერთიანი, კარგად აწყობილი სახელისუფლებო მექანიზმი იყო.
ბიზანტიაში საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთიანობის კონცეფციას დიარქიის იდეა დაედო საფუძვლად. ამ იდეის თანახმად, საერო ხელისუფლება განაგებდა ქვეშევრდომთა საერო, ხოლო სასულიერო ხელიწუფლება — სულიერ ცხოვრებას. დიარქიის იდეის მთავარი პრინციპი ფუნქციათა განაწილება და მოვალეობათა ერთიანობა იყო.
მოსახლეობა
ბიზანტიის იმპერიის მოსახლეობა ეთნიკურად ჭრელი იყო (ბერძნები, სირიელები, კოპტები, სომხები, ებრაელები, მცირე აზიის ელინიზებული ტომები, თრაკიელები, ილირიელები, დაკები, გუთები, სლავები, არაბები, პაჭანიკები და სხვა), რაც გავლენას ახდენდა ბიზანტიის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზე. წამყვან როლს იმპერიის ეკონომიკურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ბერძენი მოსახლეობა ასრულებდა, თუმცა არცთუ იშვიათად მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სხვა ეთნოსებიც. სახელმწიფო ენა IV-VI საუკუნეებში ლათინური იყო, VII საუკუნიდან - ბერძნული.
ბიზანტიური კულტურა და განათლება
ბიზანტიური კულტურა შეიქმნა რომაული, ბერძნული და აღმოსავლური (ელინისტური) კულტურების ტრადიციებზე. ბიზანტიის იმპერიის კულტურა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე იდგა. ბიზანტიელებს თავიანთი კულტურა კაცობრიობის უმაღლეს მიღწევად მიაჩნდათ და შეგნებულად იცავდნენ თავს უცხო ქვეყნების კულტურული ზეგავლენისაგან, მაგრამ მაინც განიცადეს აღმოსავლური, განსაკუთრებით კი არაბული კულტურის აშკარა გავლენა.
ბიზანტიაში დიდი ყურადღება ექცეოდა ლიტერატურასა და ანტიკური პერიოდის ავტორების ინტერპრეტაციას. საღვთო წერილთან ერთად სწავლობდნენ ჰომეროსის პოემებსაც, მაგრამ ანტიკური ტრადიციების ათვისება სქოლასტიკურ ხასიათს ატარებდა. გაბატონებული კლასის იდეოლოგიამ უარყო თავისუფალი პიროვნების ჰარმონიული განვითარების ანტიკური იდეალი, ამის სანაცვლოდ მას საფუძვლად დაედო საეკლესიო ასკეტური იდეალი. იმპერიის დესპოტურმა ხასიათმა განსაზღვრა იდეური ცხოვრების მკაცრი კონტროლი, შეიქმნა იმპერატორის კულტი და თავისუფალი, საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის შიში. სახალხო კულტურა წარმოდგენილი იყო ეპოსით, იგავ-არაკებით, ლიტერატურული ენისაგან განსხვავებულ, სასაუბრო ენაზე შექმნილი სიმღერებით.
ბიზანტიური კულტურის განვითარების ისტორია შეიძლება რამდენიმე პერიოდად დაიყოს: 1. IV ს — VII ს-ის ბოლო. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი იყო ძველი, წარმავალი ცივილიზაციის ბრძოლა ახალი იდეოლოგიის წინააღმდეგ. ქრისტიანული ეკლესია არა მარტო ებრძოდა ანტიკურ კულტურას, არამედ ცდილობდა კიდეც კლასიკური მემკვიდრეობა ქრისტიანული ღვთისმეტყველების ყაიდაზე გადაემუშავებინა. 2. VII ს-ის შუაწლები — IX ს. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი იყო საერთო კულტურის დაქვეითება, გამოწვეული ხელოსნური წარმოების შემცირებით, ვაჭრობის დაქვეითებით. 3. IX ს-ის შუაწლები — X ს. ამ დროს კონსტანტინოპოლში აღინიშნა ახალი კულტურული აღმავლობა, რომელიც შემდგომ პროვინციულ ქალაქებზეც გავრცელდა. 4. XI-XII სს. ამ პერიოდში ბიზანტიურმა კულტურამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, რის მიზეზიც იყო იმპერიის ქალაქების აყვავება. 5. XII ს-ის ბოლო — XIII ს. — კულტურული დაქვეითების ხანა, რაც გამოიწვია იმპერიის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა დაცემამ 1204 წელს ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და გაძარცვის შემდეგ. 6. XIV ს — XV ს-ის დასაწყისი — ბიზანტიური კულტურის ახალი აღორძინება, რაც უკავშირდება ბიზანტიაში ჰუმანისტური იდეების ჩასახვას.
ბიზანტიის კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა მეზობელი ქვეყნების (ბულგარეთი, სერბეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი და სხვა) ლიტერატურაზე, სახვით ხელოვნებაზე, არქიტექტურასა და სხვა დარგებზე. მნიშვნელოვანია ბიზანტიის როლი ანტიკური მემკვიდრეობის დაცვაში. IV-VI სს-ში კვლავ არსებობდა ანტიკური ეპოქიდან შემორჩენილი უმაღლესი სკოლები (ათენის, ალექსანდრიის, ბეირუთის, ანტიოქიის, ღაზის, პალესტინის კესარეის). 425 წელს კონსტანტინოპოლში შეიქმნა უმაღლესი სკოლა — აუდიტორიუმი, რომელმაც თანდათან შეცვალა სხვა უმაღლესი სკოლები. კონსტანტინოპოლის უმაღლესი სკოლა სახელმწიფო დაწესებულება იყო. ლეგენდის მიხედვით, 726 წელს, იმპერატორ ლეონ III-ის ბრძანებით კონსტანტინოპოლის სკოლის შენობა თავისი წიგნებითა და მასწავლებლებითურთ დაწვეს. IX საუკუნეში კონსტანტინოპოლის სასახლეში მოქმედება დაიწყო მანგანის აკადემიამ ლეონ მათემატიკოსის ხელმძღვანელობით. XI ს-ში კონსტანტინოპოლში გაიხსნა იურიდიული და ფილოსოფიური სკოლები-სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც მოხელეებს ამზადებდნენ. XII ს-ში ბიზანტიის უმაღლესი სკოლა ეკლესიის მფარველობის ქვეშ მოექცა და მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი დასაყრდენი გახდა. XI საუკუნის ბოლოს გაიხსნა საპატრიარქო სკოლა. 1204 წელს ბიზანტიაში უმაღლესმა სკოლამ არსებობა შეწყვიტა. სახელმწიფო სკოლები თანდათანობით სამონასტრო სკოლებმა შეცვალა.
ანტიკური ბიბლიოთეკები მხოლოდ ადრინდელი ბიზანტიის ხანამდე არსებობდა. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა 391 წელს დაინგრა.[40] კონსტანტინოპოლის საჯარო ბიბლიოთეკა (დააარსეს დაახლ. 356 წ.) დაიწვა 475 წელს. გვიანდელი ხანის ბიბლიოთეკების შესახებ მცირე ცნობებია შემონახული. არსებობდა იმპერატორის, პატრიარქის, მონასტრების, უმაღლესი სკოლებისა და კერძო პირების ბიბლიოთეკები.
ხელოვნება
ბიზანტიური ხელოვნების ჩამოყალიბებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ელინისტურ-რომაული ხელოვნების მემკვიდრეობას და იმპერიაში შემავალ ან მისი გავლენის ქვეშ მყოფ ხალხთა ტრადიციებს. განსაკუთრებით არსებითია წინა აზიის, კერძოდ, ამიერკავკასიის ხალხთა ხელოვნების წვლილი. თვით ბიზანტიური ხელოვნების ესთეტიკურმა სისტემამ დიდი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების ბალკანეთის, სლავების, ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნებაზე. XIX საუკუნის ისტორიოგრაფიამ და ხელოვნებათმცოდნეობამ შეიმუშავა მცდარი კონცეფცია, თითქოს ბიზანტია იყო ამ ქვეყნების კულტურისა და ხელოვნების ერთადერთი წყარო, მათი ხელოვნება კი ბიზანტიური ხელოვნების პროვინციული განშტოება. დღეს მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ბალკანეთის, სლავური ქვეყნების, საქართველოსა და სომხეთის ხელოვნებას საკუთარი ეროვნული სახე და განვითარების დამოუკიდებელი გზები ჰქონდა. მრავალფეროვანია თვით ბიზანტიის იმპერიაში შემავალი ცალკეული პროვინციების (სირია, პალესტინა, მცირე აზია, საბერძნეთი და სხვა) ხელოვნებაც. ადგილობრივ ტრადიციებს ყველგან არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.
ბიზანტიური ხელოვნების ჩამოყალიბება-განვითარებაში ქრისტიანულმა რელიგიამ ღრმა კვალი დაამჩნია არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებას, მის თემატიკას, მხატვრულ ფორმას. ბიზანტიური ხელოვნების პირველი საფეხურები ძნელი გასამიჯნია რომის იმპერიის არსებობის ბოლო ორ საუკუნეში განვითარებული ე. წ. ძველი (ანუ ადრეული) ქრისტიანული ხელოვნებისაგან. მისი პირველი აყვავება დაემთხვა იმპერატორ იუსტინიანე I-ის ეპოქას (VI ს). ხელოვნებას გარკვეული კვალი დაამჩნია VIII ს — IX ს-ის I ნახევრის მწვავე რელიგიურ-იდეოლოგიურმა ბრძოლებმა (ხატმებრძოლეობა), ეს პერიოდი თავისებური გარდამავალი ხანა იყო, რასაც XI ს-ის II ნახ. — XII ს-ის დასასრულს, მაკედონელთა და კომნენოსების დინასტიების მმართველობის პერიოდში, ბიზანტიური ხელოვნების მეორე აყვავება მოჰყვა. უკანასკნელი, ხანმოკლე აყვავება ბიზანტიურ ხელოვნებაში აღინიშნა ე. წ. პალეოლოგოსთა ხანაში (1261-1453 წწ). ბიზანტიური ხელოვნების ტრადიციები დიდხანს არსებობდა იმპერიის დამხობის შემდეგაც, უმეტესად სხვადასხვა სამონასტრო ცენტრებში (მაგ. ათონის მთაზე).
არქიტექტურა
ბიზანტიური არქიტექტურის ევოლუციას უკეთ გავადევნებთ თვალს საეკლესიო ნაგებობათა მიხედვით, თუმცა ბიზანტიაში ფართო სამოქალაქო და თავდაცვითი მშენებლობებიც მიმდინარეობდა (განსაკუთრებით V-VI სს-ში). ბიზანტიამ უკუაგდო ორდერული სისტემა. გადახურვის კონსტრუქციაში აქ იყენებდნენ თაღებს, კამარებსა და სფერულ გუმბათებს. ბიზანტიური ტაძრის გუმბათი რომაულისაგან განსხვავებით ხურავდა არა რვაწახნაგა სივრცეს ან როტონდას, არამედ კვადრატულ სივრცეს, რაც იწვევდა გუმბათის საფუძვლისა და კვადრატის ურთიერთდასაკავშირებლად კუთხის კონსტრუქციის (აფრა ანუ პანდატივი და ტრომპი) გამოყენებას. კვადრატზე დაყრდნობილი გუმბათის თემა ბიზანტიის არქიტექტურამ აღმოსავლეთიდან შეითვისა. საეკლესიო არქიტექტურაში შემუშავდა თაღებისა და კამარების საშუალებით გუმბათთა დაწოლის გაწონასწორების შეკრული სისტემა. განვითარების პირველ პერიოდში ბიზანტიის არქიტექტურა მიზნად არ ისახავდა შენობის ფასადის მხატვრულ გადაწყვეტას. საშენ მასალად ხმარობდნენ აგურს, ქვას, კირის ხსნარს; სირიასა და მცირე აზიაში — უმეტესად თლილ ქვას.
ბიზანტიაში შემუშავდა არქიტექტურული მორთულობის ახლებური, ანტიკურისაგან განსხვავებული ხერხები. მკაფიო პროფილირების ადგილი დაიკავა პოლიქრომულმა ორნამენტაციამ; აჟურულად მუშავდებოდა გადაბმული წაკვეთილი პირამიდის სახის სვეტისთავები.
საერო არქიტექტურის პირველი უმნიშვნელოვანესი ძეგლები შეიქმნა კონსტანტინოპოლში. IV საუკუნეს განეკუთვნება მრავალსვეტიანი და კამარებით გადახურული ვრცელი დარბაზული მიწისქვეშა წყალსაცავები. სამეფო სასახლეები გამოირჩეოდა სიდიდითა და მდიდრული მორთულობით. საცხოვრებელი არქიტექტურის საყურადღებო ნიმუშია ე. წ. თეოდორიხის სასახლე რავენაში (იტალია, VIII ს); აღსანიშნავია XIII-XV სს-ის მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები, მმართველთა სასახლეები, სამონასტრო შენობები ქალაქ მისტრაში (საბერძნეთი).
ბიზანტიურ საეკლესიო არქიტექტურაში დამკვიდრდა ბაზილიკური და ცენტრალური გეგმის მქონე, უმეტესად გუმბათოვანი შენობები, რომლებიც რომის იმპერიის ტერიტორიაზე (თვით რომში, პალესტინაში, სირიასა და სხვა) უკვე ადრინდელ ქრისტიანულ ხანაში იყო ცნობილი. ცენტრალური შენობები — როტონდები, ოქტაგონები (რვაწახნაგოვანები) ხშირად მარტვილთა კულტს უკავშირდებოდა; ასეთივე სახე ჰქონდა სანათლავებსაც (ლატერანის სანათლავი V ს. და სხვა). ადრინდელი ბაზილიკებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პალესტინაში ბეთლემის ქრისტეშობის ბაზილიკა (IV ს), რომში წმინდა პეტრეს ტაძარი (IV ს. აღარ არსებობს); რავენაში ე. წ. სანტ-აპოლინარე-ნუვო (519 წ), სანტ-აპოლინარე-ინ-კლასე (549 წ) და სხვა. ბაზილიკები შენდებოდა სხვა პროვინციებშიც.
VI საუკუნიდან ბაზილიკურმა თემამ გუმბათოვან არქიტექტურას დაუთმო ადგილი. ამ პერიოდში შეიქმნა გუმბათოვანი ტაძრის შესანიშნავი ნიმუშები: სან-ვიტალეს ეკლესია რავენაში (526-547 წწ) მოზაიკით შემკული საკურთხევლით; მცირეაზიელი ოსტატების ანთიმიოს ტრალელისა და ისიდორე მილეტელის მიერ კონსტანტინოპოლში 532-537 წლებში აგებული წმინდა სოფიოს ტაძარი. V-VI სს-ში ბიზანტიაში შეიქმნა აგრეთვე ჯვრისებრი ხუთგუმბათიანი ეკლესიის ტიპი (იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ეფესოში, VI ს); VI ს-ში აშენდა კონსტანტინოპოლის წმინდა ირინეს ე. წ. გუმბათოვანი ბაზილიკის ტიპის ტაძარი. სირიული გუმბათოვანი შენობების ნიმუშებია ბოსრისა[კ 6] და ესრის ეკლესიები. VII-IX სს-ში თანდათან მუშავდებოდა ეკლესიის ე. წ. ჯვარ-გუმბათოვანი ანუ „ჩახაზული ჯვრის“ ტიპი (გეგმა გარედან სწორკუთხაა, გუმბათქვეშა კვადრატის ოთხ მხარეს კამარებია, რომლებიც სივრცეში ჯვრის სახეს ქმნის. ეს ტიპი მთელ ქრისტიანულ სამყაროშია გავრცელებული). ადრეულ საფეხურზე მის შემუშავებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართულმა და სომხურმა ნიმუშებმა. ამ დროს არსებობდა ეკლესიის მეორე ტიპიც, ე. წ. კუთხის ტრომპებიანი ეკლესია, რომელშიც ფართო გუმბათი მძლავრი ტრომპების საშუალებით რვა საყრდენს ებჯინება (ე. წ. ოსიოს ლუკასი საბერძნეთში, ფოკიდაში, XI ს. და სხვა). ამ პერიოდის საეკლესიო შენობები ადრინდელთაგან განსხვავდება აზიდული პროპორციებითა და რთული ფორმებით (სტოა, კარიბჭეები, გუმბათთა სიმრავლე); გუმბათები აღჭურვილია სარკმლებიანი ყელით. ვითარდება ფასადთა მორთულობა — აგურით გამოყვანილი ცრუ ნიშები კედლებსა და გუმბათის ყელზე, ქვა-აგურის დეკორატიული წყობა, რომელიც კრამიტის სახურავთან ერთად მკაფიო პოლიქრომულ ეფექტს ქმნის. აღსანიშნავია პარაგორიტისას ეკლესია არტაში (XIII ს), წმინდა მოციქულთა ეკლესია ქალაქ თესალონიკეში (XIV ს), ე. წ. პანტანასას ეკლესია ქალაქ მისტრაში (XV ს) და სხვა. ბიზანტიური ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლებია შემორჩენილი ბალკანეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. რომანულ ეპოქასა და აღორძინების ხანაში ბიზანტიური ხუროთმოძღვრების ზოგიერთი ელემენტი, კერძოდ, სფერული გადახურვა, შეითვისა დასავლეთ ევროპის არქიტექტურამ.
-
წმინდა ირინეს ტაძარი კონსტანტინოპოლში
-
იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევები ეფესოში
-
წმინდა სოფიას ეკლესია ნიკეაში
სახვითი ხელოვნება
ანტიკური ტრადიციების ახალი, ქრისტიანული მსოფლმხედველობის შესატყვისად გადამუშავების პროცესი სახვითი ხელოვნების ყველა დარგს მოიცავდა. ქრისტიანული მსოფლმხედველობის გაბატონებამ მოითხოვა სინამდვილის პირობითი, არამატერიალური ფორმებით გამოხატვა. ეპოქის დასაწყისში ჯერ კიდევ იქმნებოდა შინაგანი ექსპრესიულობით აღბეჭდილი მრგვალი ქანდაკება (ბრინჯაოს დიდი ქანდაკება ბარლეტაში; იუსტინიანეს ცხენოსანი ფიგურა კონსტანტინოპოლში და სხვა). შემდეგ სკულპტურა შემოიფარგლა რელიეფებით. რელიეფებში სხვადასხვა მიმართულება შეიმჩნეოდა. დედაქალაქში ძლიერი იყო (ბარბერინის დიპტიქონი); აღმოსავლური წარმოშობის რელიეფებში სიღრმე შეზღუდული იყო, მოდელირება შესუსტებული (მურანოს დიპტიქონი); მნიშვნელოვანი ძეგლია არქიეპისკოპოს მაქსიმიანეს სპილოს ძვლის ფირფიტებით შემკული სავარძელი რავენაში (VI ს).
წამყვანი როლი დაიკავა მონუმენტურმა მხატვრობამ დაიკავა. ფართოდ გავრცელდა მოზაიკა. V ს-ის მოზაიკებში (გალა პლაციდიას მავზოლეუმი, მართლმადიდებელთა სანათლავი) ფიგურათა პროპორციები, თავისუფალი პოზები, პლასტიკური ფორმები, ფერები ანტიკურ ტრადიციებს უკავშირდება. პეიზაჟი პირობითია, მაგრამ გარკვეულად სივრცობრივი (ალეგორიული კომპოზიცია „მწყემსი კეთილი კრავთა შორის“ გალა პლაციდიას მავზოლეუმში). VI საუკუნეში ჩამოყალიბდა ბიზანტიური სტილი. მოზაიკებში გაბატონებული განყენებული, ხშირად ოქროსფერი ფონის გამო სიბრტყობრივად განლაგებული კომპოზიცია სიღრმეში არ ვითარდებოდა. ფორმათა პლასტიკური მოდელირების ადგილი დაიკავა მკაცრმა კონტურულმა ნახატმა (სანტ-აპოლინარის ეკლესიის მოზაიკები ქრისტეს სასწაულთა და ვნებათა ვრცელი ციკლით). ბიზანტიური ხელოვნების ესთეტიკურმა პრინციპებმა მკაფიო გამოხატულება ჰპოვა ხატწერაში. განვითარდა წიგნის გაფორმების ხელოვნება. ბიზანტიური კულტურის ადრინდელი ხანის ხელნაწერთა საუკეთესო ნიმუშებია კონსტანტინოპოლში შექმნილი ხელნაწერები: მილანის „ილიადა“ (V ს), ვენის „დიოსკორიდი“ (VI ს). მინიატურულ მხატვრობაში ელინიზებულ ნაკადთან ერთად არსებობდა აღმოსავლური (სირია, პალესტინა) მიმართულება (როსანოს ე. წ. ძოწის სახარება — VI ს, 586 წლის რაბულას სახარება).
VIII-IX საუკუნეებში ხელოვნების აღმავლობა შეაფერხა ხატმებრძოლეობამ. ხატთაყვანისმცემელთა გამარჯვების შემდეგ (IX-XII სს) ადამიანის გამოსახვა აღარ იკრძალებოდა. ბიზანტიური ხელოვნების ოქროს ხანად ითვლება IX-X სს, ე. წ. „მაკედონელთა აღორძინება“. მეცნიერებასა და ხელოვნებაში თავი იჩინა მძლავრმა ჰუმანისტურმა მოძრაობამ კლასიკური მემკვიდრეობის განახლებისათვის. კვლავ მიმართეს ანტიკურ ხელოვნებას, რამაც მკაფიო გამოხატულება ჰპოვა ხელნაწერთა მხატვრობაში. ფართოდ გავრცელდა ტრიპტიქის ფორმის კარედი-ხატები (არბავილის ტრიპტიქი, X ს). განვითარდა საიუველირო ხელოვნება, განსაკუთრებით კი — ტიხრული მინანქარი.
XI ს-ის მონუმენტური დეკორისათვის დამახასიათებელი იყო მკაფიო, არქიტექტონიკური ანსამბლი; გაწონასწორებული, მშვიდი გამოსახულება, იმავე პერიოდში კაპადოკიაში, გამოქვაბული მონასტრების ფრესკულ მხატვრობაში გრძელდებოდა ძველი აღმოსავლური ექსპრესიული ნაკადი. XII საუკუნის მონუმენტური დეკორის სისტემა უფრო დიფერენცირებული გახდა. მრავალფიგურიან კომპოზიციებში თხრობითი და ჟანრული ელემენტები შეიჭრა (ჩეფალუს, მონრეალეს მოზაიკები სიცილიაში). XII-XIII სს-ის მხატვრობაში თავი იჩინა ახალმა ტენდენციებმა, გაჩნდა გარკვეული ინტერესი ადამიანური განცდების გადმოცემისადმი.
პალეოლოგოსთა ხანის ხელოვნების მწვერვალია კონსტანტინოპოლის კაჰრიე-ჯამის (ხორას მონასტერი) მოზაიკები (1310-20 წწ). XIV-XV სს-ში მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შეიქმნა მისტრაში (საბერძნეთი). პალეოლოგოსთა ხანის სტილი გავრცელდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ბიზანტიურ ხელოვნებასთან იყვნენ დაკავშირებულები (სერბეთი, ბულგარეთი, რუსეთი, საქართველო). XV-XVIII სს-ში საბერძნეთში, ათონის მონასტრებში გრძელდებოდა ბიზანტიური ხელოვნების ტრადიციები, მაგრამ ისიც მხოლოდ ძველი ფორმების გამეორებით შემოიფარგლებოდა.
ლიტერატურა
ბიზანტიური ლიტერატურა შუა საუკუნეების ბერძნული ლიტერატურაა. მის პირველ პერიოდს (IV-VI სს) ზოგჯერ გარდამავალს ან წინაბიზანტიურს უწოდებენ; მისთვის დამახასიათებელია ანტიკური ლიტერატურული ტრადიციებისა და ახალი, ქრისტიანული იდეურ-მხატვრული ტენდენციების თანაარსებობა. ანტიკური ჟანრებიდან განსაკუთრებით გავრცელდა რიტორიკა, რომლის წარმომადგენლები IV საუკუნეში იყვნენ ლიბანიოსი და კოლხეთის ფილოსოფიურ-რიტორიკულ სკოლაში აღზრდილი თემისტიოსი. ანტიკური პოეტური ფორმებისა და ლექსთაწყობის პრინციპებისადმი ერთგულების ნიმუშია გრიგოლ ნაზიანზელის პოეზია. ამ პერიოდში იწყება ქრისტიანული ლიტერატურის დამკვიდრება, რამაც, საბოლოოდ, გაბატონებული პოზიცია დაიკავა და თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ანტიკური. ჩაისახა ჰაგიოგრაფიის, პატერიკისა და ეგზეგეტიკის ჟანრები.
VI საუკუნის პოეზიაში ანტიკური კვანტიტატი შეცვალა ენისათვის ბუნებრივმა ტონურმა ლექსთაწყობამ. ამ ახალი პოეზიის ყველაზე ორიგინალური ნიმუშია რომანოზ მელოდოსის კონტაკიონები. იუსტინიანეს ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატორული ჟანრი იყო ისტორიოგრაფია. ჰაგიოგრაფიამ დაკარგა თავისი პირვანდელი სისადავე და უშუალობა და სავალდებულო ნორმებით განსაზღვრულ ჟანრად იქცა. კლასიკური ჟანრებიდან VI საუკუნეში პოპულარული იყო ეპიგრამა.
ბიზანტიური ლიტერატურის მეორე პერიოდი მოიცავს VII-X სს-ის მწერლობას. VII-VIII სს-ში ანტიკურ კულტურასთან კავშირი შესუსტდა. ანტიკური ლიტერატურის მოტივები და ფორმები მისაბაძ ნიმუშებად აღარ ითვლებოდა. ანტიკური ტრადიცია ძლიერი იყო მხოლოდ ლექსთაწყობის დარგში. კულტურული ცხოვრება გამოცოცხლდა IX საუკუნის II ნახევარში.
ბიზანტიური ლიტერატურის მესამე პერიოდს (XI-XII სს) აღორძინების ხანას უწოდებენ. XI საუკუნის ლიტერატურაში შეიძლება გამოიყოს სამი ტენდენცია: მორალურ-დიდაქტიკური, მისტიკური და ფილოსოფიური. XII საუკუნის ლიტერატურაში კი მთავარ ჟანრს ისტორიოგრაფია წარმოადგენდა.
მეოთხე პერიოდი მოიცავს XIII-XV სს-ის მწერლობას. ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა (1204 წ.) და იმპერიის ცენტრის ნიკეაში გადანაცვლების შედეგად წარმოიქმნა ლიტერატურული კერები კონსტანტინოპოლის გარეთ (ნიკეა, ეპირი, ტრაპიზონი, როდოსი, კვიპროსი). წარმართული კულტურის ღრმა შესწავლამ განაპირობა მწერლობაში საერო ნაკადის, ჰუმანისტური და წინარენესანსული ტენდენციების განვითარება.
მუსიკა
ბიზანტიის ისტორიულ-პოლიტიკურმა პირობებმა და მოსახლეობის ეთნიკურმა შემადგენლობამ განსაზღვრა აქაური მუსიკის ჟანრობრივი და ინტონაციური მრავალფეროვნება. ბიზანტიური მუსიკის საწყისები სპარსულ, კოპტურ, ებრაულ საგალობლებსა და გვიანდელ ბერძნულ და რომაულ მელოსშია საძიებელი. მან შეიწოვა აგრეთვე სირიული (IV ს), არაბული (VIII ს) და სლავური მუსიკალური კულტურის ელემენტები. ბიზანტიაში საერო და სასულიერო მუსიკალური ნაკადი მჭიდრო ურთიერთკავშირში იყო. წარმოიშვა ე. წ. აკლამაციები (გალექსილ ტექსტებზე სამღერი მისასალმებელი წამოძახილები), სუფრული სადიდებელი სიმღერები და საეკლესიო ანტიფონები. საერო ყოფაში გაჩნდა და დამკვიდრდა პნევმატური ორგანი. ცნობილია ბიზანტიური ნოტაციის რამდენიმე სახე: ეკფონეტიკური (VI-VIII სს), შტრიხული (VIII-XII სს), მრგვალი (XII-XIV სს) და კუკუზელის ნევმები (XIV-XV სს). ბიზანტიური საეკლესიო მუსიკა ძირითადად ვოკალური და ერთხმიანია. საკულტო ერთხმიანობა — ლოცვანის წამღერებით კითხვა (რეჩიტატივი) და უფრო განვითარებული მელოდია — ფსალმოდია, ძველაღმოსავლური წარმოშობისაა. IV საუკუნეში საეკლესიო გალობაში შემოდის სასიმღერო-პოეტური იმპროვიზაცია — ტროპარი, რომელმაც VI-VII სს-ში განდევნა ფსალმოდიები. X საუკუნიდან ტროპარებს ეწოდებოდათ სტრიქონები, შემდეგ ისინი გარდაიქმნენ ჰიმნებად (რელიგიურ-ფილოსოფიური სასიმღერო ლირიკა). ჰიმნების ავტორებიდან ცნობილი არიან ეფრემ სირიელი (IV ს), კონდაკის შემქმნელი რომანოზ მელოდოსი (VI ს). VII-VIII სს-ში ჰიმნური საგალობლის ფორმად იქცა კანონი. ამ ფორმამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის, კოსმა მაიუმელისა და სახელგანთქმული კონსტანტინოპოლელი მომღერალი და პოეტი ქალის (X ს) კასიას შემოქმედებაში. ჰიმნოგრაფიის დიდი ცენტრი იყო სტუდიტეს მონასტერი.
ბიზანტიური მუსიკა IX ს-მდე დიდ გავლენას ახდენდა მრავალი ევროპული ქვეყნის მუსიკალურ კულტურაზე. IX საუკუნიდან კი მან გარკვეული შეფერხება განიცადა. მისი გამოცოცხლება დაკავშირებულია ათონის მონასტრის ჰიმნოგრაფისა და თეორეტიკოსის იოანე კუკუზელის (XIV-XV სს) სახელთან. ბიზანტიური მუსიკის აღმავლობის ამ ხანას, „კუკუზელის ეპოქას“, ბოლო მოუღო ოსმალთა მიერ ბიზანტიის იმპერიის დაპყრობამ.
მეცნიერება
მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ბიზანტიაში მათემატიკის საზოგადოებრივი პრესტიჟი გაცილებით დაბლა იდგა ვიდრე რიტორიკისა და ფილოსოფიისა. IV-VI სს-ში ბიზანტიური მათემატიკა, უპირველეს ყოვლისა, ანტიკური კლასიკოსების კომენტირებით ამოიწურებოდა. ბიზანტიური ფიზიკა („ფიზიოლოგია“) მწიგნობრული და აღწერითი იყო, ექსპერიმენტს იშვიათად იყენებდნენ. IX საუკუნის შუა წლებიდან იმპერიაში დაიწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთგვარი აღმავლობა. ლეონ მათემატიკოსმა პირველმა გამოიყენა ასოები ალგებრულ სიმბოლოებად. საფიქრებელია, რომ XII საუკუნეში შემოიტანეს არაბული ციფრები (პოზიციური სისტემა). კოსმოლოგიის შესახებ ბიზანტიელებს ტრადიციული წარმოდგენები ჰქონდათ, რომელთაგან ზოგი ბიბლიური კონცეფციიდან მომდინარეობდა (მოძღვრება ბრტყელ, ოკეანით გარშემორტყმულ დედამიწაზე), ზოგი კი — ელინისტური მეცნიერების მიღწევებიდან. ასტრონომიური დაკვირვებები იმპერიაში გავრცელებულ ასტროლოგიას ემსახურებოდა. XIV საუკუნეში ნიკიფორე გრიგორამ წამოაყენა კალენდრის რეფორმის საკითხი და იწინასწარმეტყველა მზის დაბნელება.[41]
ბიზანტიელები კარგად ფლობდნენ საღებავების, ფერადი ჭიქურის, მინის წარმოებისა და სხვა ქიმიურ პროცესებს. ალქიმია მჭიდრო კავშირში იყო ადრინდელი ბიზანტიის ხანაში გავრცელებულ მაგიასთან და შესაძლოა მასთანვე იყოს დაკავშირებული დიდი ქიმიური აღმოჩენა „ბერძნული ცეცხლი“. ზოოლოგია, ბოტანიკა და აგრონომია წმინდა აღწერილობითი ხასიათისა იყო, მედიცინა კი ძირითადად ანტიკურ ტრადიციას ემყარებოდა.
გეოგრაფია
ბიზანტიაში გეოგრაფიას საფუძვლად დაედო ოლქების, ქალაქების, საეკლესიო დიოცეზების ოფიციალური აღწერილობები. დაახლ. 535 წელს იეროკლემ შეადგინა „სინეკდემოსი“ (64 პროვინციისა და 912 ქალაქის აღწერილობა), რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო ბევრ გეოგრაფიულ თხზულებას. შეიქმნა აღწერები ვაჭართა (იტინერარიუმები) და მომლოცველთა მოგზაურობებისა. IV საუკუნის ანონიმურ იტინერარიუმში დაწვრილებითაა აღწერილი ხმელთაშუა ზღვა. მოცემულია მანძილები ნავსადგურებს შორის. ჩვენამდე მოღწეულია ვაჭარ კოსმა ინდიკოპლევსტის (VI ს) თხზულება „ქრისტიანული ტოპოგრაფია“, რომელიც გარდა ზოგადი კოსმოლოგიური წარმოდგენებისა, სანდო ცნობებს შეიცავს არაბული, აფრიკული და სხვა ქვეყნების ხალხთა შესახებ.
ისტორიოგრაფია
IV-VII სს-ის ბიზანტიის ისტორიულ მეცნიერებაში ჯერ კიდევ ძლიერი იყო ანტიკური ტრადიციები; გაბატონებული იყო წარმართული მსოფლმხედველობა. VI ს-ის ავტორების (პროკოპი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი) თხზულებებსაც კი არ ემჩნეოდა ქრისტიანული გავლენა. ამავდროულად IV საუკუნის ისტორიოგრაფიაში გაჩნდა ევსები კესარიელის მიერ წარმოდგენილი ახალი მიმართულება, რომელიც კაცობრიობის ისტორიას განიხილავდა როგორც თეოლოგიურ პროცესს. პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის ნაშრომები მნიშვნელოვანი წყაროა VI საუკუნის დასავლეთ საქართველოს ისტორიის შესასწავლად. საქართველოს შესახებ საინტერესო ცნობებია შემონახული IV-V სს-ის ისტორიკოსების ამიანე მარცელინუსის, ევსტათი ანტიოქიელის, პრისკე პანიონელის, გელასი კესარიელისა და სხვა ავტორების საისტორიო თხზულებებში (IV-XV სს-ის ბიზანტიელ მწერალთა ყველა ის ცნობა, რომელიც საქართველოს ეხება, გამოქვეყნებულია კრებულში „გეორგიკა“). VI-X სს-ში ისტორიულ თხზულებათა ძირითადი ჟანრი იყო ქრონოგრაფია (იოანე მალალა, თეოფანე ბიზანტიონელი, გიორგი ამარტოლი[კ 7]). ეს ქრონიკები კაცობრიობის საერთო ისტორია იყო (ჩვეულებრივ ადამიდან მოყოლებული). იწერებოდა დიდაქტიკური ტონით. ამ ეპოქის საინტერესო ისტორიკოსია იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი. მისი ინიციატივით და ზრუნვით გამოდიოდა კომპილაციური ხასიათის ენციკლოპედიური კრებულები. ავტორია რამდენიმე თხზულებისა, რომლებიც ბიზანტიის ისტორიის ძვირფასი წყაროა. XII-XIII სს-ში დაიწყო ისტორიული მეცნიერების აღმავლობა. ამ პერიოდის ისტორიულ თხზულებათა ძირითად ნაწილს შეადგენდნენ თანამედროვეთა მიერ დაწერილი ქრონიკები, რომლებიც დროის მცირე მონაკვეთს მოიცავდა (მიქაელ ფსელოსი, იოანე კინამოსი, მიქაელ ატალიატე, ანა კომნენოსი, ნიკიტა ქონიატე). ბიზანტიის ისტორიოგრაფიის უკანასკნელი აღმავლობა იმპერიის არსებობის ბოლო პერიოდს ემთხვევა. სინამდვილის ტრაგიკულმა აღქმამ გამოიწვია ისტორიული პროცესებისადმი რელატიური მიდგომა (ლაონიკე ქალკოკონდილე), რომლის მიხედვითაც ისტორიული მოვლენები ღვთის ნებას კი არ ემორჩილებოდა, არამედ ან ბედისწერის შედეგი იყო, ან შემთხვევისა.
ტექნიკა და ხელოსნობა
ბიზანტიამ მემკვიდრეობით მიიღო სოფლის მეურნეობის ანტიკური ტექნიკა (ხის უბორბლო გუთანი ჩამოსაცმელი სახნისით, სალეწი კაბადო, ხელოვნური რწყვა და სხვა) და ხელოსნობა. XII საუკუნემდე ბიზანტია იყო ევროპის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო ხელოსნური წარმოების მხრივ. განვითარებული იყო ოქრომჭედლობა, აბრეშუმსაქსოვი წარმოება, მონუმენტური მშენებლობა, გემთმშენებლობა (IX საუკუნიდან იყენებდნენ ირიბ იალქანს); IX საუკუნიდან გავრცელდა მოჭიქული კერამიკა და მინის დამზადება (ანტიკური რეცეპტებით). ანტიკური ტრადიციების შენარჩუნების სურვილი ხელს უშლიდა ტექნიკურ პროგრესს. XII საუკუნიდან ბიზანტია ხელოსნური წარმოების მთელ რიგ დარგებში ჩამორჩა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. XIV-XV სს-ში იმპერიის საფეიქრო წარმოება კონკურენციას ვეღარ უწევდა იტალიურ წარმოებას.[42]
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
გამოყენებული ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 363-369.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 106-107.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 426.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 41.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 560-561.
- ტივაძე გ., შუა საუკუნეების ისტორია, ტ. I, თბ., 1967 წ.
- ასათიანი, ვალერი (2006). ბიზანტიური ცივილიზაცია. თბილისი. ISBN 99940-31-98-8.
- მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3.
- გოზალიშვილი გ., ბიზანტიასა და ირანს შორის ბრძოლა იბერია-ლაზიკისათვის VI საუკუნეში, თბ., 1944 წ.
- ყაუხჩიშვილი ს., ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან, თბ., 1948 წ.
- დილი, შარლ (1998). ბიზანტიის ისტორია. თბილისი: ნეკერი.
რეკომენდებული ლიტერატურა
- Alemany, Agustí (2000). Sources on the Alans: A Critical Compilation. Leiden: Brill, გვ. 170–243. ISBN 90-04-11442-4.
- Ahrweiler, Hélène; Laiou, Angeliki E. (1998). „Preface“, Studies on the Internal Diaspora of the Byzantine Empire. Washington, DC: Dumbarton Oaks. ISBN 0-88402-247-1.
- Anastos, Milton V. (1962). „The History of Byzantine Science. Report on the Dumbarton Oaks Symposium of 1961“. Dumbarton Oaks Papers. 16: 409–411. doi:10.2307/1291170. ISSN 0070-7546. JSTOR 1291170.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Angold, Michael (1997). The Byzantine Empire, 1025–1204: A Political History. London: Longman. ISBN 978-0-582-29468-4.
- Antonucci, Michael (1993). „War by Other Means: The Legacy of Byzantium“. History Today. 43 (2): 11–13. ISSN 0018-2753. ციტირების თარიღი: 21 May 2007.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Apostolides, Sophocles Evangelinus (1992). Greek Lexicon of the Roman and Byzantine Periods. Hildesheim: Georg Olms. ISBN 3-487-05765-4.
- (1948) Byzantium: An Introduction to East Roman Civilization. Oxford: Clarendon Press.
- Baynes, Spencer (1907). „Vlachs“, Encyclopædia Britannica, 11th. New York.
- Beaton, Roderick (1996). The Medieval Greek Romance. New York and London: Routledge. ISBN 0-415-12032-2.
- Beckwith, John [1970] (1993). Early Christian and Byzantine Art. New Haven: Yale University Press. ISBN 0-300-05296-0.
- Béhar, Pierre (1999). Vestiges d'Empires: La Décomposition de l'Europe Centrale et Balkanique. Paris: Éditions Desjonquères. ISBN 2-84321-015-1.
- Benz, Ernst (1963). The Eastern Orthodox Church: Its Thought and Life. Piscataway: Aldine Transaction. ISBN 978-0-202-36298-4.
- Bideleux, Robert; Jeffries, Ian (1998) A History of Eastern Europe: Crisis and Change. New York and London: Routledge. ISBN 0-415-16111-8.
- Birkenmeier, John W. (2002). The Development of the Komnenian Army: 1081–1180. Leiden: Brill. ISBN 90-04-11710-5.
- Blume, Fred H. (2008). Annotated Justinian Code. Laramie: University of Wyoming.
- Bray, R. S. (2004). Armies of Pestilence: The Impact of Disease on History. James Clarke. ISBN 0-227-17240-X.
- Browning, Robert (1983). „The Continuity of Hellenism in the Byzantine world: Appearance or Reality?“, Greece Old and New. New York: Macmillan, გვ. 111–128. ISBN 0-333-27836-4.
- Browning, Robert (1992). The Byzantine Empire. Washington, DC: The Catholic University of America Press. ISBN 0-8132-0754-1.
- Bryce, James (1901). Studies in History and Jurisprudence, Vol. 1. H. Frowde. ISBN 1-4021-9046-8.
- Brooke, Zachary Nugent (1962). A History of Europe, from 911 to 1198. London: Methuen.
- Burns, Thomas S. (1991). A History of Ostrogoths. Bloomington and Indianapolis: Indiana University Press. ISBN 0-253-20600-6.
- Bury, John Bagnall (1923). History of the Later Roman Empire. London: Macmillan.
- Bury, John Bagnall; Philotheus (1911) The Imperial Administrative System of the Ninth Century: With a Revised Text of the Kletorologion of Philotheos. London: Oxford University Press.
- Cameron, Averil (1992). „New Themes and Styles in Greek Literature, 7th and 8th centuries“, რედ. Averil Cameron and Lawrence I. Conrad: The Byzantine and Islamic Early Near East I: Problems in the Literary Source Material. Darwin. ISBN 0-87850-080-4.
- Campbell, George L. [1991] (2000). Compendium of the World's Languages: Abaza to Kurdish. New York and London: Routledge. ISBN 0-415-20296-5.
- Chrysos, Evangelos (1992). „Byzantine Diplomacy, CE 300–800: Means and End“, რედ. Jonathan Shepard, Simon Franklin: Byzantine Diplomacy: Papers from the Twenty-Fourth Spring Symposium of Byzantine Studies, Cambridge, March 1990 (Society for the Promotion of Byzant). Variorum. ISBN 0-86078-338-3.
- Clark, Victoria (2000). Why Angels Fall: A Journey through Orthodox Europe from Byzantium to Kosovo. London: Macmillan. ISBN 0-312-23396-5.
- Cohen, H. Floris (1994). The Scientific Revolution: A Historiographical Inquiry. Chicago: University of Chicago Press. ISBN 0-226-11280-2.
- Dickson, Paul. Mathematics Through the Middle Ages (320–1660 AD). Medieval Mathematics. University of South Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 1 April 2008.
- Diehl, Charles (1948). „Byzantine Art“, Byzantium: An Introduction to East Roman Civilization. Oxford: Clarendon. OCLC 1058121.
- Duiker, William J.; Spielvogel, Jackson J. (2010) The Essential World History. Boston: Wadsworth. ISBN 978-0-495-90227-0.
- Esler, Philip Francis (2004). The Early Christian World. New York and London: Routledge. ISBN 0-415-33312-1.
- Evans, James Allan Stewart (2005). The Emperor Justinian and the Byzantine Empire. Westport: Greenwood. ISBN 0-313-32582-0.
- Evans, Helen C. (2004). Byzantium, Faith and Power (1261–1557). New York, NY: Metropolitan Museum of Art/Yale University Press. ISBN 1-58839-114-0.
- Fossier, Robert; Sondheimer, Janet (1997) The Cambridge Illustrated History of the Middle Ages. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-26644-0.
- Fouracre, Paul; Gerberding, Richard A. (1996) Late Merovingian France: History and Hagiography, 640–720. Manchester: Manchester University Press. ISBN 0-7190-4791-9.
- Freeman, Charles (1999). The Greek Achievement – The Foundation of the Western World. New York: Penguin. ISBN 0-670-88515-0.
- Gabriel, Richard A. (2002). The Great Armies of Antiquity. Westport: Greenwood. ISBN 0-275-97809-5.
- Garland, Lynda (1999). Byzantine Empresses: Women and Power in Byzantium, CE 527–1204. New York and London: Routledge. ISBN 0-415-14688-7.
- Grabar, André (1984). L'iconoclasme Byzantin: le dossier archéologique. Flammarion. ISBN 2-08-081634-9.
- Greatrex, Geoffrey B. (2005) „Byzantium and the East in the Sixth Century“, The Cambridge Companion to the Age of Justinian. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 477–509. ISBN 0-521-81746-3.
- Greatrex, Geoffrey; Lieu, Samuel N. C. (2002) The Roman Eastern Frontier and the Persian Wars (Part II, 363–630 AD). New York and London: Routledge. ISBN 0-415-14687-9.
- Gregory, Timothy E. (2010). A History of Byzantium. Malden: Wiley-Blackwell. ISBN 1-4051-8471-X.
- Grierson, Philip (1999). Byzantine Coinage (PDF), Washington, DC: Dumbarton Oaks. ISBN 0-88402-274-9. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2015. დაარქივებული 27 September 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Gross, Feliks (1999). Citizenship and Ethnicity: The Growth and Development of a Democratic Multiethnic Institution. Westport: Greenwood. ISBN 0-313-30932-9.
- Gutas, Dimitri (1998). Greek Thought, Arabic Culture: The Graeco-Arabic Translation Movement. New York and London: Routledge. ISBN 0-415-06132-6.
- Hacikyan, Agop Jack; Basmajian, Gabriel; Franchuk, Edward S.; Ouzounian, Nourhan (2002) The Heritage of Armenian Literature: From the Sixth to the Eighteenth Century. Detroit: Wayne State University Press. ISBN 0-8143-3023-1.
- Haldon, John (2002). Byzantium: A History. Stroud, Gloucestershire: Tempus Publishing. ISBN 1-4051-3240-X.
- Haldon, John (1990). Byzantium in the Seventh Century: The Transformation of a Culture. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-31917-X.
- Haldon, John (2003). Byzantium at War 600–1453. New York and London: Routledge. ISBN 0-415-96861-5.
- Haldon, John (2004). „The Fate of the Late Roman Senatorial Elite: Extinction or Transformation?“, რედ. John Haldon and Lawrence I. Conrad: The Byzantine and Early Islamic Near East VI: Elites Old and New in the Byzantine and Early Islamic Near East. Darwin. ISBN 0-87850-144-4.
- Halsall, Paul. (1998)East Asian History Sourcebook: Chinese Accounts of Rome, Byzantium and the Middle East, c. 91 B.C.E. – 1643 C.E.. Fordham University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 21 April 2012.
- Harris, Jonathan (2014). Byzantium and the Crusades, 2nd, Bloomsbury. ISBN 978-1-78093-767-0.
- Harvey, Alan (2003). Economic Expansion in the Byzantine Empire, 900–1200. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-52190-4.
- Haywood, John [1997] (2001). Cassell's Atlas of World History. London: Cassell. ISBN 0-304-35757-X.
- Heather, Peter (2005). The Fall of the Roman Empire. London: Macmillan. ISBN 978-0-330-49136-5.
- Heisenberg, August; Kromayer, Johannes; von Wilamowitz-Moellendorff, Ulrich (1923) Staat und Gesellschaft der Griechen und Römer, Volume 2, Part 4. Leipzig and Berlin: Teubner.
- Herrin, Judith (2008). Byzantium: The Surprising Life of a Medieval Empire. Princeton: Princeton University Press. ISBN 0-691-13151-1.
- Hindley, Geoffrey (2004). A Brief History of the Crusades. London: Robinson. ISBN 978-1-84119-766-1.
- Hooper, Nicholas; Bennett, Matthew (1996) The Cambridge Illustrated Atlas of Warfare: The Middle Ages. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-44049-1.
- James, Liz (2010). A Companion to Byzantium. Chichester: John Wiley. ISBN 1-4051-2654-X.
- Jones, Arnold Hugh Martin (1986). The Later Roman Empire, 284–602: A Social Economic and Administrative Survey. Baltimore: Johns Hopkins University Press. ISBN 0-8018-3353-1.
- Kaegi, Walter Emil (2003). Heraclius, Emperor of Byzantium. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-81459-6.
- Kaldellis, Anthony (2007). Hellenism in Byzantium: The Transformations of Greek Identity and the Reception of the Classical Tradition. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-87688-5.
- Kazhdan, Alexander, ed. (1991). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8.
- Kazhdan, Alexander Petrovich; Constable, Giles (1982) People and Power in Byzantium: An Introduction to Modern Byzantine Studies. Washington, DC: Dumbarton Oaks. ISBN 0-88402-103-3.
- Kazhdan, Aleksandr Petrovich; Epstein, Ann Wharton (1985) Change in Byzantine Culture in the Eleventh and Twelfth Centuries. Berkeley and Los Angeles: University of California Press. ISBN 0-520-05129-7.
- Kean, Roger Michael (2006). Forgotten Power: Byzantium: Bulwark of Christianity. Shropshire: Thalamus. ISBN 1-902886-07-0.
- Kitzinger, Ernst (1976). „Byzantine Art in the Period between Justinian and Iconoclasm“, რედ. W. E. Kleinbauer: The Art of Byzantium and the Medieval West: Selected Studies by Ernst Kitzinger. Bloomington: Indiana University Press, გვ. 157–232. ISBN 0-253-31055-5.
- Kountoura-Galake, Eleonora (1996). Ο βυζαντινός κλήρος και η κοινωνία των "Σκοτεινών Αἰώνων ["The Byzantine Clergy and the Society of the 'Dark Ages'"] (Greek). Athens: Ethniko Idryma Erevnon. ISBN 978-960-7094-46-9.
- Laiou, Angeliki E.; Morisson, Cécile (2007) The Byzantine Economy. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-84978-0.
- Laiou, Angeliki E. (2002). „Writing the Economic History of Byzantium“, რედ. Angeliki E. Laiou: The Economic History of Byzantium (Volume 1). Washington, DC: Dumbarton Oaks, გვ. 3–8. ციტირების თარიღი: 2015-02-02. დაარქივებული 2013-09-30 საიტზე Wayback Machine.
- Lapidge, Michael; Blair, John; Keynes, Simon (1998) The Blackwell Encyclopaedia of Anglo-Saxon England. Malden: Blackwell. ISBN 0-631-22492-0.
- Lenski, Noel (1999). „Assimilation and Revolt in the Territory of Isauria, From the 1st Century BC to the 6th Century AD“. Journal of the Economic and Social History of the Orient. 42: 413–465. doi:10.1163/1568520991201687. ISSN 0022-4995. JSTOR 3632602.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Louth, Andrew (2005). „The Byzantine Empire in the Seventh Century“, რედ. Paul Fouracre and Rosamond McKitterick: The New Cambridge Medieval History (Volume I). Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-36291-1.
- Lowe, Steven; Baker, Martin. The Seljuqs of Rum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივლისი 2007. ციტირების თარიღი: 9 July 2007.
- Madden, Thomas F. (2005). Crusades: The Illustrated History. Ann Arbor: University of Michigan Press. ISBN 0-472-03127-9.
- Magdalino, Paul (2002). „Medieval Constantinople: Built Environment and Urban Development“, რედ. Angeliki E. Laiou: The Economic History of Byzantium (Volume 2). Washington, DC: Dumbarton Oaks, გვ. 529–537. ციტირების თარიღი: 2015-02-02. დაარქივებული 2013-09-30 საიტზე Wayback Machine.
- Magdalino, Paul (2002). The Empire of Manuel I Komnenos, 1143–1180. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-52653-1.
- Millar, Fergus (2006). A Greek Roman Empire: Power and Belief under Theodosius II (408–450). Berkeley and Los Angeles: University of California Press. ISBN 0-520-24703-5.
- Neumann, Iver B. (2006). „Sublime Diplomacy: Byzantine, Early Modern, Contemporary“. Millennium: Journal of International Studies. 34 (3): 865–888. doi:10.1177/03058298060340030201. ISSN 1569-2981.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Neubecker, Ottfried; Brooke-Little, John Philip (1997) Heraldry: Sources, Symbols and Meaning. Time Warner. ISBN 0-316-64141-3.
- Neville, Leonora Alice (2004). Authority in Byzantine Provincial Society, 950–1100. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-83865-7.
- Nicol, Donald MacGillivray (1993). The Last Centuries of Byzantium, 1261–1453. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-43991-4.
- Norwich, John Julius (1998). A Short History of Byzantium. Ringwood, Vic.: Penguin. ISBN 978-0-14-025960-5.
- Paparrigopoulos, Constantine; Karolidis, Pavlos (1925) Ιστορία του Ελληνικού Έθνους ["History of the Greek Nation"], vol. 4 (Greek). Eleftheroudakis.
- Parry, Kenneth (1996). Depicting the Word: Byzantine Iconophile Thought of the Eighth and Ninth Centuries. Leiden and New York: Brill. ISBN 90-04-10502-6.
- Patterson, Gordon M. [1990] (1995). The Essentials of Medieval History: 500 to 1450 AD, the Middle Ages. Piscataway: Research and Education Association. ISBN 978-0-87891-705-1.
- Postan, Michael Moïssey; Miller, Edward; Postan, Cynthia (1987) The Cambridge Economic History of Europe (Volume 2). Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-08709-0.
- Pounds, Norman John Greville (1979). An Historical Geography of Europe, 1500–1840. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-22379-2.
- Runciman, Steven (1970). The Last Byzantine Renaissance. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-07787-7.
- Ryan, Herbert J. (1993). „The Church in History“, The College Student's Introduction to Theology. Liturgical Press. ISBN 0-8146-5841-5.
- Sarantis, Alexander (2009). „War and Diplomacy in Pannonia and the Northwest Balkans during the Reign of Justinian: The Gepid Threat and Imperial Responses“. Dumbarton Oaks Papers. 63: 15–40. JSTOR 41219761.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Sedlar, Jean W. (1994). East Central Europe in the Middle Ages, 1000–1500. Seattle: University of Washington Press. ISBN 0-295-97290-4.
- Seton-Watson, Hugh (1967). The Russian Empire, 1801–1917. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-822152-5.
- Shahid, Irfan (1972). „The Iranian Factor in Byzantium during the Reign of Heraclius“. Dumbarton Oaks Papers. 26: 293–320. doi:10.2307/1291324. ISSN 0070-7546. JSTOR 1291324.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Sotinel, Claire (2005). „Emperors and Popes in the Sixth Century: The Western View“, The Cambridge Companion to the Age of Justinian. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 267–290. ISBN 0-521-81746-3.
- Speck, Paul (1984). „Ikonoklasmus und die Anfänge der Makedonischen Renaissance“. Poikila Byzantina. 4: 175–210.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Stephenson, Paul (2000). Byzantium's Balkan Frontier: A Political Study of the Northern Balkans, 900–1204. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-77017-3.
- Stone, Andrew. John II Komnenos (CE 1118–1143). Online Encyclopedia of Roman Emperors. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 18 May 2007.
- Stone, Andrew. Manuel I Komnenos (CE 1143–1180). Online Encyclopedia of Roman Emperors. ციტირების თარიღი: 5 February 2007.
- Watson, Bruce (1993). Sieges: A Comparative Study. Westport: Praeger. ISBN 0-275-94034-9.
რესურსები ინტერნეტში
- www.bu.org.ge ბიზანტიის იმპერიის ისტორია დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- planeta.ge - ბიზანტიის ისტორია დაარქივებული 2017-04-26 საიტზე Wayback Machine.
- pmc.edu.ge. pdf
- mzekabanii.blogspot.com
- ბიზანტიის იმპერიის ისტორია დაარქივებული 2015-01-22 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ბიზანტიის იმპერია (ინგლისური)
რუკები
- ბიზანტიის იმპერია 527-565; 1020; 1360 წლებში დაარქივებული 2016-03-07 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ბიზანტიის იმპერია 1045 წელს დაარქივებული 2015-03-20 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ბიზანტიის იმპერია 1204 წელს (ინგლისური)
- ბიზანტიის იმპერია 1000-სა და 1100 წელს დაარქივებული 2016-03-25 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
კომენტარები
- ↑ ბიზანტიის იმპერიის, როგორც სრულფასოვანი ცალკე სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი საკმაოდ საკამათოა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიაა 330 წელი, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინე I-მა დედაქალაქი რომიდან ბიზანტიონში (მოგვიანებით კონსტანტინოპოლი) გადაიტანა, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებიც. 1) III საუკუნის დასასრული — იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ აღმოსავლეთ რომის იმპერიის, როგორც ცალკე ერთეულის შექმნა. 2) IV ს-ის შუა ხანები — კონსტანტინოპოლის დედაქალაქად ფორმირების დასასრული (კონსტანციუს II-ის მმართველობა). 3) 395 წელი — იმპერატორ თეოდოსიუს I-ის გარდაცვალების შემდეგ რომის იმპერიის ორად გაყოფა. 4) 476 წელი — დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა. 5) VI საუკუნის შუა ხანები — იმპერატორ იუსტინიანე I-ის მმართველობა.
- ↑ ქალაქს სტამბოლი ოფიციალურად 1930 წლის 28 მარტს ეწოდა.
- ↑ სახელწოდება „ახალი რომი“ ოფიციალურ დოკუმენტებში პირველად კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრების (381 წ.) კანონებში გვხვდება, სადაც ის გამოიყენება იმის დასასაბუთებლად, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტი მეორეა რომის შემდეგ.
- ↑ „რომანია“, რომელიც ნიშნავდა „რომაელთა მიწას“,[11] იყო იმპერიის პოპულარული სახელი, რომელიც, ძირითადად, არაოფიციალურად გამოიყენებოდა. 1081 წლის შემდეგ, ის ზოგჯერ იმპერიის ოფიციალურ დოკუმენტებშიც გვხვდება; ასევე, 1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ლიდერებმა ასე უწოდეს ახლადდაარსებულ ლათინთა იმპერიას.[12] ტერმინი არ გულისხმობს თანამედროვე რუმინეთს, რომლის სახელწოდებაც მრავალ ენაზე ემთხვევა იმპერიის სახელის ამ ვარიანტს.
- ↑ „იუსტინიანეს კრებული“ შემდგომ საუკუნეებში არაერთხელ გადამუშავდა და შეივსო, მაგრამ დარჩა სამართლის უმნიშვნელოვანეს წყაროდ შუა საუკუნეების ევროპისათვის. კოდექსმა გავლენა მოახდინა საქართველოზეც, რაც თვალსაჩინოდ ვლინდება ვახტანგ VI-ის „სამართლის წიგნში“.
- ↑ ბოსრა გეგმით რამდენადმე ენათესავება ბანას ტიპის ქართულ და სომხურ ტაძრებს.
- ↑ გიორგი ამარტოლის ნაშრომი „ქრონოგრაფია“ XII საუკუნეში ქართულად თარგმნა არსენ იყალთოელმა.
სქოლიო
- ↑ Zie Professor Howard Wisemans website დაარქივებული 2008-06-21 საიტზე Wayback Machine. over het Romeinse Rijk.
- ↑ ბიზანტიონი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ James 2010, p. 5.
- ↑ Freeman 1999, p. 431; 435-437; 459-462.
- ↑ Baynes 1948, p. XX.
- ↑ 6.0 6.1 ვალერი ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, 2006, გვ. 13
- ↑ genia.ge — კონსტანტინოპოლის შესახებ...
- ↑ http://www.georoyal.ge — წმიდა იმპერატორი თეოდოსი I დიდი
- ↑ Fox, What, If Anything, Is a Byzantine?; Rosser 2011, p. 1
- ↑ Rosser 2011, p. 2.
- ↑ Fossier და Sondheimer 1997, p. 104
- ↑ Wolff 1948.
- ↑ Ahrweiler 1983, p. 47-58.
- ↑ Teodoro Estudita & século IX, p. 745; 458.
- ↑ Cinnamus 1976, p. 240; Theodore the Studite, Epistulae, 145, line 19 ("ἡ ταπεινὴ Γραικία"), and 458, line 28 ("ἐν Ἀρμενίᾳ καὶ Γραικίᾳ").
- ↑ 16.0 16.1 Ostrogorsky 1959, p. 21; Wells 1922, Chapter 33.
- ↑ Foss 1975, p. 722.
- ↑ 18.0 18.1 ვალერი ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, 2006, გვ. 35
- ↑ Haldon 1990, p. 41; Speck 1984, p. 178.
- ↑ 20.0 20.1 ვალერი ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, 2006, გვ. 31
- ↑ Haldon 1990.
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012, გვ. 113
- ↑ Haldon 1990, p. 46; Baynes 1912, passim; Speck 1984, p. 178.
- ↑ Browning 1992, p. 115.
- ↑ 25.0 25.1 25.2 Browning, Robert (1992). The Byzantine Empire. Washington, DC: The Catholic University of America Press. ISBN 978-0-8132-0754-4, გვ.. 114–15
- ↑ 26.0 26.1 Cameron, Averil (2009). Οι Βυζαντινοί (ბერძნულად). Athens: Psychogios. ISBN 978-960-453-529-3, გვ.. 77
- ↑ Cyril Toumanoff (31 October 2018). „Caucasia and Byzantium“, Languages and Cultures of Eastern Christianity: Georgian. Taylor & Francis, გვ. 62. ISBN 978-1-351-92326-2.
- ↑ თეოდორე I ლასკარისი — უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ვ-ი
- ↑ 29.0 29.1 ქსე, ტ. 7, გვ. 426
- ↑ 30.0 30.1 ვალერი ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, 2006, გვ. 112
- ↑ ქსე, ტ. 2, გვ. 367
- ↑ შარლ დილი, ბიზანტიის ისტორია, 1998
- ↑ 33.0 33.1 ვალერი ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, 2006, გვ. 113
- ↑ Reinert 2002, p. 270.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 365.
- ↑ Hindley 2004, p. 300.
- ↑ ვალერი ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, 2006, გვ. 36
- ↑ ვალერი ასათიანი, ბიზანტიური ცივილიზაცია, 2006, გვ. 40
- ↑ Jennifer Fretland VanVoorst (2012). The Byzantine Empire. Capstone, გვ. 14.
- ↑ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა — ენციკლოპედია ბრიტანიკა
- ↑ ქსე, ტ. 2, გვ. 366
- ↑ ქსე, ტ. 2, გვ. 365-366