ეპიგრამა
ეპიგრამა (ბერძ. epigramma, სიტყვასიტყვით — „წარწერა“, „ეპი“ – ზევიდან და „გრამა“ – ნაწერი) — მოკლე, საინტერესო, დასამახსოვრებელი, ზოგჯერ სატირული გამონათქვამი.
ძველ საბერძნეთში ასე უწოდებდნენ მოკლე წარწერებს ტაძარზე, ქანდაკებათა კვარცხლბეკზე, საკურთხეველზე შეწირულ საგნებზე. თავდაპირველად წარწერები არ ატარებდა პოეტურ ხასიათს, მაგრამ მოგვიანებით დაიწყეს წარწერის მოკლე ლექსის სახით ამოკვეთა ან მოჭედვა და ეპიგრამა მხატვრული ლიტერატურის ნიმუშად გადაიქცა. ძველ ბერძნულ ეპიგრამას ფართო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სიტყვით აღინიშნებოდა სხვადასხვა შინაარსის მოკლე ლირიკული ლექსი: სატრფიალო, სალხინო, ელეგიური, სატირული, სახოტბო და სხვ.
ეპიგრამა განსაკუთრებით განვითარდა ძველბერძნულ ლიტერატურაში — ელინისტი პოეტების შემოქმედებაში (ძვ. წ. III ს. – ახ. წ. I ს.) და რომაულ ლიტერატურაში, კერძოდ, მარციალისის სატირულ შემოქმედებაში (ახ. წ. I ს.). ეპიგრამის ტრადიციები გრძელდებოდა შუა საუკუნეებსა და რენესანსის ეპოქაში როგორც ბიზანტიურ, ისე ლათინურ ლიტერატურაში. ახალ ევროპულ ლიტერატურაში ეპიგრამა სატირული პოეზიის მცირე ჟანრად იქცა. ეპიგრამის ძირითადი კომპოზიციური ხერხია ექსპოზიციისა (საწყისი მოქმედების გარემოსა და გარემოების ამსახველი ნაწილი) და ენამახვილური დასასრულის დაპირისპირება.
ქართულ ლიტერატურაში ეპიგრამის თვალსაჩინო ნიმუშებია ბესიკის „მზეჭაბუკ ორბელიანს“; აკაკი წერეთლის გამკილავი ეპიგრამა, მიმართული რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრ გრაფ მიხეილ ლორის-მელიქოვისადმი; ილია ჭავჭავაძის ეპიგრამა თავადაზნაურობის მარშალ რევაზ ანდრონიკაშვილისადმი, რომელმაც იმპერატორს საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის ნაცვლად სთხოვა კადეტთა კორპუსის გახსნა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჭილაია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ეპიგრამა“ ვიკისაწყობში.
- ეპიგრამა — სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი.