ბესიკი

ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე

ბესიკი (ნამდვილი გვარი და სახელი — ბესარიონ ზაქარიას ძე გაბაშვილი) (დ. 1750, თბილისი — გ. 4 თებერვალი [ძვ. სტ. 24 იანვარი], 1791, იასი, მოლდოვის სამთავრო) — ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი.

ბესიკი
დაბადების თარიღი 1750[1]
დაბადების ადგილი თბილისი[2]
გარდაცვალების თარიღი 24 იანვარი (4 თებერვალი), 1791
გარდაცვალების ადგილი იასი[2]
ფსევდონიმი ბესიკი
საქმიანობა დიპლომატი და პოეტი
Magnum opus ტანო-ტატანო
ხელმოწერა
ბესიკის საფლავის ქვა იასში (რუმინეთი), რომელზედაც გამოსახულია გაბაშვილების საგვარეულო გერბი (ზემოთ) [3][4][5] და ბერძნულ-ქართული წარწერები.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია. ბესიკის პოეტურ ქმნილებებში ჩანს როგორც აღმ., ისე დას. ლიტერატურის ცოდნა. ერეკლე II-ის კარზე პოეტის მეგობრები იყვნენ მოწინავე მოღვაწეები და მწერლები: ლევან ბატონიშვილი, სარდალი დავით ორბელიანი, დავით რექტორი და სხვები. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ბესიკის პოეტურ შედევრთა უმრავლესობა. ზაქარია გაბაშვილისა და კათალიკოს ანტონ I-ს შორის კონფლიქტი ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით დამთავრდა. ამან გარკვეული როლი ითამაშა ბესიკის ცხოვრებაში. მას ქართლ-კახეთის დატოვება მოუხდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ბესიკი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარზე იმყოფებოდა. სოლომონ I-მა ბესიკს ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთ-უხუცესის სახელი უბოძა. 1778 ბესიკი ირანში გაემგზავრა ქერიმ-ხანთან დიპლომატიური მისიით, მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა; იქაურმა საშინაო ომებმა კი საბოლოოდ ჩაშალა ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთის გამოყენების შესაძლებლობა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ბესიკი მხარს უჭერდა დავით გიორგის ძის გამეფებას. 1787 დავით მეფემ ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია: რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783, და იმერეთში დამხმარე ლაშქარი შემოყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი ფელდმარშალი გრიგოლ პოტიომკინი. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა.

2019 წლის 24-25 იანვარს რუმინეთში გაიმართა ქართული კულტურის დღეები, რომლის ფარგლებში ქალაქ იასის ისტორიულ ცენტრში ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა[6]. თბილისში არსებობს მისი სახელობის მოედანი და ქუჩა.

შემოქმედება

რედაქტირება

ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები (ანბანთქებანი, აკროსტიქები და სხვ.). უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რომანტიკული განწყობილებით აღბეჭდილი ლირიკული ლექსების ციკლი: „სევდის ბაღს შეველ“, „მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა“, „ტანო-ტატანო“, „მე შენზე ფიქრმა მიმარინდა“ და სხვა. ამ ლექსებს აერთიანებს თემატიკური რკალი, საერთო ლირიკული გმირი. ბესიკის პოეტური კონცეფცია უპირისპირდება „აღორძინების ხანის“ სხვა პოეტებს, რომელთა ლექსებში სიყვარულის გრძნობა მისტიკურ საბურველშია გახვეული (საგანი სიყვარულისა უპირატესად არის ღმერთი). ბესიკი ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობებს უმღერის და მის ლექსებში უშუალო, გრძნობად-კონკრეტული მიმართებანი ჭარბობს.

ქართული ლირიკის ისტორიაში ბესიკს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სატრფიალო ლირიკა. მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში ბესიკის ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა; ამან იშვიათი პოპულარობა მოუპოვა პოეტს თანამედროვეთა შორის.

საგმირო-პატრიოტულ პოემაში „ასპინძისათვის“ ბესიკმა 1770 ოსმალო-ლეკთა ჯარზე ქართველთა გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა „რუხის ომი“. სატირულ-იუმორისტული ხასიათის პოემაში „რძალ-დედამთილიანი“ ბესიკმა პირველმა დაამუშავა ხალხურ პოეზიაში გავრცელებული თემა, ძალზე დაუახლოვდა ხალხურ, სასაუბრო მეტყველებას. ყოველივე ამით მან, დავით გურამიშვილთან ერთად, ქართულ მწერლობაში გზა გაუკაფა საყოფაცხოვრებო ხასიათის ჟანრებს. ბესიკს დაწერილი აქვს რამდენიმე სატირული ლექსიც (მაგ., „ჭაბუა ორბელიანზე“ და სხვ.).

ბესიკის პოეზიისათვის დამახასიეთებელია მდიდარი მეტაფორული აზროვნება, დახვეწილი ბგერწერა. მან საგრძნობლად აამაღლა პოეტური ტექნიკა, შექმნა ლექსის ახალი სახეობანი. ქართული პოეზიის არაერთი ორიგინალური მეტაფორა ბესიკის სახელს უკავშირდება („სევდის ბაღი“, „ცრემლთა ისხარნი“, „შავნი შაშვნი“ და ა. შ.). ბესიკის ლექსებმა მრავალი ხელნაწერი კრებულის სახით მოაღწია. ზოგ მათგანში შესულია არა მარტო ბესიკის, არამედ მის მიმბაძველთა ლექსებიც, რაც ერთობ ართულებს ავთენტიკური მასალის შერჩევას. მაინც შესაძლებელი გახდა მისი ლექსების თავმოყრა, გამოცემა (1855, 1962) და ბესიკის მდიდარი პოეტური მემკვიდრეობის მთლიანობაში წარმოდგენა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1940;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1956;
  • მაჭარაძე ვ., ბესიკი დიპლომატიურ სარბიელზე, თბ., 1968;
  • ქართული ლიტერატირის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
  • ცაიშვილი ს., ბესიკი, თბ., 1962;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Identifiants et RéférentielsABES, 2011.
  2. 2.0 2.1 Бесики // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. ასათიანი თ., ქართული გერბთმცოდნეობა ანუ ჰერალდიკა. — გვ. 104.
  4. გ. ლეონიძე, გამოკვლევები და წერილები, თბ., 1958. — გვ. 389.
  5. ო. გიგინეიშვილი, ბესიკის საფლავი, ჟურ. „ლიტერატურა და ხელოვნება“. 1949 წ. 9 ოქტომებერი, N 40.
  6. რუმინეთში ბესიკის ძეგლი დადგეს