ზაქარია გაბაშვილი
ზაქარია გაბაშვილი (დ. დაახლოებით 1705 ― გ. დაახლოებით 1780) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. მამა ბესიკ გაბაშვილისა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგაბაშვილი ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი იყო. როგორც ქართული ეკლესიის ორთოდოქსული ფრთის მეთაური, კათოლიკოს ანტონ I-ს დაუპირისპირდა. კონფლიქტის საბაბად ანტონის კათოლიკობისადმი მისწრაფება იქცა. გაბაშვილის თაოსნობით საეკლესიო კრებამ (1755) ანტონი თანამდებობიდან გადააყენა და 1756 წელს იგი რუსეთში გააძევეს. თეიმურაზ II-ის გარდაცვალების (1762) შემდეგ სამეფო კარზე გაბაშვილის გავლენა შემცირდა. ერეკლე II-მ ანტონი საქართველოს ეკლესიის მეთაურად აღადგინა (1764). გაბაშვილმა ანტონ I-ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა, რის გამოც იგი დააპატიმრეს. საეკლესიო კრებამ გაბაშვილი სარწმუნოების „გამრყვნელად“ გამოაცხადა, შეაჩვენა და მღვდლობიდან განკვეთა. გაბაშვილი პატიმრობიდან გაიპარა და 1767 ჩავიდა ყიზლარში. 1768-1770 წლებში გაბაშვილი მოსკოვსა და პეტერბურგში იმყოფებოდა. აქ ის ბრალს სდებდა ანტონ I-ს სარწმუნოების ღალატში, მაგრამ სინოდმა მას მხარი არ დაუჭირა. იმედგაცრუებული გაბაშვილი 1771 წელს იმერეთში დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა სოლომონ I-ის კარზე მოიყარა თავი. გაბაშვილი ქუთაისსა და გელათში ცხოვრობდა.
გაბაშვილი განათლებული და ძველ ქართულ მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის პოეტური თხზულება, ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის შესხმა „ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი“ და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა „კატისა და თაგვების ომი“. გაბაშვილი 1750-1751 წლებში მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა „კონდაკის“ ტექსტი. გაბაშვილი გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარამიძე ა., ბესარიონ გაბაშვილი, წგნ.: ბესიკი, თხზულებანი, თბ., 1962;
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
- ლეონიძე გ., გამოკვლევები და წერილები, თბ., 1959;
- მისივე, ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან ტ. 1, თბ., 1949;
- ცაიშვილი ს., ბესარიონ გაბაშვილი, წგნ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- მაჭარაძე ვ., ქსე, ტ. 2, გვ. 603, თბ., 1977