გრიგოლ პოტიომკინი

გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი (რუს. Григо́рий Алекса́ндрович Потёмкин) (დ. 13 სექტემბერი, 1739, სოფ. ჩიჟოვო, ახლანდ. სმოლენსკის ოლქი, რუსეთი, — გ. 5 ოქტომბერი, 1791, ქ. იასის რ-ნი, რუმინეთი) — რუსი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, დიპლომატი, გენერალ-ფელდმარშალი (1784).

თავადი გ. ა. პოტიომკინ-ტავრიდელი (მხატვარი ჯ.-ბ. ლამპი-უფროსი, 1780-იანი წლები)

დაიბადა ოფიცრის ოჯახში. პოტიომკინმა ეკატერინე II-ის ყურადღება პეტრე III-ის წინააღმდეგ 1762 წლის სასახლის გადატრიალების დროს მიიპყრო, მალე მისი ფავორიტი და ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. თავი გამოიჩინა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში. ეკატერინე II-თან პირადმა სიახლოვემ და ადმინისტრატორულმა ნიჭმა პოტიომკინი რუსეთში ყველაზე გავლენიან პიროვნებად აქცია. 1774 წელს ორგანიზაცია გაუკეთა დამსჯელ ღონისძიებებს ემელიან პუგაჩოვის გლეხთა აჯანყების წინააღმდეგ. 1775 წელს მისი ინიციატივით გაუქმდა ზაპოროჟიეს სეჩი, რომელსაც რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება კაზაკთა მღელვარებების ერთ-ერთ წყაროდ მიიჩნევდა.

პოტიომკინის „ტავრიდის სასახლე“ პეტერბურგში (არქიტეტორი ივან სტაროვი, 1783-1789)

1776 წელს პოტიომკინი დაინიშნა ნოვოროსიის, ასტრახანისა და აზოვის გენერალ-გუბერნატორად. რუსეთის იმპერიის ამ სამხრეთ გუბერნიებში ის ფაქტობრივად შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობდა. 1783 წელს პოტიომკინმა განახორციელა თავისი პროექტი ყირიმის რუსეთთან შეერთებისა და ამისთვის მიენიჭა ტავრიდელი თავადის ტიტული. იმავე წელს მისი აქტიური მონაწილეობით ხელი მოაწერეს რუსეთ-საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატს. პოტიომკინის ინიციატივითა და ხელშეწყობით დაარსდა ქალაქები ხერსონი, ნიკოლაევი, სევასტოპოლი და ეკატერინოსლავი, გაიზარდა შავი ზღვის სამხედრო და სავაჭრო ფლოტი. 1784 წელს დაინიშნა სამხედრო კოლეგიის პრეზიდენტად. რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 წლების ომში მთავარსარდალი იყო, ხელმძღვანელობდა ოჩაკოვის ალყას (1788). გარდაიცვალა ქ. იასიში, ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების დროს.

თანამედროვეები პოტიომკინს აღწერენ, როგორც ხორციელი სიამეების, აზარტული თამაშებისა და ფუფუნების მოყვარულ ადამიანს. რუსეთის სამხრეთში მისი მმართველობა ხშირად ასოცირდება „პოტიომკინის სოფლებთან“, რომლებიც პოტიომკინმა თითქოსდა ყირიმში დაარსებული ახალშენების მოჩვენებითი კეთილდღეობის გამოსახატავად მოაწყო. პოტიომკინის ინიციატივით და შეკვეთით რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ააგეს არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული შენობა, მათ შორის, ტავრიდის სასახლე პეტერბურგში.

ლიტერატურა

რედაქტირება