ზაპოროჟიეს სეჩი

უკრაინის კაზაკთა სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება

ზაპოროჟიეს სეჩი (უკრ. Запорозька Січ, რუს. Запорожская Сечь) — უკრაინელ კაზაკთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია XVI–XVIII საუკუნეებში დნეპრის ჭორომებს ქვემოთ. მის ბირთვს ძირითადად შეადგენდა უკრაინელი გლეხობა და ქალაქის ღარიბობა, რომლებიც გამოექცნენ ფეოდალთა უსამართლობას. აქტიურად იბრძოდა როგორც ოსმალეთის, ისე ყირიმის სახანოს, აგრეთვე პოლონეთის ფეოდალთა წინააღმდეგ. კაზაკები აგებდნენ ხის ციხესიმაგრეებს — „სეჩებს“, სადაც თავს აფარებდნენ მტრის თავდასხმის დროს. აქედან მომდინარეობს ამ თავისებური რესპუბლიკის სახელწოდება. XVI საუკუნიდან ზაპოროჟიეს სეჩში დაიწყო მოსახლეობის კლასობრივი დაყოფა. უკრაინის რუსეთთან შეერთების (1654) შემდეგ მისი სამხედრო და პოლიტიკური უფლებები თანდათან დაეცა, 1709 წელს კი შვედებთან კავშირის გამო რუსეთის ჯარმა დაანგრია, კაზაკთა ნაწილი ყირიმის სახანოს ტერიტორიაზე გადავიდა. 1734 წელს რუსეთის მთავრობის ნებართვით ისინი უკან დაბრუნდნენ და ე.წ. ახალი სეჩი შექმნეს. პუგაჩოვის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, რაკი კაზაკებში მღელვარება იყო, 1775 წლის ივნისში მეფის ჯარმა დაანგრია კაზაკთა სიმაგრეები და ზაპოროჟიეს ჯარი დაშლილად გამოაცხადა, რის შედეგადაც ზაპოროჟიეს სეჩმა არსებობა შეწყვიტა.[1]

ზაპოროჟიეს სეჩი (იისფერი) რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, 1751

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 307–308.