გლეხთა ომი ემელიან პუგაჩოვის წინამძღოლობით

გლეხთა ომი ემელიან პუგაჩოვის წინამძღოლობით1773-1775 წლებში მიმდინარე გლეხების ომი რუსეთში. თავისი მაშტაბებით ეს ომი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი იყო. მოიცვა ორენბურგის მხარე, ურალი, ურალისპირეთი, ციმბირი, შუა და ქვემო ვოლგისპირეთი. აჯანყებულთა რიცხვი 100 000 აღწევდა. რუს გლეხებთან და კაზაკებთან ერთად აჯანყებაში მონაწილეობდნენ ბაშკირები, თათრები, ყალმუხები, ყირგიზები, ყაზახები, მორდველები და სხვა. აჯანყება გაიშალა ფეოდალიზმის რღვევისა და კაპიტალური ურთიერთობების განვითარების პირობებში, რამაც მას გარკვეული თავისებურება შესძინა. აჯანყებულებს შეუერთდნენ ურალის ქარხნების მუშები, რომლებიც გამოირჩეოდნენ შეიარაღებითაც და ორგანიზებულობითაც.

ვასილი პეროვი, „პუგაჩოვის სასამართლო“, 1875 წ.
აჯანყების საწყისი ეტაპის რუკა

აჯანყებას სათავეში ჩაუდგა დონელი კაზაკი ემელიან პუგაჩოვი. მან 1773 წლის სექტემბერში იმპერატორ პეტრე III-ის სახელი დაირქვა და კაზაკთა 80 000 კაციანი რაზმით იაცკი-გოროდოკის ასაღებად გაემართა. პირველივე დღიდანვე პუგაჩოვმა წერილობით თუ ზეპირად ფართო აგიტაცია გააჩაღა რუს და არარუს მოსახლეობაში. პუგაჩოვმა ვერ აიღო იაცკი-გოროდოკი და გუბერნიის ცენტრისკენ, ორენბურგისკენ გაეშურა. ბლოკადა 6 თვეს გაგრძელდა. აქ, ორენბურგის ბანაკში, პუგაჩოვის რაზმი ყოველდღიურად იზრდებოდა. 1773 წლის ბოლოს მის არმიაში 25 000 კაცი და 86 000 ზარბაზანი იყო. მალე აჯანყება მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ რუსეთს მოედო. 1774 წლის თებერვალში პუგაჩოველთა ხელთ იყო ურალის მეტალორგიული ქარხნების ¾, რომლებიც პუგაჩოვის ბანაკში აგზავნიდნენ ფულს, ტყვია-წამალს, ზარბაზნებსა და სურსათს, ან აჯანყებულთა სხვა რაზმებს ამარაგებდნენ. ურალის ქარხნების საერთო უფროსათ პუგაჩოვმა ხლოპუშა დანიშნა. აჯანყებულ ბაშკირებს ხელმძღვანელობდნენ კინზა არსლანოვი და სალავატ იულაევი. აჯანყებულთა ცენტრები ჩამოყალიბდა ეკატერინბურგთან, ჩელიაბინსკთან, სამარასთან და სხვა.

მაგრამ აჯანყების ძირითად ცენტრად პუგაჩოვის არმია რჩებოდა. მან შექმნა ე. წ. „სამხედრო კოლეგია“, რომელსაც არმიის ორგანიზაციის საკითხები ევალებოდა. 1773 წლის ოქტომბერში აჯანყების ჩასაქრობად გაიგზავნა რეგულარული არმიის ნაწილები გენერალი კარის სარლობით, მაგრამ 7-9 ნოემბერს აჯანყებულებმა გაანადგურეს მისი რაზმი. დეკემბერში აჯანყებულთა წინაახმდეგ მოქმედი არმიის სარდლად დაინიშნა გენერალი ანშეფი რომელმაც 1774 წლის მარტში ტატიშჩევის ციხესთან დაამარცხა პუგაჩოვის არმია. 24 მარტს პოდპოლკოვნიკმა მიხელსონმა გაანადგურა აჯანყებულთა უფის რაზმი და დაატყვევა ჩიკა-ზარუბინი. აპრილში პუგაჩოვი კვლავ დამარცხდა, დაკარგა არმიისა და თანამებრძოლთა დიდი ნაწილი და ჯერ ურალის მთებს შეაფარა თავი, შემდეგ ბელობორდოვისა და ოვჩინიკის რაზმებს შეუერთდა და ტროიცკის ციხე აიღო. მაგრამ მიხელსონის კორპუსმა რამდენიმე მძიმე მარცხი მიაყენა მას. ურალიდან განდევნილმა პუგაჩოვმა ივნისში ყაზანის აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 15 წლის მიხელსონმა ერთხელ კიდევ დაამარცხა პუგაჩოვი, რომელმაც 7 ათასამდე კაცი და მთელი არტილერია დაკარგა. პუგაჩოვი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე გადავიდა და გამოაქვეყნა მანიფესტი გლეხთა ყმობისგან განთავისუფლების შესახებ. აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა, მაგრამ პუგაჩოვმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა რუს მჭიდროდ დასახლებული გლეხური რაიონებისკენ წასვლის ნაცვლად, დონელი კაზაკების მიმხრობის იმედით სამხრეთ დონისაკენ დაეშვა. გზად მან აიღო ალატირი, სარანსკი, პენზა, პეტროვსკი, სარატოვი. მალე პუგაჩოვი მიატოვეს დონელმა კაზაკებმა და ყალმუხებმა, ხოლო 1774 წლის 25 აგვისტოს მიხელსონთან ბრძოლის დროს, იაიკელ კაზაკთა ღალატის შედეგად, მან არტილერიაც დაკარგა, დამარცხდა, გაიქცა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა.

აჯანყების ლიკვიდაცია მეფის მთავრობამ საბოლოოდ მხოლოდ 1775 წლის ზაფხულისთვის მოახერხა. აჯანყებულთა ბელადები სიკვდილით დასაჯეს, დიდი ნაწილი კატორღაში გაგზავნეს. პუგაჩოვის მოძრაობას ახასიათებდა ანტიფეოდალური ომების ყველა ნიშანი — სტიქიურობა, ერთიანი და მტკიცე პროგრამის უქონლობა, არაორგანიზებულობა, სოციალურ-ეროვნული სიჭრელით გამოწვეული ინტერესთა სხვადასხვაობა, შეიარაღების დაბალი დონე, ერთიანი სამხედრო სტრატეგიული გეგმის უქონლობა და სხვა. სწორედ ამან განაპირობა მისი მარცხი 1773-1775 წლებში, გლეხთა ომმა დიდი გამოცდილება შესძინა რუს ხალხს სოციალური და ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნაკაშიძე ნ., დონი კაცს არ უღალატებს, თბ., 1967, გვ., 179-180;
  • Мавродин В. В., Крестянская война в России в 1773–1775 гг. Восстание Пугачева, т. 1, Л.ю 1961;
  • Пушкин А. С., Полн. собр. соч., т. 9, ч. 1–2, М.–Л., 1938–40;