ბაშკირები (ბაშკ. башҡорттар; საკუთარი სახელწოდება ბაშკორთ) — თურქულენოვანი ხალხი, ბაშკირეთის მკვიდრი მოსახლეობა. ლაპარაკობენ ბაშკირულ ენაზე. მორწმუნე ბაშკირები სუნიტი მუსლიმანები არიან. საერთო რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი. 2010 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით რუსეთში ცხოვრობდა 1 584 554 მილიონი ბაშკირი, ამათგან 1 172 287 მილიონი საკუთრივ ბაშკირეთში.[3]

ბაშკირები
საერთო მოსახლეობა
დაახლოებით 2 მილიონი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
რუსეთის დროშა რუსეთი: 1,584,554[1]
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 17,263[2]
ენები ბაშკირული
რუსული
რელიგიები სუნიზმი

ბაშკირების ეთნოგენეზი მეტად რთულია. სამხრეთ ურალი და მისი მომიჯნავე ტრამალები, სადაც მიმდინარეობდა ამ ხალხის ჩამოყალიბება, ძველთაგანვე წარმოადგენდა სხვადასხვა ენისა და კულტურის აქტიური ურთიერთზემოქმედების ასპარეზს. ბაშკირეთის სამხრეთ ოლქებში ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის II ნახევარში ცხოვრობდნენ ირანულენოვანი სარმატების მესაქონლე ტომები, ჩრდილოეთში კი ანანინოს კულტურის მიწათმოქმედი და მონადირე ტომები — ფინურ-უნგრული ხალხების წინაპრები.[4]

ახალი წელთაღრიცხვის I ათასწლეულში სამხრეთი ურალის ტერიტორიაზე შემოიჭრნენ თურქი მომთაბარეები, რომლებმაც I ათასწლეულის ბოლოს მთელი ბაშკირეთი დაიკავეს. ამ ტომებმა, რომლებმაც განდევნეს და ნაწილობრივ გაათურქეს აბორიგენები, ეტყობა, გადამწყვეტი როლი შეასრულეს ბაშკირების ენის, კულტურისა და ფიზიკური ტიპის ჩამოყალიბებაში. ბაშკირებზე პირველი წერილობით ცნობა IX-X საუკუნეებს განეკუთვნება. ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის უნდა დამთავრებულიყო ამ ხალხის ძირითადი ბირთვის ფორმირება. ბაშკირების ეთნოგენეზში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ოღუზურ-პაჭანიკური ტომები, ვოლგა-კამის ბულგარები, უფრო გვიან კი — ყივჩაყები (XI-XIII საუკუნეები) და ზოგიერთი მონღოლური ტომი (XIII-XIV საუკუნეები).[4]

ოქროს ურდოს დაცემის შემდეგ, ბაშკირები, ყაზანის, ნოღაისა და ციმბირის ხანების უღელქვეშ აღმოჩნდნენ. მოსკოვის სამეფოსთან შეერთებამ (1552-57) ბოლო მოუღო ტომობრივ დაქსაქსულობას და ხელი შეუწყო ბაშკირების ეროვნების შემჭიდროვებას. ძველად ბაშკირების ძირითადი საქმიანობა იყო მომთაბარე მესაქონლეობა. მისდევდნენ აგრეთვე ნადირობას, მეფუტკრეობას; ხელოსნობის დარგებიდან განვითარებული იყო ფეიქრობა, ქეჩის წარმოება, ფარდაგების ქსოვა, ნაქარგობა, ტყავის დამუშავება.[4]

XVII-XIX საუკუნეებში ბაშკირები გადავიდნენ მიწათმოქმედებაზე და ბინადარ ცხოვრებას მოეკიდნენ. მათი საცხოვრებელი სხვადასხვაგვარია; აღმოსავლეთ ბაშკირეთში ძველად გავრცელებული იყო ქეჩის კარავი („თირმე“). ტანსაცმელს ცხვრის ტყავისას, შინამზადი და შემოტანილი ქსოვილებისას კერავდნენ.[4]

  1. ВПН-2010. Perepis-2010.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-04. ციტირების თარიღი: 2015-03-16.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2020-09-14.
  3. Официальный сайт Всероссийской переписи населения 2010 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-30. ციტირების თარიღი: 2016-11-05.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 249.