მეფუტკრეობასოფლის მეურნეობის დარგი, რომლის ამოცანაა ფუტკრის მოშენება ადამიანის კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო პროდუქტების — თაფლის, ცვილის, „რძის“ დინდგელის, ჭეოსა და შხამის მისაღებად. ფუტკარი ჯვარედინმტვერია მცენარეთა განაყოფიერებით ზრდის ხეხილისა და ბაღჩეული კულტურების საჰექტარო მოსავლიანობას, აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს.

ქართველი მეფუტკრე

საქართველოში მეფუტკრეობის სიძველესა და ფუტკრის ოჯახის სიმრავლეზე მიუთითებს ძვ. წ. IV საუკუნის ბერძენი ისტორიკოსისა და მხედართმთავრის ქსენოფონტეს წერილობითი წყაროები. საქართველოში ძირითადად არსებობდა მეფუტკრეობის 3 ფორმა: ტყიური, ნახევრად შინაური და შინაური. ტყიური მეფუტკრეობის უმარტივესი წესი იყო „კლდის ფუტკრის“ ნაყოფის მოპოვება, რაც საქართველოს მრავალ კუთხეში წარმოადგენდა თაფლისა და ცვილის მიღების მნიშვნელოვან და მუდმივ წყაროს. თაფლისა და ცვილის მოპოვების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი იყო „ხე-ფუტკარზე“ ნადირობა, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიური ფუტკრის ან მისი ნაყოფის მოპოვებას. ამ შემთხვევაში ფუტკრის ოჯახის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ. მას სკის გატეხა, დაშრეტა ან გაქრობა-დანელება ეწოდებოდა, ტყიური მეფუტკრეობის უფრო გაიშვიათებული სახე ფუტკრის ოჯახის შინ წამოყვანა იყო, რაც ფუტკრის პროდუქტების რეგულარულად მოხმარებას ისახავდა მიზნად.

გურიასა და აჭარაში არსებობდა მეფუტკრეობის ისეთი ფორმაც, როდესაც ფუტკრის სისტემატური ექსპლუატაცია ხდებოდა ტყეშივე, ხელოვნურ გეჯებში.

მეფუტკრეობის გაბატონებული ფორმა საქართველოში შინაური მეფუტკრეობა იყო, რომელიც გულისხმობდა ხელოვნურ გეჯას და საგანგებოდ გაწყობილ საფუტკრეს. მეფუტკრეობის ისტორიაში განარჩევენ 3 პერიოდს:

  • ველურ ფუტკარზე ნადირობის;
  • პრომიტიული მეხეურ-გეჯური მეფუტკრეობის;
  • კულტურული მეფუტკრეობის.
ფუტკრის სკები, გურია

მეფუტკრეობის მეცნიერულ დარგად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო რუსი მეფუტკრის პ. პროკოპოვიჩის მიერ ჩარჩოიანი სკისა (1814) და ჩეხი მეფუტკრის ფ. გრუშკას მიერ თაფლსაწურის გამოგონებამ (1865), ფ. იუბერის, ი. ჯერზონის, ი. სვამერდამის და სხვათა გამოკვლევებმა. 1897 წელს შვეიცარელი, ფრანგი და ინგლისელი მეფუტკრეების ინიციატივით შეიქმნა საერთაშორისო ფედერაცია „აპიმონდია“, რომელიც 2-3 წელიწადში ერთხელ აწყობს საერთაშორისო კონგრესსა და სიმპოზიუმს. აქვს ხუთენოვანი პერიოდული ჟურნალი „აპიაკტა“, რომელიც აშუქებს მეფუტკრეობის აქტუალურ საკითხებს და აწარმოებს სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციის გაცვლას.

XIX საუკუნეში საქართველოში მეფუტკრეთა კადრებს ამზადებდა ილია წინამძღვრიშვილის მიერ სოფ. წინამძღვრიანთკარში დაარსებული სასოფლო-სამეურნეო სკოლა. 90-იან წლებში თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის მეაბრეშუნეობისა და მეფუტკრეობის საცდელი სადგური, სადაც ცნობილმა რუსმა მკვლევარმა კ. გორბაჩოვმა და ნ. შავროვმა საფუძველი ჩაუყარეს კავკასიური ფუტკრის შესწავლას. მათი საქმიანობა განაგრძეს ქართველმა მეფუტკრეებმა ლ. ერისთავმა, პ. ლოლაძემ, ს. ჟღენტმა, ი. გაბუნიამ, მ. ლეკიშვილმა, ქ. ყანჩაველმა და სხვებმა. უნდა აღინიშნოს ქართველი მწიგნობარი მეფუტკრის ა. წულაძის დამსახურება, რომელმაც 1910 წელს დაწერა პირველი ქართული სახელმძღვანელო მეფუტკრეობაში. 1976 წელს საქართველოში შეიქმნა მეფუტკრეობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება, რომლის სამეცნიერო ნაწილს შეადგენს საცდელი სადგური თავისი განყოფილება-ლაბორატორიებითა და საყრდენი პუნქტებით, ხოლო საწარმოო ნაწილს — ქართული ფუტკრის სანაშენები, რომლის პროდუქცია დედა ფუტკრებისა და ამანათნაყრების სახით იგზავნება როგორც მოძმე რესპუბლიკებში, ისე უცხოეთის მრავალ ქვეყანაში. გაერთიანებას აქვს ინვენტარის საწარმოო კომბინატი. საქართველოში მეფუტკრეობას აქვს სანაშენე, სადამტვერვო და პროდუქტიული მიმართულება. სანაშენე მიმართულების საფუტკრეებია დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, გურია, აფხაზეთი, იმერეთი), სათაფლე-პროდუქტიული — ძირითადად კახეთსა და მესხეთ-ჯავახეთში, ხოლო სადამტვერვო — ქართლის რაიონებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რობაქიძე ა., მეფუტკრეობის ისტორიისათვის, თბ., 1960;
  • Винградов В. П., Нуждин А. С., Розов С. А., Основы пчеловодство, 2 изд., М., 1966;