ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „იმერეთი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. იმერეთი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ეს სტატია ისტორიულ მხარეს ეხება. ადმინისტრაციული რეგიონის შესახებ იხილეთ იმერეთის მხარე.

იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.

იმერეთი

„იმერეთი“ — დავით კაკაბაძე
კუთხის ცენტრი ქუთაისი
ქვეყანა საქართველო
რეგიონი იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 12 ქალაქი
ფართობი 6419,3
მოსახლეობის რაოდენობა 536 052 კაცი[1] (2014)
მოსახლეობის სიმჭიდროვე 81,8 კაცი/კმ²
ეროვნება ქართველები
იმერეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
იმერეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
იმერეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით შავი ზღვით დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.

იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ქვემო და ზემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის მღვიმე და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

ბუნება

 
მდ. წყალწითელა ტყიბულის რაიონში

იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანი და შერეული ტყეები, კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლები — კავკასიური დათვი, ტახი, ირემი, შველი, მელა, მგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკოლოგიურად სუფთა და ხელშეუხებელი ბუნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24 000 ჰა ტერიტორია უჭირავს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულის, შაორისა და რიონჰესის წყალსაცავების ტერიტორია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად არის მცირე ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

კლიმატი

იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში. მხარის დაბალმთიან და საშუალომთიან რაიონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, თუმცა დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია და ზაფხული შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვის ტემპერატურა +2-5 °C, ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +38-40 °C. ნალექების რაოდენობა 100—200 მმ-ია. ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150-ს შეადგენს; წყლის ძირითადი არტერიებია მდ. რიონი და ყვირილა.

ისტორია

ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა, ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, ე. წ. აბრეშუმის დიდი გზა, რომლითაც დასავლეთის სამყარო უკავშირდებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებს. ძველი კოლხეთის დაცემის შემდეგ, ეგრისის სამეფოს (III—VII სს.) ტერიტორია ბერძენ-სპარსთა დაპირისპირების ობიექტი ხდება. VIII ს. პირველ ნახევარში არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი (ნოქალაქევი) და ქუთაისიც კი აიკლო. არაბებთან ბრძოლაში დაიღუპნენ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები. VIII ს. მეორე ნახევარში აფხაზთა ერისთავი, ლეონ II, აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ამან გააერთიანა აფხაზეთი და ეგრისი. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, აფხაზთა სამეფოს სახელწოდება მიიღო. ლეონ II სამეფოს დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადა.

978 წელს ქუთაისში მეფედ აკურთხეს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (975—1014 წწ.), ხოლო 1089 წელს აქ მეფედ ეკურთხა საქართველოს უძლიერესი მეფე დავით აღმაშენებელი (1089—1125 წწ.). 1122 წლამდე საქართველოს სამეფოს რეზიდენცია ქუთაისში იმყოფებოდა.

იმერეთის სამეფო

საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად XIII ს. მეორე ნახევარში წარმოიქმნა იმერეთის სამეფო. თავდაპირველად იგი დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა; მაგრამ შემდეგ საგარეო და საშინაო პოლიტიკური მდგომარეობის გამო XVI ს. მას ოდიშისა და გურიის სამთავროები ჩამოსცილდა, XVII ს. კი აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმით შემოიფარგლებოდა.

იმერეთის სამეფოს აღმოსავლეთით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ყოფდა, ხოლო დასავლეთით მისი საზღვარი მდ. ცხენისწყალზე გადიოდა, ჩრდილოეთით მას კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით მესხეთის მთები. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისია. თურქ დამპყრობთა გამუდმებულმა თარეშმა, კიდევ უფრო, მჭიდროდ დააკავშირა იმერეთის დედაქალაქი მთელი სამეფოს ცალკეულ მხარეებს, რომლებიც მასში უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამაერთიანებელ ძალას ხედავდნენ. აქვე იმყოფებოდა მეფის მთავარი რეზიდენცია. XV—XIX სს.

 
გელათის მონასტრის ფრესკაზე გამოსახული დავით აღმაშენებელი.
 
სოლომონ I

იმერეთის სამეფოში, ისე როგორც საერთოდ საქართველოში ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. სამეფოში არსებობდა მრავალი სათავადო (მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, იაშვილთა, ლორთქიფანიძეთა, აბაშიძეთა, აგიაშვილთა, წერეთელთა, წულუკიძეთა, და სხვა), რომლებიც ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკევებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. იმერეთის სამეფოს სათავეში მეფე იდგა. ის იყო ქვეყნის უზენაესი მმართველი. იმერეთის მეფეები წარმოშობით ბაგრატიონთა დინასტიის დასავლურ შტოს (დავით ნარინის შტო) ეკუთვნოდა. მეფე ფორმალურად შეუზღუდველი იყო, მაგრამ ფაქტობრივად მისი ძალაუფლება დიდად იყო დამოკიდებული მსხვილი თავადების ნება-სურვილზე. იმერეთის სამეფოს კარზე არსებობდა „დარბაზი“ ანუ სახელმწიფო საბჭო, რომელშიც მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი საერო და სასულიერო ფეოდალები შედიოდნენ, სამეფო იყოფოდა ოთხ სამეფო ტერიტორიულ ერთეულად-სადროშოებად ანუ სასარდლოდ: ქვემო იმერეთის, ზემო იმერეთის, რაჭის და ოკრიბა-ლეჩხუმის. იმერეთში სარდლის, ანუ სადროშოს სახელო ეკავათ მემკვიდრეობით გარკვეულ თავადურ საგვარეულოებს. მაღალი საერო თანამდებობის პირთა შორის იმერეთის სამეფოში მეფის შემდეგ პირველი ადგილი სახლთუხუცესს ეკავა. უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. მისი რეზიდენცია XVI ს. ბიჭვინთაში იყო, ხოლო XVI ს. შემდეგ გელათში. იმერეთის სამეფოში ოთხი საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის, აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის და სხვა ეკლესია-მონასტრები.

1555 წელს ირან-ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით საქართველოს მდგომარეობა ძალზედ გართულდა: აღმოსავლეთ საქართველო-ირანის, ხოლო დასავლეთ საქართველო ოსმალეთის აგრესიის ობიექტი ხდება.

იმერეთის მეფეს, ამავე დროს, ავიწროებდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, ეურჩებოდნენ საკუთარი მსხვილი თავადებიც. XVII ს. 60-იანი წლებიდან 1770 წლამდე იმერეთის ციხე-სიმაგრეებში (ქუთაისში, შორაპანში, ცუცხვათში, ბაღდათში) ოსმალეთის გარნიზონები იდგნენ. მიუხედავად რთული საშინაო და საგარეო პირობებისა იმერეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ გარეშე და შინაური მტრების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის. ამ მისიას იმერეთის მეფეებიდან განსაკუთრებული თავგამოდებით ემსახურებოდნენ: ბაგრატ III (1510—1565), გიორგი II (11565-1585), გიორგი III (1605—1639), ალექსანდრე III (1639-1660 წწ.), ალექსანდრე V (1720—1751 წწ.), სოლომონ I (1751—1784 წწ.), სოლომონ II (1789—1810 წწ.).

იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I მეფობის დროს. იგი ენერგიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას და ქვეყნის შიგნით ფეოდალურ რეაქციას. მან გააუქმა რაჭის საერისთაო და აღკვეთა ტყვეებით ვაჭრობა, რომელიც ქვეყანას გადაშენებას უქადდა. სოლომონ I-მა XVIII ს. 60-იანი წლების ბოლოს დაამარცხა თურქი დამპყრობლები და გაათავისუფლა იმერეთის ციხე-სიმაგრეები (ქუთაისი, ცუცხვათი, შორაპანი, ბაღდათის). ამაში სოლომონს დაეხმარა რუსეთ-ოსმალეთის 1768—1774 წლების ომი და იმერეთის სამეფოში რუსეთის სამხედრო კორპუსის შემოსვლა.

1774 წელს სოლომონ პირველმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართა და მფარველობაში მიღება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან რუსეთს არ სურდა ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების დარღვევა და ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება. 1783 წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოთა შორის გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, სოლომონ პირველმა სცადა მსგავსი ხელშეკრულება დაედო რუსეთთან, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია.

სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ (1784) ცენტრალური ხელისუფლების ძლიერება ისევ შეირყა. დაიწყო იმერეთის ტახტის პრედენდენტთა შორის პრძოლა. 1789 წელს ტახტს დაეუფლა სოლომონ II, რომელმაც შესძლო XVIII ს. ბოლოს სამეფოს შემომტკიცება.

ანექსია რუსეთის მიერ

 
ქუთაისის გუბერნიის გერბი (მიიღეს 1843 წ.)

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, სოლომონ II-მ, 1804 წელს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა, მაგრამ იგი თხოულობდა საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რუსეთის მოხელეები ამაზე არ თანხმდებოდნენ და ამიტომ მათ შორის ურთიერთობა თანდათან მწვავდებოდა. სოლომონ II დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და იგი ბრძოლას განაგრძობდა. ეს ბრძოლა ცნობილია საქართველოს ისტორიაში იმერეთის აჯანყების (1810) სახელწოდებით. 1810 წელს რუსეთმა გააუქმა იმერეთის სამეფო. სოლომონ II თავი ახალციხეს შეაფარა, საიდანაც შემდეგ თურქეთში გადავიდა. ემიგრაციაში სოლომონ II უცხო ძალის გამოყენებით შეეცადა იმერეთში მეფობის აღდგენას, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია.

იმერეთი დაიყო ოთხ მაზრად: ქუთაისის, ვაკის, შორაპნის და რაჭის. მოსახლეობა შეადგენდა 80 793 ადამიანს. გარდა იმერლებისა, ცხოვრობდნენ სომხები და რამდენიმე ასეული ოჯახი ებრაელებისა, ასევე 4-5 ათასი რუსი მოხელე და სამხედრო პირი.[2]

მაზრები დასახლებათა რაოდენობა ოჯახების როდენობა მამაკაცთა რაოდენობა ქალთა რაოდენობა სულ მოსახლეობა
ვაკის მაზრა 55 3 743 13 100 10 219 23 319
ქუთაისის მაზრა 109 2 965 9 853 8 173 18 026
შორაპნის მაზრა 128 3 124 9 897 7 692 17 589
რაჭის მაზრა 114 2 967 11 307 9 467 20 774
ქალაქი ქუთაისი - 195 581 504 1 085
ჯამი 406 12 994 44 738 36 005 80 793

იმერეთის მოსახლეობა, მისი წამყვანი ძალები დამოუკიდებლობის დაკარგვას არასოდეს შერიგებია. ამაზე მიუთითებს ის მრავალრიცხოვანი მასობრივი აჯანყებები, რომლებიც შემდეგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა. იმერეთის თავადაზნაურობა საოკუპაციო რეჟიმს ვერ ურიგდებოდა, ეს უკმაყოფილება კიდევ გამწვავდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო (1814). 1819 წელს ხელისუფლებამ დაიწყო საკლესიო მამულების აღწერა, რასაც შედეგად მოჰყვა მთელს იმერეთში მოსახლეობის აჯანყება 1819–1820 წლებში. დიდი მასშტაბის აჯანყება მოხდა 1841 წელს გურიაში, რომელიც დასავლეთ საქართველოს რუსული მმართველობის დამყარების შედეგად გატარებული ცვლილებების გამოძახილი იყო. აჯანყების მარცხის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი პროგრესული ძალები, თავადაზნაურობა, აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწი­ფო­ებ­რი­ობის აღდგენას. მან ბიძგი მისცა მომდევნო თაობის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გაღვივებას.

XIX ს. პირველ ნახევარში იმერეთის მხარის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, ისე როგორც მთელი საქართველოსა, ძალზე მძიმე იყო, მაგრამ 30-40 წლებიდან იწყება ერთგვარი ძვრები სამეურნეო ცხოვრებაში, რასაც თან ახლდა ქალაქების ზრდა-განვითარება: წინაურდება იმერეთის მთავარი ქალაქი ქუთაისი და იმერეთის საბაზრო ქალაქები, ვითარდება ქალაქებში ხელოსნური წარმოებანი და კაპიტალისტური ხასიათის მანუფაქტურები: აბრეშუმის, ტყავის, აგურის წარმოებანი და სხვა. 30-იანი წლებიდან გაღვივდა ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა. ამ მიზნით, XIX ს. პირველ ნახევარში, ქუთაისში ჯერ სამაზრო სკოლა, შემდეგ კლასიკური გიმნაზია გაიხსნა. ქართული კულტურის განვითარების საქმეში დიდ წარმატებებს მიაღწია მწერლობამ, მეცნიერებამ, გამოცოცხლებას იწყებს თეატრალური ცხოვრება.

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შეიქმნა იმერეთის ოლქი, რომელიც 1840 წლამდე არსებობდა. ოლქის მთავარი ქალაქი იყო ქუთაისი, სადაც მოქმედებდა ოლქის დროებითი მთავრობა. იმერეთის ოლქი დაყოფილ იქნა ოთხ ოკრუგად: ქუთაისის, ვანის, შორაპნის და რაჭის ოკრუგებად. როგორც ოლქის, ასევე ოკრუგების სათავეში იდგნენ რუსი სამხედრო მოხელეები. 1840 წელს ამიერკავკასიაში გატარდა ადმინისტრრაციული რეფორმა, რის შედეგად შეიქმნა საქართველოს მასშტაბით ერთი საქართველო-იმერეთის გუბერნია. გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა ქუთაისის მაზრა, რომელიც იმერეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორიას მოიცავდა. 1846 წელს საქართველოში შეიქმნა ორი გუბერნია — თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. ქუთაისი გამოცხადდა ქუთაისის გუბერნიის მთავარ ქალაქად. ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა ქუთაისის, გურიისა და ახალციხის მაზრები.

1855 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქეთის ჯარებმა შეძლეს აფხაზეთის დაკავება. მაგრამ ისინი სასტიკად დაამარცხეს რუსეთის ჯარმა და ქართულმა ლაშქარმა სამეგრელოში. ამით ჩაიშალა თურქეთის სარდლობის გეგმა, რომელიც ქუთაისის ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხდა, მაგრამ ამ ომით ცარიზმმა თავისი პოზიციები განამტკიცა კავკასიაში, რასაც შედეგად სამეგრელოში, აფხაზეთსა და სვანეთში რუსული მმართველობის დამყარება მოჰყვა.

1857 წელს შეიქმნა ქუთაისის საგენერალ-გუბერნატორო, რომელსაც ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა ქუთაისის გუბერნატორის გარდა, სამეგრელოს, აფხაზეთის და სვანეთის სამფლობელოებიც, რომლებშიც რუსული მმართველობა იყო დამყარებული. 1883 წლიდან მას შეუერთდა ბათუმის ოლქიც.

ბატონყმობის გადავარდნა

 
ქუთაისის რკინიგზის სადგური, დაახ. 1900.
 
ქუთაისი, 1892.

ყირიმის ომში რუსეთის მარცხმა ცხადყო ამ ქვეყნის ფეოდალური რეფორმის აუცილებლობა. პირველ ხანებში მეფის მთავრობა არ იყო მომხრე საგლეხო რეფორმის გატარებით, მაგრამ სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობის გამწვავებამ აიძულა დათანხმებულიყო. 1864 წელს გამოიცა დებულება თბილისის გუბერნიაში გლეხთა მიწათმოწყობის შესახებ, 1865 წელს ეს დებულება გატარდა ქუთაისის გუბერნიაში, სამეგრელოში — 1867 წელს, აფხაზეთში — 1870 წელს, სვანეთში — 1871 წელს.

საგლეხო რეფორმების გატარებამ გზა გაუხსნა ბურჟუაზიული ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ქალაქებს მოაწყდა თავისუფალი მუშა ხელი, გასაქანი მიეცა მრეწველობის განვითარებას, ვაჭრობა-აღებ-მიცემობას.

ინდუსტრიალიზაცია

ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების წინსვლას დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სარკინიგზო მშენებლობამ, 1871 წელს გაყვანილ იქნა ფოთი-ყვირილის რკინიგზა, 1872 წელს — ფოთი-თბილისის რკინიგზა, 1883 წელს გაყვანილ იქნა თბილისი-ბაქოს რკინიგზა. 1877 წელს ამიერკავკასიის რკინიგზას შეუერთდა ქ. ქუთაისი. 1883 წელს ფოთი-თბილისის გზას შეუერთდა ქ. ბათუმის ხაზი. 1886 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი-ტყიბულის რკინიგზის ხაზი.[3]

საქართველოში რკინიგზებისა და სარკინიგზო სადგურების მშენებლობამ ხელსაყრელი პირობები შექმნა საქონელწარმოებისა და საქონელმიმოქცევის გაფართოებისა და ქალაქების, წინაქალაქებისა და სავაჭრო-სამრეწველო დაბების წარმოქმნისათვის. ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზზე დასავლეთ საქართველოში წარმოიქმნა ქალაქები: სამტრედია, ყვირილა, ახალი სენაკი, ტყიბული და სხვ. იწყება მეტოქეობა ამ ახლად წარმოქმნილ ქალაქებსა და ძველ ქალაქებს შორის.

ამ პერიოდიდან ქუთაისის გუბერნიაში არ დარჩენილა არც ერთი ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი და დაბა, რომელსაც საქალაქო თვითმმართველობა არ მოეთხოვოს. ქუთაისმა საქალაქო თვითმმართველობა მოიპოვა 1875 წელს, ფოთმა — 1882 წელს, ბათუმმა — 1888 წელს, ოზურგეთმა — 1895 წელს, სოხუმმა — 1899 წელს. ამ ქალაქებთან ერთად ქუთაისის მაზრის სხვა ქალაქებიც და დაბებიც, მაგალითად, სამტრედია, ყვირილა, ხონი, ჭიათურა და სხვები მოითხოვდნენ გამარტივებული საქალაქო მმართველობის მიღებას, მაგრამ მათ ეს სტატუსი მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიიღეს. XIX ს. 70-იანი წლების დამლევიდან ქუთაისისა და იმერეთის სხვა ქალაქების ეკონომიკური ცხოვრება კაპიტალისტური წარმოების სფეროში ექცევა, იცვლება მანამდე გაბატონებული საწარმოო ურთიერთობა და იწყება მათი გარდაქმნა ბურჟუაზიულ ყაიდაზე.

ეროვნული მოძრაობის აღმავლობა

 
აკაკი წერეთელი

XIX ს. 60-70-იანი წლები მნიშვნელოვანი ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ამ დროიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ახალი თაობა — თერგდალეულები, რომელთაც მესვეურობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგო მესხი, იაკობ გოგებაშვილი. საზოგადოებრივ მოძრაობას სათავეში ედგა საქართველოს დიდი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.

ამ ეროვნულ საქმეში განსაკუთრებით გამორჩეულია ქალაქ ქუთაისის როლი. ამ დროიდან ქუთაისი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის თვალსაჩინო ცენტრი ხდება. საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში XIX ს. მეორე ნახევრიდან XX ს. 30-იან წლებამდე, არ ყოფილა ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის წამომწყები და ტონის მიმცემი არ ყოფილიყო ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენცია. იგი ყოველთვის თავს უყრიდა მთელი მხარის ინტელექტუალურ ძალებს, რადგან ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული თავის მხარესთან. ქუთაისმა გაზარდა სახელოვანი თაობა, რომელმაც XIX ს. 60-იან წლებში „თერგდალეულთა“ ძირითადი ბანაკი შეადგინა.

ქუთაისში გაატარა თავისი ცხოვრების მეტი ნაწილი ქართველი ხალხის დიდმა ეროვნულმა მოღვაწემ და პოეტმა აკაკი წერეთელმა. ეს ქალაქი გახდა მისი პოეტური სამშობლო, რომელსაც იგი სავარდო და სამაისო ქალაქს უწოდებოდა. ქუთაისში დაიბადა და ჭაბუკობის წლები გაატარა დიდი ილიას მეგობარმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ. ქუთაისსა და იმერეთს შეეხება მისი სამეურნეო-ეკონომიკური პროექტები და მოწინავე რეფორმისტული იდეები, რომლებიც აქტუალურია დღესაც. ქუთაისის კულტურის ისტორიას ამშვენებენ ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის და სხვა დიდ შემოქმედთა სახელები. ქუთაისში გამოჩნდა სამწერლო სარბიელზე XX ს. პოეტური აზროვნების უბადლო ოსტატი გალაკტიონ ტაბიძე. ქუთაისში აიდგეს ფეხი დიდმა მოაზროვნეებმა გრიგოლ რობაქიძემ და მიხაკო წერეთელმა. ამ ქალაქთანაა დაკავშირებული „ცისფერყანწელებისა“ და სხვა სახელოვან მამულიშვილთა მოღვაწეობა.

XX საუკუნის რეფორმები

საქართველოს ზემოხსენებული ადმინისტრაციული დაყოფა 1921 წლამდე არსებობდა. 1921 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისის მაზრა, რომელიც 1929 წლამდე არსებობდა. 1929 წლის აგვისტოში მაზრის გაფართოების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის ოლქი. მაგრამ ეს ოლქიც გაუქმდა და ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქცია განისაზღვრა საკუთრივ ქუთაისით და მისი რაიონით.

1951 წელს კვლავ შეიქმნა ქუთაისის ოლქი, მაგრამ 1953 წელს ისიც გაუქმდა. 1959 წელს გააუქმეს ქუთაისის რაიონი და ქუთაისის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი შემოიფარგლა საკუთრივ ქალაქით, მაგრამ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო: 1995 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისისათვის ისტორიულად კუთვნილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი, რომელსაც საქართველოში ახალი სამხარეო დაყოფის საფუძველზე ისტორიულ იმერეთს მხარის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მხარის სტატუსი მიენიჭა. 1998 წელს იმერეთის მხარე ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გახდა.

ამჟამად, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისია. მხარეში შედის თერთმეტი მუნიციპალიტეტი: ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტები.

კულტურული მემკვიდრეობა

 
დავით კაკაბაძის „იმერეთი“
 
ბაგრატის ტაძარი რეკონსტრუქციამდე
 
გელათის მონასტერი
 
უბისა

მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრე და ვანის ნაქალაქარი. ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას.

არქიტექტურული ძეგლები

  • ილმის „შემოქმედის“ ეკლესია — აშენებულია XI-XII საუკუნეებში. 1993-98 წლებში აღდგენილია ნაწილობრივ. დღეისათვის მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია.
  • გუბადიანის „კონწოლია“ ეკლესია — ასე მოიხსენებს მოსახლეობა სოფელ ზედა საქარაში თავაძეების უბნის წმ. გიორგის სახელობის IX-X საუკუნის ძეგლს. გუმბათიანი ჯვრის ტიპის ბაზილიკა თლილი ქვისა და კირისაგანაა ნაშენი. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარეთ წახნაგოვანი, აქვს 8 სარკმელი.
  • სოფელ წევის წმ. გიორგის ეკლესია — ზესტაფონის აღმოსავლეთით 10 კმ-ის მოშორებით ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს თლილი ქვისა და კირისაგან ნაგები ბაზილიკის ტიპის, წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია,
  • მწყერის ციხე — როგორც მდებარეობა აჩვენებს, იგი აგებული უნდა ყოფილიყო ციხე-ქალაქ შორაპნის სადარაჯო პუნქტად.
  • თვრინის ციხე-დარბაზი
  • სასახლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია — სოფელ საზანოში მდ. ძუსის მარცხენა მხარეს არის ადგილი, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ამ ადგილებში მდგარა სასახლე, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ-სანადირო ადგილს წარმოადგენდა.
  • შორაპნის ციხე — მდინარების ყვირილასა და ძირულას ხეობაში მდებარეობს დაბა შორაპანი. აქ შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ეს უძველესი ძეგლი.
  • ბაგი-ბუგის ეკლესია — დღეს ეკლესიის შენობა საგრძნობლად დაზიანებულია, სახურავი გადახდილი აქვს.
  • საგელათოს ეკლესია კვინწიხის გორაზე.
  • ბუჯის ციხე — უნდა ეკუთვნოდეს XII საუკუნის ძეგლს.
  • თამარის ხიდი — ლეგენდის თანახმად ხიდის ასაშენებლად მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი გაომოუყენებიათ
  • ქალაქი ბალიასტომი — გადმოცემით, სოფელ საზანოში მდ. ძუსის სანაპიროზე ყოფილა ქალაქი ბალიასტომი გაშენებული. ქალაქი იწყებოდა „თამარ მეფის ხიდიდან“ და მთავრდებოდა ზედა საზანოში.
  • ციხე სკანდა — ციხე-სიმაგრე, რომლის უძველესი ფენა ადრინდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, ასეული წლების განმავლობაში იყო საქართველოს და კერძოდ, იმერეთის სამეფოს ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი.
  • გოგნის „კარუგდებელი“ — ყოველ 6 მაისს კარუგდებელაზე იმართება გიორგობის დღესასწაული, სადაც მთელი დღის და კვირის განმავლობაში უამრავი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის სალოცავზე.
  • ტაბაკინის მონასტერი — წმინდა გიორგის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ეს შესანიშნავი ძეგლი მდებარეობს სოფელ ტაბაკინის ტერიტორიაზე ზესტაფონის სამხრეთით 10 კმ-ის მოშორებით მყუდრო და იშვიათი სილამაზის ადგილზე.
  • ვანის წმინდა გიორგის ეკლესია — ხარაგაულში არსებულ სალოცავთაგან ვანის ეკლესია ერთ-ერთი უძველესია, იგი IX—X ს. თარიღდება,
  • ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია — IX—X სს. ძეგ ლია, მას „დედაღვთისას“ უწო დებენ. ტაძარი, როგორც შემორჩენილი ნაგებობებიდან ჩანს, დიდებული არქიტექტურული გე­მოვნებით ყოფილა აგებული და ადგილ მდებარეობას თან შეხამებული.
  • უბისის მონასტერი — სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს უბისის დიდებული ტაძარი, იგი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. ტაძარი დარბაზული ტიპისაა.
  • ფარცხნალის კახორის წმ. გიორგის ეკლესია — მასზე ისტორიული მასალები ძალზე მწირადაა შემორჩენილი. არის თქმულება, რომ „კახორის“ მთაზე წმ. გიორგის ეკლე სიის მშენებლობის დროს ხალხი რიგში ჩამდგარა, ხელიდან ხელში აწვდიდნენ ქვას და ასე აუზიდიათ სამშე­ნებლო მასალა.
  • ვარძია — ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანსამბლს წარმოადგენს სოფ. ვარძიის „დედაღვთისას“ ტაძარი, ე. წ. „კიკოს“ დიდებული მონას­ტერი.
  • ტბეთის ეკლესია — ამ ეკლესიას სახელად „ტბეთის წმინდა გიორგის ეკლე სია“ ეწოდება და აგებულია ყრუ მთაში. ეს სახელი სავარაუდოდ იმ სახელოვანი ტბეთის ეკლესიის პატივისცემით დაურქმე­ვიათ, რომელიც არსებობს შავშეთსა და ერუშეთში, ან კიდევ ახლო მდებარე ერთი პატარა ტბის გამო
  • გედსამანიის საყდარი — „ტბეთის“ ეკლესიას თან ახლოს წმ. მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აგებული „ვარდობის“ ეკლესიაა. მის ირგვლივ სათოფურებიანი გალავნის ნანგრევებია შემორჩენილი. 1737 წელს შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზე აღნიშნულია „გედსამანიის საყდარი“.
  • ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია — მდინა რეჩხერი მელას ხეობაში, შემაღლებულ ბორცვზე, სოფელ ლაშის ტერიტორიაზე არის გალავანი სადაც ეკლესიის ნანგრევებია. უფრო ადრე, მის ადგილას ციხე ყოფილა გა­ლავ ნით.
  • მირონწმიდა — ერთნავიანი ბაზილიკა, ნაშენია შირიმის ქვისა და კირისა გან. შიგნით მოხატული ყოფილა, მაგრამ 1900-იან წლებში სასულიერო უწყების ნებარ­თვით შეულესიათ. კირი ადგილ-ადგილ ჩამოცვენილია და თაღის ნა წილზე მოჩანს მხატვრობა.
  • ხიდრის წმინდა გიორგის ეკლესია —არქივებში დაცული მასალების მიხედვით, ხიდრის ეკლესია აგებულია 1870 წელს.
  • ვახანის ციხე — სოფელ ვახანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალი მთის წვერზე დგას. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი X—XI სს. ძეგლია.

მოსახლეობა

1782 წელს, სოლომონ I-ის დროისთვის იმერეთის მოსახლეობა დაახლოებით 113 000 ადამიანს შეადგენდა. ეს რიცხვი დაეცა სოლომონ II-ის დროს. განსაკუთრებით დაზარალდა მოსახლეობა 1812 წელს შავი ჭირის ეპიდემიის დროს. 1817 წელს რუსეთის იმპერიის აღწერით ანგარიშობდნენ დაახლოებით 76 000 ადამიანს. ჟაკ ფრანსუა გამბას მიხედვით 1824 წელს იმერეთის მოსახლეობა 90 000 მოსახლე იყო და ამ რიცხვში შედიოდა რუსული ჯარის ნაწილებიც. გრაფი სერისტორის მიხედვით 1832 წლისთვის იმერეთში 125 000 ადამიანი ცხოვრობდა. დიუბუა დე მონპერეს ცნობით იმერეთის ოთხი მაზრის მოსახლეობა სულ 100 400 ადამიანი იყო.

გამოჩენილი იმერლები

ეკონომიკა

 
სიმინდის ყანები საჩხერის რაიონში

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. მემცენარეობის პროდუქციიდან ძირითადია სიმინდი, ყურძენი და ბოსტნეული. კერძოდ, მწვანილი — ცერეცო, ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი და წიწმატი მთელი სეზონის განმავლობაში, ასევე სანელებლების დამზადება. ნედლეულის ბაზა — წყალტუბოს რაიონი, სადაც შესაძლებელია მოწეულ იქნeს 3 ათასი ტონა ცერეცო, 500 ტ. ქინძი, 1500 ტ. ოხრახუში, 250 ტ. წიწაკა, ასევე ზაფრანი, კამა, და ქონდარი 20 ტონის ფარგლებში.[4] მიმდინარეობს მუშაობა სანელებლების დამამზადებელი მინისაწარმოს მშენებლობისათვის. ბაღჩეული — კიტრი, პომიდორი, სატაცური, ოსპი (წყალტუბოს, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები); ხილი — ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა, შინდი (ვანის, თერჯოლის, სამტრედიის მუნიციპალიტეტები); თაფლი (ბაღდათი, ხარაგაული, წყალტუბო, თერჯოლა). მეჩაიეობის ძირითადი ზონებია: წყალტუბო, ტყიბული და ხონი.

იმერეთში 100-მდე მსხვილი ფერმერული მეურნეობაა, რომლებიც ძირითადად ეწევიან მეცხოველეობას, მევენახეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მეხილეობას, მეფუტკრეობას, მემწვანილეობას.

ტრანსპორტი

მნიშვნელოვანი რესურსული პოტენციალის რანგშია იმერეთის რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის როლით გამოიხატება. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან — ქუთაისიდან მანძილი უახლოეს საზღვაო პორტამდე — ფოთამდე 102 კილომეტრია, დედაქალაქამდე — 236 კმ. ქუთაისში ფუნქციონირებს 2 აეროპორტი, რომლიდანაც ერთ-ერთში (კოპიტნარის) სრულდება საერთაშორისო რეისები. შესაბამისად, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დარგებია. ტრანსპორტის სახეობებიდან ძირითადად განვითარებულია საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტი. 2006 წელს სატრანსპორტო მომსახურების მოცულობამ 5,6 მლნ. ლარს მიაღწია, ხოლო დარგში დასაქმებულთა რიცხოვნობამ — 1827. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ფუნქციონირებდა 89 საწარმო. საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 2754,8 კმ, ხოლო სარკინიგზო — 229,285 კმ.

ენერგეტიკა

იმერეთი ენერგორესურსებით მდიდარი რეგიონია, რამაც განაპირობა ხუთი ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირება (რიონჰესი, გუმათჰესი, ძევრულჰესი, შაორჰესი, ვარციხეჰესი). სულ მათი პოტენციური (დადგმული) სიმძლავრეა 997,4 მეგავატი. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის წარმოება რეგიონის სამრეწველო წარმოების უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელსაც მთელი წარმოების სტრუქტურაში 21-23 %-იანი სეგმენტი უჭირავს.

ექსპორტი

ექსპორტის მხრივ განსაკუთრებული ადგილი მხარის მრეწველობაში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას უჭირავს, რომლის ხვედრითი წილი საექსპორტო პროდუქციაში 88 %-ის ფარგლებშია. ძირითადი ადგილი უჭირავს მეტალურგიასა და ლითონპროდუქტების ექსპორტს, ხოლო კვების პროდუქტებიდან: ღვინომასალები, ჩაი, მწვანილი, რომლებიც ევროპისა და რუსეთის ბაზრებზეა ორიენტირებული.

მინერალური რესურსები

 
ჭიათურის მანგანუმის საბადოს სადგური

რეგიონი მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ყვირილისა და ზესტაფონის რაიონებში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე. მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, ბარიტის, ლიატონიტის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბენტონიტური თიხებით (გუმბრინი), მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით.

მრავალფეროვანია მხარის რაიონების ნიადაგი. მათი გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, კლიმატი და მცენარეული საფარი განაპირობებს ნიადაგის ხასიათს. უპირატესი გავრცელება აქვს: ალუვიურ, სუბტროპიკულ ეწერ ყვითელმიწა, წითელმიწა, ნეშომპალა-კარბონატულ და კომრალ ნიადაგებს. მაღალმთიან რაიონებში გვხვდება ღია გაეწრებული ტყის მურა ნიადაგებიც. ყვითელმიწა და თხელ ფენად წითელმიწა ნიადაგები. ორივე მათგანი გამოიყენება ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურის გასაშენებლად.

რეკრეაციული რესურსები

 
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

იმერეთს წამყვანი ადგილი უჭირავს რეკრეაციულ სისტემაში, უნიკალური ბუნებრივი და ჰიდრომინერალური რესურსების, მინერალური წყლების სახით. სამკურნალო წყლებიდან გამოიყოფა წყალტუბო, საირმე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნუნისი ხარაგაულში, სულორი ვანში, აგრეთვე საჩხერის სხვადასხვა მინერალური წყაროები. დიდი რაოდენობითაა თერმული წყლების მარაგი.

მთისა და ტყის მასივებს 250 000 ჰა ფართობი უჭირავს. რეკრეაციული რესურსებია სამთო ქვეითი, სამთო საცხენოსნო, სპელეო ტურიზმი, რაფტინგი მდინარე რიონზე. იმერეთის ტურისტული პროდუქციის ერთ-ერთ უპირატესი მიმართულება კურორტები და გამაჯანსაღებელი ზონებია. რეგიონის ლანდშაფტი, სამკურნალო მინერალური წყლები ბალნეოლოგიურ კურორტებს მიმზიდველს ხდის დამსვენებლთათვის. დღეისათვის იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა, მათ შორის აღსანიშნავია წყალტუბო, საირმე, ნუნისი, სიმონეთი, სულორი, საწირე, ჭითურის ხრეითი, სამტრედია, ზვარე, ამაღლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სათაფლიის ნაკრძალი წყალტუბოს ტერიტორიაზე (345 ჰა), კარსტული გამოქვაბულითა და დინოზავრის ნაკვალევით.

იხილეთ აგრეთვე

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები. სტატისტიკის ეროვნული სამსახური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23.10.2015. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2015.
  2. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 124 — „განათლება“, თბილისი, 1987
  3. საქართველოს რკინიგზის ისტორია[მკვდარი ბმული]
  4. მთავრობის 2007 წლის ანგარიში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2008-07-17.

რესურსები ინტერნეტში

  საქართველოს პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები საქართველოს შესახებ.