ოზურგეთი
ოზურგეთი (ყოფ. მახარაძე) — ქალაქი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი, გურიის ისტორიული ცენტრი. წყაროებში პირველად იხსენიება 1578 წელს. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები. საავტომობილო გზებით უკავშირდება ურეკს, ჩოხატაურს, ლანჩხუთს, ქობულეთს. სარკინიგზო ხაზით უკავშირდება სადგურ ნატანებს. მანძილი თბილისამდე 312 კმ., ქუთაისამდე 90 კმ, ბათუმამდე 52 კმ, ფოთამდე 50 კმ. შავი ზღვის სანაპირომდე 23 კმ.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ოზურგეთი | |||
| |||
ქვეყანა | საქართველო | ||
მხარე | გურიის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 41°55′37″ ჩ. გ. 42°00′02″ ა. გ. / 41.92694° ჩ. გ. 42.00056° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | 1578 | ||
ადრეული სახელები | მახარაძე (1934-1989) | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1846 | ||
ფართობი | 22,11 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 80 მ | ||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||
მოსახლეობა | 14 785[1] კაცი (2014) | ||
სიმჭიდროვე | 668,7 კაცი/კმ² | ||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 94,5 % სომხები 3,8 % რუსები 0,8 % უკრაინელები 0,3 %[2] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 496[3] | ||
საფოსტო ინდექსი | 3500[4] | ||
ოფიციალური საიტი | http://ozurgeti.mun.gov.ge/ | ||
სახელწოდება
რედაქტირებასახელწოდება პირველად წერილობით წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნეში ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრებაში“. ოზურგეთს აგრეთვე იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი.[6]
ქალაქის სახელის წარმოშობის ორი გავრცელებული ვერსია არსებობს. ხალხური გადმოცემის თანახმად ის წარმოიშვა დასახლების ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარე სერების, მოიდანახესა და ექადიას (ან სერის), გამო, რომლებიც ქალაქის ზურგის ფუნქციას ასრულებდნენ (ორ-ზურგ-ეთი). მოსე ჯანაშვილისა და თედო სახოკიას თანახმად ოზურგეთი მეგრული წარმოშობის ტოპონიმია, სადაც მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). სახოკიას მიხედვით, ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მტერთან, ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის სახელწოდება.
გეოგრაფია
რედაქტირებაოზურგეთი მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის, ვაკეზე, ზღვის დონიდან 80 მეტრზე. ქალაქი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გაშლილია 7 კილომეტრზე. ოზურგეთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,6 °C, იანვრის — 4,8 °C, ივლისის — 22,3 °C. აბსოლუტური მინიმუმი — -19 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 41 °C. ნალექბის წლიური ოდენობაა 2110 მმ. ქალაქში ოთხი მცირე მდინარე მიედინება (ბაზრისწყალი, აგიდაყვა, სკურჩა, შხვარაშხურა). მცირე მდინარეები, გარდა ბაზრისწყლისა თითქმის სრულიად დამარხულია. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს მცირე სერები მოიდანახე და სერი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ექადიის გორაკი.
ქალაქი სამი ტერასიდან შედგება, ქვედა ტერასაზე ძირითადად სავაჭრო დაწესებულებებია, აქ არის ბაზარი, ისტორიული საპარასკევო, სადაც პარასკეობით ბაზრობები იმართებოდა. შუა ტერასაზე კონცენტრირებულია საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები, თეატრი, გალერეა, მუზეუმი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების შენობები. ზედა ტერასაზე, ძირითადად, საცხოვრებელი უბნებია (ზვანი, მოიდანახე, სერი).
ქალაქის უბნები
რედაქტირებაქალაქი რამდენიმე უბნად იყოფა: ცენტრის უბანი, ბასრა, ზვანი, ექადია, ანასეული, ლაშე-გაკირული, მოიდანახე, სერი.
მოიდანახე
რედაქტირებამოიდანახე ოზურგეთის ჩრდილოეთით, შემაღლებულ სერზე მდებარე უბანია და მისი სახელის შემადგენელი ნაწილიცაა, რადგან ოზურგეთი გაშენებულია ორ ზურგს, მოიდანახესა და სერს შორის. მოიდანახეს ჩრდილოეთიდან სოფლების, ოზურგეთისა და მელექედურისაგან საზღვრავს მდინარე ნატანები. გადმოცემის თანახმად გურიელის ერთ-ერთ მოურავს ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ტყეში დიდი ზომის გარეული კამეჩი მოუკლავს და გურიელისთვის მოუხსენებია, რაც მთავარს არ დაუჯერებია და მოურავს უპასუხია „მოი და ნახეო“. 1930-იანი წლებიდან მოიდანახე ქალაქის ნაწილი გახდა.
ბასრა
რედაქტირებაბასრა მდებარეობს მდინარეების ბჟუჟისა და აჭისწყლის შესართავთან, მის აღმოსავლეთით. თავდაპირველად ბასრა წარმოადგენდა სოფელ ექადიის უბანს. ბასრაში დასახლებული იყვნენ ნაკაიძეები, რის გამოც მისი ერთი ნაწილი ნაკაიძეების უბნად იწოდება. ბასრაში ჩამოდის მცირე მდინარე აგიდაყვა. ბასრას ერთ-ერთი უბანია ნასიმაგრევი. XX საუკუნეში ბასრის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაემატა სოფელ მაკვანეთის ტერიტორიას. ხოლო დარჩენილ ნაწილს ეწოდა ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა.
ექადია
რედაქტირებაექადია ქალაქის სამხრეთით, მდინარე ბჟუჟის მარცხნივ მდებარეობს. ექადია წარმოადგენს გორაკს, რომელიც ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილს გადაჰყურებს. ექადია წარმოადგენდა სოფელს, რომელიც შედიოდა ლიხაურის საზოგადოებაში. 1930-იანი წლებიდან ის შეუერთდა ქალაქ ოზურგეთს. 1960 წელს დაიგეგმა ექადიაზე ტყე-პარკის გაშენება. 1971 წელს ტყე-პარკი საჰაერო-საბაგირო გზით დაუკავშირდა ქალაქის ცენტრს.
ანასეული
რედაქტირებაანასეული ოზურგეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთი უბანია. მდებარეობს ზღვის დონიდან 460 მ. თავდაპირველად ანასეული წარმოადგენდა სოფელს. 1930 წელს დაარსდა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მოგვიანებით აშენდა ჩაის ფაბრიკა და ანასეული შევიდა ქალაქის შემადგენლობაში.
სერი
რედაქტირებასერის უბნის სახელწოდება გამომდინარეობს მისი რელიეფური მდებარეობიდან. სერს სამხრეთიდან მდინარე ბჟუჟი, ჩრდილოეთიდან კი მდინარე ნაბჟუარა ჩამოუდის. ის წარმოადგენს გაგრძელებული ფორმის ბორცვს, რომელიც სოფელ კვირიკეთიდან ვაკობით იწყება და გრძელდება ექადიის მოპირდაპირე მხარემდე.[7] სერი ქალაქის ისტორიული უბანია, აქ იდგა გურიელების სასახლე, იტალიელი მისიონერების სკოლა, სერზეა აღმოჩენილი ოზურგეთის განძი, გრიგოლ გურიელის სახლი, აქვე იდგა წმინდა მარინეს ხის ეკლესია,[8] ხოლო საბჭოთა პერიოდში გაშენებული იყო „ხუნდაძის ბაღი“.
ზვანი
რედაქტირებაზვანის წინა სახელწოდებაა ბზვანი და ის მოიცავდა სოფელ ოზურგეთის ტერიტორიასაც. ტოპონიმი ბზვანი მოხსენიებულია XVI საუკუნის საბუთში. 1904-05 წლებში ზვანში გაშენებული იყო თამბაქოს საცდელი პლანტაცია, რომელიც შემდეგომ გადაკეთდა ჩაის საცდელ პლანტაციად და იქვე აშენდა გურიაში პირველი ჩაის ფაბრიკა, რომელსაც ერმილე ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. საბჭოთა პერიოდში ზვანში მდებარეობდა ჩაის N1 ფაბრიკა, ჩაის გადამწონი ფაბრიკა, მანქანა ტრაქტორების სადგომი, ნავთობბაზა, პურ-კომბინატი, სარემონტო მექანიკური კომბინატი.
ისტორია
რედაქტირებაოზურგეთი წარმოიქმნა გვიან ფეოდალურ ხანაში. ის პირველად ნახსენებია ახალი ქართლის ცხოვრებაში XVI საუკუნეში 1578 წლის მოვლენების აღწერისას:
„მაშინ გიორგი გურიელმან ყო ეგრეთ: დაიჭია დათულია და დაატყვევა ოზურგეთს და საჯავახო თვითონ დაიპყრო“
| |
([9])
|
ამ პერიოდიდან ნავარაუდებია ოზურგეთის მიერ გურიის სამთავროს ცენტრად ქცევა. ოზურგეთში ვაჭრობის განვითარებას ადასტურებს აღმოჩენილი მონეტების განძი, ვერცხლის 270 მონეტა, რომელიც ოზურგეთის განძის სახელითაა ცნობილი. ამ პერიოდის ოზურგეთი აღწერილი აქვთ იტალიელ მისიონერებს დონ კრისტოფორო დე კასტელს, ანტონიო ჯარდინას, კლიმენტო გალიანოს, რომლებიც 1634-1640 წლებში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდნენ გურიაში და ცხოვრობდნენ ოზურგეთში. ისინი ოზურგეთს ქალაად იხსენიებენ. მათ ოზურგეთში ჰქონდათ სკოლა და ეკლესია. უკვე XVII საუკუნეში დასტურდება ქალაქში ციხე-სიმაგრის არსებობა. ქაიხოსრო I გურიელი, რომელმაც 1660 წელს დაამარცხა შუა გურიაში შეჭრილი ვამეყ დადიანის ლაშქარი, ერთ-ერთ საბუთში წერს:
„მოვედით ოზურგეთს, სასახლეში გამაგრდნენ ისინი, დავესხით თავსა...მეორე დღეს ციხე-დარბაზი ევიღეთ“
| |
([10])
|
ოზურგეთს იხსენიებს ბატონიშვილი ვახუშტი: „ოზურგეთს არის სასახლე დიდშენი და კეთილ-პალატოვანი გურიელისა“. გურიის უკანასკნელი მთავარმა მამია V გურიელმა ოზურგეთში, სადაც მშვენიერი სასახლე აუშენებია. როცა გურიის სამთავრო გაუქმდა, ეს სასახლე საშინლად გაოხრებული ყოფილა და შეკეთებას საჭიროებდა. დიმიტრი ბაქრაძე წერსდა „ოზურგეთი ჰავის მიხედვით გურიის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. როგორც ცნობილია, იგი გურიის მთავართა საზამთრო რეზიდენცია იყო. მათი ყოფილი სასახლე ახლა ლაზარეთს უჭირავს“. მამია გურიელის აშენებული სასახლე შემორჩენილი არ არის, მისი ნაშთები შეიწირა კულტურის სახლის მშენებლობამ. შემორჩენილია მხოლოდ სასახლის აბანოები.
მეცხრამეტე საუკუნის დამდგეს ქალაქის მოსახლეობა იყო 1766 კაცი. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქის მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები. 1790 წელს სიმონ III გურიელმა ქალაქის მოურავად დანიშნა როსტომ ნაკაშიძე. 1807 წელს მამია გურიელმა მოურავად დანიშნა ლაზარე ნაკაშიძე, 1814 წელს კი დააბრუნა როსტომ ნაკაშიძე.[11]
მეფის რუსეთის დრო
რედაქტირება1831 წელს ოზურგეთში გაიხსნა საბაჟო. 1842 წელს ოზურგეთში 156 სახლი იდგა. ქალაქის შემოსავალი 866 მანეთს უდრიდა, მოსახლეობის 90 % ჯარისკაცი იყო, დანარჩენი კი ვაჭარ-ხელოსნები და სახელმწიფო მოხელეები. ქალაქად გამოცხადდა 1846 წლის 14 დეკემბერს.[12][13] 1847 წლის კავკასიის კალენდარში ოზურგეთი უკვე ქალაქდ მოიხსენიება.[14] სამაზრო ცენტრის სტატუსმა და სამხედრო დასახლებამ გაზარდა მისი მნიშვნელობა. მოეწყო სამხედრო ჰოსპიტალი და აფთიაქი, ვაჭრობაზე კონტროლის გამკაცრების მიზნით სოფელ დვაბზუდან ოზურგეთში გადაიტანეს ბაზარი. 1848 წელს ოზურგეთში გადაიტანეს ორი წლით ადრე ჯუმათში გახსნილი გურიის სასულიერო სასწავლებელი. 1850 წლის 21 თებერვალს გაიხსნა ოზუგეთის სამაზრო სასწავლებელი. შემდეგ საქალაქო ერთკლასიანი და სამრევლო სკოლა. 1850 წლისთვის ქალაქში 170 მდე ხის სახლი იდგა და ოდნავ ნაკლები ჯიხური.[15], მოქმედებდა საბაჟო პუნქტი. 1857 წელს ოზურგეთი, როგორც სტრატეგიული პუნქტი, მოიხსენია კარლ მარქსმა თავის სტატიაში „მდგომარეობა რუსეთ-თურქეთის ომში მოქმედებათა ასპარეზზე“.[16] 1860 წელს აშენდა საკათედრო სობორო. 1865 წლისთვის ოზურგეთის მოსახლეობა შეადგენდა 2289 სულს.
ოზურგეთის შესახებ ცნობები აქვს დაცული პრუსიის სამეფოს პრინცს ალბრეხტ ჰოჰენცოლერნს, რომელიც გურიაში მოგზაურობდა 1862 წლის 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე. XIX საუკუნეში ოზურგეთში მოგზაურობდნენ და აღწერეს დიუბუა დე მონპერემ (1833), დიმიტრი ბაქრაძემ (1874), სერგი მესხმა [1878), თედო სახოკიამ (1896) და მარჯორი უორდროპმა. 1870-იან წლებში ოზურგეთი სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის განმავლობაში. 1870-იან წლებში ქალაქის ერთ-ერთი უბანი ეჭირათ ლაზებს, რომლებიც ვაჭრობას მისდევდნენ. 1874 წლისთვის ქალაქის ცენტრში იდგა ორი მართლმადიდებელი ეკლესია ხის გუმბათებით — ერთი ქართული, წმინდა მარინეს სახელობისა, ერთი რუსული. 1883 წელს ქალაქში აღრიცხული იყო 151 სავაჭრო ობიექტი, 4 წისქვილი, აგურის 2 ქარხანა, ღვინის ერთი საწარმო. 1888 წელს ოზურგეთში იდგა 258 სახლი.
1882 წლის ივლისში ქალაქს ეწვია კავკასიის ახლადდანიშნული მთავარსარდალი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი.[17] 1889 წელს ოზურგეთში სტამბის გახსნის ნებართვა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის შუამდგომლობით გასცა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა. 1891 წელს დაარსდა პირველი ლეგალური სტამბა ოზურგეთში. ეს იყო საქართველოში რიგით მეოთხე ქალაქი, სადაც სტამბა გაჩნდა. 1896 წელს შემოღებული იქნა ქალაქის თვითმმართველობა. 1896 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 4710 სულს. 1911 წელს მოსახლეობის რაოდენობა 7341 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 1917 წლისთვის — 5174 ადამიანს.
XIX საუკუნეში ქალაქის ცენტრში არსებულ ბაღში მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით გაშენდა იზაბელას საცდელი ნერგები. 1914 წელს ოზურგეთში გერმანე გოგიტიძემ გახსნა თეატრი 250-კაციანი დარბაზით და მოძრავი სცენით, რომელიც შემდგომ კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა. პირველი სპექტაკლის დასადგამად მოიწვიეს ალექსანდრე წუწუნავა. კინოს ჩვენება დაიწყო 1914 წელს მუნჯი ფილმის ჩვენებით. 1918 წლის აპრილში ქალაქი აიღო ოსმალეთის იმპერიის ჯარმა და ივნისის შუა რიცხვებამდე ჰქონდა ოკუპირებული.
1920 წელს სექტემბერში დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიპატიჟებით ოზურგეთს ეწვია მეორე ინტერნაციონალის ევროპელი ოპორტუნისტების ლიდერთა დელეგაციის ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ჰიუსმანსი, სნოოდენი და სხვები.
საბჭოთა პერიოდი
რედაქტირება1922 წლის 26 მაისს ქალაქში გაიმართა დიდი მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მოხდა შეტაკებები მომიტინგეებსა და წითელ არმიას შორის. დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი.[18] 1922 წელს ქალაქის მოსახლეობა 5526 კაცი იყო. მოქმედებდა 6 დაწყებითი სკოლა და ერთი გიმნაზია, ბიბლიოთეკა, წიგნის მაღაზია. საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყოფილი კინოსა და თეატრის ადგილას სასტუმროს აშენება. უნდა შენებულიყო 800-1000 ადამიანზე გათვლილი თეატრი. ქალაქის ბაღში ჩადგეს რკინის კარკასის შენობა მორებით შეჭედილი, რომელიც მოაპირკეთეს ფანერკით და შეღებეს ცისფერი საღებავით. აქედან მიიღო ფანერის თეატრის სახელწოდება. შენობა აშენდა 1920-1921 წლებში და იარსება 1938 წლამდე. 1923 წლის 26 დეკემბერს ქალაქში შევიდა რკინიგზის ხაზი, რითიც ის დაუკავშირდა სადგურ ნატანებს და ჩაერთო საერთო სარკინიგზო ქსელში. რკინიგზის შეყვანა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქალაქის ისტორიაში. 1926 წელს ქალაში გაიხსნა ერთ-ერთი პირველი მსხვილი საწარმო - აბრეშუმის ძაფ-საღებ საგრეხი ფაბრიკა, მოგვიანებით ამუშავდა ჩაის N1 და ანასეულის ფაბრიკები. 1927 წელს ზვანის უბანში მოეწყო რადიო. იმავე წლის 16 ოქტომბერს ოზურგეთში მწერალთა კავშირის თავმჯდომარის სილიბისტრო თოდრიას მოწვევით ჩავიდა ფრანგი მწერალი ანრი ბარბიუსი. ანასეულში 1930 წელს გაიხსნა რესპუბლიკაში ერთადერთი ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 1935 წელს ჩამოყალიბდა სიმებიანი ორკესტრი დ. ვახრამოვის ხელმძღვანელობით. 1937 წელს განახლდა ქალაქის ბაღი, დაირგო ჭადრები, რომელთა მოხაზულობა ქმნიდა ასო „მან-ს“ (მახარაძე).
1934 წლის 27 ივლისის სსრ კავშირის ცაკის დადგენილებით ქალაქს, სადგურს და მთელ რაიონს ფილიპე მახარაძის პატივსაცემად მახარაძე ეწოდა[19]. დაიწყო კულტურის გრანდიოზული სასახლის მშენებლობა. 1935 წლისთვის აშენდა აღმასკომის, სახელმწიფო ბანკის და სასტუმროს ორსართულიანი შენობები. 1935 წელს ქალაქის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის დაიდგა 55 კვტ სიმძლავრის თბოსადგური, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნას. 1936 წელს დაარსდა მუზეუმი და მუსიკალური სკოლა. მუსიკალური სკოლა ადა შეფერმა და მიხეილ თაყაიშვილმა გახსნეს საკუთარ სახლში, მეგობრობის ქუჩა N18-ში. 1936 წელს ქალაქის მოსახლეობა 11 419 ადამიანი იყო. 1938 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ქალაქის წყალსადენი, რომელის გათვლილი იყო 1950 წლამდე მუშაობისთვის. ამავე წელს თეატრი სამუშაოდ გადავიდა კულტურის სახლში. 1939 წლის 16 მარტს გაიხსნა კინოთეატრი „გამარჯვება“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს დაიწყო ქალაქის კანალიზაციის სამუშაოები. 1946-47 წლებში შემოიღობა და მოეწყო ნინოშვილის, სტალინისა და ფ. მახარაძის ბაღები, კომკავშირის ხეივანი. 1949 წელს საბოლოოდ მოგვარდა ქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხი, მას შემდეგ, რაც მახარაძე ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო.
1951-54 წლებში აშენდა რუსულენოვანი სკოლა და ჩაის ტექნიკუმი, 1956 წელს აშენდა ექადიის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული, ხოლო 1958 წელს — ზვანის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა. 1958 წელს ექადიაზე მოწყო ტყე-პარკი. 1959 წელს დაიწყო ქალაქის გაზიფიცირება. იმავე წელს ამუშავდა რამდენიმე მსხვილი საწარმო - ასკანგელის გადამამუშავებელი ქარხანა (1952-1959), ჩაის N2 ფაბრიკა და ყველ-კარაქის ქარხანა, მოგვიანებით ასევე ლუდის, ხილის საკონსერვო (1970) და რკინა-ბეტონის ქარხნები (1971). 1961 წელს მახარაძეს ეწვია ნიკიტა ხრუშჩოვი. 1965 წელს აშენდა მუსიკალური სკოლის შენობა. 1971 წელს ამუშავდა ანასეულის ტელესარეტრანსლაციო სადგური, ქალაქის ცენტრიდან ექადიის ტყე-პარკამდე გაყვანილ იქნა საჰაერო-საბაგირო გზა.
1976-79 წლებში აშენდა 500 საწოლიანი ცენტრალური საავადმყოფო. 1979 წელს ხელახლა ააშენეს ქალაქის სასტუმრო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რკინიგზის სადგურს, აშენდა ცენტრალური ავტოსადგური, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა. 1979 წელს ქალაქის მოსახლეობამ 22 ათასს გადააჭარბა. 1978-80 წლებში ქალაქში აშენდა მაღლივი საცხოვრებელი კორპუსები. 1980 წლის 27 ნოემბერს დაიწყო სატროლეიბუსო მიმოსვლა. 1981 წლის 16 დეკემბერს გაიხსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი (1978-1981), ქალაქში მოეწყო მუსიკალური შადრევანი. 1982 წლის 29 დეკემბერს მახარაძეში იმყოფებოდა მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც დაათვალიერა სახელმწიფო თეატრი და ანასეულის ინსტიტუტი. 1984 წლის 7 ნოემბერს გაიხსნა განახლებული კინოთეატრი „ოზურგეთი“, 1989 წელს გაიხსნა ცენტრალური ბიბლიოთეკა, 4 აპრილს გაიხსნა განახლებული სასტუმრო. ქალაქის აღმოსავლეთ შემოსასვლელში აღიმართა კარიბჭე (არქიტექტორი ვახტანგ ცქიფურიშვილი, მხატვარი ჯემალ ძაგნიძე), რომელზეც გამოსახულია სამი ყაბალახიანი გურულის პორტრეტი.
1989 წლის 15 მაისს ქალაქსა და რაიონს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება, მოხდა ფილიპე მახარაძის ძეგლის დემონტაჟი, ქალაქის ცენტრში დაიწყო საკათედრო ტაძრის მშენებლობა. 1990 წლის 21 მაისს ილია ჭავჭავაძის სკვერში დაიდგა ფილიმონ ქორიძის ძეგლი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე).
დამოუკიდებლობის შემდეგ
რედაქტირება1992 წლის 2 ნოემბერს ეთერში გავიდა ტელეკომპანია „გურია“. 1997 წელს გაიხსნა გიორგი სალუქვაძის ჰორელიეფი და ვიქტორ დოლიძის ბიუსტი. ექადიაზე აშენდა ჯვართამაღლების სახელობის ხის ეკლესია. 1998 წელს გაიხსნა ფქვილის მწარმოებელი საწარმო „გულისტანი“. 1998 წელს გაიხსნა დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნის მემორიალი, ხოლო 1999 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი (მოქანდაკე ვასილ მჟავანაძე) და მუზეუმი, გაიხსნა ნოდარ დუმბაძის ბიუსტი. დაინიშნა ჩქაროსნული მატარებელი თბილისი-ოზურგეთი.
2006 წელს შეწყდა სატროლეიბუსე მიმოსვლა. 2012 წელს გაიხსნა იუსტიციის სახლი. 2014-2017 წლებში ქალაქს მუნიციპალიტეტის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. 2018 წელს გაიხსნა დასავლეთ საქართველოს ფოლკლორის ცენტრი.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1830 | 300 | ||
1842 | 844 | ||
1853 | 1250 | ||
1867[20] | 2288 | 1958 | 330 |
1870[21] | 1477 | 839 | 638 |
1876[22] | 700 | 396 | 304 |
1883[23] | 1766 | ||
1888[24] | 1472 | 810 | 662 |
1897 [25] | 4710 | 3012 | 1698 |
1908[26] | 5610 | ||
1910[27] | 7308 | 4290 | 3018 |
1912[28] | 7341 | 4309 | 3032 |
1914[29] | 8540 | 4948 | 3632 |
1916[30] | 11 198 | 6724 | 4474 |
1922 | 5526 | ||
1939 | 11 419 | 5306 | 6113 |
1959 | 19 131 | 8527 | 10 604 |
1970 | 21 679 | 9906 | 11 773 |
1979 | 22 393 | 10 179 | 12 214 |
1989 | 23 399 | 10 668 | 12 731 |
2002[31] | 18 705 | ||
2014[1] | 14 785 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეროვნებით ქართველია – 94,5 %, 3,8 % კი სომეხი.[2]
რელიგია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია – 96,36 %, მცირე ნაწილი კათოლიკე – 0,95 %[5]. ქალაქის ცენტრში, ჭადრების ბაღში დგას ღვთისმშობლის სახეობის საკათედრო ტაძარი, ექადიაზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ოზურგეთში არის შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენცია. ქალაქში ასევე მოქმედებს კათოლიკური ეკლესია. ქალაქში არის იეჰოვას მოწმეთა მცირე ჯგუფი და მოქმედებს მათი სამეფო დარბაზი.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქის ეკონომიკა სუსტია, რადგან საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაღმასვლა განიცადა. ეკონომიკაში წამყვანია სახელმწიფო მმართველობა და მრეწველობა.
ფუნქციონირებდა ჩაის პირველადი გადამუშავების 3 ფაბრიკა. საბჭოთა პერიოდში აგრეთვე მოქმედებდა პურის, ყველ-კარაქის, ლუდის, ხორცის, რძის საკონსერვო და სხვა საწარმოები, აბრეშუმის ფაბრიკა, საბურავების შემკეთებელი საწარმო. 1950-იანი წლებიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთისპირის ბენტონიტური თიხის მოპოვება და გადამუშავება.
ამჟამად მრეწველობაში კვლავ წამყვანია კვების მრეწველობა. მოქმედებს ჩაის და თხილის გადამამუშავებელი საწარმოები, ასევე პურის, ფქვილის, ლუდის, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხნები, სამკერვალო საწარმო. განვითარებულია საცალო ვაჭრობა. თანდათანობით ვითარდება ტურიზმი. ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი სასტუმრო და რამდენიმე საოჯახო სასტუმრო. ოზურგეთი ნატანებ-ოზურგეთის სარკინიგზო ხაზით უკავშირდება რკინიგზის მთავარ მაგისტრალს. სარკინიგზო მიმოსვლაა თბილისთან და ბათუმთან. ქალაქს კვეთს ოთხი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. სრულდება რეგულარული რეისები თბილისის, ბათუმის, ფოთის, ქუთაისის, ზუგდიდის, ლანჩხუთის მიმართულებით.
განათლება
რედაქტირებაოზურგეთში დაარსებულ პირველად სკოლად მიიჩნევა XVII საუკუნეში გურიაში მყოფი კათოლიკე მისიონერების მიერ დაარსებული სასწავლებელი. ერთ-ერთმა მისიონერმა, ანტონიო ჯარდინამ, რომელმაც ქართულიც იცოდა და ქართული გრამატიკის წიგნიც შეადგინა, მთავრის სასახლის ბაღში დააარსა სკოლა. რომელშიც ასწავლიდნენ გურიელისა და სხვა თავადების კუთვნილ ყმა ბავშვებს, ასევე სკოლაში ბავშვებს აბარებდნენ მამები, რომლებსაც არ შეეძლოთ შვილების სიცოცხლის დაცვა და სკოლაში შეყვანით თავიდან ირიდებდნენ ბავშვების გაყიდვას ოსმალეთში. სკოლა მოქმედებდა 1634 წლიდან 1637 წლამდე, ჯარდინას გარდაცვალებამდე.
1848 წელს ჯუმათიდან ოზურგეთში გადაიტანეს გურიის სასულიერო სასწავლებელი, რომელიც ამ ფორმით 1917 წლამდე ფუნქციონირებდა. 1878 წელს სასწავლებელმა ადგილსამყოფელი შეიცვალა და გრიგოლ გურიელის ყოფილ სახლში გადავიდა სერის უბანში. სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეები იყვნენ ისიდორე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი (1874-1878), სილიბისტრო ჯიბლაძე (1874-1878), ფილიპე მახარაძე (1878-1884), ნოე ჟორდანია (-1884), აპოლონ წულაძე (1880), სოლომონ ჭეიშვილი (1882), ავქსენტი მეგრელიძე (1885), ფილიპე გოგიჩაიშვილი (1880-1887), ვალერიან კანდელაკი (1891-1892), გიორგი გოგელია (1895), გერასიმე მახარაძე (1889-1895), ნოე რამიშვილი, ვასილ დუმბაძე, კონსტანტინე ლესელიძე (1919-1921). 1917-1936 წლემში მას რამდენჯერმე შეეცვალა ფორმა და სახელწოდება. 1936 წლიდან მოქმედებს, როგორც N1 სკოლა.
პირველი სამაზრო სასწავლებელი ქალაქში გაიხსნა 1850 წლის 21 თებერვალს. 1874 წლის პირველ ივლისს სამაზრო სასწავლებელი საქალაქო სასწავლებლად გადაკეთდა. ამ პერიოდში იზრდებოდა ინტერესი სწავლა-განათლებისადმი. სასწავლებლის მოსწავლეები სხვადასხვა დროს იყვნენ სიმონ გუგუნავა, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი. 1917-1928 წლებში საქალაქო სასწავლებელი განთავსებული იყო დიმიტრი გურიელის სასახლეში. ერთი ნაწილი გადავიდა სასულიერო სასწავლებელში სერზე, ხოლო მეორე ნაწილი თავად გიორგი ნაკაშიძის სახლში. დღეს ფუნქციონირებს, როგორც N2 საჯარო სკოლა.
1879 წელს ოზურგეთში გაიხსნა ქალთა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1882 წლის 6 დეკემბერს ორკლასიანი გახდა.[32] სკოლას გურიის ეპისკოპოსი ალექსანდრე აფინანსებდა და მასში ნინო ქიქოძე და მარიამ დემურია ასწავლიდნენ. ამ სკოლაში სწავლობდა ნინო ნაკაშიძე. 1893 წელს გაიხსნა სამრევლო სკოლა. 1895 წლისთვის ოზურგეთში უკვე ოთხი სასწავლებელი იყო. 1900 წელს ზვანში, რომელიც უკვე ქალაქის გარეუბანი იყო, გაიხსნა დაწყებითი, ორკლასიანი სკოლა. ზვანის სკოლის მემკვიდრეა ქალაქ ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა.
დღეისთვის ქალაქში არის 5 საჯარო და 2 სამრევლო სკოლა, 8 საბავშვო ბაღი, სამხატვრო, სამუსიკო და სასპორტო სკოლები.
კულტურა
რედაქტირებაოზურგეთში 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. მათი უმრავლესობა მუშაობს ბავშვებისა და ახალგაზრდობის თემატიკაზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერებაზე, ქალთა, ბავშვთა და ინვალიდთა უფლებებზე. ოზურგეთში არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფილიალი. ქალაქში არის ტელეკომპანია „გურია“, რომელიც გურიის მასშტაბით მაუწყებლობს. გამოდის 3 გაზეთი, რომლებიც მთელი მხარის მასშტაბით ვრცელდება. ოზურგეთში მოქმედებს კულტურის რამდენიმე დაწესებულება, მათ შორის ბიბლიოთეკა, საბავშვო თეატრი, თანამედროვე სურათების გალერეა,[33] ფოლკლორის ცენტრი.
თეატრი
რედაქტირებაქალაქში მოქმედებს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი.
თეატრი დაარსდა 1868 წელს, როდესაც გაიმართა სცენისმოყვარულთა წრის პირველი წარმოდგენა. 1914 წელს ააგეს სათეატრო შენობა. 1921 წელს ოზურგეთში ჩამოყალიბდა სახელმწიფო რევოლუციური დრამატული დასი. 1933 წელს დაიწყო ოზურგეთის თეატრის შენობის მშენებლობა. 1962 წელს თეატრი გადავიდა ახალ, ხუთსართულიან შენობაში. თეატრის შენობა ძველი ბერძნული ტიპის ნაგებობაა და საქართველოს ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასშტაბურია ფილარმონიის შემდეგ. 1968 წელს თეატრმა გადაიხადა არსებობის 100 წლის იუბილე, მას მიენიჭა ალექსანდრე წუწუნავას სახელი. 2005 წელს თეატრი აღიარებულ იქნა კულტურის სამინისტროსა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მიერ, როგორც საუკეთესო რეგიონალური თეატრი.
მუზეუმი
რედაქტირებაქალაქში არის მუზეუმი. ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, თავდაპირველად მდებარეობდა გურიის გამზირზე, ჰქონდა დათმობილი 3 დარბაზი. 1974-91 წლებში მუზეუმი განთავსებული იყო გურიელის ყოფილი სასახლის შენობაში, რომელიც აგებულია 1873 წელს. 1991 წლიდან გადავიდა ყოფილი სამხედრო დიდების მუზეუმის შენობაში. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2001 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.
მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები. სულ მუზეუმში 6000 ექსპონატია, მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.
სპორტი
რედაქტირებაოზურგეთში არის მორაგბეთა კლუბი ოზურგეთის არწივები, რომელიც სარაგბო პირველ ლიგაში ასპარეზობს და საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში გამოდის. „მერცხალის“ საუკეთესო წლები 1950-იანი წლების ბოლო და 60-იანი წლების დასაწყისი იყო, როცა კლუბმა საქართველოს სსრ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში რამდენიმეჯერ დაიკავა საპრიზო ადგილი.
ქალაქში ორი სტადიონია. სტადიონი მეგობრობა მუნიციპალური საკუთრებაა და მასზე ოზურგეთის მერცხალი თამაშობს. ზვანის საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი კი „ოზურგეთის არწივების“ საშინაო არენას წარმოადგენს. ქალაქში 2007 წელს აშენდა სპორტის სასახლე.
ოზურგეთში მოქმედებს მუნიციპალური სასპორტო სკოლა. ქალაქში არის ტაიკვანდოს კლუბი „გრიგალი“, საკალთბურთო კლუბი „ბახმარო“, ასევე მძლეოსნობის, კრივის, ჰოკეის, ძიუდოს, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობის, ჩოგბურთის შემსწავლელი სკოლები და კლუბები.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაოზურგეთში არსებული ისტორიული ძეგლებიდან უძველესია ოზურგეთის აბანოები. ძველი ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ქალაქის ცენტრში რესტორან „იზაბელას" მშენებლობის დროს. ნაშთები კვლავ გამოვლინდა 2012 წელს, როცა იუსტიციის სახლის საძირკველს თხრიდნენ. სავარაუდოდ ნაშთები ეკუთვნოდეს დიუბუა დე მონპერეს მიერ XIX საუკუნის დასაწყისში აღწერილ გურიელების აბანოს. ისევე როგორც საქართველოში აღმოჩენილი სხვა აბანოები ორ იარუსიანია-ქვედა გასათბობი ადგილი და სააბაზანო. უკეთაა შემორჩენილი ქვედა სართული - გასათბობი. უკეთაა შემორჩენილი ქვედა სართული. ძველი ნაგებობის ნაშთები 400 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი.
ქალაქის ცენტრში მდებარეობს ჭადრების ბაღი. მისი გაშენება უკავშირდება შოტლანდიელი აგრონომის, იაკობ მარის, სახელს. ის საქართველოში ჩამოვიდა 1822 წელს; როგორც აგრონომს, მოსწონებია გურიის ბუნებრივი პირობები. ოზურგეთში მან გურიის მთავრის, მამია V გურიელის დახმარებით გააშენა ე.წ. მთავრის ბაღი. ბაღში იშვიათი მცენარეები ისე იყო განლაგებული, რომ იკითხებოდა სახელი „მამია“. ბაღი გაფართოვდა ვორონცოვის მეფისნაცვლობის დროს. იქ დაირგო პირველად ქ. ოდესიდან გურიაში ჩასული ვაზის „იზაბელას“ ჯიში, რომელსაც მერე ,,ადესა“ დაერქვა. საბჭოთა პერიოდში ბაღში გაშენდა ჭადრები, ისე რომ მათი განლაგება ქმნიდა ასო „მ“-ს (მახარაძე). გაშენებიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო ოზურგეთელების თავშეყრის ადგილი. აქ იმართებოდა მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიება.
შემორჩენილია 1873 წელს დიმიტრი გურიელის მიერ აშენებული სასახლე, სადაც ამჟამად შემოქმედის ეპისკოპოსის რეზიდენციაა. ისტორიულ ნაგებობას წარმოადგენდა ქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველი კორპუსი, რომელიც 2008 წელს დაინგრა.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- ოზურგეთში დაიბადნენ
- გრიგოლ გურიელი — სამხედრო მოღვაწე, მეცენატი
- სპირიდონ ესაძე (დ. 1813) — რუსეთის არმიის გენერალი
- მელქისედეკ ნაკაშიძე (დ. 1859) — მგალობელი, ლოტბარი
- ილია ჭყონია (დ. 1860) — მწერალი
- გიორგი გოგელია (დ. 1878) — რევოლუციონერი
- პარმენ საბაშვილი (დ. 1883) — პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი
- ილია ფირცხალაიშვილი (დ. 1885) — პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ალექსანდრე ჟორჟოლიანი — მსახიობი
- ალექსანდრე ფირცხალაიშვილი — ისტორიკოსი
- ანანია სალუქვაძე (დ. 1889) — რევოლუციონერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ვიქტორ დოლიძე (დ. 1890) — კომპოზიტორი
- ცეცილია წუწუნავა (დ. 1892) — მსახიობი
- ლადო მალაზონია (დ. 1900) — მხატვარი
- სიკო დოლიძე (დ. 1903) — რეჟისორი, სცენარისტი
- შალვა რადიანი (დ. 1904) — ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი
- ელენე ნაკაშიძე (დ. 1908) — ფსიქიატრი
- თინათინ ბოლქვაძე (დ. 1918) — მსახიობი
- აკაკი ბაქრაძე (დ. 1928) — კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე
- იოსებ კეჭაყმაძე (დ. 1939) — კომპოზიტორი
- ზაზა დამენია (დ. 1972) — საქართველოს ეროვნული გმირი
- მანუჩარ კვირკველია (დ. 1978) — ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
- გიორგი კეკელიძე (დ. 1984) — პოეტი, მწერალი
- ოზურგეთში სწავლობდნენ
- ნიკო მარი — მეცნიერი
- სიმონ გუგუნავა — პოეტი
- ექვთიმე თაყაიშვილი (1870-1873) — მეცნიერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ისიდორე რამიშვილი (1871-1878) — პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ეგნატე ნინოშვილი (1874-1878) — მწერალი
- სილიბისტრო ჯიბლაძე (1874-1878) — პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ერმილე ნაკაშიძე — აგრონომი, მეღვინე, მეჩაიე
- ფილიპე მახარაძე (1878-1884) — პოლიტიკოსი, რევოლუციონერი
- ნოე ჟორდანია (-1884) — პოლიტიკოსი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
- აპოლონ წულაძე (1880) — ეთნოგრაფი, მეფუტკრე
- სოლომონ ჭეიშვილი (1882) — ბიზნესმენი, მეღვინე
- ავქსენტი მეგრელიძე (1885) — ლოტბარი
- ფილიპე გოგიჩაიშვილი (1880-1887) — ეკონომისტი
- ვალერიან კანდელაკი (1891-1892) — მეღვინე
- გერასიმე მახარაძე (1889-1895) — პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ნოე რამიშვილი (1890-1894) — პოლიტიკოსი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
- ნინო ნაკაშიძე — მწერალი, საზოგადო მოღვაწე
- ვასილ დუმბაძე (1897) — ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე
- ნესტორ მალაზონია — პოეტი
- ალექსანდრე წუწუნავა — რეჟისორი
- კონსტანტინე ლესელიძე (1919-1921) — გენერალი
- ოზურგეთში მოღვაწეობდნენ
- მარიამ დემურია — დრამატურგი, მწერალი
- ფილიმონ ქორიძე (1893-1910) — ლოტბარი, ფოლკლორისტი
- დიმიტრი ერისთავი (1900-1912) — ექიმი, საზოგადო მოღვაწე
- ბენიამინ ჩხიკვიშვილი (1905, 1918) — პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- გიორგი მურვანიძე (1918) — პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
- ვარლამ სიმონიშვილი (1902-1950) — ლოტბარი
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 517.
- თენგიზ კუნჭულია, ქალაქი და ტრადიციები, — ოზურგეთი, 1999.
- თედო სახოკია, მოგზაურობანი: გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი, — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1985
- ქართული მწერლობა, ტ. 18. — თბილისი, „ნაკადული“, 2001
- ბუხნიკაშვილი გ., ლაშხია ნ., მახარაძის თეატრი, თბ., 1968;
- დიმიტრი ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი — 1987
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Ozurgeti, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია "გურია" დაარქივებული 2012-03-30 საიტზე Wayback Machine.
- გაზეთი „გურიის მოამბე“
- გაზეთი „გურია-News“
- ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი დაარქივებული 2012-05-21 საიტზე Wayback Machine.
- გურიის აგრობიზნეს ცენტრი დაარქივებული 2013-05-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ 2.0 2.1 georgia-ethnic-2014
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-12.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ 5.0 5.1 georgia-religion 2014
- ↑ საგეოგრაფიო სახელი ოზურგეთი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-16. ციტირების თარიღი: 2013-04-01.
- ↑ მანანა ლომაძე, „სერის უბანი“ გაზეთი „ალიონი“ გვ. 4 — N14, 2017 წ.
- ↑ ქველი ჩხატარაიშვილი, „გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან“ გვ. 50 — 1958 წ.
- ↑ ქართლის ცხოვრება, წიგნი II — თბილისი, 1959
- ↑ ქართული სამართლის ძეგლები ტ VI გვ. 666-667 — თბილისი, 1977
- ↑ სოსელია, ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 169.
- ↑ მრ. ზარდალიშვილი, „საქ. სსრ ეკონომიკური დარაიონება“, გვ. 46 — თბილისი, 1970 წ.
- ↑ Полное собрание законов Российской империи. Собрание 2. - Санкт-Петербург
- ↑ Кавказский календарь на 1847 год
- ↑ Кавказский календарь на 1850 год გვ. 219
- ↑ შრომის ზეიმი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1968, გვ 4
- ↑ გაზეთი „დროება“ N149 გვ. 2-3 1882 წ.
- ↑ თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბ.: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 256, ISBN 978-99940-28-77-1.
- ↑ გაზ. კომუნისტი #174 (4030), 29 ივლისი, 1934
- ↑ Кавказский календарь на 1870 год გვ. 395
- ↑ Кавказский календарь на 1873 год გვ. 90
- ↑ Кавказский календарь на 1878 год გვ. 320
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
- ↑ Кавказский календарь на 1881 год გვ. 281
- ↑ Первая Всеобщая перепись населения Российской империи 1897 года.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ Кавказский календарь на 1913 год
- ↑ Кавказский календарь на 1915 год
- ↑ Кавказский календарь на 1917 год
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ გაზეთი „დროება“ N259 გვ. 1-2 — 1882 წ.
- ↑ ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრი