ლიხაური

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ლიხაური (ძველი სახელწოდება — რეხუელი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური). სოფელში არის საჯარო სკოლა[2], საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, ჭიდაობის კლუბი, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი.

სოფელი
ლიხაური

სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ლიხაური
კოორდინატები 41°52′50″ ჩ. გ. 42°00′20″ ა. გ. / 41.88056° ჩ. გ. 42.00556° ა. გ. / 41.88056; 42.00556
ადრეული სახელები რეხოელი, ლეხოური
ცენტრის სიმაღლე 120
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 952[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,9 %, რუსები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ლიხაური — საქართველო
ლიხაური
ლიხაური — გურიის მხარე
ლიხაური

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ნაბადას მთის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 120 მ, ოზურგეთიდან 5 კმ. სოფლის ერთ-ერთი უბანია ოქროსმუხურო, რომელიც სოფლის ცენტრიდან 2-3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ცენტრისგან მდინარე აჭისწყლითაა გამოყოფილი. ლიხაური ოქროსმუხუროს გავლით უკავშირდება მაკვანეთს.

 
მისიონერების სახლი სოფელ რეკულში, ქრისტეფორე კასტელის ნახატი

ლიხაურის ტერიტორიაზე ადამიანს ახალი ქვის ხანაში უცხოვრია. დიმიტრი ბაქრაძის სიტყვებით სოფლის ძველი სახელწოდებაა „რეხუელი“, ხოლო თაყაიშვილი თავის შრომაში იხსენებს სოფელს, როგორც — „ლეხაური“. მოგვიანებით იწოდებოდა ლეხოურად. ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა გურიის საერისთავოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს. აქ იყო ერისთავის საზაფხულო სასახლე და კარის ეკლესია, აგრეთვე ლიხაურის ციხე, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს თავის თხზულებაში. ციხე აკონტროლებდა ქვემო გურიიდან მომავალ გზებს და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

 
„...სოფელი ლეხოური საუკეთესო ადგილად ითვლებოდა გურიაში თავის მდებარეობით, ჰავით, ძველი, კარგად დაცული ციხით, ეკლესიებით და მათში შენახული სიძველენით ... ლეხოურს ჩქარი აჭისწყალი ჩამოუდის. წყალს სათავე უდევს ადგილ აჭიაში. ჩემ დროს აჭისწყალი კალმახით იყო განთქმული. იგი ერთვის მდინარე ბჟუჯს, ოზურგეთის მახლობლად. ლეხოურის საზოგადოებაში შედის, ლეხოურის გარდა, კიდევ სოფლები: აჭი, ნიაბაური, ქაქუთი და ჭანიეთი. თვით ლეხოურს შუა ადგილი უჭირავს ჩამოთვლილ სოფლებს შორის, აჭი და ნიაბაური გაშენებულია აჭისწყლის ზემოებში, გურია-აჭარის სამხრეთის ქედებზე, ქაქუთი — მდინარე ჩოლოქის პირზე. ეს მდინარე 1879 წლამდე რუსეთს საზღვრავდა ოსმალეთისაგან.“

XIX საუკუნეში ლიხაური მოინახულეს და აღწერეს დიუბუა დე მონპერემ, დიმიტრი ბაქრაძემ და თედო სახოკიამ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ლიხაური წარმოადგენდა სასოფლო საზოგადოების ცენტრს, რომლებშიც შეიდიოდნენ ქაქუთი, აჭი, ნაცხავატევი, კვაჭალათი და ნიაბაური, ხოლო ჭანიეთი წარმოადგენდა ლიხაურის ერთ-ერთ უბანს. ლიხაურის მოსახლეობა ჭანიეთითურთ იყო 140 კომლი. სოფელში მოქმედებდა 1873 წელს გახსნილი სკოლა. სოფელში ცხოვრობდნენ აზნაურები თაყაიშვილები, ბებურიშვილები და გოგოლიშვილები. 1878 წლისთვის ლიხაურის საზოგადოებაში შედიოდნენ მაკვანეთი და ექადია. 1908 წელს ლიხაურის საზოგადოებაში შედიოდა ხუთი სოფელი და მოსახლეობა შეადგენდა 2542 ადამიანს.[4] 1912 წელს ლიხაურში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალი, რომლის ხელმძღვანელი იყო ლიხაურის ტაძრის წინამძღვარი ნესტორ კონტრიძე. საზოგადოებამ გახსნა სამკითხველო, რომელსაც 404 ქართული და 302 რუსული წიგნი ჰქონდა, გამოწერილი ჰქონდა თითქმის ყველა ქართული და რუსული გაზეთი. სამკითხველო 790 ადამიანს ემსახურებოდა. 1918 წელს ოსმალების შემოსევის დროს ლიხაურის საზოგადოების ყველა სოფელი ოსმალეთს ჰქონდა დაკავებული აპრილიდან ივნისის ჩათვლით. ამ დროს განადგურდა ლიხაურის სამკითხველო. არ გადარჩა არცერთი წიგნი და ავეჯი. ამის გამო 1919 წლის 10 მაისს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ლიხაურში 500 მანეთის წიგნები გაგზავნა. 1920 წელს ლიხაურში გაუქმდა საზოგადოების ფილიალი, სამკითხველოს ხარჯების გაღება მთლიანად თემმა იკისრა.

1933-35 წლებში ლიხაურს გამოეყო ჭანიეთი, ქაქუთი და ვაშტიალი, რომლებიც ცალკე სასოფლო საბჭოდ ჩამოყალიბდა. საბჭოთა პერიოდში ლიხაურის ლენინის სახელობის კოლმეურნეობა ფლობდა 257 ჰექტარი ჩაის და 87 ჰექტარი ციტრუსების პლანტაციას. 1958 წლის 14 მაისს ლიხაურის კოლმეურნეობაში, ჭანიეთისა და ლაითურის პარალელურად, პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანა, რაც იმდროინდელმა პროპაგანდამ საბჭოთა მეურნეობის უდიდეს წარმატებად გამოაცხადა.[5] 1960 წელს სოფლის ცენტრში დაიდგა ლენინის ძეგლი, 1964 წელს აშენდა ჩაის ფაბრიკა. მოქმედებდა პროფტექნიკური სასწავლებელი. 1969 წელს ამოქმედდა მეყვავილეობის მეურნეობა. 1982 წლის 30 მაისს გაიმართა ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ექვთიმეობა“, რომელიც ტრადიციად იქცა. სოფლის ცენტრში გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი (მხატვარი ანზორ გომართელი, არქიტექტორი რობერტ გოგოლიშვილი). 2010 წელს გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002   535
2014   952 451 501

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე, ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო. ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. იგი კვადრატის ფორმისაა, ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიის ხატები.

თამარის ციხე მდებარეობს ლიხაურის ცენტრიდან 2 კმ-ის მოშორებით. ციხე გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ციხე გეგმით ოვალურია. ორსართულიანი კარიბჭე ჩრდილოეთიდან აქვს. გალავნის ოთხივე მხარეში კოშკებია ჩართული. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია წყლის რეზერვუარი და ჭა.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

ლიხაურშია გდაღებული პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ და 1928 წლის ქართული ფილმი „ჯანყი გურიაში“. ორივე ფილმი ლიხაურელმა ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 270.
  • დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987 წ.
  • ლომჯარია ს., „სოფელო ჩემო“ — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-13. ციტირების თარიღი: 2018-12-26.
  3. ექვთიმე თაყაიშვილი, კრებული გვ. 41 — საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბილისი, 2007, ISBN 978-99940-852-0-0
  4. Кавказский календарь на 1910 год
  5. კილაძე მ. ჭელიძე გ., „პირველი ნაბიჯები ფართო გზაზე“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1958, № 57, გვ. 1.
  გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.