თემი
თემი — სოციალური ორგანიზაციის პირველი ფორმა. მმართველობის და ადმინისტრაციული ერთეული არაერთ სახელმწიფოში.
ისტორია
რედაქტირებასაგვარეულო თემი წარმოიქმნა სისხლით ნათესაობის ბუნებრივ საწყისებზე საზოგადოებრივი განვითარების საწყის საფეხურზე. პირველყოფილი გვაროვნული თემები ჩამოყალიბდნენ მაშნ, როდესაც კოლექტიური და თემური ცხოვრება აუცილებელი იყო ადამიანის გადასარჩენად. დროთა განმავლობაში ის გადაიქცა ტერიტორიულ, სასოფლო თემად. პირველყოფილი გვაროვნული თემების დაშლის შემდეგ სასოფლო თემები განსაკუთრებულ როლს ასრულებდა გლეხური მეურნეობის, კერძოდ მიწათსარგებლობის მოწესრიგებაში. თემის ორგანიზაცია და ფუნქციები განისაზღბრებოდა სახელმწიფო ან ჩვეულებითი სამართლით. თემობრიობა ხასიათდებოდა კოლექტიური და კერძო საკუთრების თანაარსებობით, არსებოდბდა როგორც კერძო ოჯახის, ასევე საერთო სათემო საკუთრება. ინდოეთსა და ეგვიპტეში ჩამოყალიბდა კასტური თემური წყობილება, რომელიც ბევრად უფრო კარჩაკეტილი იყო, ვიდრე ანტიკური და გერმანული თემები. ძველი გერმანული, ევროპული და სლავურითემები („მარკა“, „ობშჩინა“, „კლანი“), ჩამოყალიბდა როგორც სასოფლო თემები, როგორც წვრილმწარმოებელთა ერთობლიობა. ეს თემები ფეოდალური ურთიერთობის პირობებში ინარჩუნებდა მმართველობის დემოკრატიულ საწყისებს და ფეოდალთაგან იცავდა მეთემეთა წვრილ მეურნეობას. დასავლეთ ევროპაში თემი ასევე წარმოადგენდა ქალაქის, ამქრის, გილდიის საწყის ნიმუშსაც. ფეოდალური ურთიერთობების დაშლის პერიოდში, ბატონყმობის გაუქმების შემდეგ თემის ცხოვრებას აწესრიგებდა სახელმწიფო კანონები. თემები საბოლოოდ ჩამოყალიბდა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად.
თემი ევროპაში
რედაქტირებათემი ევროპის ბევრმა ქვეყანამ შემოინახა. ევროპაში სათემო მმართველობა შუასაუკუნეობრივი ყოფის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. თემს გააჩნდა სამეურნეო, ადმინისტრაციული და სოციალ-კულტურული ფუნქცია, თემი განაგებდა განუყოფელ მიწებს, ის რთავდა თემის წევრებს ამ მიწით სარგებლობის უფლებას. თემს გააჩნდა სასამართლო და ფისკალური ფუნქციებიც. სასოფლო თემი იყო ფეოდალის მმართველობის ქვეშ, თემის თავკაცობას (მამასახლისს, მსაჯულს) ან უშუალოდ ბატონი ნიშნავდა, ან თემი ირჩევდა ბატონის მეთვალყურეობით. თემს შეეძლო ფეოდალისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარი ტყე-ველისა და რენტის ოდენობის დაცვა. ზოგიერთი თემი ახერხებდა მიეღო თვითმმართველობის უფლება, რაც სპეციალური ქარტიითაც იყო დამოწმებული.
ავსტრია
რედაქტირებათემი წარმოადგენს ავსტრიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ქვედა დონეს. სულ ავსტრიაში 2095 თემია. თემის საკრებულო აირჩევა პირდაპირი წესით 5 ან 6 წლით. საკრებულო ნიშნავს გამგეობის წევრებს. გამგეობა შედგება მერისგან, მისი მოადგილეებისგან და წევრერბისგან და კომპლექტდება სხვადსხვა პარტიებისგან არჩევნების შედეგების პროპორციულად. მერის არჩევის წესი განსხვავებულია და ის აირჩევა ან საკრებულოს მიერ, ან პირდაპირი არჩევნებით ხალხის მიერ.
თემის უფლებამოსილებებში შედის სოციალური მომსახურება, მართლწესრიგის დაცვა, ურბანული დაგეგმვა და მიწათსარგებლობა, წყალმომარაგება და კანალიზაცია, გზები და საჯარო ტრანსპორტი, კულტურა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება.
ბელგია
რედაქტირებათემი (ნიდერლ. gemeente ფრანგ. commune გერმ. Gemeinde) წარმოადგენს ბელგიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ქვედა დონეს. სულ ბელგიაში 565 თემია. თემის საკრებულო აირჩევა პირდაპირი წესით 6 წლით. მერია შედგება მერის, ოლდერმენისა და სოციალური დაცვის საჯარო ცენტრის თავმჯდომარისაგან. სოციალური დაცვის საჯარო ცენტრი ცალკე ორგანოა, რომელიც ყველა თემში არსებობს. მერი არის როგორც მერიის, ასევე საკრებულოს პირველი პირი. ბრიუსელსა და ფლანდრიაში მას საკრებულოს რეკომენდაციით ნიშნავს რეგიონის მთავრობა, ვალონიაში მას ირჩევენ პირდაპირი წესით, თუმცა მტკიცდება რეგიონული მთავრობის მიერ. მერი, გარდა მერიისა, არის მუნიციპალური პოლიციის უფროსიც.
თემის უფლებამოსილებებში შედის საჯარო რეგისტრაციები, მართლწესრიგის დაცვა, ურბანული დაგეგმვა და მიწათსარგებლობა, წყალმომარაგება და კანალიზაცია, გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, გზები და საგზაო მოძრაობა, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, სოციალური დაცვა, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება, დასაქმება, განათლება, ადგილობრივი გადასახდები.
თემი საქართველოში
რედაქტირებასაქართველოში თემი მხოლოდ ტერიტორიული ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი იყო. ის ქართულ წერილობით ძეგლებში ჩნდება XI საუკუნეში.ის პირველად ნახსენებია პეტრიწონის 1083 წლით დათარიღებულ ტიპიკონში. ქართული თემი მომდინარეობს ბერძნული თემადან. ქართულ წყაროებში ამ ტერმინით გამოიხატებოდა ქვეყნის ესა თუ ის ნაწილი, მაგ. ტაო, ჯავახეთი, კახეთი და ა. შ., გარდა ამისა, თემი აღნიშნავდა ერთ რომელიმე ხეობას (მაგ: ქვაბულიანთ თემი). შემდეგ თემის მნიშვნელობა ვიწროვდება და აღნიშნავს სოფელთა ჯგუფს ან სულაც ერთ დიდ სოფელს.
თემები შემონახულია საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის ტრადიციულ ყოფაში. მაგალითად პარხალში დღემდე არსებობს ეთნიკურად ქართული თემები ხევაი, ბალხი და ქობაი. სვანეთში თემი გამოიყენებოდა როგორც ტერიტორიული, ასევე გვაროვნული ერთობის აღსანიშნავად. XIX საუკუნის ბოლოს სვანეთში 15 ტერიტორიული თემი ფიქსირდება, აქედან 12 ზემო, ხოლო სამი ქვემო სვანეთში. ფშავში თერთმეტი ტერიტორიული თემია დაფიქსირებული. თითოეულ თემს თავისი ფუძე სოფელი და სათემო სალოცავი გააჩნდა. რვა თემი არსებობდა ისტორიულ ხევსურეთში და ასევე რვა — თუშეთში.
გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში თემი აღნიშნავდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს. იმერეთის სამეფოში ადმინისტრაციული დაყოფის ძირითად ერთეულს წარმოადგენდა სასოფლო-სამეზობლო თემი. თემი წარმოადგენდა რამდენიმე სოფლის გაერთიანებას. თემი იღებდა სამართლებრივი ძალის მქონე გადაწყვეტილებებს, მას ევალებოდა სასოფლო გზების მოვლა-პატრონობა, ეკისრებოდა კოლექტიური პასუხისმგელობა სხვადასხვა სამეფო თუ საეკლესიო ვალდებულებების შესრულებაში. თემი ორგანიზაციულად ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ყველა თემს საკუთარი „თემის ხატი“ გააჩნდა, თემის ხატის დღეობა კი თემის მთავარ დღეობას წარმოადგენდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში არსებულ თემებს საერთო სარგებლობაში ჰქონდათ ტყე, საძოვრები და სახვნელი მიწის ნაწილი, ცალკე არსებობდა სათემო ჯვრის მიწები. სათემო მიწათმფლობელობა არსებობდა ქართლსა და კახეთში. აქ სათემო საერთო მიწებში შედიოდა როგორც სახვნელი, ასევე სათიბ-საძოვარი მიწები. ეთნოგრაფიულად დადასტურებულია ქიზიყში სათემო მიწების თავისუფალი და პერიოდული გადანაწილება.
XIX საუკუნეში ქართულ თემებსს ეწოდა სასოფლო საზოგადოებები და დაემორჩილა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო კანონებს. სასოფლო საზოგადოება იმართებოდა კრების მეშვეობით. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თემს გააჩნდა საკუთარი თვითმმართველობა. 1920 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 356 თემი იყო. თემი ირჩევდა თემის საბჭოს – ერთ ხმოსანს ყოველ 100 ამომრჩეველზე – და თემის თავს ორი წლის ვადით.[1] 1927-1929 წლებში თემები დაუმორჩილეს სასოფლო საბჭოებს. კოლექტივიზაციამ მოახდინა თემის ლიკვიდაცია. სათემო საკუთრება გადავიდა სოფსაბჭოების განკარგულებაში.
1998 წელს ყოფილ სასოფლო საბჭოებს ეწოდა თემი და 2006 წლამდე წარმოადგენდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. თემის თვითმმართველობა გაუქმდა 2006 წლიდან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გუგუშვილი პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 649-650.
- ჭავჭავაძე ი., კერძო და სათემო მიწათმფლობელობა, თხზულებათა სრული კრებული, ტ. 6, თბილისი, 1956
- თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 266-273 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჯანელიძე ო., თვითმმართველობის ბეჭდვითი სიტყვა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, თბილისი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2018. — გვ. 197-198, ISBN 978-9941-8-0034-4.